„გორში სტალინს აღარ აბრუნებენ, მაგრამ დროებით“ - აი ამგვარი, თავისივე თავის უარმყოფი ფრაზით გვამცნო ჟურნალისტმა ახალი ამბავი. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იგი გულისხმობდა, რომ სტალინის ძეგლის აღმართვა ერთი კვირით გადაიდო. ფსიქოლინგვისტური თვალსაზრისით ეს ფრაზა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: მისი პირველი ნაწილი განკუთვნილია მათთვის, ვინც „სტალინის დაბრუნების“ წინააღმდეგია, ხოლო მეორე ნაწილი - მათთვის, ვინც ამჟამად მისი დაბრუნებისთვის იბრძვის. ადამიანი კი, რომელიც ორივე ნაწილს ერთდროულად აღიქვამს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში კარგად აღწერილ, კლასიკური „ორმაგი დაბმის“ ხაფანგში და შესაბამისად, შინაგანი „გახლეჩის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჟურნალისტის ორმაგი ფრაზა არ არის შემთხვევითი - იგი კარგად არეკლავს და აბსოლუტურ სინქრონიზმში, თუ გნებავთ, პარალელიზმშია იმ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკასთან, რაც ჩვენს ქვეყანაში სტალინის და სტალინიზმის მიმართ ხორციელდება.
ორმაგი სტანდარტები კი კარგის არაფრის მომტანია საერთოდ და მითუმეტეს, სტალინის შეფასებაში.
სტალინის ძეგლის მოხსნასა და კვლავ აღმართვას შორის რხევები და ვნებები ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მიგვითითებს, რომელთა ერთი ნაწილის სახელდება გასული საუკუნის 70-იან წლებში, ფსიქიატრიის წიაღში მოხდა.
ამერიკელ ფსიქიატრ ფრენკ ოკბერგს დიდი წვლილი მიუძღვის ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოებაში, მძევლების გადარჩენის მიზნით. ამ გამოცდილების საფუძველზე მან აღმოაჩინა, რომ მძევლები, ხშირად, უცნაურად იქცევიან - თითქოს, ტერორისტების მხარეზე არიან და არა იმ ადამიანების/პროფესიონალების, ვინც მათ დახსნაზე ზრუნავს. ფრენკ ოკბერგმა ეს მდგომარეობა, თავის დროზე, „სტოკჰოლმის სინდრომის“ სახელწოდებით აღწერა. დღეს ეს უკვე ფსიქიატრიის კლასიკას წარმოადგენს. ამბავი კი, რომელმაც ამ მდგომარეობის აღწერას ბიძგი მისცა, აი ასე იყო:
გასული საუკუნის 70-იან წლებში, სტოკჰოლმში, მძარცველებმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. მოლაპარაკებების პროცესში მძევლები უცნაურად იქცეოდნენ: თითქოს, მძარცველებს უფრო უწყობდნენ ხელს, ვიდრე პოლიციას, რომელიც მათ უვნებელ გამოხსნაზე ზრუნავდა. მას მერე, რაც გაათავისუფლეს, ყოფილმა მძევლებმა დიდი ძალისხმევა და დრო მიუძღვნეს იმას, რომ თავისი აგრესორები დაეცვათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მათ აგრესორების მიმართ პარადოქსული პოზიტიური დამოკიდებულება განუვითარდათ, ერთგვარი მიჯაჭვულობა - „ირონიული მიჯაჭვლობა“, როგორც ფრენკ ოკბერგი ამჟამად უწოდებს. აქ იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, მძევლობის სიტუაციდან გათავისუფლების შემდგომ, ფსიქოლოგიურად ვერ სცილდება აგრესორს და ერთგვარად მიილტვის კიდევაც მისკენ.
ოკბერგი ამას შემდეგნაირად ხსნის: მძევლობისას, ადამიანი მთლიანად, აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ხდება აგრესორზე: მისი კვება, ჩაცმა, დაბანა, ტუალეტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი, „აგრესორზე გავლით“ ხდება; აღარაფერი რომ ვთქვათ სიკვდილ-სიცოცხლეზე. ამგვარი სრულიად დამოკიდებული მდგომარეობის გამო, აგრესორის აღქმა ჩვილ ბავშვობაში აღქმულ-განცდილ მშობლის ხატს ედება ზედ, რაც პარადოქსულ მიჯაჭულობასა და მძევალთა ფსიქოლოგიურ რეგრესს იწვევს.
მძევლად ყოფნის სიტუაციაში ირონიული მიჯაჭვულობა გადარჩენისთვის ერთგვარად სასარგებლოცაა - მძევლის მხრიდან აგრესორზე გადატანილი პოზიტიური ემოციების მუხტი საპასუხოდ (აგრესორის მხრიდან), ზოგიერთ შემთხვევაში, პარადოქსული ზრუნვის რეაქციას აძლევს ბიძგს, რაც, გარკვეულწილად, ზრდის მძევლის გადარჩენის შანსებს. პრობლემა იმაშია, რომ გადარჩენისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პარადოქსული მიჯაჭვულობა, მძევლობის სიტუაციის დამთავრების შემდგომაც გრძელდება. ეს არა თუ ეხმარება ადამიანს მძევლობის სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებაში, არამედ პირიქით, დრამატულად უქვეითებს მიღებული მძიმე ტრავმის დაძლევის შანსებს და ადამიანს კონტექსტიდან ამოვარდნილს, დაბნეულს, არაადექვატურს ხდის.
ფრენკ ოკბერგი ქართული ფსიქოტრავმის საზოგადოების გულშემატკივარი და მეგობარია. არაერთხელ ყოფილა საქართველოში თავისი ცდონისა და გამოცდილების გასაზიარებლად. პერიოდულად ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს ინფორმაციას, თუ რაზე ვმუშაობთ, ვაზროვნებთ, რას ვაკეთებთ. ასეთი გაცვლა-გამოცვლა მქონდა მასთან სწორედ ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში. მომწერა - ალბათ დაგაინტერესებს, 10 წელი სექსუალურ მონობაში მყოფი სამი ქალბატონის კონსულტირებაზე ვმუშაობ და თავისი აგრესორების მიმართ იმდენად ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ, რომ ახალი ტერმინი შემოვიტანეო - „ირონიული მიჯაჭვულობა“.
ფრენკს ძალიან უყვარს თავისი კოლეგების გაცნობა სხადასხვა ქვეყნებიდან, და მიმოწერისას ინგლისელ ფსიქოლოგთან დამაკავშირა, რომელიც მის ქვეყანაში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევაზე მუშაობს - ბევრი წლის მანძილზე ძალადობის/მძევლობის სიტუაციაში მყოფ და ახლახანს განთავისუფლებულ ადამიანებთან. აღმოჩნდა, რომ როგორც ამერიკულ, ასევე ინგლისურ შემთხვევაში ადამიანებს ჰქონდათ საშუალება გაქცეულიყვნენ თავიანთი აგრესორებისგან, მაგრამ არ გააკეთეს ეს...
აქ კიდევ ერთი ტერმინი გამოიყენა ფრენკმა - ახლა ყველაზე მეტად, ირონიული მიჯაჭვულობის ფონზე განვითარებული, ნებაყოფლობითი მონობის საკითხები მაინტერესებსო - როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში, ასევე ოჯახურ და საზოგადოებრვ დონეზეო...
ააშენოს ღმერთმა, ამ ბოლო დროს მეც ზუსტად ნებაყოფლობითი მონობის საკითხი მაინტერესებს: საქარველოში სტალინის ძეგლების რეინსტალაცია ხდება, მოინახა ადამიანები, ვინც ერთვებიან რუსული სპეცსამსახურების ხელწერის მქონე „სახალხო მოძრაობაში საქართველოს და რუსეთის დასაახლოებლად“, პუტინზე წიგნების პრეზენტაციებს აორგანიზებენ, და ა.შ.
დიდია ანალოგია მძევლობაში დამოკიდებულ ყოფასა და ტოტალიტარულ რეჟიმებში ადამიანების არსებობას შორის - ისევე, როგორც მძევლად ყოფნის სიტუაციებში, ტოტალიტარულ რეჟიმში მყოფი ადამიანი ვერ აკონტროლებს თავის მდგომარეობასა და სიცოცხლეს და აბსოლუტურად დამოკიდებულია აგრესორზე.
ირონიული მიჯაჭვულობა აქაც ვითარდება და გადარჩენისათვის არანაკლებ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ტერორიზმის დროს. აქაც, რეჟიმიდან თავის დაღწევის შემდგომ - გრძელდება მიჯაჭვულობაცა და მასთან დაკვაშირებული პრობლემები. ყოველივე ამას ჩვენ თვალნათლივ ვაკვირდებით დღევანდელ დღეს საქართველოში, სწორედ რომ სტალინის კონტექსტში.
2013 წელს კარნეგის ფოდნის ხელშეწყობით ჩატარებულმა სტალინის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კველვამ გამოავლინა, რომ შეკითხვას, ისურვებდნენ თუ არა ეცხოვრათ და ემუშავათ ისეთი სახელმწიფო მეთაურის პირობებში როგორიც სტალინი იყო, საქართველოს მოსახლეობის 24%-მა დადებითად უპასუხა. სხვათა შორის, სტოკჰოლმის სინდრომის სტატისტიკაც დაახლოებით ამის მსგავსია - საშუალოდ, შემთხვევათა 27%-ში იჩენს თავს...