პოლიტიკის მკვლევარ ნინო ეგვენიძესთან ჩაწერილმა ინტერვიუმ გული დამწყვიტა. ჟურნალისტის მიერ შერჩეული სათაური და თავად მკლევარის რამდენიმე განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები სახელმწიფო ხარჯვის ყველაზე ადვილად გასაწირი ნაწილია. რადგან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა აქტუალურია მაშინ, როცა სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიური პოლიტიკა კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია, მინდა ნინო ევგენიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოვეხმაურო და ალტერნატიული შეხედულება გაგიზიაროთ.
დავიწყოთ იქედან, რომ ინტერვიუ მკვლევრისთვის აზრის ჩამოყალიბების საუკეთესო ფორმატი არ არის, შესაბამისად რესპონდენტს გაუჭირდებოდა საკუთარი ხედვის კომპლექსური და დეტალური გაზიარება. მიუხედავად ამისა, ინტერვიუში რამდენიმე არგუმენტი გამოიკვეთა, რომელიც დაზუსტებას და დამატებით განხილვას საჭიროებს.
სანამ კრიტიკულ შეფასებებს გაგიზიარებთ, მინდა ის საკითხები გამოვკვეთო, სადაც ნინო ევგენიძე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ახსენებს მთავრობას; რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არსებულმა ხელისუფლებამ და ასევე ამომრჩევლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი შეხსენება ეკონომიური პოლიტიკის ხედვას ეხება. აუცილებელია, ხელისუფლებამ სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას ეკონომიური პოლიტიკის მიზნები გაითვალისწინოს, და პირიქით. ნინო ევგენიძე ხაზს უსვამს სექტორული პოლიტიკის გატარების, მოსახლეობისთვის პრიორიტეტების კომპექსურად გაზიარების და კერძო ბიზნესისთვის პროგნოზირებადი და დაცული საინვესტიციო გარემოს შექმნის საჭიროებას: „უნდა განისაზღვროს ის სექტორები, რომლებშიც, სახელმწიფოს აზრით, საკუთარი თუ მოზიდული სახსრებით, ის თავად შეძლებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტიციების განახორციელებას... თუკი სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური ხედვა ექნება, ბიზნესს ისეთ გარემო უნდა შეუქმნას, რომ მან ფულის ჩადება გადაწყვიტოს. წლების განმავლობაში საუბრობდნენ და შესაძლებელია ამ წნეხს ბიზნესი მართლაც აღარ განიცდის, მაგრამ ბიზესი არ რისკავს ფულის ჩადებას“.
მკვლევრის მოსაზრებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა უნდა იყოს, რაშიც რთულია არ დავეთანხმოთ. თუმცა, საკითხავია რამდენად მიგვიყვანს დასახულ პრიორიტეტებამდე მისეული პრობლემის ანალიზის გზები და სოციალური ვალდებულებების გვერდით გადადება.
რა იწვევს უმუშევრობის და სოციალური უთანასწორობის დაძლევას?
ნინო ევგენიძის მოსაზრებით „უმუშევრობის და სოციალური უთანასწორობის დაძლევა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა“. ამ მოსაზრებას არა მხოლოდ დაზუსტება, არამედ ემპირიული და თეორიული დასაბუთება სჭირდება. დღეს ძნელია მოვიშველიოთ ემპირიული ქეისები და თუნდაც საკმაოდ ლიბერალური თეორიები, რომელიც მსგავს განცხადებას დაადასტურებდნენ.
ერთია რომ ეკონომიური ზრდა აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა უმუშევრობის და სოციალური უთანასოწორობის აღმოსაფხვრელად. მეორეც, მიზეზ- შედეგობრიობა სოციალურ უთანასწორობასა და ზრდას შორის მკვეთრად განსაზღვრული არ არის. შეფერხებული ეკონომიკური ზრდა ისევე აღრმავებს სოციალურ პრობლემებს, როგორც მწვავე სოციალური პრობლემები აფერხებენ ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად არ შეიძლება რომელიმე მიმართულება ცალსახა პრიორიტეტად გამოცხადდეს. არ შეიძლება ეკონომიური ზრდა გახდეს ცენტრალური მიზანი ხოლო სოციალური კეთილდღეობა მეორეხარისხოვან, თანმდევ პროცესად აღვიქვათ.
ეკონომიური ზრდა ‘თავისთავად’ სოციალური უთანასწორობის პრობლემას არ აგვარებს. ეს დაკვირვება ეკონომიკური განვითარების მკვლევრებმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში დააფიქსირეს - სოციალური უთანასწორობის სიღრმის დასადგენად ეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოდგება. მსგავსი ეკონომიური მაჩვენებლების პირობებში შეიძლება უკიდურესად თანასწორი ან უკიდურესად უთანასწორო საზოგადოებები ცხოვრობდნენ. მაგალითად, შეგვიძლია შევხედოთ ესტონეთის და სლოვენიის, ან თუნდაც ამერიკის და გერმანიის შემთხვევებს. მათში სოციალური უთანასწორობის ხარისხის განმსაზღვრელია არა ეკონომიკური ზრდა, არმედ სოციალური პოლიტიკა და რედისტრიბუციის სხვადასხვაგვარი მექანიზმები.
ზემოთ მოტანილ მოსაზრებას განვითარების არსებული თეორიებითაც ვერ დავადასტურებთ. ყველაზე ლიბერალური, ნეოკლასიკური ზრდის თეორიაც კი 60-იანი წლებიდან მოყოლებული კვლევისა და განვითარებაზე (research and development), როგორც ზრდის ოთხიდან ერთ მთავარ წინაპირობაზე, ფოკუსირდება. კვლევა და განვითარება კი ეკონომიური რესურსების ამ მიმართულებით მიზნობრივ ინვესტირებას გულისხმობს, რაც სოციალური ვალდებულებებისგან სრულიად განთავისუფლებული სახელმწიფოს არსებობის პირობებში რთულად მისაღწევია. მეორეც, ასევე ლიბერალური, მაგრამ ნაკლებად ორთოდოქსული, ინსტიტუციონალისტური თეორიების მიხედვით ესკლუზიური ზრდა - ანუ ზრდა, რომელიც მხოლოდ მცირერიცხოვანი და მსხვილი ეკონომიური მოთამაშეების აქტივობას და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მარგინალიზაციას ეყრდნობა - გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებადი არაა. აღნიშნული დისკუსიისთვის შეგიძლიათ იხილოთ დუგლას ნორთის, აცემოგლუ, ჯონსონის და რობინსონის, როშტეინის და თეორელის, და სხვა არაერთი ავტორის ნაშრომები. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ოცწლეულის მანძილზე, ნეოლიბერალიზმის გლობალური მაშტაბით გავრცელების მსხვილი აგენტები, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდიც კი იზიარებენ ინსტიტუციონალისტების შეხედულებებს ეკონომიკური განვითარების შესახებ.
რაც შეეხება უფრო მემარცხენე ალტერნატივას, ეს ალტერნატივა სრულიად გამორიცხავს სოციალური კეთილდღეობის ეკონომიკური ზრდისთვის მიბარებას. აქ არ განვიხილავ მარქსისტულ მიდგომას. არა იმიტომ, რომ ზოგადად ვიწუნებ, არამედ იმიტომ, რომ არსებული გლობალური და ლოკალური პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მსგავსი გამოსავლის იმპლემენტაცია თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად მხოლოდ სოციალ-დემოკრატიულ ალტერნატივაზე ვისაუბრებ.
წინა საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ბოლო ოცწლეულში ხელახლა აღმოჩენილი ავტორის, პოლანის მიხედვით, ხელისუფლების ჩაურევლობის პირობებში ეკონომიკური ზრდის შედეგად სოციალურ პრობლემები არათუ მსუბუქდება, არამედ კიდევ უფრო მწვავდება. მარქსისტი მოაზროვნეებისგან განსხვავებით, პოლანი საბაზრო ეკონომიკის განადგურებას და ჩანაცვლებას გამოსავლად არ მოიაზრებს. მისი გადმოსახედიდან მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული საბაზრო ეკონომიკის დომინაციამ შექმნა როგორც ნეგატიური, ასვე პოზიტიური თავისუფლებები. მისი თეორიის მიხევით, საჭიროა მიღწეული წარმატებების შენარჩუნება და ასევე სოციალური პრობლემების საბაზრო ეკონომიკისთვის გადაბარებით შექმნილი დესტრუქციის აქტიური რეგულაციით და ჩარევით დაბალანსება. პოლანის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ შეუძლებელია სოციუმის საბაზრო წესებზე დაქვემდებარება. მისი აზრით, თვითრეგულირებად საბაზრო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ადამიანური მხვერპლი და გარემოს გამანადგურებელი შედეგი მოყვება. შესაბამისად, მსგავს პირობებში მყოფი საზოგადოებები იწყებენ გამოსავლის ძიებას და საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული კონტრრეაქცია ისევ საბაზრო მექანიზმებს ზღუდავს და ეკონომიკა ჩიხში შეყავს (მაგალითი: ნაციზმი, ფაშიზმი და სტალინისტური ბოლშევიზმი). ამიტომაც, აუცილებელია სახელმწიფო გონივრულად ჩაერიოს, მოახდინოს დესტრუქციის კომპენსაცია, არეგულიროს ეკონომიკა, რითაც საბაზრო ეკონომიკას კრიზისებისგან, ხოლო მოსახლეობასა და ბუნებრივ რესურსებს განადგურებისგან დაიცავს (მაგალითი: დასავლეთ ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფო).
ამ მრავალფეროვანი ემპირიული და თეორიული ცოდნიდან გამოდინარე, ნინო ევგენიძის დასკვნა: „ყბადაღებული თემაა, რომ ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობდა. ვფიქრობთ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობაა... მოსახლეობის 90%-ს გააჩნია უმაღესი განათლება, მაგრამ არ გააჩნია უნარ-ჩვევები. ეს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი“ პრობლემის უკიდურესი გამარტივებაა. უთანასწორობის მიზეზი მხოლოდ სტრუქტურული უმუშევრობა არ არის. უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ბოლო 20 წლის მანძილზე სოციალური პოლიტიკის უქონლობა და რედისტრიბუციის ნაკლებობაა. სტრუქტურული უმუშევრობა, რაც თავისთავად მართლაც პრობლემაა, ასევე შრომითი პოლიტიკის არარსებობის შედეგია. დანარჩენი პოსტ-საბჭოთა ქვეყნები მართლაც დგანან მსგავსი პრობლემის წინაშე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მეზობლებთან შედარებით უფრო მაღალია, ეკონომიკური უთანასწორობისა და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებითაც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გამოვირჩევით. ამ განვითარების ცენტრალური მიზეზი კი დანარჩენ ქვეყნებში სოციალური უზრუნველყოფის ფარდობითად უკეთესი სისტემის არსებობაა. მაგალითად, რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ გადაწყვიტა შრომითი პოლიტიკის გვერდის ავლა, პროფესიული გადამზადების, უმუშევრობის პენსიების გაცემის და შრომითი პოლიტიკის სხვა კომპონენტების ჩათვლით, რაც შემდგომ პირდაპირ აისახა შრომითი ბაზრის პრობლემებზე.
რა ვუყოთ სოციალურ ვალდებულებებს?
ზემოთ მოტანილი ემპირიული და თეორიული მაგალითებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების გვერდით გადადება და მისი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოგვარების იმედად დარჩენა, გაუმართლებელია. როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალურ კეთიდღეობაში ინვესტირება არა მხოლოდ მოქალაქეების კეთიდლღეობის, არამედ თავად ეკონომიური ზრდის გარანტია. მეორე საკითხია, როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო სოციალურ ვალდებულებებს.
თუ კარგად დავაკვირდებით, ნინო ევგენიძე თავადაც არ გვთავაზობს სოციალური ხარჯვის სრულ გაუქმებას: „ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოსწორებამდე და გარანტირებული საგადასახადო შემოსავლების მიღებამდე, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სხვა დიდი მასშტაბის სოციალური ვალდებულებების აღებაზე და უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ხოლო ამის ხარჯზე მიღებული ნამეტით, სახელმწიფომ აიღოს ახალი ვალდებულებები“. ამ შემთხვევაში პრობლემის ნაწილს წარმოადგენს ჟურნალისტის მიერ სათაურად რესპონდენტისგან გამოტანილი მოსაზრების გამარტივებული ვერსია. პრობლემის მეორე ნაწილი კი, თავად რესპონდენტის მიერ გაკეთებული დაშვებაა, რომლის მიხედვითაც სოციალური ვალდებულებების შესრულება ისეთი ‘კარგი’ სტიმული არ არის ეკონომიკისთვის, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები.
თუ ერთ-ერთი ცენტრალური პრიორიტეტი განათლებაა, მაშინ სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის დაკნინება, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური გამოსავალია. თუ მოქალაქეებისთვის განათლების დონის ამაღლება გვსურს, ეს მათი სოციო-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების გარეშე ვერ მიიღწევა. სანამ სახელმწიფო ახალშობილებს შიმშილისგან, მიუსაფრობისგან და სიკვდილისგან არ დაიცავს, ძნელია უზრუნველყოს მათი განათლება. შეგახსენებთ, 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით ოჯახთა 39% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ბანალური, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ საბაზისო, გადარჩენისთვის აუცილებელი რესურსების მაძიებელ ოჯახებს ახალგაზრდების ხარისხიანი განათლება არა მხოლოდ ნაკლებადპრიორიტეტულად, არამედ უბრალოდ მიუწვდომელ მიზნად მიაჩნიათ.
სხვანაირად რომ ვთქვათ, განათლების დონის და ხარისხის აწევა აუცილებლად უნდა ერთვოდეს და ეყრდნობოდეს სოციალურ-ეკონომიური ყოფის გამოსწორების პროცესს. ადამიანური რესურსების განვითარება კი ეკონომიკური წარმატების არანაკლებ მნიშვნელოვანი საწინდარია, ვიდრე რომელიმე სხვა რესურსის თუ სექტორის განვითარება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ბევრი ვიკამათოთ იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმით და რა გზებით უნდა დაიხარჯოს სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ხარჯები; რომელი ჯგუფები უნდა მოიცვას; რა სახის დახმარება გააძლიერებს სოციალურად დაუცველებს. შეგვიძლია დავიწუნოთ არსებული პრიორიტეტები და დავსახოთ ახალი პრიორიტეტები, ხარჯების გონივრულად განაწილების გზები. ნინო ევგენიძე ინტერვიუში მთავრობას სწორედ მიზნობრივი ხარჯვისკენ მოუწოდებს, რაც სოციალური ვალდებულებების შესრულების საჭიროების თავისებური აღიარებაა. თუმცა მის მსჯელობას სტატიის სათაური, და მისი ერთ-ერთი არგუმენტი - „უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა“ - ჩრდილ ქვეშ აქცევს.
შეიძლება ევგენიძეს არც უფიქრია, მაგრამ მისი ინტერვიუდან იკითხება, რომ თითქოს სოციალური ვალდებულებები მეორეხარისხოვანი, მომავლისთვის გადასადები საკითხია. ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე მსგავს სენსიტიურ საკითხზე საუბრისას. ბოლო ათწლეულის პოლიტიკამ ძალიან შეგვაჩვია მინიმალურ, სოციალური ვალდებულებებისგან თავისუფალი სახელმწიფოს არსებობას, და მოსახლეობის შეხედულებები სახელმწიფოს სოციალური როლის შესახებ არც ისე მყარია. ასეთ პირობებში, ჯერ სოციალური ვალდებულებების შესრულება თვითმყოფად პრიორიტეტად უნდა დავსახოთ, და ამ საწყისი პოზიციიდან განვიხილოთ და გავაკრიტიკოთ არსებული მიდგომების და სოციალური პოლიტიკის სიკეთეები და ნაკლოვანებები.
საფრთხეები ?
საქართველოს ბოლო წლების პოლიტეკონომიურ განვითარებას პოლანის მიდგომით თუ განვიხილავთ, ახალი მთავრობის მიერ სოციალური ხარჯების მკვეთრი გაზრდა შეგვიძლია წინა ათწლეულში მიმდინარე მარკეტიზაციის საწინააღმდეგო, საპროტესტო რეაქციად აღვიქვათ. საზოგადოების წუხილი უფლებრივი და სოციალ-ეკონომიური უთანასწორობის და სიღარიბის მიმართ ლოგიკურია და ასევე, დიდი გამოწვევების შემცველი. ერთის მხრივ, სანამ პროდუქციის წარმოება და ალოკაცია საბაზრო ეკონომიკას ეყრდნობა. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ამ ეკონომიკის მუშაობის ხელშეწყობა. მისი დაცვა პარტიკულარისტული, მონოპოლისტური ინტერესებისგან, ისევე როგორც გადაჭარბებული საზოგადოებრივი წინააღმდეგობისგან. მეორე მხრივ კი, იმავე სახელმწიფომ უნდა მოახერხოს შექმნილი მოწყვლადობის და უკმაყოფილების დაძლევა. სამწუხაროდ, არსებული სოციალური რღვევა უმოქმედობის პირობებში შეიძლება კონფლიქტურ მდგომარეობაში გადაიზარდოს. მსგავსი განვითარების წინაპირობას რელიგიური, ეთნიკური და იდენტობის სხვა ნიშნით მზარდი დაპირისპირებები ქმნიან. ბოლოსდაბოლოს, პოლანის მიხედვით, ნაციზმიც თვითრეგულირებადი ბაზრის დომინაციის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გამოსავალი იყო. იმედია, არ დავიწყებთ სვლას მსგავსი გამოსავლისკენ.