“მეგობრებო! ალბათ იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა არ მომცა შესაძლებლობა რომ ჩემი წვლილი შემეტანა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებაში!
პარლამენტში კენჭისყრამდე დადგენილი ყველა ეტაპი საუკეთესო შედეგებით გავიარე (საკონკურსო კომისია, უმაღლესი საბჭო), თუმცა პარლამენტში ჩემი იდეებით არავინ დაინტერესებულა. კითხვაც არავის დაუსვამს, ისე უცერემონიოდ განაცხადეს უარი.
რატომ მოიქცა პარლამენტი ამგვარად? არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მე არც ,,ოცნებაში’’ და არც ,,ნაცმოძრაობაში’’ ლობისტები არ მყავს. დასკვნები თავად გააკეთეთ!”
გენო გელაძე, საზმაუს მეურვეობის კანდიდატი, ბათუმი, აჭარა
სოციალური ქსელის ბლოგ პოსტი, 28.12.2013
ალბერ კამიუს „უცხოში“ უცხოს, განსხვავებულ ადამიანს ორჯერ კლავენ: ჯერ მთავარი გმირი კლავს მისგან განსხვავებულ, არაბული წარმოშობის ადამიანს, როგორც თვითონ ხსნის - „უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან ცხელოდა...“, ხოლო შემდგომ საზოგადოება უსჯის სიკვდილს მთავარ გმირს, რადგან ვერ პატიობს განსხვავებულობას: ვერ პატიობს, რომ დედის სარეცელთან მას ყავის დალევა მოუვიდა აზრად და კიდევაც დალია...
უცხოს თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს ქართულ საზოგადოებაში. უცხოს აქაც ყოველდღიურად „ვკლავთ“: სიმბოლურად, სხვადასხვა ფორმით, ხერხით, ფორმატით, და ეს ყველაფერი ჩვენს სინამდვილეში უკვე ბუნებრივად აღიქმება, „ნორმალიზებულია“.
უცხოს მკვლელობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ჩვენში ალბათ განსხვავებულის არდანახვის სურვილია: „კი ბატონო, იყონ, თუნდაც კარგად იყონ, ოღონდ იყონ თავისთვის - მე/ჩვენ ნუ დამე/დაგვენახვებიან“...
<ვერ ვხედავ - ესე იგი ის არ არსებობს> = ეს, ბავშვობის ასაკიდან გამოყოლილი და ზრდასრულობაში შერჩენილი აღქმის ილუზიაა, ესოდენ გავრცელებული საქართველოში...
დეკემბერში საქართველოს პოლიტიკური ელიტა გამოწვევის წინაშე დადგა: საზმაუს მეურვეების შერჩევისას ეხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით და აერჩია 9 პოლიტიკურად არაანგაჟრებული, კომპეტენტური კანდიდატი თუ გაეგრძელებინა საზმაუს პოლიტიკური გავლენებისთვის დაქვემდებარების ჩვეული ინერცია.
სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტური თემი დაკვირვებით ადევნებდა თვალს პროცესს, რომელიც დაწყებისთანავე იმდენად გამჭვირვალე და დამოკრატიული იყო, რომ დამკვირვებლებს მისი წარმატებით დაგვირგვინების, როგორც ახლა აღმოჩნდა - უტოპიური იმედი ჩაუსახა. საბოლოოდ კი, რომ შევაჯამოთ, „გვინდოდა უკეთ, გამოგვივიდა ისე, როგორც ყოველთვის“.
პარლამენტისთვის კანდიდატების შერჩევის მთავარ კრიტერიუმად აღმოჩნდა ის, თუ რამდენად „ცნობადი“ იყვნენ კანდიდატები პოლიტიკოსებისთვის. „ცნობადობის“ განმარტება კანონში არ არის მოცემული, ამიტომაც ამ ტერმინმა სპეციფიკური მნიშვნელობა შეიძინა. პოლიტიკოსების მიერ „ცნობადად“ არ იქნენ მიჩნეული 27 კაციან სიაში შესული ქართველი მწერალი, საერთაშორისოდ აღიარებული სოციოლოგი, ტელერეჟისორი, პოპულარული ჟურნალისტები, ბლოგერები, მედია-რედაქტორები და ა.შ. არც კანდიდატების მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი მაუწყბელის რეფორმის სტრატეგიების გაცნობას მიმართა ვინმემ რათა „უცნობი“ გაეცნო. საქმე იმით დამთავრდა, რომ პოლიტიკოსებითვის „ნაცნობი“ და შესაბამისად, მისაღები, 27-დან მხოლოდ სამი კანდიდატი აღმოჩნდა, კანონით განსაზღვრული 9-ის მაგვირად და მეურვეების არჩევის პროცესი, ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ჩაიშალა; რაც მთავარია, ამან სერიოზული კითხვის ნიშანი წარმოშვა შემდგომში ჩატარებული პროცესის სამართლიანობის თაობაზე.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისია კანდიდატების შერჩევისას კანონით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმების (ვთქვათ, ცნობადობის) გარდა, ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა, როგორიცაა: პოლიტიკურ მიუკერძოებლობა და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესების უანგარო სამსახური, პროფესიონალიზმი და კომპეტნეტურობა. მოვლენათა განვითარებამ გამოვლინა, რომ ამგვარი პრინციპით შერჩეული ადამიანები დღევანდელი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის უცხოა.