Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკლესიის კრიზისი

10 იანვარი 2014

ჩვენი ეკლესია კრიზისშია. ტყავში ვეღარ ეტევა, ბობოქრობს და დუღს. უფრო სწორად თავებზე გვადუღს. იმ თავებზე, რომელმაც კარგა ხნის წინ გადაწყვიტა საკუთარი სულიერება არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, როგორც ინსტიტუტთან, არ დაეკავშირებინა.

დევიდ ჰარვი კაპიტალიზმის მარქსისტულ კრიტიკაზე დაყრდნობით წერს, რომ კაპიტალიზმს ყოველთვის სჭირდება რაღაც ‘სხვა’, საკუთარი საზღვრების მიღმა მყოფი, ზრდა, ახალი ფიზიკური და ვირტუალური სივრცეების ათვისება. ჩვენი ეკლესიაც კაპიტალიზმივითაა. აი, ოცი წელია, რაც ის გაიზარდა და შეივსო, აითვისა რაც კი ასათვისებელი ჰქონდა, ბოლო წელიწადნახევარია პოლიტიკური და საჯარო სივრცის მონოპოლიზაციაზეც მყარი და თან საფუძვლიანი პრეტენზია გაუჩნდა. მას მერე, რაც ეკლესიამ კერძო სექტორიც მოიცვა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი ბიზნესი გახდა, რაც ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუციის პენეტრაცია დაიწყო, სიმბოლური, პოლიტიკური და ეკონომიური ძალაუფლების თითქმის აბსოლუტური კონსოლიდაცია მოახერხა, შეეჯახა საკუთარ საზღვრებს - სახელმწიფოსა და მზარდ კრიტიკას.

ახლა ჩვენ გვგონია, რომ ეკლესია ზენიტშია, მაგრამ სინამდვილეში მგონი სწორედ ეს ზენიტი არის ეკლესიის კრიზისის მთავარი მომასწავებელი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი არსებული მთავრობა არ გადადგება და პატრიარქს პრეზიდენტობას არ შეუთავსებს, ეკლესიის ძალაუფლების გაფართოების სივრცე თითქმის ამოწურულია. ყველა სივრცე ათვისებულია, პოლიტიკოსების და საზოგადოების დიდი ნაწილი გამლიქვნელებულია. ამაზე შორს წასვლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ დაემსგავსა ეკლესია ოთხ კედელში გამომწყვდეულ არსებას. საკუთარმა შიდა წყლულებმა, მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, სპონტანურმა და უსუსურმა დისციპლინამ, პრინციპების უქონლობამ - ყველა პრობლემამ ერთად იჩინა თავი.

ამ ზრდასა და გაფართოებაზე ორიენტირებამ, და საკუთარი ინსტიტუციის შიგნით არსებული გამოწვევების უგულვებელყოფამ მიიყვანა ეკლესია სიძულვილის ქადაგებამდე. გაფართოებისთვის ბრძოლაში ტერიტორიაშემოკლებულმა ეკლესიამ ძალაუფლების რეპროდუქციისთვის ცნობიერად ან არაცნობიერად პროვოკაციული, კონფრონტაციული და პოპულისტური სტრატეგია აირჩია: ყველა ჯგუფს, რომელიც სიძულვილის სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო, სათითაოდ გადაუარა. მტრის ხატის ირგვლივ იდენტობის მობილიზება ბანალური და ცნობილი ტაქტიკაა. მტრა და ‘სხვად’ ხან დასავლეთი იქცა, ხან აღმოსავლეთი, ხან ეროვნებით ქართველი მუსლიმი, ხან ებრაელი, იაღოველი, გეი, ქალი და კიდევ ვინ მოთვლის.

17 მაისს ვინც ყურადღებით უსმინა ეპისკოპოს იაკობის სიტყვას, ალბათ ახსოვს, რომ ის ყველაფერს ერთმანეთში ურევს: მის გამოსვლაში ჯერ დასავლეთია მტერიო, მერე ნაციონალები აკეთებენ რუსეთის საქმესო, მერე ქართველი არ შეიძლება ევროპელს დაემსგავსოს, ყველა ინდივიდი განსხვავებულიაო. ეს უბრალოდ ერთი მაგალითია ეკლესიის პოზიციის სრული არათანმიმდევრულობისა.

ეს გზააბნეული პოზიცია ყოველთვის ‘შემთხვევითი’ არ არის. ან შემთხვევითი რომც იყოს, მაინც თავისებურად ეფექტურია. მსმენელი მხოლოდ ავტორიტეტზე უნდა იყოს ფოკუსირებული - არგუმენტს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დროთა განმავლობაში ეკლესია თავადვე დაიბნა მყარი პოზიციის არქონის გამო. ისე გაუტკბა ყველაფრის კრიტიკა და სიძულვილის ქადაგება, ისე გაილაღა მზარდი ძალაუფლებით,  რომ სააშკარაოზე გამოიტანა წლების მანძილზე დაგროვილი ყველა ძირეული პრობლემა. შესაბამისად საზოგადოების უფრო მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა.

ახლა კი, რაც უფრო მეტად ცდილობს ეკლესია უკვე სააშკარაოდ გამოტანილი პრობლემების გადაფარვას, მით მეტი თავის მართლება და სიძულვილის მეტი მობილიზება უწევს თავის დასაცავად. ახალ-ახალი ჯგუფების გამოძებნა და გმობა ეკლესიის ერთგვარი თავდაცვაა და საკუთარი კორუმპირებულობის დემონების წარმოსახვითა და დევნით ჩაანაცვლების მცდელობა.

ამიტომაც მე არ მეშინია ეკლესიის გაუთავებელი ეპისტოლეებისა და ქადაგებების. ის, რაც ისედაც არსებობდა ეკლესიის შიგნით, ნელ-ნელა მჟღავნდება ეკლესიის მიერ საჯარო სივრცის ბოლომდე დაპატრონების მცდელობისას. ეკლესია ამჟამად იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის - იმდენად აბსურდული და ადამიანურობას მოკლებულია მისი ქცევა, რომ ნელ-ნელა ეკლესიის კრიტიკაზე დადებული ტაბუ იხსნება. მაშინ, როცა ჩვენი, ისევ ვერშემდგარი მედიაც კი გამოფხიზლდა, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულობა კი არამხოლოდ მდგრადი, არამედ მზარდიცაა, პატრიარქის და ეკლესიის დასაცავად ჩვენი მივიწყებული ესტრადის მომღერლები გამოდიან.

დაბოლოს, თუ მე მართალი ვარ და ეკლესიის გაუთავებელი არაადეკვატურობა კრიზისის გამოხატულებაა, რას შეიძლება ველოდოთ ამ კრიზისისგან? ერთი შესაძლო სცენარი სავალალოა. კაპიტალიზმის მსგავსად შესაძლებელია ეკლესიამაც გამონახოს კრიზისის დაძლევის ექსპლოატაციური გზა. ამ შემთხვევაში ეკლესიამ შეიძლება რეალური კონფლიქტების გაღვივება შეძლოს. ეთნიკური ან სამოქალაქო ომის დაწყება ნამდვილად არ ჩანს გარდაუვალი, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, როგორ გავს არსებული დისკურსები 90-იანი წლების დასაწყისში გაბატონებულ ექსკლუზიურ ნაციონალისტურ დისკურსს. თუმცა გულწრფელად მინდა იმედი დავიტოვო, რომ არსებული ხელისუფლება საკმარისად ძლიერია და მსგავს განვითარებას არ დაუშვებს.

მეორე სცენარი კი ბევრად უფრო ოპტიმისტურია. თუ დღევანდელი სიძულვილის ქადაგება არც ომში გადაიზრდება და არც რეალურ თეოკრატიაში, მაშინ ეკლესიას რეფლექსიურობის სწავლა და რეფორმირება მოუწევს. თუ ეკლესია ვერ გადალახავს საზღვარს და ვერ დაეპატრონება სახელმწიფოს მართვას, საკუთარი როლის მოძიება არსებული პოლიტიკური სისტემის შიგნით მოუწევს, რაც თავისთავად გამორიცხავს დღევანდელი ბალანსის მუდმივ შენარჩუნებას. საზოგადოებრივი კრიტიკა გაიზრდება, და ეკლესიის მხარდაჭერა დასუსტდება. ეს კი ყველაზე კარგი განვითარება იქნება თავად ეკლესიისთვის, ეკლესიური მოქალაქეებისთვის (იმ მოქალაქეებისთვის ვინც მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლად თავს არ მოიაზრებს) და ზოგადად სახელმწიფოდ შედგომისთვის. როგორც ზემოთ ითქვა, ეკლესია ვეღარ გაფართოვდება, ამიტომაც იქნებ მის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება, ადამიანების სიყვარული და დაფასება ისწავლოს.

                                                                                         

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^