Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავი თოვლი, პრო-ევროპელი პატრიარქი და თაფლიანი ჩაი (კიევური დღიურებიდან)

28 იანვარი 2014

 “ლოლია, ლოლია ხბო წითელია, ვეფხვი ჭრელია...” პატარობაში ჩემს ხელისგულზე თითით ხაზავდა წრეს ბებიაჩემი და ამ სამყაროს ობიექტურ სურათს მიხატავდა. რომ გავიზარდე აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება ასე მარტივად არ არის მოწყობილი. ხბო ყოველთვის წითელი არ არის და ვეფხვი - ყოველთვის ჭრელი. კიევში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ თოვლი ყოველთვის არ არის თეთრი და ყველა მართლმადიდებელი პატრიარქი არ არის ანტიდასავლურად განწყობილი.

ამ ჩამოსვლაზე კიევი განსხვავებული დამიხვდა. თოვლი ახალი დადებული იყო. ღამღამობით და დილაობით ყინვა მინუს 26-ს აღწევდა. აეროპორტიდან გამოვედი თუ არა ულვაშები ყინულის პატარა ლოლოებად მექცა.

10 წლის წინ მე აქ ჩამოვედი ჩემს მართლმადიდებელ მეგობრებთან, დეკანოზ ბასილ კობახიძესთან და ზაზა თევზაძესთან ერთად, რათა ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში ქართველი სასულიერო პირების თანადგომა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ მაშინ დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობა კიევის საპატრიარქოსთან და პატრიარქ ფილარეტთან.

ამ ათი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობები გაღრმავდა და განვითარდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი არის ის, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობენ ქართველი სასულიერო პირები, მათ შორის აქიმანდრიტი კირიონი (ინასარიძე), რომელიც კიევის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების გამგის მოადგილეა.

ამ ჩამოსვლაზე მარტო ჩამოვედი კიევში. ბასილ კობახიძე ახლა დასავლეთ ევროპაშია, ზაზა თევზაძე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მთლად გადასარევად არ არის ჯანმრთელობით.

აეროპორტში დამხვდა კიევის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების წარმომადგენელი და წმიდა მიქაელის მონასტერში დამაბინავა. ჩემი სენაკის სარკმლიდან იშლება მონასტრის უმშვენიერესი ხედი: ოქროთი მოვარაყებული გუმბათები, მშვენიერი ბაღი და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამ კომპლექსში - უმშვენიერესი სატრაპეზო ტაძარი.

მონასტრიდან საპატრიარქოში წამიყვანეს. სინოდის სხდომა მიმდინარეობდა. სხდომიდან გამოვიდა მთავარეპისკოპოსი ილარიონი და მომიბოდიშა, ცოტა ხანი უნდა დაიცადოთო. მეც მოსაცდელ ოთახში მოვკალათდდი. აქ რამდენიმე სხვა ეპისკოპოსი უკვე იცდიდა და დაბალ ხმაზე საუბრობდა. ამ მოლოდინში რომ ვართ, შემოვარდა მოსაცდელ ოთახში ყირიმის ეპისკოპოსი კლიმენტი. საერთო სალამი გვითხრა და ოთახში ჩამოკიდებულ სარკეს მივარდა.

“რა მიყვეს ამ დამპლებმა, რა დღეში ჩააგდეს ჩემი ლამაზი სიფათი (морда)” - ყვიროდა ეპისკოპოსი და სახეზე შეშუპებულ ადგილებს ისინჯავდა.

“ჩუმად, რა გაყვირებს”, - შეუტია უფრო ხნიერმა ეპისკოპოსმა, რომელიც აქამდე თავაუღებლად ჩაჰკირკიტებდა თავის აიფონს, – “გინდა რომ გამოგვიცივდნენ სინოდალური მეუფეები!”

“რა მაყვირებს და ის მაყვირებს, რომ გაზის ყუმბარა ამიფეთქეს ფეხებში დამპალმა ბერკუტელებმა”, - კიდევ უფრო ხმამაღლა იღრიალა ეპისკოპოსმა.

ბერკუტელებისა და აფეთქების ხსენებაზე ყველანი მეუფე კლიმენტს შემოუტრიალდნენ და დაუწყეს გამოკითხვა, რა ხდებოდა “მაიდანზე” და გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც რევოლუციის ეპიცენტრი მდებარებდა. ეპისკოპოსი გაბრაზებული ყვებოდა იმას, რაც იქ ხდებოდა: სროლები, აფეთქებები, ყუმბარებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” გაცვლა რევოლიციონერებსა და ხელისუფლების ძალებს შორის.

ამასობაში სინოდის სხდომა დამთავდა და ყველანი სადილზე მიგვიწვიეს. პატრიარქმა თბილად მიმიღო. ოდნავ შეფიქრიანებული მეჩვენა. პატრიარქს მეორე დღეს 85 წელი უსრულდებოდა. ამ ასაკისათვის დაუჯერებლად ყოჩაღად გამოიყურებოდა. გონებაც ძველებურად უჭრიდა და აზრის სისაღეშიც წუნს ვერ შეიტანდი.

სხვა მართლმადიდებელი პატრიარქებისგან განსხვავებით მას მკაფიოდ გამოხატული პროევროპული პოზიაცია უკავია. იგი თვლის, რომ უკრაინელმა ხალხმა პროევროპული ორიენტაცია აირჩია მაშინ, როცა ქრისტიანობა მიიღო 1025 წლის წინ.

ამ რევოლუციის დღეებში ნაცემი და დამცირების მიზნით გაშიშვლებული კაცი მან შეადარა უკრაინას, რომელიც დამცირებული და პატივაყრილი ჰყავს ერთმორწმუნე რუსეთს.

პატრიარქმა ფილარეტმა საოცარი ცხოვრების გზა გამოიარა და ძალიან ბევრი რამ ნახა.

ის ახლა სათავეში უდგას ეკლესიას, რომლის ჩამოყალიბებასა და გაძლიერაბაშიც მას ლომის წვლილი მიუძღვის. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია სამად არის გაყოფილი. ერთი არის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (პატრიარქი ფილარეტი), მეორე - უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია (მიტროპოლიტი მეთოდი), მესამე - მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მიტროპოლიტი ვლადიმერი).

ამ სამი ეკლესიიდან ყველაზე დიდი ეკლესია კიევის საპატრიარქოა. ამ სამიდან ორს, კიევის საპატრიარქოს და ავტოკეფალურ ეკლესიას აქვთ მკაფიოდ გამოხატული პროევროპული ორიენტაცია. გასაგები მიზეზების გამო, მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ანდა უფრო სწორედ მის იერარქიას აქვს ძირითადად პრომოსკოვური ორიენტაცია.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიაშიც არის მისწრაფება უკრაინის ევროპული ორიენტაციისადმი, თუმცა ამის გამოხატვას სასულიერო პირები, იერარქიის შიშით თამამად ვერ ბედავენ. ახლახან იყო ერთი გამონაკლისი.

მას შემდეგ, რაც კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლმა, მიტროპოლლიტმა  პავლემ პრეზიდენტი იანუკოვიჩი გოლგოთის გზაზე მომავალ ქრისტეს შეადარა, ამავე ეკლესიის ღვთისმსახურმა ვიქტორ მარტინენკომ ვეღარ მოითმინა და საჯაროდ განაცხადა, რომ მიტროპოლიტი მთელი ეკლესიის აზრს არ გამოხატავდა. მიტროპოლიტს კი ურჩია, რომ პირველივე შესაძლებლობაზე საჯდომზე ეკოცნა პრეზიდენტისთვის. ცხადია, ამით დიაკონმა უზარმაზარი რისხვა დაიტეხა თავს, თუმცა სამაგიეროდ თავისი სათქმელის თქმა ხომ მოახერხა!

სამი მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა უკრაინაში არის მეოთხე სერიოზული ეკლესია - უკრაინის ბიზანტიური წესის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ლიტურგიკულად არაფრით განსხვავდება მართლმადიდებელი ეკლესიისაგან, მაგრამ იგი აღიარებს რომის ეპისკოპოსის პრიმატს. ბიზანტიური წესის კათოლიკები ამბობენ, “ჩვენ არ ვექვემდებარებით რომს, არამედ ვართ რომთან”. ეკლესიის სულიერი მეთაურია უსინათლო კარდინალი ჰუზარი, რომელიც გამოირჩევა თავისი პროდასავლურობით და ეკუმენური სულისკვეთებით.

გარდა ამ ხსენებული ეკლესიებისა უკრაინაში არის უამრავი სხვადასხვა ტრადიციის მქონე პროტესტანტული ეკლესია. იმის გამო რომ ქვეყანაში არ არის ერთი დომინანტი რელიგია, უკრაინა წარმოადგენს ქვეყანას, სადაც რელიგიური თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

ვიდრე სადილი დაიწყებოდა, პატრიარქ ფილარეტს უთხრეს - აი, მეუფე კლიმენტი გრიშევსკის ქუჩაზე იყოო. ეპისკოპოსები დარწმუნებული არ იყვნენ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე პატრიარქს.

“მართლა იყავი, მეუფე, გრუშევსკის ქუჩაზე?” მშვიდად ჰკითხა პატრიარქმა ყირიმის ეპისკოპოსს. ეპისკოპოსმა ეტყობა იფიქრა დაუკითხავად იქ წასვლისთვის შეიძლება დამტუქსონო და გაბედულად წამოიძახა:

“დიახაც, ვიყავი და კიდევ წავალ!”

“რა ხდება, მოედანზე”, - სევდიანად იკითხა პატრიარქმა.

“კარგი არაფერი, ხალხს ხოცავენ”, - ახლა უკვე მშვიდად მიუგო მეუფემ, რაკი მიხვდა, რომ პატრიარქი დატუქსვას არ უპირებდა, თუმცა აშკარად ჩანდა ეპისკოპოსებს შორის გრუშევსკის ქუჩაზე გასვლის მოსურნეები ბევრნი არ ჩანდნენ.

საუბარმა მალე სუფრაზე გადაინაცვლა. სადილი დაგვიანებული იყო და ყველანი დამშეულები ვიყავით.

“მეუფე, არ იჯავროთ, ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ, ხორციანი არაფერია აქ”. მითხრა ჩემს გვერდში მჯდომმა მეუფე ილარიონმა, რომელსაც ეტყობა ახსოვდა რომ ვეგეტერიანელი ვარ.

სადილზე ამბავი მოიტანეს, რომ დაბადების დღის 85 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტი პირველი ხარისხის ნაციონალური ორდენით აჯილდოებდა პატრიარქს. ყველანი გაიტრუნნენ და პატრიარქს შეხედეს.

“მე ვერ მივიღებ მისგან ჯილდოს.” მშვიდად თქვა პატრიარქმა და საჭმლის ჭამა გააგრძელა. ამაზე სხვა ეპისკოპოსებიც აჩოჩქოლდნენ და მხარი დაუჭირეს მას.

მართლაც, კიევის საპატრიარქომ ოფიციალურად უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე. გარდა ამისა პატრიარქმა უარი თქვა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც მის იუბილეს ეძღვნებოდა: კონცერტებზე, მიღებებზე, სადილ-ვახშმებზე და სხვა. ერთადერთი რაზეც უარი არ უთქვამს იყო წირვა წმ. ვლადიმირის საკათედრო ტაძარში.

სადილის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა თავის მძღოლს იურას დაუძახა და მონასტერში გამგზავნა დასასვენებლად. წასვლის წინ დამამუნათა, რომ გრუშევსკის ქუჩაზე არ წავსულიყავი და მონასტრიდან გარეთ ფეხი არ გამედგა. იძულებული გავხდი მასპინძლის ნებას დაყოლიყავი, თანაც გაციებული ვიყავი და გარეთ გასვლის თავიც ნაკლებად მქონდა.

მეორე დილას, რვა საათზე უკვე წმ. ვლადიმერის საკათედრო ტაძარში ვიყავით. საკურთხეველში მიმიჩინეს ადგილი. კარგი სანახავი იყო აფუთუთებული საკურთხეველი. მღვდლები, დიაკვნები, ეპისკოპოსები საზეიმოდ იმოსებოდნენ. მერე ეს შემოსვა და ფუსფუსი შეწყდა და ყველა ტაძარში მოსულ პატრიარქს შეეგება. წირვამ შესანიშნავად ჩაიარა. საოცრად მომხიბვლელია ბიზანტური ლიტურგია - ფერადოვანი და მშვენიერი.

წირვის ბოლოს პატრიარქი ამბიონზე ავიდა. მეუფე ეპიფანემ ყველას სახელით მიულოცა დაბადების დღე. ამის შემდეგ პატრიარქმა წაიკითხა ლოცვა მშვიდობისათვის, რომელიც წინა დღეს დაწერა (თავად ვნახე პატრიარქი როგორ განმარტოვდა თავის ოთახში მის დასაწერად). ლოცვა გრძელი იყო და გულში ჩამწვდომი.

ტაძრიდან საპატრიარქოში წავედით, სადაც ძალიან მოკრძალებული სადილი გველოდებოდა. სადილს ყველა ეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელმსახური ესწრებოდა. ცოტა სული რომ მოვითქვით ლვოვის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქის სადღეგრძელო შემოგვთავაზა. ყველამ დავლიეთ და მივულოცეთ პატრიარქს დაბადების ღღე. მერე მე მომიტრიალდა მეუფე ილარიონი და მითხრა - ახლა შენი ჯერიაო. მეც მივესალმე პატრიარქს წინდაწინ მომზადებული ტექსტით და საჩუქრად გადავეცი თბილისში შეძენილი გობელენი, რომელზეც მშვენიერი ბროწეული იყო გამოხატული.

“ბროწეული რას ნიშნავს?” გაბადრული სახე შემომანათა პატრიარქმა.

“ბროწეული, თქვენო უწმიდესობავ, ერთობის სიმბოლოა აღმოსავლეთში. შიგნიდან ბროწეული დაყოფილია სიფრიფანა ყვითელი ტიხრებით, მათში კი მარცვლებია ჩაწიკწიკებული. გარედან კი ამას ყველაფერს აერთიანებს ერთი ძოწისფერი კანი.

ამ საჩუქარს გიძღვნით ჩვენს გულწრფელ ლოცვასთან ერთად, რომ ყველა ის განსხვავება, რომელიც უკრაინულ საზოგადოებას ანაწევრებს, გაერთიანებული იყოს მშვიდობისა და შერიგების “კანს” ქვეშ.”

სადილის შემდეგ, მეუფე ილიარიანმა ხათრი ვეღარ გამიტეხა და მაიდანზე წასვლის უფლება მომცა. ჩემი თავი ერთ გავლენიან ახალგაზრდა ქალს ჩააბარა, რომელიც რევოლუციის თავგამოდებული მხარდამჭერი აღმოჩნდა.

“თქვენს მეტს მე ვერავის ვანდობ მეუფე მალხაზს”, - უთხრა მეუფემ ქალს. მაგრამ იქვე დასძინა, პირობა მომეცით, რომ გრუშევსკის ქუჩაზე არ წახვალთ.”

“არა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მაიდანზე გავალთ”, - ანგარიშმიუცემლად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა. ხმაში ეტყბოდა, ამას მხოლოდ მეუფე ილარიონის დასამშვიდებლად ამბობდა.

ასე ჩავედით ბარიკადებით გამაგრებულ რევოლუციურ ბანაკში. მაშინვე თვალში ერთი რამ მეცა. 10 წლის წინანდელი რევოლუციური მაიდნისაგან განსხვავებით, ბანაკში ყველა რაღაც საქმით ჩანდა დაკავებული, ყველა ფუსფუსებდა, ყველა რაღაცას აკეთებდა: ზოგი თოვლს ხვეტავდა, ზოგი ყინულს ფხეკდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, ზოგს შეშა, ზოგს საჭმელი, ზოგი ნაგავს ასუფთავებდა, ზოგი საჭმელს აკეთებდა, ზოგი ჩაის...

ჩვენ გეზი იმ კარვისკენ ავიღეთ, სადაც შტაბ-ბინა იყო მოთავსებული. გზაზე ვიღაც კაცი გადამიდგა წინ. ვიფიქრე, ნეტა რა უნდა უნდოდეს-მეთქი. ჩემი თანმხლები ქალიც აიჯაგრა კაცის მოსაგერიებლად.

“მამაო (ბატიუშკა), ფეხებზე არ გცივათ?” - მკითხა ფორმიანმა კაცმა და სანდლიან ფეხებზე დამხედა.

“არა არ მცივა”, - ცივად ვუთხარი კაცს. ვიფიქრე ასე უფრო ადვილად მოვიშორებ-მეთქი თავიდან.

“წინდები მაინც ჩაიცვით.” - არ მომეშვა კაცი.

“წინდები არა მაქვს. ”მშვიდად ვუთხარი კაცს. გაკვირვებისგან კაცს ხმა აღარ ამოუღია. ალბათ, იფიქრა, ვიღაც გიჟი იქნება ეს “გრუზინი” მამაო, თორემ ამ თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა სანდლებიანი რატომ ივლიდაო.

ჩვენ გავაგრძელეთ გზა და მივადექით კარავს, სადაც ბანაკის ხელმძღვანელობა იყო. კარავი საკმაოდ გრძელი იყო. ორივე მხარეზე ოდნავ შემაღლებული ფიცარნაგები იყო გამართული და ზედ უკვე ნამორიგევ გუშაგებს ეძინათ. შუაში დერეფანივით იყო გაკეთებული. ორი ღუმელი იდგა. ერთი კარვის თავში, მეორე ბოლოში. კარვის ბოლოში ბანაკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიგვიღო და ჩაიზე გადვპატიჟა. ჩაი პლასტმასის ჭიქაში ჩამოასხეს, შიგ ერთი კოვზი თაფლი ჩადეს და ისე მომაწოდეს. სითბო და ცხელი ჩაი ძალიან მესიამოვნა. მალე ჩვენ გაშემო ხალხმა მოიყარა თავი. ყველანი აღშფოთებულები იყვნენ მთავრობის სისასტიკით. თუმცა შიში არც ერთ მათგანს არ ეტყობოდა სახეზე.

“მადლობა საქართველოს ჩვენი თანადგომისთვის. ჩვენ თქვენგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ”. ლაპარაკი ბანაკის ხელმძღვანელმა დაიწყო. “აქ ამ ბანაკში ქართველებიც არიან და უკვე თვენახევარია გვერდში გვიდაგანან.”

“როგორ ფიქრობთ, ახლა რა იქნება?” - ვიკითხე ყველას გასაგონად.

“ჩვენ უკან დამხევები არა ვართ, თავს შევაკლავთ.” ხელმძღვანელს პასუხი ახალგაზრდა კაცმა დაასწრო, რომელიც ჩემ ზურგს უკან იჯდა.

“არა, რა თქმა უნდა, არ დავიხევთ უკან”. კვერი დაუკრა ხელმძღვანელმა და ხელი შეავლო ხელკეტს, რომელიც საწოლზე იყო აყუდებული. ახლაღა დავაფიქსირე, ყველა საწოლზე მძინარე გუშაგებს ხელკეტები ეწყოთ გვერდში.

“ახლა მოდით, გრუშევსკის ქუჩაზე წავიდეთ”, - თქვა ჩემმა მეგზურმა ქალმა და ფეხზე წამოდგა. ცხადია მას უკვე აღარ ახსოვდა, პირობა რომ მისცა მეუფე ილარიონს, გრუშევსკის ქუჩაზე არ წავიყვან მეუფესო. ყველანი წამოვიშალეთ. კარში რომ გამოვედით ერთი ქართველი კაცი შემოგვიერთდა და გვერდიდან აღარ მოგვშორებია, ვიდრე იქ ვიყავით. კაცს ომარი ერქვა. ის უკვე თვენახევრია თურმე ამ ბანაკში ერთგულად მუშაობს უკრაინელების მხარდამხარ.

გრუშევსკის ქუჩაზე რომ მივედით, ჩვენ წინაშე უცნაური სანახაობა გადაიშალა. თოვლი ხომ ვიცით რომ თეთრია! აი, გრუშევსკის ქუჩაზე კი შავია. ამ ქუჩაზე მიმდინარე ბატალიების გამო დამწვარი საბურავებისა და ტექნიკის  ჭვარტლი თოვლში ისე იყო გადაზელილი, რომ გეგონებოდათ შავი თოვლი მოსულაო. ბარიკადების გადაღმა მხარეს ბერკუტელების ჯარი დგას, კბილებამდე შეიარაღებულები არიან. თავზე შავი ჩაფხუტები ახურავთ და მთლიანად შავ ამუნიციაში არიან გამოწყობილი.

ბარიკადის აქეთ მხარეს რევოლუციონერები დგანან და გამეტებით ურტყამენ ფიჭვის ხისაგან გამოჭრილ ხელკეტებს ცეცხლით გამომწვარ ლითონის კასრებს, რომლებიც საბრძოლო დოლების მოვალეობას ასრულებენ. ჰაერში ცეცხლისა და ნატისუსალის სუნი ტრიალებს. საბრძოლო დოლების რიტმულად ცემის ხმა ისმის.

მინას ტირითისათვის ბრძოლის დასაწყისს წააგავს აქაურობა, ჯ. რ. რ. ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებლიდან”. ერთ მხარეზე ორკები დგანან, მეორე მხარეზე თავისუფლების მოყვარე ხალხი.

“ორკები” აქ საურონის (პუტინი) ნების აღმსრულებლები არიან, თუმცა ისინი უშუალოდ სარუმანის (იანუკოვიჩი) მითითებებს ასრულებენ. ბრძოლა ამ ორ მხარეს შორის არ არის თანასწორი.

მაგრამ “ორკები”, საბრძოლო უპირატესობის მიუხედავად, უკვე წაგებულები არიან, რადგან სამართალი არ არის მათ მხარეს.

ვიდრე გრუშევსკის ქუჩაზე ვიყავით ძალიან შეგვცივდა. ხან ვის გამოველაპარაკეთ, ხან ვის. მერე აქვე გადავაწყდით ყირიმის ეპისკოპოს კლიმენტის, რომელსაც წინა დღეს ამავე ქუჩაზე ფეხქვეშ ხელყუმბარა აუფეთქეს. ნამდვილი პატრიოტია ეს მეუფე. მგზნებარე და უშიშარი.

“წავიდეთ ახლა ჩაი დავლიოთ სადმე”, - თქვა ჩემმა თანმხლებმა ქალმა.

“კარგი აზრია, სად წავიდეთ?” - ვიკითხე გულუბრყვილოდ.

“მე ვიცი, ერთი ადგილი, სადაც კარგ ჩაის დაგვალევინებენ”. ვიფიქრე, ალბათ, კარგი საჩაიე იცის-მეთქი ბანაკის მიღმა სადღაც. აღმოჩნდა რომ ვცდებოდი, მას საჩაიე კი არა, ერთი კარავი ეგულებოდა ბანაკში, სადაც შეგვეძლო კარგი ჩაი დაგველია. ჩვენ ნელ-ნელა გავუყევით კარვისკენ მიმავალ გზას. ამასობაში წინ ვიღაც საშუალო ასაკის კაცი გადამიდგა და ცელოფანში გახვეული რაღაც შემომაჩეჩა  ხელში.

“ეს რა არის?” - გაკვირვებულმა ვკითხე კაცს.

“გახსენით და ნახავთ!” - გაბრწყინებული თვალებით შემომხედა კაცმა. გავხსენი. ცელოფანში გახვეული იყო ორი ცალი ფეხსაცმეში ჩასაგები ნაბადი, ახალთახალი.

“დიდი მადლობა, მე ამას ვერ გამოვიყენებ, ფეხსაცმელს არ ვატარებ”, - ვუთხარი კაცს და უკან გავუწოდე ცელოფანში გახვეული ნაბდები.

“აიღე და ჩაიფინე, სანდლებში”, - დაიჟინა კაცმა - “მე ამ ყინვას უნდა გადაგარჩინოთ!” სხვა რა გზა მქონდა ნაბდები გამოვართვი და მადლობა გადავუხადე გადარჩენისთვის. სანდლებში არ ჩამიგია ნაბდები თან წამოვიღე სუვენირად.

კარავში, სადაც კარგ ჩაის აკეთებენ რამდენიმე კაცი დაგვიხვდა, რამდენიმე იწვა და ეძინა რამდენიმე ფეხზე იყო. ეს კარავი პროდუქტების მისაღები ცენტრი აღმოჩნდა. ბანაკის ორგანიზატორებს თურმე ფული რომ შემოაკდათ, ხალხს სთხოვეს დახმარება. ამ კარავში ხალხი მოდის და მოაქვს ბანაკში გამაგრებული რევოლუციონერებისათვის კვების პროდუქტები.

თაფლიანი ჩაი აქ მართლა კარგი იყო.

“იმ კარვისას ხომ სჯობს ეს ჩაი”, - ამაყად მითხრა ჩემმა მეგზურმა ქალმა.

“სჯობს, ნამდვილად სჯობს”, - მაშინვე დავეთანხმე ქალს და უზარმაზარ ჭიქას ხელები შემოვაჭდე გასათბობად.

ამ საუბარში რომ ვართ, ვიღაც მოხუცი თავშალწაკრული ქალი შემოვიდა კარავში და ჩანთიდან რაღაცების ამოლაგება დაიწყო. ეს ქალი თურმე რეგულარულად დადის ბანაკში და მოაქვს მურაბები და სხვა პროდუქტები.

 “თქვენ საიდანა ხართ?” - თავაზიანად ჰკითხა ჩემმა თანმხლებმა ქალმა მოხუცს.

“მე ეკლესიიდან ვარ”, - მორცხვად ჩაილაპარაკა ქალმა.

“რომელი ეკლესიიდან ხართ?” - ჩაეძია ქალი.

“მართლმადიდებელი”, - თქვა ქალმა და პირჯვარი გადაიწერა.

“რომელი მართლმადიდებელი ეკლესიიდან?” - არ მოისვენა ჩემმა მეგზურმა.

“კიევის საპატრიარქოს!”

“ჩვენც კიევის საპატრარქოდანა ვართ”, - ხალისიანად წამოძახა ჩემმა მეგზურმა ქალმა, - “ეს არის ბაპტისტი მეუფე საქართველოდან, პატრიარქის სტუმარია. დაბადების დღის მისალოცად არის ჩამოსული”.

“მადლობა ღმერთს, როგორ გამიმართლა, რომ ახლა მოვედი, მეუფე მაკურთხეთ!” - თქვა ქალმა და თავი დახარა კურთხევის მისაღებად. მოხუცი დავლოცე და გულში ჩავიკარი.

“მოდით სურათი დაგავიღოთ, რომ ჩემს შვილებს ვაჩვენო.”

ვიდრე კარვიდან გამოვიდოდით, შევნიშნე რომ საწოლზე ხელკეტი იდო. დაუკითხავად ავიღე ხელკეტი და ხელში შევათამაშე. ზედ წარწერები შევნიშნე, წითელი ფლომასტრით მიწერილი: “За Украину и за ii волю” (უკრაინისათვის და მისი თავისუფლებისათვის). ოდნავ ქვემოთ კი შემდეგი ეწერა: “украина або смерт” (უკრაინა ან სიკვდილი).

 “შეიძლება ეს ვიჩუქო?” - ვკითხე კარვის უფროსს.

“თქვენ რად გინდათ ხელკეტი?” - გაკვირვებულმა მკითხა ასე წამოც წელს გადაცილებულმა კაცმა.

“მინდა საქართველოში ჩემს ეკლესიაში ვაჩვენო ხალხს ეს ხელკეტი. გპირდებით, ვილოცებთ იმისათვის, რომ ასეთი იარაღის გამოყენება აღარასდროს დასჭირდეს თქვენ ხალხს!”

კაცს ცრემლი მოერია თვალზე. მერე მითხრა:

“თქვენი იყოს ეს ხელკეტი”.

ხალხს გამოვემშვიდობეთ კარავში, დავლოცეთ და მონასტრისკენ გამოვემართეთ. ფეხები უკან მრჩებოდა. არ მინდოდა იმ ხალხთან განშორება, რომელსაც თავისუფლება უყვარს და მზად არის ყველაფერი გაიღოს იმისათვის, რომ უკრაინელმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ დააღწიო თავი “სარუმანისა” და “საურონის” კლანჭებს. ასეთი ადამიანების გვერდით სიცოცხლეც ლამაზია და სიკვდილიც.

საღამოს მეუფე ილარიონმა მომაკითხა მონასტერში. ასე, ალბათ, არასდროს გახარებია ჩემი  დანახვა.  

“ხომ მშვიდობით მოიარეთ მაიდანი?” - სერიოზული ხმით მკითხა მეუფემ.

“მშვიდობით მეუფე, მშვიდობით!” - მივუგე დამამშვიდებელი ტონით.

“გავიგე გრუშევსკის ქუჩაზე ყოფილხართ! მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია მშვიდობით დაბრუნდით”, - მითხრა მეუფემ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

“იცით, მე ძალიან მიხარია, რომ გადადექით მთავარეპისკოპოსობიდან”.

“რატომ მეუფე?” - გაკვირვებულმა ვკითხე.

“რატომ და იმიტომ, რომ თუ შენებს არ უნდიხართ, ჩვენ გვინდიხარ ეპისკოპოსად. გადმოდით ჩვენთან. დასავლეთ ევროპაში ჩაგაბარებთ ეპარქიას...როგორი აზრია?! ჩვენ ძალიან კარგი ეკლესია ვართ. ფუნდამენტალისტები არა ვართ...”

არ ვიცოდი მეუფე ხუმრობდა თუ სერიოზულად მელაპარაკებოდა. ამიტომ მე ხუმრობაში გავუტარე ჩემი პასუხი:

“ძალიან თავაზიანი წინადადებაა, რაზეც არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ-მეთქი”.

მეორე დღეს მეუფე ილარიონმა დილით ერთ ძალიან აქტიურ სამრევლოში წამიყვანა სტუმრად. ამ სამრევლოს წინამძღოლი მამა ვალერი საოცრად განათლებული და კულტურული ადამიანია. ჯარში ზემდეგად არის ნამუშევარი 12 წელი და მთელი სამრევლო საქმე საათივით აქვს აწყობილი. აქვს კარგი სამრევლო სკოლა, იკონოგრაფიული სტუდია, სამღვედელო შესამოსლის სამკერვალო. ეს ყველაფერი ეკლესიის ტერიტორიაზე, რომელიც პატარა სამონასტრო კომპლექსივით გამოიყურება.

მამა ვალერი საქართველოში ნამყოფია. ცოტა ქართულიც იცის და, რაც მოულოდენელი იყო ჩემთვის, მშვენივრად წერს ქართულად.

სამკერვალოს რომ ვათვალიერებდით, მეუფე ილარიონმა გადაუჩურჩულა მამა ვალერის, მოდი მეუფე მალხაზს საეპისკოპო შესამოსელი შევუკეროთო. ვიდრე აზრზე მოვიდოდი, მკერავებმა ზეზეულად ამიღეს ზომები და დავთარში ჩაინიშნეს.

“თქვენს ინტრონიზაციამდე მზად იქნება”, - ეშმაკურად ჩაიცინა მამა ვალერიმ. აღმოჩნდა რომ მეუფე ილარიონს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, შეიძლება მეუფე მალხაზი უკრაინის ეკლესიაში გადმოვიდესო.

უკრაინის ეკლესიაში გადასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მთელი გულითა და სულით ვუჭერ მხარს ამ ხალხსა და მის ეკლესიებს თავისუფლბისათვის ბრძოლის საქმეში.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^