Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემოკრატიად შენიღბული პლუტოკრატია

25 თებერვალი 2014

თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია ალაპარაკდნენ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისზე. მკვლევართა ნაწილი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასავლური სახელმწიფო სისტემებიც კი ვერ ახერხებენ საზოგადოების რეალური ინტერესების გამოხატვასა და მოქალაქეთა ნების თანმიმდევრულად განხორციელებას. მოაზროვნეთა მრავალრიცხვოვანი ჯგუფი საყოველთაო კენჭისყრების უშინაარსობასა და მათ არაეფექტურ მიმდინარეობაზეც მიანიშნებს. ცნობილი ნორვეგიელი პოლიტოლოგი, სტეინ როკანი თავის კლასიკურ ნაშრომში „მოქალაქეები, არჩევნები, პარტიები“ იმასაც კი აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში პოლიტიკური გადაწყვეტილებები მხოლოდ ეკონომიკური რესურსების მფლობელთა სურვილიდან გამომდინარეობს.

რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისის მთავარი მიზეზი?

დასმულ კითხვაზე უამრავი ურთიერთგანსხვავებული პასუხის გამოძებნაა შესაძლებელი. მოდით, ჩვენ ყურადღება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე გავამახვილოთ:

1.უწინარეს ყოვლისა, დემოკრატიის დისფუნქციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი მინიმალური სახელმწიფო შეიძლება გახდეს, რომელიც თავის ფაქტობრივად ერთადერთ ამოცანად ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს და გამოირჩევა იმით, რომ თავს არიდებს სოციალურ პასუხისმგებლობებს. ამგვარი წყობის დროს, ხალხის მიერ არჩეულ სტრუქტურებს ძალიან უჭირთ ბიუროკრატიულ წრეებზე უმცირესი გავლენის შენარჩუნება. პოლიტიკოსებიც და ტექნოკრატებიც ეკონომიკური ელიტის ქვეშევრდომები ხდებიან. მაშასადამე, ქვეყანაში ძალაუფლების წყარო ადამიანის ნაცვლად ქონება, საკუთრება და ფული ხდება.

2.დემოკრატიის შედეგიანი მუშაობის შეფერხება კერძო სექტორის განდიდების, ფეტიშიზაციის ტენდენციასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგში, ყველა სფეროში პერსონალურ პრივილეგიათა სისტემის განვითარებასაც შეუძლია. პარალელური კერძო, მონოპოლისტური სტრუქტურების შექმნა, რომელთაც თითქმის შეუცვლელი ფუნქცია ენიჭებათ, ამუხრუჭებენ ეკონომიკური პლურალიზმის ჩამოყალიბების პროცესს. მაშასადამე, საზოგადოებაში მყარად მკვიდრდება მხოლოდ მსხვილი მეწარმეობა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესი სულს ღაფავს. მოედანზე მარტო დარჩენილ რამდენიმე მოთამაშეს აღარ უჭირს პოლიტიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება და ხალხის პოზიციებით მანიპულირება.

3.დემოკრატიის კრიზისს ხელს ყველაზე მეტად მაინც რიგით მოქალაქეთა აპათია, ერთმანეთის, პოლიტიკური კლასისა და ინსტიტუტების მიმართ გამოვლენილი უნდობლობა, სოციალურ პროცესებში მონაწილეობის დაბალი დონე და საზოგადოებრივი გულგრილობის მაღალი მაჩვენებლები უწყობს.

სპეციფიკური სამეცნიერო ტერმინებითა და გზააბნეული მსჯელობით თავი რომ არ მოგაბეზროთ, თქვენს მზერას ყველასათვის კარგად ნაცნობ რამდენიმე დეტალს მივაპყრობ.

ალბათ, ყველას გსმენიათ საქართველოს გიგანტური ბანკების შესახებ, რომლებიც ერთი შეხედვით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციების შთაბეჭდილებას ტოვებენ. სინამდვილეში კი, ისინი ქვეყნის შიგნით დაფუძნებულ პარალელურ სახელმწიფოს უფრო მოგვაგონებენ. აღნიშნული დაწესებულებები  უდიდეს, თითქმის უალტერნატივო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ფლობენ ათობით სამედიცინო დაწესებულებას. გარდა ამისა, ბანკები აკონტროლებენ უმსხვილეს ჯგუფებს საინვესტიციო, კონსალტინგური, საბროკერო, რეკლამის, ტურიზმის, პრესის გავრცელების, მარკეტინგული კვლევების სფეროებში. ეკონომიკურ მონსტრთა საკუთრებას წარმოადგენენ კომპანიები, რომლებიც მშენებლობის, არქიტექტურის, ვაჭრობის, მეღვინეობის, კონიაკისა თუ ხის კასრების წარმოების დარგებში ლიდერობენ. ერთ-ერთმა მსგავსმა ფინანსურმა იმპერიამ სტუდენტთა სამგზავრო ბარათების დამზადების ექსკლუზიური უფლება არ იკმარა და ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებაც გვამცნო.

ვიღაც მეტყვის, რომ პირადი და ირგვლივმყოფთა ხელმოკლეობის გამო წარმატებულ ბიზნესს ვუპირისპირდები. ზოგიერთმა ზედაპირული აზროვნება ან ბოლშევიკობა შეიძლება დამაბრალოს. თუმცა საბანკო გაერთიანებების საზოგადოების ყველა ორგანოზე მეტასტაზებივით გავრცელება ჩემს უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას მაინც იწვევს. რიგ კომპანიათა პროფესიონალური საქმიანობა და წარმატება ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უბედურება ის გახლავთ, რომ ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა გზა მხოლოდ ამ რამდენიმე უმსხვილეს ცენტრთან მიდის. აღნიშნული პირამიდის მუშაობის შედეგად, კაბალური ხელშეკრულებების, წარმოუდგენლად უსამართლო საპროცენტო განაკვეთისა თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით  ხდება დაქირავებული ადამიანების, საშუალო და მცირე ბიზნესის (მაგალითად მენაშენეების, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში საუბედუროდ პანტა-პუნტით იხოცავენ ხოლმე თავს) შევიწროვება და მუდმივი ჩაგვრა. ბუნებრივია, დეპრესიულ და დამთრგუნველ გარემოში, თითქმის აბსოლუტური, დაურეგულირებელი ეკონომიკური ძალაუფლების პირობებში უმსხვილეს კაპიტალისტებს აღარ უჭირთ სოლიდარობის ნებისმიერი მცდელობის პარალიზება და უნიჭო, გროშებზე დახარბებული პოლიტიკოსების გადაბირება (ჭკვიანი მოღვაწეები პოლიტიკური და ფინანსური სტრუქტურების მეთაურები ერთდროულად შეიძლება გახდნენ).

ჩვენს ყველაზე დიდ გასაჭირს ერთი ინგლისელი ისტორიკოსის სიტყვებით მოგახსენებთ: “დემოკრატიის ეს ხარვეზები იმდენად ორგანულია ჩვენთვის, რომ გვიჭირს  მათი, როგორც უარყოფითი მოვლენების შეფასება და, მით უმეტეს, ვითარების გამოსწორების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.“

დასასასრულს, მოკრძალებულად ერთადერთ რჩევას შემოგთავაზებთ. მეგობრებო, ნუ შეიქმნით ილუზიას თავისუფალი, სამართლიანი სამყაროსა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შესახებ. ხალხისთვის გადმოცემული რამდენიმე დემოკრატიული ბერკეტი მხოლოდ რეალობის შენიღბვის უსუსური მცდელობაა. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესს ზრდილობიანად ერთადერთი სიტყვა შეიძლება ეწოდოს - პლუტოკრატია, მდიდართა მმართველობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^