თავისუფლად იაზრო იგივეა რაც იყო თავისუფალი.
თავისუფლლება თავისუფალი აზრის ხდომილებაა.
თუ შეძლებ საკუთარი ფიქრი იფიქრო და იაზრო საკუთარი აზრი, იაზროვნო შენ და მხოლოდ შენ, იგივეა რაც იყო თავისუფალი.
ფილოსოფია დაიწყო პოსტულატ-აქსიომით, რომ ყოფიერება და აზროვნება იგივეობრივია, ისინი თანხვდებიან.
ფილოსოფოსი/თეოლოგი ამას ამგვარად ამბობდა, ღვთისმეტყველება/ფილოსოფია საქმეში განხორციელების გარეშე სატანურია. ანუ, თუ ღმერთი არის თავისუფლება და ღმერთშია თავისუფლება, მაშინ სატანა არის მონობა. თუ თავისუფალია, ანუ ღმერთისაა შენი აზრი, მაშინ შენ უთუოდ თავისუფალი ხარ, ანუ არ ხარ ეშმაკის.
აქედანვეა ფრაზა, “ორთოდოქსია/მართლმადიდებლობა უდრის ორთოპრაქსიას”. ანუ, თუ მართლად და სწორად ჭვრეტ/აზრობ, მაშინ აუცილებლად მართლად/სწორად მოქმედებ.
მერაბ მამარდაშვილი ერთგან შემდეგ ვითარებას წარმოსახავს: ორი ძმა სასიკვდილოდ ებრძვის ერთმანეთს. ისინი განწირულნი არიან ერთმანეთის მტრობით. მათ არ იციან, რომ ძმები არიან და ვერც შეაგნებინებ, რომ არიან. გამოუვალი მდგომარეობაა. და მაინც, ამ ტრაგიკულ ვითარებაში შენ ხედავ სხვა აზრს, რომ ისინი საფუძველში მტრები კი არა ძმები არიან. ხოლო ეს აზრი, ეს ცოდნა და გაგება სიხარულის რამ ნოტაა. “რაც არ უნდა მოხდეს - ამბობს მამარდაშვილი - როგორ ტკივილსაც არ უნდა აყენებდნენ ერთმანეთს, საითკენაც არ უნდა დაქანდეს ქვეყნიერება, ამ ორი ადამიანის ნამდვილი კავშირის ცოდნა, ანუ მათი ძმობა, არის სწორედ ის, რაც დაინახე და მას ეწოდება აზრი და, ასევე, ჭეშმარიტება. ეს უკვე მოხდა, მომხდარია შეუქცევადად, და სწორედ ამ შეუქცევადად აღსრულებულ აზრთანაა ( შენი ცნობიერების შემეცნებასთანაა) დაკავშირებული სიხარული. ესე იგი, სიხარული არის გრძნობა იმისა, რომ აზრი შეუქცევადადაა აღსრულებული”.
შენი არსებობის და არსებობით სიხარული უკავშირდება იმას, რაც იაზრე, რაც შენით დაინახე დამოუკიდებლად მიმდინარე ვითარებისა, მიუხედავად იმისა თუ “საითკენაა დაქანებული სამყარო“ და ქვეყნიერება მასში ამ წუთას. შენ აზროვნებ, შენ იაზრე, შენ მოიხელთე შენი არსებობა როგორც სიხარული საკუთარი თავისუფლების.
ლევან ბერძენიშვილი მამარდაშვილს აფასებს, როგორც მავანს, რომელიც აზროვნებს საკაცობრიო დონეზე (ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ ამ შეფასებას და, შეიძლება, არა). ის (მამარდაშვილის აზრი/აზროვნება, ანუ „მოვლენა მამარდაშვილი“) არის ქართველი ერის წვლილი ცივილიზაციაში. ამგვარადვე ხედავს ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას. იგი ამბობს, რომ „ალუდა ქეთელაურში“ ვაჟამ მიაღწია მწვერვალს, ანუ კაცობრიობა აიყვანა ახალ კორიფზე. ეს კორიფეა გაგება იმისა, რომ მტრობა არ არსებობს მიუხედავად იმისა „საითკენაც არ უნდა დაქანდეს ქვეყნიერება“. თავად სახარებაში, ამბობს ბერძენიშვილი, მტრობა მაინც ხაზგასმულია. იქ „გიყვარდეს მტერი შენი“-ა, იქ „ლოყა მიუშვირეა“-ა, მაგრამ აქ, ვაჟასთან, საერთოდ დაძლეულია არსებობა მტრისა როგორც ასეთის (ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ ამ შეფასებას და, შეიძლება, არა).
ყველანი ერთნი ვართ, ყველანი ძმები ვართ და ამის გაგება, ამის გააზრება ახალი მწვერვალი და ახალი ვარსკვლავია კაცობრიობის ხვედრისა და მისწრაფების ცისკაბადონზე - ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამიტომაა, ვთქვათ, ნორვეგიის ციხეებში კი არ სჯიან, არამედ დანარჩენი საზოგადოებისაგან განზღუდავენ და ადამიანური არსებობის პირობებს უნარჩუნებენ, რადგან ის თანა-ადამიანია და საფუძველში ყველა ერთნი ვართ. სურვილი იმისა, რომ დაისაჯოს, იტანჯოს უკვე ნიშნავს ვერგაგებას იმისა რანიც ვართ, „ვისი გორისანი ვართ“.
იაზრო ის, რომ „არ არსებობს მტრობა“ აზრისა და არსებობის ის სიხარულია, რომელიც ვერ წაგერთმევა, რომელიც შენია და რომელიც მარადიულია, როგორც შენი და საყოველთაო არსებობის, ყოვლიერების განხორციელება შენში და შენ-ად.
ქართველი მართლმადიდებლები კი იწყევლებიან. მეოცე საუკუნეში შეეცადნენ ემტკიცებინათ, რომ ეკლესია არ იცნობს წყევლას, რომ ანათემა სხვაა და წყევლა სხვა. სხვაგან მე უკვე მოვიყვანე ერთი მართლმადიდებლური ჰიმნი, სადაც ეკლესია ლოცულობს ჰაგარიანელების (ისლამის მიმდევრების) მარადიულ ჯოჯოხეთში ტანჯვისათვის, რადგან ისინი არ ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელ იმპერატორს. მესამე საუკუნის მოაზროვნე ორიგენე და ორიგენიზმი, როგორც ასეთი, მარადიული ჯოჯოხეთით დაწყევლეს მეხუთე წმინდა საეკლესიო კრებაზე იმიტომ, რომ ორიგენე დაუშვებდა შესაძლებლობას ყოველგვარი ტანჯვის განქარვების შესახებ („Λόγοι Βελίαρ οἱ λόγοι Ὠριγένους -- ბელიარის სიტყვებია ორიგენეს სიტყვები“ ამბობს საღვთისმსახურო წიგნი). მეოცე საუკუნეში ამტკიცეს, რომ მეხუთე კრების ეს დადგენილება გაუგებრობაა და, რომ ეს ახირება იყო ერთ-ერთი იმპერატორის. იგივე კრებამ დაადგინა, რომ აუცილებლად არსებობს მარადიული ჯოჯოხეთი, სადაც, შესაბამისად დაიტანჯებიან ღმერთისა და მართალი სარწმუნოების მტრები. დღემდე იკითხება საღვთისმსახურო წიგნებში ორიგენეს და სხვა მწვალებლების მარადიული ჯოჯოხეთის წყევლები ( „ὕλην πυρὸς τοῦ αἰωνίου, ἑαυτῷ θησαυρίζων· -- მარადიული ცეცხლის ნივთ/მატერიას დაიუნჯებენ“-ო )...
ამ ცოტა ხნის წინ ქართველმა არქიმანდრიტმა ბართლმემ დაწყევლა ნაციონალური მოძრაობის თუ ყველა წევრი არა, ლიდერები მაინც. საპატრიარქომ მას არ მოუწონა საქციელი განაცხადა რა, რომ წყევლა არაა მღვდლის საქმე და ის მხოლოდ უფრო მაღალთ ხელეწიფება. არ თქვეს, რომ წყევლა არაა ეკლესიის საქმე, არამედ ის, რომ წყევლა ეპისკოპოსებისა და მათი შეკრებების პრეროგატივაა.
წყევლა ეკლესიის იარაღია, რითიც აშინებს თავისიანებსვე, თორემ მათ, ვისაც არჩევანი გაკეთებული აქვთ თავისუფალი აზროვნების, მამარდაშვილისეულისა და ვაჟასეული თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ, ეკლესიის წყევლა არაფერია. თუ ვინმეს ადარდებს ეკლესიის წყევლა-კრულვა ეკლესიასავე დაქვემდებურებულებს და სხვას ვერავის.
რუსულ-ოქროსურდოული და ბიზანტიურ-ოსმანურიმპერიული ქრისტიანობის გარდა ალბათ აქვს საქართველოს არჩევანი თავად ქრისტიანობისვე წიაღსა და არეში. სახარებამ პრინციპი მტრის სიყვარულისა საფუძვლად დადო. ჩვენმა, ქართულმა აზრმა კი დაბადა მტრისგან თავისუფალი არე არსებობის (ლევან ბერძენიშვილის ჩვენეული პერიფრაზით). ერთ მხარეს არის რუსულ-ოქროსურდოული და ბიზანტიურ-ოსმანური საკუთარის ლოცვა-კურთხევები და მტრის წყევლა-კრულვები, ხოლო მეორე მხარეს - ჩვენი, ქართველების როგორც ევროპელების ნააზრი „მტრობის არ არსებობის“ შესახებ...
‘Ἅπας ἀπέστω δυσσεβής, ὁ τὴν εἰκόνα μὴ σέβων, τὴν σεπτὴν τῆς Θεοτόκου καὶ ταύτην, μὴ κηρύττων τὸν Χριστόν, θεανδρικῶς κυήσασαν, καὶ τῷ πυρὶ πεμπέσθω, κατακαιόμενος ἄπαυστα. // დაე, განშორდეს არაკეთილმსახური, ვინც ღვთისმსობლის ხატს არ ემსახურება და მას (ღვთისმშობელს) არ ქადაგებს ღმერთკაცურ ქრისტეს მუცლადმტარებლად და, დაე, გაიგზავნოს იგი ცეცხლში, რათა მასში უწყვეტად და უსასრულოდ იწვებოდეს მთლიანად“ - „ცისკრის მე-3 სძლისპირის ღვთისმშობლისა“, „11 ოქტომბრის შემდგომი კვირადღე, მეშვიდე მსოფლიო წმინდა კრების საკითხავი“, სადღესასწაულო თვენი.