რუსული იმპერიალიზმი არახალი მოვლენაა. უკვე რამდენიმე საუკუნეა რაც ამ ქვეყანაში ველიკოდერჟავული იდეები წამყვან პოზიციებზეა. თუმცა, რუსული იმპერიალიზმი სხვა იმპერიებთან ბრძოლაში აღმოცენდა: პირველ რიგში მონღოლების წინაღმდეგ, შემდგომში კი თურქეთის, შვედეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების შეტევებზე რუსეთი საკუთარი პოზიციების გამაგრებით პასუხობდა.
რუსული იმპერიალიზმი თავისთავად ძალიან საინტერესო მოვლენაა. ბრიტანული და ანგლო-საქსონური იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, მას ნაკლებად ახასიათებს Soft Power-ზე და კომერციაზე დამყარებული ჰეგემონია - ის ძირითადად უფრო უხეშ სამხედრო ძალას ეყრდნობა და ომში გამარჯვებებს ძირითადად უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ხარჯზე აღწევს. თუკი ამერიკისა და ნატოს ჯარებს ერაყში ორივე ომის მიმდინარეობისას საკუთარ რიგებში სულ რაღაც ათეული მსხვერპლი ჰყავდათ (იგულისხმება ოპერაციების პირველი ნაწილები, როდესაც ოკუპაცია ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული) რუსეთმა თავისივე ტერიტორიაზე, ჩეჩნეთის ომში ბევრად მეტი სამხედრო დაკარგა.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ რუსეთი ომებს სრულფასოვნად ვერ იგებს, თუმცა ბოლო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში იგი თითქმის ყველა კონფლიქტში გამარჯვებული გამოდის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რუსულ ველიკოდერჟავულ იმპერიალიზმს ყველანაირი იდეოლოგიური საფუძველი გამოეცალა და ის უფრო ტანკებით შეიარაღებულ ფანტომს თუ ჰგავს. რუსეთს, არათუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში აქვს პრობლემა, არამედ საკუთარ ტერიტორიაზეც კი. ჩეჩნეთის შემდეგ მას დაღესტანი აუფეთქდა და რიგში კიდევ ბევრი ავტონომიური ოლქი თუ რესპუბლიკაა. შორეულ აღმოსავლეთში კი კატასტროფული სისწრაფით ძლიერდება ჩინური დემოგრაფიული ექსპანსია - ძალას იკრებს ინდოეთიც. ასე რომ, რუსეთის იმპერიას დასავლეთის გარდა კიდევ უდიდეს აღმოსავლურ საფრთხეებთანაც უწევს დაპირისპირება.
მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში იმპერიალიზმი, როგორც წამყვანი კონცეფცია, ჩაანაცვლა პოსტ-მოდერნულმა ნაციონალიზმმა. „ყველა ერის თვითგამორკვევის უფლება“ - ეს მართლაც ისეთი პრინციპია, რომელსაც ძნელია შეეკამათო. პოსტ-მოდერნული ნაციონალიზმის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანთვისება კი იდენტობაა. ჯერ კიდევ 80-იან წლებში წერდა ჯონ ბარტონი იდენტობის ნაციონალიზმის აყვავების შესახებ - „ადამიანი მზადაა რომ საკუთარი იდენტობის გულისათვის თავი გაწიროს, მიუხედავად იმისა რომ ეს ფიზიკური და ბიოლოგიური მოთხოვნილება არ არის“. ეს გარკვეულწილად მართალი აღმოჩნდა. დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მეორე ტალღა - ბრიტანეთის იმპერიის დეკოლონიზაციის შემდგომ რუსული იმპერიის დეკოლონიზაციის დროც დადგა. 1988 წლიდან ამ ბრძოლაში მონაწილეობას ჩვენც ვიღებდით და რუსული იმპერიის დაშლაში საქართველომ განსაკუთრებული როლი ითამაშა.
ისევე როგორც ბრიტანეთის იმპერიის დაშლა განაპირობა განდის ლიდერობით გამართულმა ანტი-იმპერიალისტურმა და არაძალადობრივმა ბრძოლამ, ასევე საბჭოთა იმპერია დაიშალა ქართული და სხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მშვიდობიანი ბრძოლით. მერაბ კოსტავას ამ დიდმა იდეალმა წელში გატეხა საბჭოთა იმპერია - როდესაც 1989 წლის 9 აპრილის დემონსტარციაზე რუსულ ტანკებს ქართველი უსინათლო მუსიკოსები სიმღერით შეეგებნენ, საბჭოთა იმპერიის ბედიც ზუსტად მაგ დროს გადაწყდა. 1989 წლის მოვლენებმა საქართველოში და მთელს აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ჭეშმარიტება პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომ დღეს ბრძოლის არაძალადობრივი ხერხები ბევრად უფრო პრაგმატულია, ვიდრე შეიარაღებული ნაციონალიზმი. სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ იარაღის ხელში აღებამ და 1990-იან წლებში სამაჩაბლოში და აფხაზეთში გამართულმა სამხედრო ავანტიურებმა ტრაგიკული შედეგები მოიტანეს. ცხადია, რუსულ იმპერიალიზმზე აპელირება მუდმივად შეიძლება - მაგრამ საკუთარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აღებაში ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს.
ასე მთლიანად მცდარი იყო სააკაშვილის ადმინისტრაციის ზედმეტად აგრესიული და ისტერიულამდე მისული ანტი-რუსული ნაციონალიზმი. იმპერიალიზმთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ისევ და ისევ ანტი-იმპერიალიზმია და არა უგუნურებამდე მისული გასამხედროებული ცხოვრების წესი. სწორედ ამ რიტორიკის გამო იყო, რომ სააკაშვილს 2008 წლის ნატოს სამიტზე უარი უთხრეს MAP-ზე და იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიას საკუთარი სახელი ვერ დაერქვა. სააკაშვილმა თავისი აგრესიული პოლიტიკით რუსულ იმპერიალიზმს გაფურჩქვნის საშუალება მისცა. მისი ყველაზე ახლო მეგობარი დასავლურ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ჯორჯ ბუში უმცროსიც კი შერცხვენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ფიცხი განცხადებებით.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები ამ მხრივ ბევრად უფრო გაწონასწორებულია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვინარჩუნებთ კარგ შანსებს რათა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი და MAP-იც კი მივიღოთ. დასავლეთისაკენ მოძრაობა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილის დროს თითქოს ტემპმა მოიმატა, მაგრამ ზედმეტი სიფიცხის გამო - რეალურად უკან წავედით. ახლა კი პრემიერ ღარიბაშვილის და პრეზიდენტ მარგველაშვილის გაწონასწორებული განცხადებების შემდეგ საქართველოს სწორედ ის ანტი-იმპერიალისტური პოზიცია უჭირავს, რომელიც საწყისშივე გამორიცხავს სიხისტესა და აგრესიას.
ეს არის ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებისაკენ. უკრაინის მოვლენებმაც ცხადად გვაჩვენეს, რომ სიდინჯეს საერთაშორისო ურთიერთობებში ბადალი არა ჰყავს. ეს ადვილი არ არის, რადგანაც როგორც რუსეთის იმპერია, ასევე ბევრი სხვადასხვა ელემენტი საქართველოს შიგნით მუდმივად ეცდება ცეცხლის გაღვივებას - ორი აზრი არ არის. მაგრამ, ჩვენი მთავრობის მიერ გონივრული და პრინციპულად მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება, ამ შემთხვევაში, ყველაზე ძლიერი იარაღია ნებისმიერი იმპერიალიზმის მოძალებაზე.
თანამედროვე კონტექსტში იმპერიალიზმზე პასუხი არ არის ნაციონალიზმში. ნაციონალიზმიც მოძველებული პარადიგმაა. რეგიონალიზმი არის დღევანდელი დღის მომდგარი იმპერატივა - სადაც სახელმწიფოები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საზღვრებს აუქმებენ. ევროკავშირი ამის საუკეთესო მაგალითია. საქართველომ კავკასიური რეგიონალიზმის მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა - ამაზე მეტყველებს მარგველაშვილის ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ამ მიმართულებით. მაგრამ, ამას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება - კავკასიური რეგიონალიზმის სტრატეგიის გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო გაადვილდება მაკრო-რეგიონალური ურთიერთობები ევროკავშირთან და სხვა მეზობლებთანაც.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც ასე კარგად აიღო სტარტი ამერიკაში წარმატებული ტურით და ევროპასთან დამყარებული მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობებით, არ გაიმეოროს სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომები და რეგიონალიზმის ხედვა იაფფასიან აგრესიულ ნაციონალიზმში არ გაცვალოს. ჩვენთვის ეს უეჭველად კატასტროფის მომტანი იქნება.