Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაეთიკური ნარკოპოლიტიკა

06 მარტი 2014

ნარკომანიის პრობლემაზე საუბრისას, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ არჩეული ნარკოპოლიტიკის ეფექტურობაზე ვკამათობთ ხოლმე, რის გამოც, ხშირად, საკითხის ეთიკური მხარე ყურადღების მიღმა გვრჩება. ის ფაქტი, რომ თბილისის სადარბაზოებსა და ქუჩებში დღეს ვეღარ ვხედავთ მოხმარებულ შპრიცებს, ბევრისთვის შესაძლოა ნაროკმანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობის ნიშანი იყოს. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, თუკი საკითხის სხვა კუთხიდან შევხედავდით და პოლიტიკის შეფასების მთავარ კრიტერიუმად მისი ეთიკურობას ავიღებდით.

ნარკომანიასთან ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ მთავარი არა კანონმდებლობის ლიბერალურობა ან სიმკაცრე, არამედ თავად მომხმარებლისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა. მაგალითად, შვედეთში, მკაცრი კანონმდებლობის პარალელურად, უდიდესი ყურადღება ექცევა სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამებს. პორტუგალიაში კი ყველა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობის მოხმარების, შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია მოხდა, მაგრამ შვედეთის მსგავსად, აქაც დიდი თანხები ჩაიდო სამედიცინო და სოციალურ პროექტებში, რათა ამაღლებულიყო საზოგადოების ცნობიერება, შემცირებულიყო ვირუსული ინფექციების გავრცელება და პრობლემურ მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში.

ამის საპირისპიროდ, საინტერესოა ნარკომანიასთან ბრძოლის რა მეთოდებს იყენებს ქართული სახელმწიფო? რამდენად მნიშვნელოვანია წამალდამოკიდებულთა ინტერესები, მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება? რამდენად ეთიკურია ის წესები, რომელიც სისტემამ დაამკვიდრა და რომელიც კონკრეტულ ადამიანებთან და სოციალურ ჯგუფთან ბრძოლაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან კომპლექსურ დაპირისპირებაზე?

2006-2007 წლებში და შემდგომ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა პირის ხანგრძლივ იზოლაციასა და მოზრდილ ჯარიმებზე დაფუძნებული ნარკომანიასთან ბრძოლის სისტემა. მაღალი ჯარიმების პარალელურად კი უმნიშვნელოა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის გადადგმული ნაბიჯები. სისტემა ირჩევს წამალდამოკიდებული პირი ჩამოაშოროს საზოგადოებას და ამყოფოს იზოლაციაში, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს ანტისოციალური ქცევის პრევენციაზე, პირის რეაბილიტაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებაზე. სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან ერთად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, მინიმუმ, 3 წლის ვადით ერთმევათ რიგი უფლებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ეს კიდევ უფრო ართულებს მათ რესოციალიზაციას და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას, რაც ხშირად დანაშაულის განმეორებით ჩადენის მიზეზი ხდება.

პირისათვის დაკისრებული სანქცია სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასთან ერთად, უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის რესოციალიზაციას. არსებულ პირობებში კი სასჯელის სამივე მიზნის თანაბრად განხორციელება წარმოუდგენლელია, რადგან ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულები სტიგმატიზირებულნი არიან საზოგადოების მიერ, სახელმწიფო კი არათუ ცდილობს არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემსუბუქებას, არამედ პირიქით, გაუმართლებლად მკაცრი კანონმდებლობითა და პრაქტიკით ახდენს ნარკომომხმარელბელთა მარგინალიზებას და ხელს უწყობს მათ  წარმოდგენას ადამიანებად, რომლებზეც არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა იზრუნოს, რადგან ისინი არ არიან სოციუმის სრულფასოვანი წევრები.

ნარკომანიის პრობლემისადმი არაეთიკური დამოკიდებულების ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა ე.წ. ხუთი დეკემბრის ბრძანება, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფოს პრიორიტეტს ნარკომომხმარებლის სიცოცხლესა და არსებული პოლიციური რეჟიმის შენარჩუნებას შორის. ბრძანების თანახმად, თუკი ნარკოტიკით ზედოზირების დროს ადამიანის დასახმარებლად გარეშე პირი მიმართავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს. ამას კი  ზედოზირებაში მყოფის მიმართ ადმინისტრაციული, ან სისხლისსამართლებრივი დევნა მოჰყვება. მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით, ასეთ დროს წამალდამოკიდებული პირის მეგობრები/ახლობლები მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც თავისთავად ზრდის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. 5 დეკემბრის ბრძანება ნათლად აჩვენებს რა არჩევანის წინაშე აყენებს პირს სისტემა და ააშკარევს იმ ღირებულებით არჩევანს, რომელიც სახელმწიფომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გააკეთა.

სახელმწიფოს მიერ არჩეული რეპრესიული პოლიტიკის შედეგად წამალდამოკიდებულების პრობლემამ განათებული ქუჩებიდან და სადარბაზოებიდან შედარებით ბნელ კუთხეებში გადაინაცვლა. ამ ბრძოლაში სახელმწიფომ მხოლოდ ის მოახერხა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის თვალს განარიდა ამავე საზოგადოების წევრები, ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის გააქრო მეორე. სინამდვილეში, სახელმწიფომ უბრალოდ ნაკლებად შესამჩნევი გახადა ეს პრობლემა, იმ პირობებში, როცა არსებითად არ შეცვლილა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მოთხოვნა, არ შემცირებულა პრობლემურ მომხმარებელთა რიცხვი და რაც მთავარია, წამალდამოკიდებულებისგან განკურნება დღესაც ისეთივე რთულია, როგორც ხუთი ან ათი წლის წინ იყო.

დაბოლოს, პოლიტიკა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად იყენებს დასჯას, ნარკომომხმარებლის სტიგმატიზირებას და იზოლირებას, უარს ამბობს ეთიკურ ქცევის წესებსა და ნარკომომხმარებელთა პატივისა და ღირსების დაცვაზე, მარცხდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ზედოზირებით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, როცა საზოგადოება იწყებს გაცნობიერებას, რომ წამალდამოკიდებული პირები არ გამქრალან, ისინი უბრალოდ სისტემამ მასების თვალს განარიდა.

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^