Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოფობია საქართველოში: ირაციონალური რაციოს წინააღმდეგ

07 მარტი 2014

რამდენიმე ხნის წინ სატელევიზიო თოქ-შოუში მომიწია მონაწილეობა. ნარკოტიკების საკითხზე მიდიოდა მსჯელობა. ზეემოციური ატმოსფერო იყო: ერთმანეთის დადანაშაულებისა და, ნარკოტიკების თაობაზე საკუთარი ვარაუდების უხვად გამოთქმის. ვარაუდებზე დაფუძნებული მსჯელობა ნარკოტიკებზე ერთგვარი ტრადიციაა ჩვენს საზოგადოებაში, ყველა დონეზე. ეს ნარკვევი, გარკვეული მტკიცებულებების მოყვანით, იმის გაანალიზების მცდელობაა, თუ რას ეყრდნობა მოარული ვარაუდები და მათთან დაკავშირებული ემოციები.

ნარკოტიკები და მორალური პანიკა

სტატისტიკა მეტყველებს, რომ საზოგადოებისათვის ლეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების (ალკოჰოლის, თამბაქოს) მოხმარებით გამოწვეული ზარალი მნიშვნელოვნად აღემატება არალეგალური ნარკოტიკებით გამოწვეულ ზარალს. ამავე დროს, ლეგალური საშუალებების თემა საზოგადოებაში პანიკას არ იწვევს (ძალიანაც კარგი, ასეც უნდა იყოს - პანიკა და შიში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ცუდი თანამგზავრია). ამის საპირისპიროდ, არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებზე საზოგადოებისა თუ გადაწყვეტიებების მიმღები პირების ყველაზე გავრცელებული რეაქცია სწორედ ფობია და პანიკა, უფრო ხშირად - მორალური პანიკაა (გავიხსენოთ პატრიარქის მიერ რამდენიმე წლის წინ შემოთავაზებული თეზა - „ნარკომანია - სირცხვილია!“).

მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო ყოველდღიურად მხოლოდ ამერიკაში 28 ადამიანი იღუპება, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარება აშშ-ს ყოველწლიურად საშუალოდ 132 მილიონი დოლარი  უჯდება. როგორც ლეგალური ასევე არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების გამო აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 40.000-ზე მეტი ადამიანი კვდება, აქედან - არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალებების გამო ამ რაოდენობის დაახლოებით ერთი მესამედი, ხოლო ლეგალურის გამო - ორი მესამედი (National Highway Traffic Safety Administration FARS data, 2013). საქართველოში ამ საკითხზე სრულყოფილი  სტატისტიკა და შეაბამისი ანალიზი ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების 6-7% სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტარების გამო ხდება და, მაგალითად, 2010 წელს ქვეყანაში ამ მიზეზით 278 ადამიანი დაიღუპა, 314 კი დაშავდა (http://www.safedrive.ge/avariebi-2011.23.04.pptx, 2011). ამავე წელს ნარკოტიკების ზედოზირების მიზეზით საქართველოში გარდაცვლილ პირთა სტატისტიკა არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ 2009 წელს ოფიციალური მონაცემებით რეგისტრირებულია19 გარდაცვლილი, ხოლო 2011წელს კი - 15 (რასაკვირველი, რეალური მონაცემები ბევრად აღემატება რეგისტრირებულს).

რამდენჯერ გაგვიგონია, რომ ნარკოტიკების მოხმარება - „ერის გენოციდია“... ამავე დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარებასა და სახმელეთო ავარიების როდენობაზე, მგონი რომ ჩვენი საზოგადოება სერიოზულად არც არასდროს დაფიქრებულა, არათუ განგაში აუტეხია. საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, ამგვარი სელექციური აღქმა  ტიპიურია მსოფლიოში. მაინც, საიდან იღებს ის სათავეს?...

ბოროტების დისკურსი, ანუ, ვისი ენით ვსაუბრობთ ნარკოტიკებზე?...

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატებში თამბაქოსა და ალკოჰოლის ინდუსტრია იკრებდა ძალას. ამავე დროს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შემოსულმა მიგრანტების ტალღებმა სხვა ჩვევებთან და ტრადიციებთან ერთად, განსხვავებული ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების ჩვევებიც შეიტანეს: ოპიუმისა - ჩინელებმა, კოკაინის - აფრიკელებმა, მარიხუანისა - ესპანური წარმოშობის მიგრანტებმა. ამ ნივთიერებების მოხმარება აღიქმებოდა მიგრანტების მიმართ მძაფრი ქსენოფობიური განწყობების ფონზე და „უცხოს“ ხატს დაედო ზედ. ამას ემატებოდა ალკოჰოლისა და თამბაქოს ინდუსტრიის მიერ აღქმული ფინანსური საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ახლად შემოსული ნივთიერების მოხმარება ჩაანაცვლებდა მათ მიერ გავრცელებად ფსიქოაქტიურ საშუალებებს. სწორედ ამგვარ ფონზე მოხდა ამ „უცხო“ ფსიქოაქტიური საშუალებების კრიმინალიზაცია (War on Drugs Costs. Transforming Drug Policy Foundation, 2012).

ნარკოტიკების რეგულირებაზე მიმართული გაეროს პირველი დოკუმენტი - 1961 წლის კონვენცია, ნარკოტიკების თემაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ნარატივია და დღესაც განსაზღვრავს ამ პრობლემის დისკურსს. გამომდინარე იქიდან, რომ ის სწორედ ზემოაღწერილი ქსენოფობიის ფონზე იქმნებოდა, კონვენციის ენა ერთმნიშვნელოვნად ფობიურია: დოკუმენტის თანახმად, ნარკოდამოკიდებულება წარმოადგენს „სერიოზულ ბოროტებას ინდივიდისთვის“ და ისეთ საფრთხეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა ვალდებულია რომ „ებრძოლოს“, რამდენადაც „ეს არის ბრძოლა კაცობრიობაზე მიმართული სოციალური და ეკონომიკური საშიშროების წინააღმდეგ“.  კონვენციის ენა და პათოსი სრულად შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ-რეპრესიულ, „მტრის ხატის“ მაძიებელ აზროვნებას და უკვე 1963 წელს - იქნა რატიფიცირებული სსრკ-ს მიერ.

1961 წლის კონვენცია დაედო საფუძვლად „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ მიდგომას, რომლის დეკლარირებაც 1971 წელს ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიკსონმა  მოახდინა და რომელიც  მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს, საბჭოთა კავშირის ჩათვლით. ომის გამოცხადებიდან 38 წლის შემდეგ, 2009 წელს, აშშ-ს ნარკოტიკების კონტროლის პოლიტიკის ეროვნულმა ოფისმა მსოფლიოს ამცნო, რომ ობამას ადმინისტრაცია აღარ გამოიყენებს „ომის“ ტერმინს (და შესაბამისად, მიდგომას) - რამდენადაც ის კონტრპროდუქტიულია.

ნარკოტიკებზე გლობალური კომისიის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, “ნარკოტიკების წინააღმდეგ გლობალური ომი მარცხით დასრულდა, და საშინელი შედეგები მოუტანა ინდივიდებსა და სხვადასხვა საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით....დაუყოვნებლივა საჭიროა გატარდეს ფუნდამენტური ცვლილებები ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიებში როგორც გლობალურად, ასევე ნაციონალურად“ (Global Commission on Durgs, 2011).  

ძალიან ხშირად, გზავნილი „მარცხი ნარკოტიკებთან გლობალურ ომში“ მცდარად არის გაგებული, როგორც უსუსურობის დეკლარირება ნარკოტიკების პრობლემის წინაშე. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. გზავნილი ხაზს უსვამს ომის პარადიგმის უკუგდების  და პრობლემის მართვის ისეთი სტრატეგიების დანერგვის აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე, სამეცნიერო მტკიცებულებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე.

ომის პარადიგმა საქართველოში

დიდი ლინგვისტისა და მოაზროვნის, ფერდინანდ სოსიურის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტები შეიძლება ჩავთვალოთ პასუხისმგებლად მათ მიერ განხორციელებად სამეტყველო აქტივობაზე, რეალურად ისინი საერთოდ ვერ აკონტროლებენ იმ ენას, რომლითაც ახორციელებენ ამ სამეტყველო აქტივობას . ნარკოტიკების მიმართ საზოგადოებრივი რეაქციები და დღევანდელი გლობალური თუ ლოკალური მიდგომები სოსიურის იდეების ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა:

მაინც, ვის ენას ვხმარობთ ნარკოტიკების პრობლემის გააზრებაში?.. რამდენად არის ეს „ჩვენი“ ენა, რამდენად ეყრდნობა ის ჩვენს საკუთარ გამოცდილებასა და მტკიცებულებას და არა ტოტალიტარულ ინერციას, ან ამერიკაში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მიგრანტების მიმართ ქსენოფობიის ფონზე შექმნილ „ბოროტების“ დისკურსს, რომელსაც უკრიტიკოდ ვიღებთ და ცხოვრებაში ვატარებთ?..

საქართველოში, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ნარკომანიის პრობლემის დაძლევაზე მომუშავე უწყებების ენა ომის პარადიგმას არეკლავს. ტრადიციულად, დარგში სახელმწიფო სტრატეგიებისა თუ ინსტიტუციების სახელწოდებებში ფიგურირებდა ფრაზა „ნარკომანიის წინაღმდეგ ბრძოლა“ . ეს ვითარება დღესაც არ შეცვლილა: მაგალითად, 2011 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ბრძანებით დაარსებულ ეროვნულ საკოორდინაციო მექანიზმს „ნარკომანიასთან  ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“ ჰქვია; არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას მედმუშაკები დღემდე  „ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას“ უწოდებენ და ა.შ.; ამგვარ აზროვნებას ემყარებოდა, მაგალითად, 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რამდენიმე ბანკის მიერ ორგანიზებული  პიარ-აქციაც „ქალაქში მკვლელი დადის“ (ნარკოტიკები იგულისხმებოდა), რომელმაც ფობიისა და პანიკის გარდა სხვა არაფერი შედეგი მოუტანა საზოგადოებას; და ამგვარი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

სწორედ ომის პარადიგმიდან მოდის  ნარკოტიკების საფრთხისა და ნარკომომხმარებლების დემონიზაცია, რასაც ადგილი აქვს ქართულ სინამდვილეში და რაც პრობლემის დასაძლევად ადამიანის უფლებებზე და სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრობლემის მართვის პოლიტიკების არა თუ გატარებას, არამედ გატარებაზე მსჯელობასაც კი უშლის ხელს.

„ნარკომანიასთან ბრძოლამ“ ჩვენს სინამდვილეში დაუბალანსებელი, მხოლოდ სამართალდამცავ ღონისძიებებზე დაფუძნებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უგულებელმყოფი სტრატეგიების გატარების მახინჯი ფორმა მიიღო და ფაქტობრივად, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებთან ბრძოლად გვექცა. ეს კი ნარკოტიკების მიზეზით სიკვდილიანობისა და აივ-შიდსისა და ჰეპატიტების ეპიდემიების გავრცელების მიზეზი ხდება, რაც საბოლოოდ ისევ საზოგადოებას უბრუნდება ბუმერანგივით.

რას ნიშნავს ის, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კრიმინალიზებულია

თუ პირი პირველად არის შემჩნეული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში - რაც გულისხმობს იმას, რომ რუტინული შარდის ანალიზის პასუხი დადებითია ნარკოტიკების შემცველობის თვალსაზრისით - იგი წარსდგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წინაშე და იხდის 500 ლარის ოდენობის ჯარიმას.

თუ იმავე პირს, ერთი წლის მანძილზე, მეორედ დააკავებენ და შარდის ანალიზის პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდება - ეს განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, - დასჯადი ერთ წლამდე პატიმრობითა და ჯარიმით, რომლის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული 2000 ლარით, ხოლო მაქსიმალური ოდენობა არ არის შემოფარგლული; უკანასკნელ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ამ თანხამ 4000 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, 1000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი გამოკვლეული ნარკოდამოკიდებული პირების მხოლოდ 3%-ს აღმოაჩნდა; სამაგიეროდ, 100 ლარზე ნაკლები - 24%-ს, 100-დან 300 ლარამდე - 38%-ს, ხოლო 300-დან 500-მდე - 20%-ს (ფონდი კურაციო, 2012). მაშ საიდან არის მოტანილი ჯარიმის არსებული მასშტაბები? ფაქტია, რომ ის მტკიცებულებებს არ ეყრდნობა.

როცა ნარკოტიკების მოხმარების დერკიმინალიზაციას ვითხოვთ, ფაქტობრივად ვითხოვთ იმას, რომ შარდის ანალიზის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების შემცველობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანი აღარ იქნეს გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით, და ის არ წავიდეს ციხეში.

შარდის ერთჯერადი ანალიზის პასუხის გამო მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ასამართლებენ  ადამიანს  სისხლის სამართლის კოდექსით, რამდენადაც არ ეფუძნება არათუ მტკიცებულებას, არამედ საღ აზრს. აქედან გამომდინარე, ქართული კანონმდებლობა საჭიროებს დაუყოვნებლივ უპირობო ცვლილებას ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის.

რას ვადარებთ, როდესაც ვამბობთ, რომ ნარკოკანონმდებლობა მკაცრია საქართველოში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ამა თუ იმ ნარკოდანაშაულის გამო სასჯელი რომ შევადაროთ სასჯელის ზომას ადამიანებით ვაჭრობის, გაუპატიურების ან, გნებავთ, ადამიანის განზრახ მკვლელობის გამო - დავინახავთ, რომ ნებისმიერი ნარკოდანაშაულის (ვთქვათ, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის) გამო პასუხისმგებლობის ზომა უფრო მაღალია.

ნარკოტიკული საშუალების შენახვა საქართველოში ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ანგარიშგაუწევლად იმისა, პირადი მოხმარებისთვისაა შენახული ნივთიერება თუ - არა. ანუ, პირადი მოხმარების მიზნით შენახვა კანონმდებლობაში არ არის გამიჯნული სხვა (ვთქვთ, გასაღების) მიზნით შენახვისგან, მაშინ, როცა გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბარი მიმდინარეობს, სულ ცოტა, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. მაგრამ მხოლოდ საუბარი. მიუხედავად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დღეისათვის უკვე 3 პაკეტისა (საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 2008 წელი; გლობალური ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული პაკეტი, 2008 წელი; იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პაკეტი, 2013 წელი), მათ განხილვამდე და რეალურ ცვლილებებამდე საქმე ვერა და ვერ მივიდა.

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე,  დიდი ოდენობის შენახვისთვის - 7-დან 14 წლმდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვისთვის - 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ადამიანებით ვაჭრობა ისჯება 7-და 12 წლამდე, გაუპატიურება - 4-დან 6 წლამდე, ხოლო განზრახ მკვლელობა - 7-დან 15 წლამდე. 2012 წლის ზაფხულამდე დიდ ოდენობად ითვლეობდა ჰეროინის ნებისმიერი დადგენადი (მაგალითად, ნახმარი შპრიცის კედლებზე შერჩენილი) ოდენობა.

ჯანდაცვის სისტემის ჩართულობა ნარკომოხმარებისთვის ადამიანების  სამართლებრივ დევნაში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის #239/ნ ბრძანების [სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ ] თანახმად, ექიმი, რომელსაც იძახებენ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვალდებულია შემთხვევა პოლიციას შეატყობინოს. ამას კი მოყვება რეაგირება ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო მიდგომის მთელი სიმკაცრით, არა მარტო იმ ადამიანის მიმართ, ვინც დოზა გადააჭარბა, არამედ მათ მიმართაც, ვისთანაც ერთად ის მოიხმარდა (საქრთველოში მოხმარება უფრო ხშირად ჯგუფურად ხდება), და ვინც ის განსაცდელში არ მიატოვა. ამ სამართლებრივ ნორმას საქართველოში ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

რამდენადაც ქართული კანონმდებლობით მოხმარება კრიმინალიზებულია, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო ხშირად, მომხმარებლები სამედიცინო დახმარებას არ მიმართავენ, რაც უდავოდ ზრდის ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების რიცხვს; თუმცა, მათი აღრიცხვა შემთხვევათა უმრავლესობაში არ ხდება და ამ მხრივ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა სირაქლემას პოზიციაში ვართ - ვერც ვხედავთ და არც გვინდა რომ დავინახოთ სინამდვილე.  

არსებული სამართლებრივი რეგულაცია და პრაქტიკა კიდევ იმის მაჩვენებელია, რომ 2000 წლიდან საქართველოში ნარკოდამოკიდებულებისთვის (ანუ, დაავადებისთვის) ადამიანს დევნიან უკვე არა მარტო პოლიციელები, არამედ, გამოდის, ნებსით თუ უნებლიეთ, ექიმებიც, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს სამედიცინო სამყაროსთვის ამის აღიარება. მაგრამ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც არსებული სინამდვილის აღიარება თუ არ მოხდა, მის ცვლილებას ვერ მოვახერხებთ.

და ცვლილება კი ტექნიკურად არ უნდა იყოს რთული განსახორციელებელი: ამისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის #239/ნ ბრძანების გაუქმებაა საჭირო. მაგრამ ის რომ გაუქმდეს - სავარაუდოდ, ჯერ პრობლემის თაობაზე აზროვნებაში უნდა მოხდეს ცვლილება, ანუ ბოროტების დისკურსის დაძლევა, და ეს უფრო რთული ამოცანაა. ამ ამოცანის დასაძლევად კი აუცილებელია დავინახოთ ის მახინჯი და პარადოქსული სინამდვილე, რომელიც ნარკომანიის პრობლემის გარშემო შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში.

ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა და ადამიანის უფლებების დარღვევები

ჩემი მეგობრის ნათესავს, ახალგაზრდა მამაკაცს, დედა უკვდებოდა, რამდენიმე ღამე არ ეძინა; მოსაღამოვებულს გავიდა სახლიდან აფთიაქში რათა კათეტერი ეყიდა; იქ დააკავეს: საეჭვოდ გამოიყურებიო. მიიყვანეს ექსპერტიზის ბიუროში, გზაში და უკვე ბიუროში მისული ეხვეწებოდა - დედა მიკვდება, გამიშვითო....4 საათი ამყოფეს ბიუროში, რამდენადაც დაემართა შარდის შეკავება სტრესის ფონზე...4 საათის შემდეგ, გაასინჯეს ექიმ-ნარკოლოგს, რომელმაც იმაზე დაყრდნობით რომ მამაკაცს ქუთუთოები ჩაწითლებული ჰქონდა (რამდეიმე ღამე უთია მომაკვდავ დედას), ხოლო გუგები კი აღიქვა, როგორც შევიწროებული, ოპიუმით ინტოქსიკაცის დიაგნოზი დაუსვა... დაკავებულმა გააპროტესტა, რაზეც პოლიციამ მიუგო, რომ თუ იგი გამოშვებიდან 2 საათის მანძილზე ჩაიტარებდა ალტერნატიულ ექსპერტიზას და პასუხი ნეგატიური იქნებოდა - მოუხსნიდნენ დიაგნოზს. სახლში მიბრუნებულს, დედა გარდაეცვალა და ექსპერტიზაზე აღარც უფიქრია. რამდენადაც ეს მისთვის მიმდინარე წელს პირველი დაკავება იყო, ცოტა ხანში მოუვიდა შეტყობინება ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის თაობაზე, 500 ლარის ოდენობით. ამის საპასუხოდ აიყვანა ადვოკატი და შეიტანა სარჩელი. გაიმართა სასამართლო. პროცესზე ექიმმა თქვა, რომ დარწმუნებულია თავის დიაგნოზში. როდესაც ადვოკატმა დაუსვა შეკითხვა იმის თაობაზე, ერთმნიშვნელოვნად (100%-ით)  ნიშნავს თუ არა ჩაწითლებული ქუთუთოები და შევიწროებული გუგები იმას, რომ ადამიანი ინტოქსიცირებული იყო ოპიუმით, ექიმმა მიუგო, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის... ადვოკატთან ერთად მამაკაცმა პროცესზე ექსპერტი ადიქტოლოგიც მიიყვანა, მაგრამ რამდენადაც ის „მოწმის“ სტატუსში არ იყო, და რამდენადაც პროცესი ადმინისტრაციული (და არა სისხლის) სამართალის ჩარჩოში ტარდებოდა,  ექსპერტს არ მისცეს აზრის გამოთქმის უფლება, მაშინ როცა მას ძალიან ადვილად შეეძლო იმის დასაბუთება, რომ თვალების გარშემო სიწითლე და შევიწროებული გუგები ოპიუმის მიღების გარდა, ბევრი სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს განპირობებული. საბოლოოდ, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა 1 თვით გადაავადა და მამაკაცს, დასმული დიაგნოზის გასაბათილებლად თმის ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა (რომელიც უტყუარად ადგენს ნივთიერების კვალს). თმის ექსპერტიზა 600 ლარი ღირს... ადმინისტრაციული ჯარიმა უფრო იაფი დაუჯდებოდა მამაკაცს. ისმის კითხვა: ხომ არ ჯობია რომ გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა და თავი დაანებოს თმის ექსპერტიზას?...  ალბათ არა, ასე არ უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ, ვინ იცის, ცოტა ხანში კიდევ დააკავონ და მავანმა და მავანმა ექიმმა, არ მოეწონება რა მისი თვალები თუ გუგები, კვლავ ცრუ დიაგოზი არ დაუსვას. და მაშინ, საუბარი უკვე არა 500 ლარზე იქნება, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მინიმუმ 2000 ლარზე (და მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის) და ერთ წლამდე პატიმრობაზე...

გასული ხელისუფლების დროს ქუჩის ნარკოშემოწმებების პრაქტიკამ განსაკუთრებით მახინჯი ფორმები მიიღო: 2006 წელს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება #1049-233ნ, რომელმაც განსაზღვრა ნარკოტესტირების წესები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირმა უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიული საშუალება ან იმყოფება ზემოქმედების ქვეშ. გასაკვირი არ არის, რომ 2006 წლიდან დრამატულად გაიზარდა  ნარკოტესტირების ჩასატარებლად ადამიანების (ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის მამაკაცების) ქუჩაში დაკავების პრაქტიკა. მაგალითად, 2007 წელს ტესტირებულ პირთა რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2005 წელს, ამავე დროს ტესტის დადებითი პასუხი აღმოაჩნდა დაკავებულ-შემოწმებულთა მხოლოდ 30%-ს. მომდევნო წლებში დაკავებულთა და ტესტირებათა რაოდენობამ კლება იწყო, თუმცა დადებითი პასუხების პროპორცია (30%) არ შეცვლილა, რაც მოცემული პრაქტიკის ოპორტუნისტულ ხასიათზე („ეგება და აღმოჩნდეს...“) მეტყველებს.

 

 (დამოკიდებულების კვლევის ცენტრი, ალტერნატივა ჯორჯია, 2012).


ქუჩის ნარკოტესტირების შედეგების შესასწავლად ალტერნატივა ჯორჯიას დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა სპეციალური კვლევა ჩაატარა (ოთიაშვილი, 2012), რომლის რეზულტატებიც საკმარისზე მეტად მეტყველია: 2008 წელს ნარკოტესტირება 43000 ადამიანმა გაიარა. ეს სახელმწიფოს დაუჯდა დაახლოებით 18 მილიონი ლარი; დაახლოებით ამდენივე შევიდა ბიუჯეტში ჯარიმების სახით. ტესტირებული ადამიანების ერთი მესამედი დაჯარიმებიდან 3 თვის თავზე დაუბრუნდა ნარკოტიკების მოხმარებას, დაკავებიდან 11 თვის მერე უკლებლივ ყველა კვლავ მოიხმარდა.

კვლევა გვიჩვენებს, რომ ქუჩის ნარკოშემოწმების პრაქტიკა ქმნის თვითკმარ მანკიერ სისტემას: იგი, ერთის მხრივ, თავის თავს ინახავს (იმით, რომ ჯარიმებიდან შემოსული თანხის ოდენობა ფაქტობრივად ანაზღაურებს იმ პოლიციელების შრომას, რომელებიც მომხმარებლების დაკავებით არიან დაკავებული), მაგრამ ნარკოპრევენციის თვალსაზრისით მდგრადი შედეგი არ მოაქვს და, ფაქტობრივად, სიზიფეს შრომას ემსგავსება.

ძალიან დიდი იმედი არსებობდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში „გონივრული ეჭვის“ მანკიერი პრაქტიკა შეჩერდებოდა; ამ ყბადღებული ფორმულირების ცვლილებაც კი მოხდა. მაგრამ რამდენად შეაჩერა ამან მანკიერი პრაქტიკის ინერცია? მოცემული ქვეთავის დასაწყისში მოყვანილი მაგალითი ამა წლის იანვარში მოხდა...

 

შიში არ შეიქმს არც სიყვარულსა და არც  პრევენციასა...

მტკიცებულებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, ხშირად გავიგონებთ ხოლმე: უნდა იყოს ნარკოკანონმდებლობა მკაცრი, იმიტომ რომ შიშის ფაქტორს თუ მოვხსნით  - მოხმარება გაიზრდებაო... საიდან ვიღებთ ამ ვარაუდებს?.. როდემდე უნდა ავაწყოთ ნარკოსტრატეგიები ვარაუდებსა და მითებზე და არა სამეცნიერო მტკიცებულებაზე?...

დღეს ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს ის, რომ შიში არ შეიქმს სიყვარულს; და საერთოდაც, არაფერ კონსტრუქციულს არ შეიქმს, გარდა სიძულვილისა - მგონი, მთელი ქვეყანა გახდა იმის მოწმე და მომსწრე, თუ როგორ დაკარგა გასულმა ხელისუფლებამ რეიტინგი და, სიძულვილის როგორი ძლიერი ემოცია გამოიწვია ხალხში იმის საპასუხოდ, რომ საზოგადოების კონტროლის მექანიზმად პოლიციური მიმდგომა და შიში გამოიყენა.

გასული ხელისუფლების გამოცდილებამ, ასევე, კარგად დაგვანახვა, რომ ცალმხრივი, მხოლოდ სამართალდამცავ ღონისძიებებზე ორიენტირებუბლი ნარკოპოლიტიკის გატარებით, პრობლემა შეიძლება განდევნო „იატაკქვეშეთში“, მაგრამ ვერც მის მასშტაბს და ვერც სიმძაფრეს ვერ დაძლევ. მაშინ, როდესაც შეიზღუდა „ტრადიციული ნარკოტიკების“ (ჰეროინი, და სხვ.) ქვეყანაში შემოდინებაა, მომხმარებლები ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საშიშ კუსტარულ საშუალებებზე გადავიდნენ („ვინტი“, „ჯეფი“, „კრაკადილი“, „ბიო“ და ა.შ.). ეს იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ანუ - მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, პრევენციის ინფრასტრუქტურისა და პრაქტიკის განვითარებაზე სახელმწიფომ არ იზრუნა, არ დაგეგმა, ბიუჯეტი არ გამოყო:

 

(დამოკიდებულების კვლევის ცენტრი, ალტერნატივა ჯორჯია, 2012).

მაშ საიდან, რომელი მტკიცებულებიდან გამოდიან ადამიანები, როცა თვლიან, რომ შიშს პრევენციული ფუნქცია აქვს?... ამის საპირისპიროდ სამეცნიერო მტკიცებულება გვეუბნება, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო დაწესებული სასჯელის სიმკაცრე არ ზემოქმედებს მოხმარების მასშტაბზე ((Reuter and Stevens 2007; Degenhardt et al. 2008).

სასჯელის სიმკაცრის პრევენციული ფუნქციის მითის გასაბათილებლად მინდა მოვიყვანო შუასაუკუნეების ინგლისის მაგალითი: ჯიბის ქურდობა იმხანად ჩამოხრჩობით ისჯებოდა (შუასაუკუნეები...). ჩამოხრჩობა ქალაქის მთავარ მოედნებზე ხდებოდა, სადაც მაყურებლად დიდძალი ბრბო იკრიბებოდა. ითვლებოდა, რომ სიკვდილით დასჯის მაყურებელი ბრბო დაშინდებოდა და ქურდობის მასშტაბი შემცირდებოდა. როგორ ფიქრობთ, სად და როდის ხდებოდა ხოლმე ყველაზე ხშირდ და ბევრი ჯიბის ქურდობა?.. სწორედ ქალაქების მთავარ მოედნებზე, სიკვდილის დასჯის მაყურებელ ბრბოში. ანუ, სიკვდილით დასჯის პერსპექტივა ქურდობის გამო და მისი სრული თვალსაჩინოება და უტყუარობა არ აკავებდა ადამიანებს. ამიტომ, შიშზე (და არა გონივრულ პროპორციულ სანქციაზე), როგორც პრევენციულ ფაქტორზე, ფსონის დადება - შუასაუკუნეებიდან გამოყოლილი ინერცია და მცდარი დაშვებაა.

გონივრული და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა შედეგიანია: პორტუგალიის მაგალითი

90-იან წლებში ნარკოტიკების პრობლემა პორტუგალიის საზოგადოების მიერ აღქმული იყო ნომერ პირველ საზოგადოებრივ პრობლემად. საპასუხოდ, ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემის მიმართ რეპრესიული პოლიტიკა ტარდებოდა, რაც არ იყო გასაკვირი გამომდინარე ათწლეულების მანძილზე ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმში არსებობის გამოცდილებიდან,  საზოგადოების კონსერვატიული ფასეულობებიდან და ძლიერი კათოლიკური ტრადიციებიდან (ეკლესიამ განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა ქვეყანაში ანტონიო სალაზარის დიქტატორული რეჟიმის დროს, რომელიც 1974 წელს დასრულდა).

რამდენადაც ნარკოტიკების პრობლემის მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას სასურველი შედეგები არ მოყვა, 1998 წელს პორტუგალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროაქტიულად ემოქმედა ნარკოვითარების გაუმჯობესების მიზნით და ამისთვის ინტერდისციპლნური კომიტეტი შექმნა - ექიმების, სოციოლოგების, ფსიქოლოგების, იურისტების, სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით. კომიტეტმა 8 თვე იმუშავა და შედეგად ხელისუფლებას წარუდგინა რეკომედაციების პაკეტი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაციას სთავაზობდა - როგორც მოხმარებისა და ნარკოდამოკიდებულებით ავადობის შემცირების ეფექტურ სტრატეგიას.

რეკომენდაციები წარმოდგენილი იყო დოკუმენტში Portugees Drug Strategy, 1999, რომლის სათაურშიც, როგორც ვხედავთ, სიტყვები „ანტი“, „ბრძოლა“ და „ომი“ არ ფიგურირებდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ კომიტეტმა, ფაქტობრივად, პრობლემის დისუკრსი შეცვალა. სტრატეგიაში ხაზი იყო გასმული შემდეგზე: რომ ნარკოტიკები სერიოზული პრობლემაა, მაგრამ „ბოროტება“ არ არის; რომ „ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი“ საზოგადოება ისეთივე მითია, როგორც მოლოდინი იმისა, რომ მანქანის ტარების სიჩქარეს არასდროს გადააჭარბებენ ქვეყანაში; რომ რეპრესიულ დამსჯელობით მიდგომას არ მოეძებნება რაიმე რაციონალური ახსნა და რომ ეს არის არაპროპორციული პასუხი ნარკომოხმარების ქცევაზე, რომელიც უდავოდ არაჯანსაღი ქცევაა, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ არის უშუალოდ დამაზიანებელი ან მტრული გარშემომყოფთა მიმართ; რომ კრიმინალიზებული მოხმარება აბრკოლებს ადამიანებს იმაში, რომ მათ სამედიცინო დახმარება ეძიონ და საკუთარ გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ.

გამომდინარე ამ მსჯელობიდან, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია მოხმარებისა და პირადი სარგებლობისთვის ფლობის დეკრიმინალიზაციას. საპასუხოდ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომას ჰყავდა ოპონენტები პოლიტიკური ოპოზიციის სახით, გამოავლინა პრობლემის გონივრული და პრაგმატული რეგულირების კეთილი ნება და 2000 წელს დეკრიმინალიზაცია განახორციელა. დღეისათვის პორტუგალიის გამოცდილება მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის ნარკოპოლიტიკის რეფორმის საერთაშორისო მოდელად იქცა.

პორტუგალიაში განხორციელებული დეკრიმინალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის კანონმდებლობით, არა თუ ნარკოტიკული ნივთიერების კვალი ბილოგიურ მასალაში, არამედ, პირადი მოხმარებისთვის ულუფის შენახვა/ფლობაც აღარ წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისად - დასჯად ქმედებას. ამით ნარკოტიკების მოხმარება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპეტენციაში გადავიდა, რამაც ქვეყანაში პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის სტიმულირება მოახდინა.

საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, 2002 წლიდან პორტუგალიაში შეიქმნა ე.წ. „დისკუსიური კომისიები“, რომელთაც სასამართლო მოსმენები ჩაანაცვლა ნარკოტიკების მოხმარებასთან და პირადი მიზნით ფლობასთან დაკავშირებულ შემთხვევებში. სადისკუსიო კომისიების მიზანია მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირება იმისთვის, რათა მან მოხმარებას თავი დაანებოს; იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება არ დაანებებს ნაროტიკებს თავს, კომისია უფლებამოსილია დაუწესოს სამოქალაქო სანქციები და/ან მოახდინოს მისი რეფერირება სამკურნალო დაწესებულებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და მიღწევა იყო ის, რომ სადისკუსიო კომისიები შეიქმნა არა სამართალდამცავ უწყებაში, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე; ამის გამოისობით, მომხმარებლები და ნარკოდამოკიდებულები „კრიმინალის“ როლიდან, ფაქტობრივად,  „პაციენტის“ კატეგორიაში გადავიდნენ.

საკანონდმებლო ცვლილებებთან ერთად, სტრატეგიის დოკუმენტი ხელისუფლებას აძლევდა რეკომენდაციას სისტემური მიდგომის განხორციელებაზე:  ანუ, ერთდროულად - პრევენციასა და განათლებაზე, ზიანის შემცირებაზე, სამკურნალო პროგრამების გაფართოვება-გაუმჯობესებაზე და, აგრეთვე, იმგვარი სერვისების აწყობაზე, რომელიც რისკის ჯგუფებსა და დამოკიდებულ პირებს საშუალებას მისცემდა ოჯახთან, სამსახურთან, საზოგადოებასთან კავშირები შეენარჩუნებინათ/აღედგინათ. ჩამოთვლილი მიმართულებებით სრულფასოვანი სისტემური სტრატეგიის განსახორციელებლად პორტუგალიის ხელისუფლება ყოველწლიურად მინიმუმ 75 მილიონიან ბიუჯეტს გამოყოფს.

შედეგად, ქვეყანაში ნარკოვითარება შემდგენაირად შეიცვალა:

 - რეფორმის დაწყებიდან 10 წელი გავიდა და ნარკოტიკების მოხმარებამ პორტუგალიაში არა თუ იმატა, არამედ ზოგიერთ ასაკობრივ კატეგორიებში (მაგ., 15-19 წლის ახალგაზრდებში) იკლო  კიდევაც;

- ამჟამად ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბი ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანების უმრავლესობაში: 2010 წლის კვლევის თანახმად, გამოკვლეული 27  ქვეყნიდან კანაფის ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარება პორტუგლიაზე დაბალი არის მხოლოდ 8 ქვეყანაში, კოკაინისა - მხოლოდ 10 ქვეყანაში, ამფეტამინებისა - მხოლოდ 4 ქვეყანაში, ექსტაზისა - ასევე, 4 ქვეყანაში, და ა.შ. (Statistical Bulletin 2010. “Lifetime prevalence of drug use in nationwide surveys among the general population.” EMCDDA);

- მნიშვნელოვნად (32%-ით) შემცირდა აივ-შიდსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა ნარკოტიკების მომხმარებლებში;

- შემცირდა მოხმარების რეციდივიზმის სტატისტიკა: 2011-2012 წლების განმავლობაში, იმ პირებიდან, ვინც წარსდგა სადისკუსიო კომისიების წინაშე მოხმარების გამო, მხოლოდ 7-9% წარსდგა განმეორებით;

- შემცირდა მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში; იმ მცირე რაოდენობის საზოგადოებრივ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ ხდება მოხმარება, აკონტროლებენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ზიანის შემცირების მუშაკები (ახორციელებენ შპრიცების გაცვლას და ა.შ.) და ამით აივ-ინფექციისა და ცე ჰეპატიტის გავრცელების პრევენციას ახდენენ;

- დეკრიმინალიზაციას არ მოყოლია უცხოელი „ნარკოტურისტების“ რაოდენობის ზარდა;

- წამალდამოკიდებულებით დაავადებული ადამიანები, ციხეში ჯდომის ნაცვლად, ჩართული არიან სამკურნალო პროგრამებში, რაც მათ საზოგადოებაში დაბრუნებაში ეხმარება;

- სამართალდამცავ უწყებებსაც აქვთ სარგებელი დეკრიმინალიზაციიდან: პოლიციის ოფიცრები, მომხმარებელთა დევნაზე საჭირო დროის გამონთავისუფლების ხარჯზე, მეტ დროს უთმობენ დიდი მასშტაბის ნარკოტრაფიკთან ბრძოლას;

- შემცირდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული წვრილმანი დანაშაული (ქურდობა „შემდეგი დოზის“ საყიდლად ფულის შოვნის მიზნით);

- საზოგადოების აღქმაში, ზოგადი გამოკითხვის თანახმად, ნარკოტიკების პრობლემამ პრიორიტეტული საგანგაშო საზოგადოებრივი პრობლემებიდან ნაკლებ პრიორიტეტულებში და არასაგანგაშოში გადაინაცვლა;

- და ა.შ.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის შედეგად, გაიზარდა საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

პორტუგალიის მაგალითი არის ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ნარკოპოლიტიკის რეფორმამ გაითვალისწინოს და არგოს საზოგადოების ყველა სუბიექტს; ასევე, ის ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსების გაფრთხილებასა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საზოგადებრივ უსაფრთხოებაში.

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^