მინდა გაგახაროთ: სულ ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 11% 7 წლამდე ბავშვებს წიგნს ყოველდღე უკითხავს, 30% - კვირაში ერთხელ, 15% - თვეში ერთხელ.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ადრეული ასაკიდან კითხვა ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას და დრამატულად ზრდის ინფორმაციის გადამუშავებისა და მეტყველების უნარებს. ადრეული ასაკიდან კითხვა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ბავშვი გახდეს კარგი მკითხველი და წარმატებული სკოლის მოსწავლე.
ადრეულ ასაკში კითხვა ბავშვის ჯანმრთელობაზეც აისახება. სკოლის პერიოდში თუ ერთხელ მაინც ჩამორჩენიხართ სხვებს ან პროგრამას, მიხვდებით რას შეიძლება გრძნობდეს ბავშვი, რომელსაც სწავლა ქრონიკულად უჭირს. ყოველდღე შვილისთვის კითხვა თქვენს ბავშვს ბედნიერს და კმაყოფილს გახდის.
მეცნიერების აზრით, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდი კრიტიკული დროა ბავშვის განვითარებისათვის. ეს არის ფანჯარა, რომლის დროსაც ვითარდება შემეცნება, ხდება ტვინის სწრაფი (კოსმოსური სისწრაფით) განვითარება. ასეთი განვითარება არც ერთი სხვა პერიოდისათვის არ არის დამახასიათებელი. ამ პერიოდში ჩადებული ძალისხმევა ბავშვის მომავალი ჰარმონიული განვითარების საფუძველი ხდება.
სამწუხაროდ, იმავე კვლევის თანახმად, მამების 43% თითქმის არასდროს უკითხავს შვილს.
კვლევა რეპრეზენტატულია, ის 2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების, მათი საოჯახო საქმეებსა და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო.
მართალია, კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში ქალების და კაცების პასუხისმგებლობა განსხვავებულია და ქალს გაცილებით მეტი ტვირთი აწევს, თუმცა როლების ამ გადანაწილებით ორივე მხარე კმაყოფილია. მამაკაცების 90% ამბობს, რომ ყოველდღე ეთამაშება 7 წლამდე ასაკის ბავშვს, შემდეგ წლებში თამაში საუბრით იცვლება. უფრო მოზრდილ ასაკში (13-18 წელი) მამის და ბავშვების ურთიერთობა ინერტული ხდება.
ნობელის პრემიის ლაურეატის, ეკონომისტ ჯეიმს ჰეკმენის აზრით, ადრეულ ასაკში კითხვის სახით ჩადებული ინვესტიცია მომავალში ბევრი ფულის მოგების საშუალებას იძლევა.
ასე, რომ მამებო, იცოდეთ, რომ თქვენი ძალისმევა უკვალოდ არ ჩაივლის და თუ ბავშვს ადრეულ ასაკში წაუკითხავთ და დაელაპარაკებით, ისინი მომავალში ბევრ ფულსაც იშოვნიან.
კითხვა ავითარებს მეხსიერებას, ცნობისმოყვარეობას, მოტივაციას.
ყოველდღე წაუკითხეთ და ელაპარაკეთ თქვენს შვილებს, რომ მათ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.