წკიპურტივით ბომბი
2008 წლის ზაფხულის ერთ დილას აფეთქების ხმამ გამომაღვიძა. რუსებმა ვაზიანის სამხედრო ბაზაში ბომბი ჩამოაგდეს. კეკელიძეზე, სადაც მე ვცხოვრობ, აფეთქებას მაღალი ხმა არ ჰქონდა, წკიპურტის გაწკაპუნებას უფრო ჰგავდა, მაგრამ მაინც გამომაღვიძა... ყველაზე საზარელი ის იყო, რომ ვიგრძენი, თუ რას განიცდიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც ფრონტის ხაზზე, თუ მასთან ახლოს იყვნენ ...
ჩემი უცხოელი მეგობრებიდან მაშინ ბევრმა შემომთავაზა საქართველოს დატოვება და მათთან „გამოზაფხულება“... ყველაზე გულისამაჩუყებელი ჩემი დის მამამთილის, 89 წლის პან ვრატისლავის ზარი იყო ჩეხეთის პატარა ბოჰემიურ ქალაქ ღრადეც კრალოვედან. პან ვრატისლავი განსაკუთრებით დედაჩემზე, როგორც თავად ეძახდა - პანი გულიაზე, წუხდა, რომელიც არსდაც არ აპირებდა წასვლას და შენგენის ვიზის არქონის არგუმენტით უძალიანდებოდა. პან ვრატისლავი შენგენს არაფრად აგდებდა და სრული სერიოზულობითა და დაჟინებით მოითხოვდა: დაუყოვნებლივ გამოფრინდით! როგორც კი პრაღის აეროპორტში იქნებით, მე შემოვვარდები სასაზღვრო კონტროლის ოფისში, ჩავჭიდებ პანი გულიას ხელს და აბა ვნახოთ ვისი აჯობებს, როგორ არ შემოუშვებენო!...:)
ზარების მიუხედავად, კარგად ვიცოდი რომ არსად წავიდოდი. მითუმეტეს, რომ იმხანად ჩემი საკუთარი სტრესის დაძლევის ყველაზე ეფექტურ საშუალებას - სხვა ადამიანების დახმარებას მივმართე. კოლეგებთან ერთად, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ავაწყვეთ პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი ჩვენი მრავალჭირნახული დევნილი ხალხისთვის. ამან ფორმაში მომიყვანა და იმდროინდელ ქაოტურ სიტუაციაზე მცირედი კონტროლის ილუზიაც კი დამიბრუნა. მაშინ კიდევ ერთხელ გავისიგრძეგანე ფსიქოტრავმატოლოგიის ერთერთი თეზა: „ეხმარები რა სხვებს, ეხმარები საკუთარ თავსაც“...
ვალი, რომელიც სხვას უნდა დაუბრუნო
იმხანად ქართული ფსიქოტრავმის საზოგადოება უკვე დაფუძნებული გვქონდა. კოლეგებმა ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოებიდან სათათბირო-მრჩეველი მუშა ჯგუფი შექმნეს ჩვენს დასახმარებლად, თითქმის ყოველდღიურ კონტაქტში იყვნენ, გვაწვდიდნენ მეთოდოლოგიურ რჩევებს, ემოციურ მხარდაჭერას.
მოკლედ, რაღა განვაგრძო - ბევრი კარგი კოლეგისგან მივიღეთ მაშინ ადამიანური სითბო და პროფესიული დახმარება. ახლა კი ჩვენი ჯერი დადგა რომ ეს ვალი გადავიხადოთ - უკრაინის კრიზისმა ამის საჭიროება დააყენა დღის წესრიგში. 18-21-ის სისხლისღვრისა და, საერთოდ, მიმდინარე მოვლენების შედეგად მაიდანზე 100 ადამიანი დაიღუპა, 270-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ სტატისტიკის მიღმა დაახლოებით 10-ჯერ მეტი ადამიანის ტკივილი და ტრაგედიაა (დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, თანამებრძოლები). ამას მთლიანად საზოგადოებაში უკიდურესად დაძაბული ემოციური ფონიც ემატება და, უკრაინელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები დიდი გამოწვევის წინაშე დადგნენ.
ხრეშჩატიკი, ბარიკადები, პაპიემაშეს ტარას შევჩენკო და „ზეციური ასეული“
მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახურის თხოვნით, კიევში 9 მარტს ჩავედით - ფსიქიატრი ნინო მახაშვილი, ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი და მე. დავსახლდით ხრეშჩატიკის ქუჩაზე. ჩვენი სახლის ეზოდან გამოსვლისთანავე მაიდანზე, შუაგულ ბარიკადებში ამოვყავით თავი....
მაიდანი ახლა კარვების ქალაქად იქცა. ყოველ კარავს თავისი იდენტობა აქვს - ზოგს „კიევშჩინა“ ჰქვია, ზოგს „ლვივი“, „ხარკოვი“, „პოლშა“, „მალტა“, „ავღანელები“ (ავღანეთის ომში ნამყოფი ადგილობრივები) და ა.შ. ქართული კარავიც დგასო, გვითხრეს კოლეგებმა (მაგრამ მის მოსაძებნად ვერ მოვიცალეთ). მაიდანი თითქოს სხვადასხვა იდენტობების დიალოგის სივრცეა. ამავე დროს, მას საკუთარი, უკრაინელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ყველაფრისგან განსხვავებული იდენტობა გააჩნია, რომელიც ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ელვისებური სისწრაფით განვითარდა და ქვეყნის ერთგვარ ცენტრად, უფრო სწორად, გულად და გულისცემად, ნაციონალური იდნეტობის ხელახალი დაბადების ადგილად იქცა.
ჩვენი უკრაინელი კოლეგები ხუმრობენ: მაიდანი კიევში იგივეა, რაც რომში ვატიკანიო - ისეთივე მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი, ძლიერი და რაც მთავარია - მაკონტროლირებელიო...
მაიდანელები ამბობენ, რომ მინიმუმ მაისამდე არ დაშლიან კარვებს: არჩევნების სამართლიანობის სადარაჯოზე ვიდეგებითო. მანამდე კი, მაიდანის მიზანსცენაზე დღეს შემდეგი ხდება:
ჯერ კიდევ დაუშლელი ბარიკადები, აგებული სხვადასხვა მასალით დატენილი ტომრებისა და ერთმანეთზე ახოხოლავებული მანქანის საბურავებისგან. ყინვების დროს ბარიკადებს ყინული/თოვლი ამაგრებდა;
სახელდახელო მემორიალები, მოწყობილი იმ ადგილებში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ: აყრილი ფილაქნისგან აგებული მცირედი ყორღანი, ზედ ყვავილები, გარშემორტყმული სხვადასხვა ფერის შუშის ქილებში ჩასმული სანთლებით, სნაიპერების ტყვიებისგან დამცავი მუზარადები, ზოგჯერ - დაღუპულთა სურათებიც, დაბოლოს - უკრაინის დროშა;
პაპიემაშესგან სახელდახელოდ გაკეთებული ტარას შევჩენკოს ძეგლი, შემკული ყვავილებით, როგორც ნაციონალური იდენტობის ერთ-ერთი სიმბოლო;
მაიდანის სცენა, რომელზეც დღისითა და ღამით სიმღერებითა და სიტყვით გამოდიან სხვადასხვა სუბიექტები, საუბრობენ ომსა და მშვიდობაზე, უკრაინის ნაციონალურ იდენტობასა და ეროვნულ მშენებლობაზე, მოსკოვის/პუტინის საფრთხზე; სხვა ლოზუნგებს შორის, თვალში მოგვხვდა და დაგვამახსოვრდა - „პუტინი რუსეთი არ არის“...
ლურჯი პლასტიკატის ქუჩის საპირფარეშოების მწკრივები, რომლებიც მაიდანზე ჰიგიენის ნორმების დაცვას უწყობს ხელს - წინააღმდეგობის დროს იანუკოვიჩის ხელისუფლება, ძალადობის სხვა ფორმებთან ერთად, გამიზნულდ არ ცლიდა საპირფარეშოების კონტეინეტერებს, რომ ხალხი ამ გზითაც ეიძულებინა მაიდანზე ვეღარ გაჩერებულიყო.
ნახანძრალი პროფკავშირების სასახლე, სადაც საველე ჰოსპიტალი და მაიდანელთა შტაბი/სამუშაო ოფისები იყო, სანამ შეგდებული ბომბით გამოწვული ხანძარისგან არ დაიწვებოდა...ჰოსპიტლის ევაკუაცია მოასწრეს (დაჭრილებისა რომლებიც თავისით ვერ მოძრაობდნენ); თუმცა, ხანძრის შემდგომ, დამწვარი ადამიანების ნეშტები მაინც იპოვეს...
დიდი, ხელოვნური ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია ამჟამად თავისუფლებისა და ბრძოლის ლოზუნგებით, დაღუპულთა ფოტოებით, მეგობარი ქვეყნებისა და უკრაინის დროშებით, და მიმდინარე მოვლენებზე შესრულებული ნახატებით არის აკრული. ის, ერთი მხრივ, დაღუპულთა მემორიალია, მეორე მხრივ - თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოცემულ ეტაპზე მიღწეული გამარჯვების სიმბოლო.
აღწერილ მონუმენტებთან, მემორიალებთან და ბარიკადებთან ერთად მაიდანზე, სახელდახელო დახლების წინ, მოვაჭრეებიც დგანან - ვინც სწრაფად აუღო ალღო იმას, რომ გარდაცვლილთა მემორიალებზე ყვავილები, სანთლები და უკრაინის დროშები იქნება საჭირო, ხოლო მაიდნის სანახავად გამოსული ტურისტებისთვის კი (რომლებიც ხშირად არა, მაგრამ აქა-იქ მაინც გვხვდებოდნენ მოსერინეთა შორის) - სუვენირები და სხვა ნაციონალური სიმბოლიკა.
აქვე, მემორიალების წინ, არც თუ იშვიათად დაინახავთ მუხლებზე მდგარ მამაკაცსა თუ ქალს, რომლებიც დაღუპულების ხსოვნას პატივს აგებენ.
მაიდანზე ხშირად გაიგონებთ მისალმებას „სლავა უკრაინე!“ რომელზეც ჩვეულებისამებრ პასუხობენ - „გეროიამ სლავა!“... გმირებად აქ სნაიპერების ტყვიებისგან, ხელჩართულ ბრძოლასა თუ წამებაში დაღუპული 100 ადამიანი ითვლება - „ნებესნაია სოტნია“, ანუ ზეციური ასეული.
მაიდანზე ხმები ძალიან სწრაფად ვრცელდება: როგორც კი იგებდნენ - ქართველები ჩამოვიდნენ დასახმარებლადო - უპირობო ნდობითა და კეთილგანწყობით გვხვდებოდნენ. უაღრესად დიდი მოწიწებითა და მადლიერებით იხსენიებდნენ 18-21 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილ ჩვენს სამ თანამემამულეს.
წინააღმდეგობის დღეებში არა ერთი და ორი ადამიანი წაიყვანეს ბერკუტელებმა და ე.წ “ტიტუშკებმა” , რომლებიც შემდგომში ნაწამები დაბრუნდნენ, ან/და უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ამ მხრივ ბერკუტისთვის ყველაზე ადვილად მოსახელთებელი საავადმყოფოში მიყვანილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაჭრილები იყვნენ. ამიტომ ჰოსპიტლებში მაიდანის მებრძოლთა რაზმები მორიგეობდნენ, რათა იქ მიყვანილი ადამიანები ბერკუტისგან დაეცვათ. ზოგიერთი სამედიცინო პრობლემის მქონე მეომარი დღესაც კი წინააღმდეგია საავადმყოფოში მოთავსებისა, რადგან მატრავმირებელი გამოცდილებიდან გამომდინარე ჰგონია, რომ გატაცების/წამების/მოკვლის საშიშროება კვლავ ემუქრება.
მაიდანზე ყველაზე საინტერესო მაინც ის ხალხია, ვინც კარვებში ცხოვრობს... კარვები განსხვავდება ერთმანეთისგან: ზოგიერთს განსაკუთრებით კომფორტული პირობები გააჩნია (მაგალითად, ცელოფნით გამოკრული ფანჯრები, ღუმელი, გენერატორი, ტელევიზორი და ა.შ.) მაიდანი ამ განსხვავებულ კარვებში მოსახლეთა ტერიტორიაა. ესენი არიან: ადამიანები, ვინც მზადაა მაისის ჩათვლით (და თუ საჭიროა, მეტ ხანს) იყოს აქ, რათა დემოკრატია დაიცვას; ადამიანები, ვინც იბრძოდნენ მთელი ეს პერიოდი და ახლა ბრძოლით მოპოვებული ტერიტორიის დატოვება არა თუ არ უნდათ, არამედ აღარ შეუძლიათ (ტრავმულად მიეჯაჭვნენ მას); აგრეთვე, სოციალურად დაუცველი ან ეგზისტენციური ვაკუუმით შეწუხებული ადამიანები, ვინც ცხოვრების საზრისი მაიდანზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში იპოვეს და მისი დატოვება აღარ ემეტებათ. არიან ახლადმოსულებიც, ზუსტად არავინ იცის, თუ ვინ არიან ისინი და რატომ არიან მაიდანზე - უბრალოდ, ცხოვრობენ... მაიდანი საზოგადოების ერთგვარი მოდელი/ანარეკლი გახდა - აქ ყველას და ყველაფერს შეხვდებით. ისმის პატრიოტული სიმღერები, მოწოდებები, ჩვეულებრივი საუბარი; საღამოობით ზოგჯერ ავტომატის გასროლას გაიგონებ, ზოგჯერ ჩხუბის ხმაც ისმის, და ზოგჯერ მამაკაცისა და ქალის ფლირტის (საუბარი, სიმღერა, გახუმრება, გადაძახილი...) - ცხოვრება გრძელდება...
უკრაინელი კოლეგების წინაშე დიდი გამოწვევაა: როგორ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების საზრისი მაიდანზე და მაიდანში იპოვეს, დაუბრუნდნენ ცხოვრებას ჩვეულ სინამდვილეში და იქ საკუთარი ადგილი იპოვონ.
მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახური
ნოემბრის ბოლოს მაიდანზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო მისული პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს ყველანაირად, როგორც შეეძლოთ, მოხალისეობრივ საფუძველზე, შეეტანათ წვლილი არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში. და მათ გამოუვიდათ კიდევაც ეს.
„მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახური“ არაფორმალური, თვითორგანიზებული, თვითრეგულირებადი (და არა „ზევიდან მართვადი“) პროფესიული გაერთიანებაა, რომელშიაც ამჟამად 400-მდე წევრია, მათგან დაახლოებით 300 რეგულარულად მუშაობს დაზარალებულებთან, ანაზღაურების გარეშე, სრულიად უანგაროდ.
ფსიქოლოგიურ სამსახურს მაიდანის გარშემო მდებარე შენობების მფლობელმა უწყებებმა ფართი დაუთმეს: მაკდონალდსის ოფისში საკვანძო ოფისია განთავსებული, ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის შენობაში სატრენინგო სივრცე, ე.წ. კიევის სახლსა და თავისუფლების სასახლეში (რომელსაც მაიდანის ამბებამდე ოქტომბრის სასახლე ერქვა...) - ფსიქოლოგიური კაბინეტები, სადაც ადამიანებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დახმარების მიღება.
ოთხ დღეში, რაც კიევში დავყავით, მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახურის 150 ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მოგვიწია შეხვედრამ. პირველ ეტაპზე უბრალოდ ვუსმენდით მათ, რათა საჭირობები გამოგვევლინა და დაგვენახა, თუ რაში და როგორ შეგვეძლო დავხმარებოდით. უაღრესად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე კოოლეგების სოლიდარობამ, ურთიერთდახმარებამ, უკეთესი მომავლის იმედმა, მომენტის მნიშვნელოვანების განცდამ, მშვიდობისმოყვარეობამ და კეთილგანწყობამ, თვითორგანიზების უნარმა და სამოქალაქო პასუხისმგებლობამ.
მაიდანის ფსიქოლოგიურ სამსახურში მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობა ერთმანეთშია გადახლართული. ბევრი ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი გვიყვებოდა, რომ დასაწყისში არც კი შეეძლოთ პროფესიული როლის აღება და უბრალოდ, როგორც მოქალაქეები, უნდა ყოფილიყვნენ მაიდანზე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთი ქალბატონის ნათქვამმა:
„მე მივხვდი, რომ არ შემიძლია ვიყო ფსიქოლოგი ამ სიტუაციაში, და მე გავხდი მაიდანი. მე ვარ მაიდანი. იმ დღეებში, როდესაც ადამიანებს კლავდნენ, მე მაიდანზე ვცხოვრობდი, მეძინა, ვჭამდი, ვმეგობრობდი, მიყვარდა, და ვეხმარებოდი ადამიანებს იმით, რაც ვიცოდი, ადამიანურად და პროფესიულად...“
უკრაინელი კოლეგების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს ტრაგიკული განცდა საზოგადოების გახლეჩას ეხება: ერთ მხარეზეა მაიდანი, როგორც ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების ეპიცენტრი და საზოგადოების მასთან დაკავშირებული ნაწილი; მეორე მხარეზეა - დანარჩენი კიევი თუ ქვეყანა. ეს ფრაგმენტაცია და შესაბამისი კონტრასტი კარგად დავინახეთ, როდესაც ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოების თხოვნით იმ ფსიქოთერაპევტებთან ვიმუშავეთ, ვინც მაიდანზე არ ეწეოდნენ სამოხალისეო საქმიანობას. 18-21 თებერვლის კრიზისის დამთავრების მერე რამდენიმე მათგანს გაუჩნდა ტრავმირებული ადამიანების დახმარების სურვილი, მაგრამ მაიდანმა „აღარ მიიღო“ ისინი: კოლეგებმა ვერ აპატიეს, რომ ისინი ფიზიკურად განზე იდგნენ ბრძოლის დროს. ამჟამად ისინი დაზარალებულთათვის სერვისის შეთავაზებას მაიდანის გარეთ ცდილობენ.
მაიდანის ფსიქოლოგებს შორის არიან ისეთები, ვინც ნოემბრიდან მოყოლებული, საზოგადოების ამ ორ ფრაგმენტს/ნაწილს/ნაგლეჯს შორის მიდი-მოდიან (მათივე მეტაფორა რომ მოვიშველიო, როგორც „შატლი“). ეს მოძრაობა ფრაგმენტირებული საზოგადოების გამთლიანებისკენ მიმართული მათი მცდელობის სიმბოლოა.
უაღრესად შთამბეჭდავი იყო ის, რომ მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ბარიკადების მეორე მხარეს მყოფი (ე.წ. ბერკუტი და „ტიტუშკები“) ადამიანების დახმარების საჭიროებაზე. თუმცა აქვე დასძინეს, რომ ფსიქოლოგს, რომელსაც ბერკუტის მიერ ნაწამებ ხალხთან მოუწია მუშაობა და მათი მხარდაჭერა, გაუჭირდებოდა და ვერ შეძლებდა აგრესორის მხარეს მდგარი ხალხის დახმარებას. ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც მაიდანს მიღმა დარჩენილ სპეციალისტებს სასარგებლო სამსახურის გაწევა შეუძლიათ.
მასობრივი კრიზისების დროს, საწყის ეტაპზე, ქაოსსა და არეულობას ე.წ. „თაფლობის თვე“ მოსდევს - როცა ყველას უყვარს ყველა (ვინც ბარიკადის ერთ მხარესაა) და ერთმანეთზე ზრუნავენ. ამის შემდგომ უკვე იმედგაცრუების ფაზა იწყება, რომელიც მტკივნეულია იმის გამო, რომ არაფორმალური სოლიდარობა აქ უკვე აღარ მუშაობს, ხალხს მობეზრებული აქვს სათემო ცხოვრება და, როგორც ადამიანები, ისევე სხვადასხვა უწყებები, ცდილობენ ჩვეულ ცხოვრების რიტმსა და მოვალეობებს დაუბრუნდნენ, რაც მათი სოლიდარობის გამოსახატავად დროსა და სხვა რესურსს აღარ უტოვებს. მაიდანზე „თაფლობის თვე“ უკვე ბოლოსკენ არის მისული, საზოგადოება გადაღლილია და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ამიტომ ის დაწესებულებები, რომლებიც ფსიქოლოგიურ სამსახურს უანგაროდ „მასპინძლობდნენ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამჟამად უკვე ფართის განთავისუფლებასა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობენ. მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახური ისეთ მომენტს მიუახლოვდა, როდესაც მას ინსტიტუციონალიზაცია სჭირდება, ფართი და რესურსები უკვე რეგულარული უნდა ჰქონდეს, საქმიანობა შედარებით უფრო ფორმალიზებული.
მშვიდობიანი კონფრონტაცია vs ფლირტი
წამოსვლის წინა საღამოს, ტრენინგის მერე, თავისუფლების სასახლიდან რომ გამოვედით, მაიდანის სცენაზე ძალიან შთამბეჭდავი სურათი დაგვიხვდა: სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელი მღვდელმთავრები (გარდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა) ერთად იდგნენ და უკრაინის კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის ლოცვას აღავლენდნენ. ამ სცენის დანახვამ შეგვძრა და ომის მოახლოებული საფრთხე კვლავ გვაგრძნობინა...
გუშინ ყირიმში რეფერენდუმის სიმულაცია განხორციელდა. სავარაუდოდ, მისი შედეგები კარგს არაფერს მოუტანს უკრაინას. ერთი რამ კი ცხადია, რომ მაიდანის ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც დღემდე უანგაროდ ემსახურება თავის ხალხს, ახალი გამოწვევების წინაშე დგება, და ამ გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მეტად დასჭირდება კოლეგიალური თუ ადამიანური მხარდაჭერა.
გუშინ კიდევ ერთი მნიშნელოვანი რამ მოხდა: პრეზიდენტმა ობამამ უკრაინის კრიზისი ამერიკისთვის ნაციონალურ საფრთხედ განიხილა და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამ დღეებში, საერთოდ, ბევრი იწერება და ითქმის არა მარტო უკრაინაზე, არამედ მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზეც. იმედია, ეს შიში არ გამართლდება, მაგრამ რისი წინასწარმეტყველებაც შეიძლება - ეს ისაა, რომ თუ ყველა ქვეყანამ, ვისაც ეს ეხება, არ გაუსწორა თვალი რუსეთიდან წამოსული ფაშიზმის საფრთხეს, არ გასწია განზე ადგილობრივი ეკონომიკური ინტერესები, არ გაერთიანდა უკრაინის საკითხის გარშემო და ამის საფუძველზე რუსეთთან მშვიდობიანი, მაგრამ მკაცრი კონფრონტაცია არ მოახდინა - ფაქტობრივად, გავიმეორებთ გასულ საუკუნეში ფაშიზმთან ფლირტით დაშვებულ შეცდომას, და შედეგებიც არ დააყოვნებს.