Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცოტა რამ ტრენინგების შესახებ

19 მარტი 2014

ქართულ მედიას ის აკლია, რაშიც მას ვერავინ დაატრენინგებს - მამაცი, მოაზროვნე და თავისუფალი რედაქტორები და პროდიუსერები, ანუ ის ადამიანები, რომელებიც რეალურად ქმნიან მედიასაც და ჟურნალისტებსაც. ასეთი რედაქტორები რომ გაჩნდნენ, ამისთვის არც მეტი არც ნაკლები, ფულია  საჭირო, ანუ ბიზნესი, ან დონორი, რომელიც დაინტერესებული იქნება ხელი შეუწყოს, დაეხმაროს მედიას, რეკლამა მიიტანოს ან სულაც დაასპონსოროს (ჩვენი ბიზნეს-გარემოდან და საზოგადოების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დღეს პასუხიმგებლიანი მედია ამგვარი დახმარების გარეშე თავის გატანას ვერ შეძლებს)

ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ტრენინგები, სულ რომ ბიბისის მთელი სტაფი ჩამოიყვანოს აქ და ჟურნალისტები და რედაქტორები ერთი წლის განმავლობაში ამეცადინოს, ქართულ მედიას დიდს ვერაფერს დაატყობს - „რუსთავი-2“ „რუსთავი-2-ად“ დარჩება, „ასავალ-დასავალი“ – „ასავალ-დასავალად“, ხოლო დავით აქუბარდია - დავით აქუბარდიად, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ტრენინგი, რომელიც ვინმეს ასწავლის, როგორ და რანაირად უნდა განსაზღვროს სარედაქციო პოლიტიკა. თუკი ვინმე ასეთ ტრენინგს მოიგონებს, ის აუცილებლად განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. „სარედაქციო პოლიტიკა“ ყოველთვის კონკრეტული ადამიანის პირადი არჩევანია, რომელიც სამწუხაროდ, ისეთი მარტივი მექნიზმით, როგორიც ტრენინგია - არ ისწავლება.

ვერც იმას ისწავლიან ჟურნალისტები ტრენინგებზე, რაც ბიძინა ივანიშვილს, როგორც მისი პრეს-კომფერენციებიდან ჩანდა, ძალიან აწუხებს. ის ყოველთვის დააზუსტებდა ხოლმე, რომელი მედიიდან იყო ჟურნალისტი და შემდეგ პასუხობდა. არ არსებობს ბუნებაში ტრენინგი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სატელიტ მედიას ქართული მედია-სივრციდან გააქრობს. 

ახლა მთავარია, ქართულ ტელე-სივრცეში არ გაჩნდეს მედია, რომელიც ისევე ღიად დაუჭერს ხელისუფლებას მხარს, როგორც ამას „რუთავი-2“ და „იმედი“ აკეთებდნენ იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში. მგონი, ძალიან კარგია, რომ მეცხრე არხი დაიხურა და მისი გახსნის სურვილი ბიძინა ივანიშვილს დღეს აღარ აქვს.

ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის როლიც, იმ საზოგადობრივი მაუწყებლისა, რომლის სამეურვეო საბჭოს არჩევაც სამარცხვინოდ გაწელეს სწორედ იმ დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“,  დიდი რუდუნებით რომ შეარჩია თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა.

რა შეიძლება გააკეთოს ტრენინგმა? კარგად ორგანიზებულმა ტრენინგმა შეიძლება კონკრეტული ჟურნალისტის (რომელიც ისედაც მონდომებულია ისწავლოს და ინტერნეტის ეპოქაში ტრენინგების გარეშეც სწავლობს) განათლების დონე აამაღლოს. მაგრამ როცა ჟურნალისტი სამუშაო ადგილას დაბრუნდება, გააკეთებს იმას, რასაც რედაქტორი ან პროდიუსერი მოსთხოვს. თუ არ გააკეთებს, მაშინ შინ წავა, როგორც არაერთი კარგი ჟურნალისტი წასულა ან გაუშვიათ. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.

უამრავ ტრენინგზე ვყოფილვარ და რაც მართალია, მართალია, ყველგან რაღაც მისწავლია. ოღონდ, არა - ჟურნალისტიკა, არამედ - კონკრეტული საკითხები. მაგალითად, თუ როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ან რა პრობლემები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ან კიდევ, რას გულისხმობს თვითმმართველობის რეალური რეფორმა. ამ თემაზე ტრენინგებს, როგორც წესი, დარგის  სპეციალისტები ატარებენ ხოლმე. თემატიკა ფართოა. ოღონდ, თუკი მედიას პასუხიმგებლობის გრძნობით აღსავსე რედაქტორი და ჟურნალისტები ჰყავთ, კონკრეტულ  თამაზე მომუშავე ჟურნალისტისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს იმ ადამიანების მონახვა და მათთან გასაუბრება, ვინც ასეთ ტრენიგებს ატარებს. ისინი როგორც წესი, ღია არიან ამგვარი საუბრებისთვის და ჟურნალისტებისთვისაც ყოველთვის სცალიათ.

და მაინც, მგონია, რომ კარგად ორგანიზებულ ტრენინგებს რაღაც სიკეთის მოტანა შეუძლია. ტრენინგებზე მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ შეიძლება ჟურნალისტებს მუშაობა გაუიოლოთ. ეს არც ისე ცოტაა, მაგრამ ამით ქართული მედია ვერ შეიცვლება.

როგორ ახერხებს რადიო „თავისუფლება“ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქართულ მედია-სივრცეში? აქ პასუხი ძალინ მარტივია - აქვს ტრადიცია, დაფინანსება, სწორი სარედაქციო პოლიტიკა და ფული, რომლითაც შეუძლია, ნიჭიერი ჟურნალისტები დაიქირავოს. სულ ესაა კარგი მედია, სხვა არაფერი.

P.S. სატელევიზიო გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, ექსპერტებსაც დავატრენინგებთო. ჯერ მეგონა, ექსპერტის დატრენინგება ნამდვილი ოქსიმორონია-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ დღევანდელი მთავრობა (ვისთანაც უდავოდ ასოცირდება ივანიშვილი) ამ  საქმეს უკვე კარგა ხანია, ისეთი წარმატებით ახორციელებს, მეტი რომ არ შეიძლება. აბა, საიდან ჩნდებიან „ექსპერტები“, რომლებიც მზად არიან ხელისუფლების ნებისმიერ პროექტს უპირობოდ დაუჭირონ მხარი და თქვან, რომ საყდრისის მაღარო მაღარო არ არის ან ხუდონჰესის არსებული პროექტი უალტერნატივოა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^