Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გედია თუ ციციკორე?

26 მარტი 2014

ეს ცოცხალი, კეთილი, სიყვარულით გატენილი, ღიმილიანი ბიჭი მთელმა საქართველომ შეიყვარა 70-იან წლებში გადაღებული ერთი ფილმის გამო. თენგიზ აბულაძე მაშინ ტიპაჟებს დაეძებდა: როგორც წარმომიდგენია, სხვადასხვა „მგრძნობიარე“  წერტილებში დაგზავნილი ჰყავდა თავისი ასისტენტები (მეც მიმუშავია ასეთ ასისტენტად 90-იან წლებში) და ცდილობდა საკუთარი ფილმის გმირი ეპოვა. ასე აღმოაჩინეს, თუ არ ვცდები, ფიზკულტურის ინსტიტუტთან მდგარი ახალგაზრდა ბიჭი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მოულოდნელად იმ ეპოქის სახე გახდა ლიკა ქავჟარაძესთან ერთად, რადგან მათ მიერ განსახიერებული სიყვარულის ისტორია იგავად, მეტაფორად იქცა - ორი, ყველანაირად ლამაზი ადამიანის სიყვარული და ამ სიყვარულზე განხორციელებული ძალადობა, თანაც მოთხრობილი დიდი ხელოვანის მიერ საბჭოურ რეალობაში, იყო ის, რაც ჩვენ გვაკლდა, გვინდოდა და მივიღეთ...

თუმცა, ცხადია, ეს ისტორია, გიორგი ლეონიძის მიერ კაი ხნის წინ პატარა ნოველებად შეთხზული და მერე კინემატოგრაფიულად გადაკეთებული, ლამაზი არ ყოფილა - იგი საშინელი იყო, და ამ საშინელებას ფილმის ბევრი პერსონაჟი აკონკრეტებდა - ერთმანეთზე უარესები და ზუსტები იყვნენ ყველანი, თუმცა იყო მათ შორის მთავარიც - სოფლის თვითმმართველი ციციკორე, რომელმაც საბოლოო ჯამში ერთპიროვნულად გადაწყვიტა მარიტასა და გედიას ბედი და სამწუხაროდ ვერავინ შეძლო ამ გადაწყვეტილებას შეწინააღმდეგებოდა.

გახსოვთ, როგორ ზის ვირზე უკუღმა ლიკა ქავჟარაძე (მარიტა) და როგორ მორბის მისკენ სოსო ჯაჭვლიანი (გედია)? მორბის ტალახში, და თოფს ესვრიან, კლავენ და ის ეცემა, ტლაპოში იშხლართება და კვდება... გახსოვთ? მანამდე, გახსოვთ, შეყვარებულები წვიმაში როგორ დარბიან და წყლის თუ ტალახის წვეთებს უშხეფებენ ერთმანეთს გუბეებიდან? და ის თუ გახსოვთ, ციციკორე რომ მიუძღვება სადამსჯელო ოპერაციას გახევებული სახით და ტალახს რომ ესვრიან და ეს ტალახი თვალში რომ ხვდება?..  ეს სცენა მე ყველაზე მეტად მაღელვებს ხოლმე. მაღელვებს იმიტომ, რომ მგონია, იგი წინასწარგანზრახული არ იყო. რატომღაც მგონია, რომ  სცენას იღებდნენ, როგორც მითითებული იყო რეჟისორის მიერ, ანუ კოტე დაუშვილი (ციციკორე) მიდის წინ, უკან სხვები მიყვებიან, დამსჯელებიც და დასასჯელებიც, გზისპირიდან კი ყველა, ვინც მომხრეა ამ დასჯის და ვინც ამას აპროტესტებს, ყველა ტალახს ისვრის სხვადასხვა განზრახვით. და ტალახი ხან ვის ხვდება და ხან ვის, რადგან მაგას ვერ განსაზღვრავ, ვერ გაზომავ მილიმეტრებში... და ასე ხვდება გადაღებისას შემთხვევით ტალახი შიგ თვალში ციციკორეს. ამას კი მოსდევს კოტე დაუშვილის ყველაზე ძლიერი არტისტული ჟესტი - რა პრინციპულად იშორებს იგი თვალიდან ტალახს და აგრძელებს გზას. თავის გზას დამსჯელისა... ანუ მსახიობმა აქ ბოლომდე გვაჩვენა ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი დიქტატურის სწამს, რომელმაც იცის, რომ ბოროტება მის უკან, ვირზეა შემომჯდარი და ის სასტიკად უნდა დაისაჯოს და ეს სრული შემთხვევითობაა, მოულოდნელად რომ მოხვდა მას ტალახი თვალში... ციციკორე დარწმუნებულია, რომ სწორად ხედავს სამყაროს და მისი თვალი წმინდაა და რომ მას ვერაფერი შებღალავს - ტალახიც კი...

ზოგი პირდაპირ ებრძვის ბოროტების ამ მსვლელობას: მაგალითად, რევოლუციონერი იორამი (კახი კავსაძე) გაშმაგებული მორბის ხელკეტით ხელში მათკენ და რაღაცას გაჰყვირის, მაგრამ ახლოს არც კი მიუშვებენ - თავს გაუხეთქავენ... თუმცა ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟი მხოლოდ სახლიდან გამოიხედავს: ერთ „თფუ“-ს იტყვის და ისევ მიიხურავს კარს - აი, სულ ესაა მისი პროტესტი...

ფინალი უჩემოდაც გახსოვთ... თუმცა ეს ყველაფერი იმიტომ ხომ არ მომიყოლია, რომ როგორც კინოკრიტიკოსს ფილმი „ნატვრის ხე“ გამერჩია? არა, ამიტომ ნამდვილად არ მომიყოლია... სულ სხვა რამეშია საქმე.

თენგიზ აბულაძე დიდი ხანია ვერ ხედავს, რა ხდება მის ქვეყანაში. როგორ უცნაურად აირია ყველაფერი, მისმა ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა როგორ შეიცვალა სახე. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გედია - ცოცხალი, კეთილი, სიყვარულით გატენილი, ღიმილიანი ბიჭი -ნელ-ნელა როგორ იქცა ციციკორედ - სოფლის ბრიყვ, ბოროტ და თავდამჯერე გამგებლად, უფრო სწორად, ვერ იქცა, თუმცა ჯიუტად სჯერა, რომ ციციკორეა და მას ამ სოფელში ყველაფერი გაუვა: როგორც იტყვის, ისე იცხოვრებს მის ირგვლივ ხალხი; ვისი საქციელიც არ მოეწონება - თითს დაუქნევს და დასჯის; და რაც მთავარია, ჰგონია, რომ ის ყველაზე ბრძენია, მართალია, სუფთაა - აი, თვალში ტალახი რომ ხვდება, ჰგონია, რომ ეს სრული შემთხვევითობაა, რადგან მისი მზერა სუფთაა და წრფელია...

ერთი სიტყვით, მთავარი რაღაცეები აირია. და მე ვერ ვიტყვი, რომ მეშინია ამ ახალი ციციკორეების, რომლებიც ადამიანების ვირზე უკუღმა შემოსმას და მათ ჩაქოლვას მოითხოვენ, მაგრამ ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ ეს დღევანდელი გაშარჟებული ციციკორე რეალურად გუშინდელი გედია შეიძლება იყოს...

გედია, პირადად მოგმართავ, მიყვარხარ, რადგან ჩემი პირველი სიყვარული და შენი სახე ეკრანზე ერთდროულად დაიბადა და მაშინ, შორეულ 70-იანებში შენ რომ გიყურებდი, მეშვიდეკლასელი ბიჭი ყურებამდე შეყვარებულ საკუთარ თავს ვხედავდი... გედია, გაიხსენე შენი წარსული, რომელიც არც ისე შორია... გახსოვს, ვირზე უკუღმად შესმული ადამიანის გადასარჩენად რომ მორბოდი და ტყვია რომ გესროლეს და ტლაპოში გაიშხლართე? გახსოვს, თენგიზ აბულაძე რას გეუბნებოდა მაშინ, როცა უნდა გამოქცეულიყავი და ტყლაპოში გაშხლართულიყავი? ალბათ გიხსნიდა, რატომ უნდა მომკვდარიყავი იმ წუთში, იმ წამში... სიყვარულს უნდა შეწირვოდი... მაშინ ეგ ცნება საბჭოთა საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ ალბათ „ადამიანის უფლებებსაც“ უნდა შეწირვოდი... ნუ, კაი, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის თავისუფლებას უნდა შეწირვოდი... და იქ, სადაც სხვები სიბინძურეს ხედავდნენ, შენ ეს არ არანაირად არ უნდა დაგენახა, რადგან სიბინძურის დანახვის ვნება ყველაზე დამღუპველი ვნებაა ადამიანში...

გედია, ნუ იქცევი ციციკორედ, უფრო სწორად, ნუ შეეცდები იქცე ციციკორედ, კეთილი გულით გირჩევ! მითუმეტეს, რომ ცოტა სხვანაირადაა ახლა საქმე და არანაირად არ გაგივა ეგ ციციკორეობა. ვერ დაღუპავ უკვე ვერავის, პირიქით, საკუთარ თავს დაიღუპავ და მოისპობ... ამით მხოლოდ გედიას გაანადგურებ საბოლოოდ საკუთარ თავში, იმ გედიას, რაც შენში ყველაზე ლამაზი და მართალია და რისი ხსოვნაც შენს ხალხს ჯერ კიდევ შემორჩა...

გედია, შეეშვი ციციკორეობას!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^