მამაკაცური სხეული შეუღწევადობით ხასიათდება. სწორედ შეუღწევადობაა ის, რაც განასხვავებს კაცის სხეულს ქალის სხეულისგან, რომელიც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ნაპრალებით არის სავსე. როგორც კი კაცის სხეულის მთლიანობა და სუვერენიტეტი ირღვევა, უფრო ზუსტად, როდესაც კაცი ვერ ახერხებს, დაიცვას საკუთარი სწორნაწლავის უსაფრთხოება და შეუღწევადობა, ის კარგავს მამაკაცის სხეულს.
მახვილი მზერა, ალბათ, უკვე შეამჩნევდა მსგავსებას მამაკაცურ სხეულსა და კონსტიტუციის სხეულს შორის. კონსტიტუციური სხეული, თანამედროვე თეორიების მიხედვით, მასკულინურია იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციის პრიმატი სამართლის ნორმათა სისტემაში განპირობებულია მისი სტაბილურობით, მისი, ასე ვთქვათ, შეუღწევადობით. კონსტიტუციის ტექსტში ხშირი შეჭრა დაარღვევდა მის დებულებათა სიმტკიცეს და უზენაესობის საფუძვლებს.
ამდენად, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ კონსტიტუციის ტექსტში, კონსტიტუციის სხეულში შეჭრის სურვილი ჰომოსექსუალური ვნებაა. კონსტიტუციის მამაკაცური სხეულის ხშირი გახსნით საქართველოს ხელისუფლებები მუდმივად ცდილობდნენ, ეჩვენებინათ თავიანთი მამაკაცურობა, განემტკიცებინათ ძალაუფლება. ასეთი აქტების დროს, მათი დეკლარირებული მიზანი იყო, გაეუმჯობესებინათ მმართველობის ფორმა, უფრო დემოკრატიულ ტექსტად ექციათ ქვეყნის დამფუძნებელი დოკუმენტი. ისინი გავდნენ ქირურგს, რომელიც მზრუნველი და საქმიანი სახით შედის საოპერაციო ბლოკში, სანარკოზო საშუალებით აძინებს შიშველ და გაპარსულ პაციენტს და თეთრ ხალათს იხდის: მას სხვა მიზნები აქვს.
სწორედ ახლა, როდესაც კონსტიტუცია კიდევ ერთხელ იხსნება, როდესაც მისი სხეულის შეუღწევადობა უნდა დაირღვეს, პრემიერი გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება. სერიოზული მსჯელობა შეუძლებელი ხდება. როგორც ჩანს, კონსტიტუციის გახსნის პროცესში, თავისთავად ჰომოსექსუალურ და პერვერსიულ აქტში, პრემიერი ცდილობს, დახუროს სივრცე თავისუფალი სუნთქვისთვის.