Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იულია ტიმოშჩენკო, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ-ქართული “ლიბერალიზმი” და ნაციზმი

31 მარტი 2014

ჯორჯო აგამბენი თავის კლასიკურ წიგნში “Homo Sacer” კარგად აღწერს დასავლურ ლიბერალურ სისტემას, როგორც ფაშიზმისა და ნაციზმის მშობელს.  რესურსების უკმარისობაზე დაფუძნებული სისტემა ადრე თუ გვიან ყველას მტრად აქცევს. სწორედ აქედან იწყება კორპორატიზმი, რასსიზმი, ნაციზმი და სხვადასხვა ტიპის ფობიები.  იმპერიალიზმიც ცხადია უკმარობის სისტემიდან მოდის. დღეს, ერთი მხრივ, ძალიან რთული საყურებელია, როგორ ინაწილებენ უკრაინას სხვადასხვა იმპერიალისტური ბანაკების წევრები ისე, რომ თვითონ უკრაინელ ხალხს არაფერს ეკითხებიან.  მოსახლეობის უმრავლესობას არც კიევში მომხდარი ამბების შესახებ ჰკითხა არავინ და არც ყირიმში განვითარებული ამბების შესახებ. ახლა ეს ქვეყანა სამოქალაქო ომის ძალიან რეალური საშიშროების წინაშე დგას. მოგეხსენებათ რომ უკრაინაში, ყირიმის გამოკლებით, კიდევ დაახლოებით 8 მილიონი რუსი ცხოვრობს. ისინი მაიდანის ცნობილი მოვლენების შემდგომ გააქტიურდნენ. ზოგი ფედერალურ მოწყობას ითხოვს, ზოგიც უკრაინიდან საერთოდ გამოყოფას.  

ამ დროს კი ვრცელდება უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშჩენკოს, სატელეფონო საუბარი მის ერთ-ერთ მეგობართან, სადაც ის რუსულ ენაზე ნათლად აცხადებს, რომ საჭიროა მაიდანის ყველა მოწინააღმდეგის პირდაპირი მნიშვნელობით მოკვლა. როდესაც მისი თანამოსაუბრე ახსენებს მას, რომ აქ ლაპარაკია 8 მილიონ ადამიანზე, გაზის პრინცესა პირდაპირ ამბობს, რომ ეს 8 მილიონი ადამიანი ატომური ბომბით განადგურებას იმსახურებს. თავიდან ამ ტიპის განაცხადზე, ცხადია, ყველას რეაქცია იყო, რომ ეს გახლავთ უცხოური სპეცსამსახურების PR „ხრიკი“  - თუმცა ტიმოშჩენკომ საუბრის სინამდვილე დაადასტურა და თქვა, რომ „მხოლოდ მცირე დეტალებია“ მიმონტაჟებული. ეს თავისთავად დასავლეთსაც ყურზე მოხვდა და ბევრმა მისმა ყოფილმა თავისუფლების დამცველმაც კი განაცხადა, რომ ასეთი გამონათქვამები არანაირ ცივილიზებულ დისკურსში არ ჯდება და მისი კანდიდატურის განხილვა უკაინის პრეზიდენტად უკვე სერიოზულობას მოკლებულია.  მოგეხსენებათ, რომ ტიმოშჩენკო პარტია „ბატკივშჩინას“ საპრეზიდენტო კანდიდატია.  მას ამჟამად რეიტინგებში მხოლოდ 8-9 პროცენტი აქვს და ის ჩამორჩება მემარჯვენე ფრთის სხვა წარმომადგენლებს.  ზოგიერთი დასავლელი პიარის სპეციალისტის აზრით, ეს ღიად ნაცისტური კომენტარები ტიმოშჩენკოს მხრიდან სწორედაც რომ რადიკალურად მემარჯვენე და ქსენოფობი უკრაინელი ამომრჩევლის მოსაზიდად არის გაკეთებეული, რადგან ეს მის სუსტ წერტილად ითვლება.  ტიმოშჩენკო თვითონ დნეპროპეტროვსკელია - ანუ უკრაინის „რუსული ნაწილის“ წარმომადგენელი. მან უკრაინული ენაც კი არ იცოდა, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა. ის მხოლოდ 1990 წლებში პოლიტიკური კონიუნქტურის ნაციონალიზმისაკენ შეცვლის პერიოდში შეისწავლა. ყველამ იცის რომ „გაზის პრინცესა“ საკმაოდ მოქნილი პოლიტიკოსია - მან მოახერხა რომ ეჯობნა იუშჩენკოსთვისაც, იანუკოვიჩისთვისაც, და ყველა თავისი ყოფილი მამაკაცი ბოსისათვის.  და ამის შემდეგ იგი ქალისათვის ასეთ მეტად უჩვეულო „მაჩიზმოთი“ სავსე აშკარად ქსენოფობიურ განცხადებას აკეთებს, რომელსაც ბოლომდე არც კი უარყოფს. ეს საარჩევნო კამპანიაა. თუმცა ტიმოშჩენკოს ამ გამოთქმამ ბევრი მისი ნაციონალისტი თანამებრძოლიც აიძულა, რომ გამიჯვნოდა ამ ფრაზებს.  ამ ტიპის სენტენციების აშკარა მხარდაჭერა აღარ მომხდარა 1930 წლების შემდეგ და კაცობრიობამ დიდი ხანია უკვე უარი თქვა ასეთი ტიპის რადიკალურ და ძალმომრეობის შემცველ განცხადებებზე და ქმედებებზე.  მაგრამ, ქალბატონი იულიას გვერდზე მყისვე აღმოჩნდა მისი თანამოაზრე და მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი.  ის „ბატკივშჩინას“ პარტიის ყრილობას ეწვია და ტიმოშჩენკოს კანდიდატურას პრაქტიკულად ღია ენდორსმენტი გაუკეთა.  

რაშია საქმე? რატომ ხდება ისე, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ფაშიზმზე და ნებისმიერი ტიპის დისკრმინაციაზე უარს ამბობს, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელწმიფოს პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის თავისუფლებისთვისაც ერთი წლის წინ მთელი ცივილიზებული სამყარო იბრძოდა, უცებ ღიად ისეთ ნაცისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლისაც შეიძლება ჰიტლერსაც შეშურებოდა.  8 მილიონი ადამიანის ატომური ბომბით „განადგურება“ აშკარად ჰგავს ჰიტლერის „საბოლოო გადაწყვეტილებას“ ებრაელებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ჰიტლერს ატომური იარაღი არ ჰქონდა. ტიმოშჩენკოსაც თითქოს არ უნდა ჰქონდეს, თუმცა უკრაინა მაინც ყოფილი ბირთვული სახელმწიფოა.

სამარცხვინოა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გამონათქვამის ავტორს მეგობრობას ეფიცება და არჩევნებში (უკვე მეორედ) აშკარად ეხმარება.  სააკაშვილს თვითონაც ეკუთვნის რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამები (გავიხსენოთ: "ჩვენ რა ზანგები ვართ?" და „ეს მონღოლოიდები!“..  თითქოსდა ან შავკანიანები ანდაც მონღოლები სააკაშვილზე რამით ნაკლებნი არიან). მაგრამ, აქ უკვე პირდაპირ მუქარასთან გვაქვს საქმე. ეს გამოთქმები საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მათი ყურადღების მიღმა არც სააკაშვილის მიერ ტიმოშჩენკოს მხარდაჭერა დარჩენილა. ახლა სააკაშვილი და მისი კგბ-ს ოფიცერი ბიძამისი ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა ასწავლონ და ტიმოშჩენკოსმაგვარი ექსტრემალური ქმედებისაკენ უბიძგონ.  ეს ცხადია, საქართველოსათვის მთლიანად დამღუპველი იქნება. ერთია, რომ მხარი არ დაუჭირო არც რუსულ, და არც სხვა რომელიმე იმპერიალიზმს და აქტიურად, არაძალადობრივად შეეწინააღმდეგო მას, როგორც ამას მერაბ კოსტავა აკეთებდა, და მეორეა, რომ “გაზის პრინცესას“ ამ აშკარა ნაცისტურ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთო როგორც მხარე. გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა ნებისმიერი სახელწმიფოს შიდა საქმეებში მთლიანად მიუღებელია, ნეო-ნაცისტი კანდიდატების მხარდაჭერა ამაზე კიდევ უფრო დიდი კაზუსია. ტიმოშჩენკომ ამ კომენტარებით გამოაჩინა, რომ მას გათვლილი აქვს საარჩევნო სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია ექსტრემისტულად განწყობილი ულტრა-მემარჯვენე ელექტორატის მობილიზებისკენ. ცხადია, როგორც წესი, ასეთი კანდიდატები ვერ იმარჯვებენ, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, მაგალითად, რაიხსტაგის 1933 წლის არჩევნები – როდესაც ნაცისტებმა გერმანიის "ლიბერალურ" სისტემაში უპრობლემოდ გაიმარჯვეს.   

სწორედ აქ არის ძალიან საინტერესო ჯორჯო აგამბენის ანალიტიკური ჩარჩოები დღევანდელი პოლიტიკური მეცნიერების რესურსში.  ნეოლიბერალური სისტემა ისევ და ისევ იმეორებს გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ლიბერალური სისტემის შეცდომებსა თუ დანაშაულებს - ისევ და ისევ ხდება „უკმარისობის მოდელის“ – როგორც რესურსების, ასევე ძალაუფლების უკმარისობის მოდელის – წახალისება. აქედან გამომდინარე, როგორც ჰიტლერი ან მუსოლინი არ იყო ცალკეული და უჩვეულო მოვლენა 30-იანი წლების დასაწყისისათვის, არც ტიმოშჩენკო და სააკაშვილია დღევანდელი მსოფლიოსათვის გამორჩეული ფაშისტი.  დიახ, ეს განწყობები წახალისებულია უკმარისობის სისტემაზე მდგარი ლიბერალური ღირებულებებით.  თუკი ჩვენ გვაქვს Zero-Sum (ნულოვანი-ჯამის) თამაში, მაშინ სრულიად მოსალოდნელია ასეთი ლიდერების არამარტო გამოჩენა (ისინი ბუნებაში ყოველთვის არსებობენ), არამედ მათი ელექტორალური წარმატებაც.  ტიმოშჩენკო არც ისე უჭკუო პოლიტიკოსია, რომ არ იცოდეს რას ამბობს - მას ეს სიტყვები აშკარად არჩევნებზე აქვს გათვლილი. მას იმედი აქვს, რომ უკრაინაში ამ ამღვრეულ წყალში 1933 წლის გერმანიის მოდელი განმეორდება.  ცხადია, მისი ქვეყნის სამხედრო ძალა სულ არ არის იგივე, მაგრამ მისი ელექტორალური წარმატებისთვის ასეთი განცხადება შეიძლება მომგებიანი იყოს. ისევე როგორც პუტინისთვის უაღრესად მომგებიანია რუსული იმპერიალისტური ნაციონალიზმის დროში აწევა და ისევე როგორც სააკაშვილისთვის იყო მომგებიანი ნაციონალური ექსტრემზმი და 2008 წლის ომი. დიახ, ამ ოპორტუნისტი პოლიტიკოსების საქციელი მიღმას ბევრად უფრო სიღრმისეული პრობლემა დგას.  

დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც მოკლებულია „ავთენტურ ღირებულებებს“, სადაც ერთადერთი საზომი მატერიალური სიმდიდრე და ძალაუფლებაა. ეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საყოველთაო დაავადებაა. მასთან ბრძოლა ყველა ერმა საკუთარი რესურსებით უნდა სცადოს, თუმცა არც სხვების კარგი გამოცდილება უნდა დავივიწყოთ.  როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ დღევანდელი ნეოლიბერალიზმის მიერ დამკვიდრებული „საყოველთაო ფაშიზმის“ სიდნრომს, სადაც უკვე მეინსტრიმ პოლიტიკოსებს არ ერიდებათ ლაპარაკი 8 მილიონი ადამიანის განადგურებაზე?! ხომ არ იქნება სწორი, რომ ადამიანის ფუნქცია სხვა კუთხით დაგვენახა და მატერიალური „წარმატების“  ადგილას ადამიანური არსებობის სხვა საზრისი მოგვეაზრებინა. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი მაგალითი ყოფილა, როდესაც ადამიანები იდეას, კეთილშობილურ იდეას ემსახურებოდნენ. აგრეთვე, იგივე პავლე მოციქულის და სხვა მოაზროვნეთა უნივერსალური ჰუმანიზმი, რომელიც პრაქტიკულად დაკარგულია დღეს ჩვენთანაც და ბევრ სხვა ადგილასაც, - იქნებ ჩვენ გავიაზროთ და დავაბრუნოთ ის.

ჩვენ, ქართველებსაც გვაქვს ასეთი მაგალითები.  ერთ-ერთი მათგანია გრიგოლ ხანძთელი, საყოველთაო ჰუმანიზმის ქართველი მსახური ჯერ კიდევ ე.წ. „ბნელ შუასაუკუნეებში“.  კიდევ ერთი მაგალითია ვაჟა ფშაველა და მისი ნაწარმოებები. „სტუმარ–მასპინძლის“ სული დღეს აშკარად აკლია ჩვენს ქსენოფობიურ და ნახევრადფაშისტურ გარემოს, სადაც რუსოფობია თუ ნებისმიერი სხვა სიძულვილი ერთმანეთს წარმატებით ანაცვლებს. თანამდეროვე მწერლებში და მოაზროვნეებშიც გვყავს ასეთი ავტორები. მე მინდა ორი ქალბატონი გამოვყო, რომელიც არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი, მაგრამ თავისი ჰუმანისტური აზროვნებით ნამდვილად ყველა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსზე მეტს აკეთებს.  ეს არის ნაირა გელაშვილი და დოდონა კიზირია.  ორივე ეს ქალბატონი უკვე კარგად არიან დამკვიდრებულები სალიტერატურო თუ სამეცნიერო წრეებში - ისინი დიდი ხანია უკვე საკაცობრიო ჰუმანიზმის სამსახურში დგანან.  მათ, ჰაიდეგერს რომ დავესესხო, „ნაღდად“ აქვთ გამოკვეთილი ჰუმანისტური მისია, რომელსაც საქართველო შეიძლება ემსახუროს. ეს არის კავკასიურ კონტექსტში ვიწრონაციონალიზმზე და ქსენოფობიაზე მაღლა დადგომა და საერთო-კავკასიურ სახლზე ფიქრი.  ევროკავშირიც ხომ ასეთი სისტემაა.  ჩვენც შეგვიძლია, რომ ვიყოთ ჰუმანისტები - უბრალოდ ამ ჰუმანიზმს აღორძნება სჭირდება.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ავტორის დასახელება შეიძლება ქართულ რეალობაში, მათს შორის ახალგაზრდა მწერლების გიორგი ლობჟანიძის, გაგა ნახუცრიშვილის, რატი ამაღლობელის, შალვა ბაკურაძის, ზურაბ რთველიაშვილის და კიდევ ბევრის. ჩვენ გვყავს აგრეთვე ისეთი სერიოზული მოაზროვნეები საზღვარგარეთ, როგორც გია ეძგვერაძე ან პაატა ქურდაძეა. და ამ დროს ჩვენი „ინტელექტუალური ელიტა“ ვერ სცდება „იდენტობის პოლიტიკის“ კონიუნქტურით დადგენილ ჩარჩოებს, ვერ ახერხებს რომ გასცდეს ვიწრო კორპორატიულ ფსიქოლოგიას. ვერ სახავს არსებობის ახალ პარადიგმას, რადგან მისთვის გადაკეტილია შემოქმედებითობის საწყისი.  და როდესაც ასეთი რამ ხდება, მაშინ ტიმოშჩენკოს და სააკაშვილის სინდრომი გარდაუვალია ამ ტიპის ინტელექტუალებისთვისაც. 

დიდი ხანია, რაც მოდერნი ისტორიას ჩაბარდა. ახლა უკვე პოსტმოდერნიც წარსულია, როდესაც ადამიანის იდენტობა იყო მისი არსის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.  ახლა ადამიანის ღიაობა და ქმედება უნდა განსაზღვრავდეს მის ყოფიერებას - მის Dasein-ს.  ჩვენ ეს შეგვიძლია და არ უნდა შეგვეშინდეს ამ გამოწვევის.

თუ არადა ტიმოშჩენკოები, სააკაშვილები, კგბ-ს გენერალი პუტინი თუ თემურ ალასანია ნორმალური მოვლენა იქნება - და კაცობრიობა კატაკლიზმების წინაშე დადგება.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^