Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კეთილი ღმერთი დეტალებში მკვიდრობს

09 აპრილი 2014

 

 "The dear God dwells in the details"- Aby Warburg.[1]

 

ქვემომდებარე ტექსტი რამდენიმე საფეხურიანია. კავშირი მათ შორის შეიძლება მხოლოდ ენიგმატური იყოს... ან, შეიძლება, მკაფიოც...

*  *  *

ახლახან გამოჩნდა „სასიხარულო“ ცნობა, რომ წმინდა ათონის მთაზე, რუსულ მონასტერში აღსდგა ქართული წირვა-ლოცვა . რატომ ახლა და არა აქამდე? ან რატომ არ დაახანა კიდევ?! პროსრუსულ პროპაგანდას ხომ არ უნდა მივაწეროთ ეს?!

 *  *  *

მათეს სახარების 25-ე თავში მოცემულია ‘საშინელი სამსჯავროს’ იგავსახე. იესო ზის ტახტზე და ასამართლებს კაცობრიობას. გამტყუნებულები მიდიან მისგან მარცხნივ, ანუ ჯოჯოხეთში, გამართლებულები მარჯვნივ, ანუ სამოთხეში. ორივე ჯგუფისათვის განაჩენი ამგვარად მთავრდება: ‘რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ // რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ’.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავდაპირველად აქ ‘მცირე ძმა’-ში იგულისხმებოდა იესოს მიმდევარი, ხოლო კაცობრიობა განისჯებოდა იმის მიხედვით თუ როგორ მოეპყრობოდნენ მათ. ანუ, ‘მცირე ძმა’-ში არ იგულისხმებოდა ყოველი და თითოეული ადამიანი („ხატ-მსგავსება ღვთისა“), როგორც ეს შემდგომში იქნა კომენტირებული და გაგებული. ამიტომ, რასაც უშუალოდ ქვემოდ ვამბობ, არანაირად არ იქნებოდა პირველადად ნაგულისხმები და მხოლოდღა ჩემი ინტერპრეტაციაა.

იგავსახე აღწერს საყოველთაო განკითხვას. განიკითხებიან ქრისტიანებიც, რომელმაც იციან ეს ტექსტიც და ის, რომ თითოეული ადამიანი „ხატ-მსგავსებაა ღვთისა“. რაღანაირად ჰკითხავენ ეს ადამიანები იესოს: "უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და (არ) დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და (არ) გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და (არ) შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და (არ) შეგმოსეთ შენ?  როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და (არ) გინახულეთ"?

აქ განმარტება შეიძლება იყოს შემდეგი. განკითხვა არის ყოველწამიერი. „ჟამი განკითხვისაი“ არაა გადადებული დროის ბოლოში -- ის  ჩვეულებრივი წრფივი დროის თანამდევია. მყისიერად ვცნობთ ან ვერ ვცნობთ ადამიანში „ხატ-მსგავსება ღვთისას“, ანუ თავად იესოს. იმავე მომენტისაა იესოს სიტყვები, ‘ვერ (კი) მიცანი’. მყისიერად ხდება-აღსრულდება ცნობა-ვერცნობა და სამსჯავრო-სასუფეველი-ჯოჯოხეთი. სამყაროს აღსასრული და ცათა სასუფეველი მოქმედებს დროის გასწვრივ და დროში -- პირველი შემოდის მეორეში მყისების, ანუ მომენტების საშუალებით და შიგნიდან აფუებს მას, მეორეს...

 

***

საპატრიარქოში დაწინაურებულ პროტოპრესვიტერ გიორგო ზვიადაძეს შემდეგნაირად აქვს ნათარგმნი წმ. კლიმენტი რომაელის ‘პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ’: ‘ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს (παροικοσα) რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს!’ (http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=73:-1-&catid=38:2009-12-29-11-32-24&Itemid=66&lang=ka). პროტოპრესვიტერი შენიშვნაში ურთავს, რომ სიტყვა ‘παροικοσα ძვ. ბერძნულიდან ითარგმნება როგორც: ”ხიზანი”, ”მწირი”, ”უცხო მხარეში მცხოვრები”. ამით გამოიხატებოდა ქრისტიანთა შეგნება, რომ ისინი მწირობაში იმყოფებიან ამ მიწაზე [და ა.შ.]’.

თავისთავად ‘მკვიდრობს’ ამავე დროს ნიშნავს ბერძნულ κατοικειν.

დავამატებდი, რომ არსებობს კიდევ ერთი არაბული წარმომავლობის იგივეს აღმნიშვნელი სიტყვა, კერძოდ ღარიბი/ყარიბი

‘ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული.

- წა, ჰკადრე შენსა პატრონსა  ესჩემი დავედრებული:

ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,

ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული.’

ნამდვილი სამშობლოს, ანუ ზეციურ ‘საყოფს/სამყოფელს მოშორებული’ ამაქვეყნიური დრო სრულად მაინც არაა ‘მოშორვებული’ პირველს, რადგან ის შემოდის მეორეში და თანამდევია მისი ისევე, როგორც თინათის ხსოვნა ავთანდილის გონებასა და ქცევაში.

ავღნიშნავდი, რომ მოგზაური-ხიზანის ორი შესატყვისი ღარიბი-მწირი ახალქართულში უქონელს ნიშნავს, გლახაკს.

არსებობს კიდევ ერთი სიტყვა, ‘მსხემი’...

***

თავისუფალი თარგმნით ამონარიდები თანამედროვე იტალიელი ფრიად სახელგანთქმული და საქვეყნოდ აღიარებული ფილოსოფოსი ჯიორჯიო აგამბენის პარიზის ნოტრე-დამის საკათედრო ტაძარში წარმოთქმულ სიტყვიდან (2009წ).

კლიმენტი (I საუკუნე) ამგვარად იწყებს კორინთელთადმი წერილს: ‘ჩვენი უფლის რომში თანამოგზაური (παροικουσα)  ეკლესია კორინთოში თანამოგზაურ (παροικουσα) ჩვენი უფლის ეკლესიას’. სიტყვა παροικοσα არის სიტყვა κατοικειν-ის საპირისპირო. ეს უკანასკნელი ნიშნავს თუ როგორ მკვიდრობს ქალაქის, სახელმწიფოს ან იმპერიის მოქალაქე...

ეკლესიის ‘თანა-მოგზაურობა’ (მწირობა-ღარიბობა) მიწაზე/ქვეყნიერებაზე [სიტყვა ქვეყანა ძველქართულად მიწას ნიშნავს --კ.კ] შეიძლება გრძელდებოდეს ათასწლეულები ისე, რომ არ იცვლებოდეს მისი (ეკლესიის) განცდა მესიანური ჟამის/დროისა [მესია, ანუ მხსნელი იესო ქრისტე -- კ.კ]...

იმის გამო, რომ მეორედ მოსვლამ დააგვიანა, ანუ გადაიდო, ეკლესიამ შეწყვიტა პარიკოინ/ღარიბობა და დაიწყო კატიკოინ/მკვიდრობა ამასოფელში და ამდენად ფუნქციონირებს სხვა ამქვეყნიური ინსტიტუციების მსგავსად...

"ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოდის, როგორც მპარავი ღამით /ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის (ερχεται)". ამ ფრაზაში "მოიწევის/მოდის (ερχεται)" არის აწმყო დროში ისევე, როგორც სახარებაში მესიას ეწოდება "οερχομενος", "ის ვინც მოდის" -- ანუ, ის, ვინც არასოდეს წყვეტს მოდიოდეს. ჰქონდა რა ღრმად გაგებული მოციქულ პავლეს აზრი, უოლტერ ბენიამინი (Walter Bendix Schoenflies Benjamin (1892–1940) წერდა, "ყოველი დღე, ყოველი მყისი/მომენტი მცირე კარია, რომლითაც მესია შემოდის"...

განსხვავებულია "მესიანური დრო" და "აპოკალიპტური დრო". მესიანური არაა დროის დასასრული არამედ არის დასასრულის დრო. რაც მესიანურია ის არაა დროის დასასრული, არამედ თითოეული მომენტის კავშირი დროის დასასრულთან და მარადიულობასთან. ამდენად, საინტერესოა არა ბოლო დღე, მომენტი როცა დრო დასრულდება, არამედ დრო, რომელიც აკავშირებს და იწყებს დასასრულს...

მესიანური დრო არის მესიანურ მოვლენა/ხდომილებასა, რაცაა აღდგომა, და ჟამის დასასრულს შორის, რაცაა მეორედ მოსვლა/საყოველთაო აღდგომა...

მესიანური დრო პულსირებს და მოძრაობს ქრონოლოგიურ წრფეზე და  მას გარდასახავს შიგნიდან, მისივე წიაღიდან...

პავლე მოციქულის შემდეგი პასაჟი კარგად აღწერს მესიანურ დროს: ‘უკვე შეკუმშულია ჟამი (ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან); ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,  თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი; ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც არა  ზედმეტადმხმარებელნი (καταχρωμενοι, ბოროტად გამომყენებელნი), ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი’ (1კორ7:29-31)... 

მოციქული პავლესათვის მესიანური არაა მომავალი დრო: ‘აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ’ (2კორ 6:2)...

მესიანურ დროში ცხოვრება, ამ დროის განცდა არაა ის რაც ეკლესიას შეუძლია აირჩიოს ან არ აირჩიოს. ესაა ერთადერთი დრო სადაც ეკლესია როგორც ასეთი შეიძლება იყოს და არსებობდეს...

შეგვიძლია ვიპოვნოთ დროის ამგვარი გამოცდილება დღევანდელ ეკლესიაში? ესაა კითხვა, რომელიც დაისმის ეკლესიის მიმართ რომელიც თანაცხოვრობს/თანამოგზაურობს დღეს პარიზში. რომის ეკლესიამ დახურა ესქატოლოგიური (ბოლო ჟამის, მესიანური დროის) სარკმელი. და მწარედ ირონიულია რაც ფრანგმა თეოლოგმა ალფრედ ლუაზიმ (Alfred Firmin Loisy (1857-1940) ერთხელ აღნიშნა: ‘ქრისტემ გამოაცხადა სასუფევლის მოსვლა და რაც მოვიდა არის ეკლესია’...

ეკლესიამ მიატოვა მესიანური დრო და სეკულარულ წრფივ დროს მიეცა და ესქატოლოგიური სასწრაფოობა ღებულობს მაგიურ  და პაროდიულ ფორმებს [საართველოში ეს ვლინდება აიდი ბარათებთან დაკავშირებულ პრობლემატიკად თუ ივერიის გაბრწყინების სიახლოვის თვითდაჯერებად და თავდაჯერებულობად -- კ.კ]...

ეკლესია შეძლება იყოს ცოცხალი ინსტიტუცია იმ პირობით თუ ის დაიცავს დროის დასასრულთან უშუალო კავშირს. ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით არსებობს ერთადერთი ლეგალური ინსტიტუცია, რომელიც არ იცნობს წყვეტას და არც დასასრულს: ჯოჯოხეთი. ესაა თანამედროვე პოლიტიკის მოდელი, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოს დაუსრულებელ ეკონომიაზე. ამგვარად ის თავს წარმოაჩენს როგორც ჯოჯოხეთურს. ხოლო, თუ ეკლეისა მოიკვეცს თავის ჭიპლარს თანაწარმავალობა/თანამოგზაურობასთან მაკავშირებელს (παροικουσα), მაშინ ის დაკარგავს საკუთარ თავს დროში...

გამოიყენებს ეკლესია თუ არა თავის ისტორიულ შესაძლებლობას და კვლავ მიიღებს თავის მესიანურ მოწოდებას? თუ არა და მაშინ რისკი საკმაოდ ცხადია: ის წარიხოცება იმავე სახის მარცხით, რაც ელის ნებისმიერ ხელისუფლებასა და მმართველობას მიწაზე.

*  *  *

საქართველოში ეკლესიას დიდად არ გაუპროტესტებია 1801 წლის ანექსია და პირველი ეგზარქოსიც ქართველი იყო -- მხოლოდ პირველი და ისიც დროებით. მერე უკვე გვიან იყო...

*  *  *
თუკი რუსეთი დღეს მანიპულირებს თავისი ეკლესიით, რუსული მონასტრით ათონზე, რათა გავლენა მოახდინოს დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის მერყევ ქართულ ორიენტაციაზე; თუკი რუსულმა ეკლესიამ თავის „მესიანური ღვაწლისათვის“ საჭიროდ ჩათვალა რუსულ იმპერიას ჩაუდგეს სამსახურში, კარგი იქნება ჩვენმა ეკლესიამ მაინც გაიხსენოს თავისი მესიანური მოწოდება და მთავარ საზრუნავად ამქვეყნიურის მოხმარება, ზედმეტსარგებლობა არ გაიხადოს. ზედმეტსარგებლობაა ის გადამეტებული „ზრუნვა“ „სამშობლოზე“, „ერზე“ და ჯიპებზე (სამწუხაროდ გვიწევს ამ ბანალობის აღნიშვნა). მეტიც, ზოგადმართმადიდებლური იდეებით არ გაიზიაროს რუსეთის და-ეკლესიის „მზრუნველობა“ „მოძმე ერების“ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ თამაშში არ ჩაერთოს უნებურად.

ჯიორჯიო აგამბენი ზემომოყვანილ სიტყვაში ახსენებს დოსტოევსკის ‘დიდ ინკვიზიტორს’ ‘ძმები კარამაზოვებიდან’. იქ, ქრისტეს დამატყვევებელი კარდინალი/ეპისკოპოსი ზრუნავს ზოგადად ხალხზე, რომელსაც სჭირდება პური და უსაფრთხოება. ხალხზე ზრუნავს იკვიზიტორით სიმბოლიზირებული ეკლესია, როგორც ძალაუფლების ინსტიტუტი, ზოგადად ხალხის კეთილდღეობაზე და თავისუფლების მესიასთან კავშირს უარყოფს. ხალხის ამქვეყნიურ საზრუნავს მიცემულ ინტიტუციად მიიჩნევს კარდინალი ეკლესიას -- ეკლესიას რომელიც მკვიდრობს მიწაზე და არ ღარიბობს არამედ მდიდრობს. მას მიაჩნია, რომ სჭირდება რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე და მეტი ძალაუფლება, რომ განახორციელოს თავის მისია. მაგრამ, ეს ხომ სახელმწიფოს ფუნქციაა, რომლის ტერიტორიაზეც ‘თანა-მოგზაურობს’ ეკლესია.  თითოეული „ღვთის ხატ-მსგავსი“ ადამიანზე ზრუნვის უპირატესობა ახვედრებს ეკლესიას მესიასთან. ეკლესია ყოველდღიურად უნდა კმაყოფილდებოდეს მცირედით და აუცილებლით. იგი როგორც ესქატოლოგიურ-მესიანური მოვლენა ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს იესო-მესიას თითოეულ ‘მცირე და/ძმაზე’. ის უნდა იყოს არა ძალაუფლებისა და სიმდიდრის ორგანიზაცია და ინსტიტუტი, არამედ თითოეულ დღეს მთლიანად უნდა განიძარცვებოდეს სიმდიდრე-ძალაუფლებისაგან და ამით შიგნიდან გარდაქმნიდეს დროს, რომელშიც მდებარეობენ ძალაუფლების განსხვავებული ინსტიტუციები...
*  *  *
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასულიერო აკადემიის რექტორი და საყვირი საპატრიარქოსი, სიტყვა პაროიკიას (παροικειν) კატიკიათი (κατοικειν) ანაცვლებს ეკლესიის ამაქვეყანასთან ურთიერთობის აღნიშვნისათვის. ეს მან ოთხმოცდაათიანი წლების შუახანებში გააკეთა, ანუ მინიმუმ ათი წლით ადრე, ვიდრე ჯიორჯიო აგამბენმა წარმოთქვა ზემომოყვანილი სიტყვა, სადაც მან პაროიკიას (παροικειν) კატიკიასთან (κατοικειν) პრინციპული შეუსაბამობა აჩვენა.   არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ არანაირად არ შეიძლება შედავება პატივცემულ მამაოსთან. ეს უბრალოდ დამთხვევაა. ეს მხოლოდ დეტალია. თუმცა, ისიც ნათქვამია, რომ კეთილი ღმერთი დეტალებში მკვიდრობს...


[1]  Giorgio Agamben, The Church and the Kingdom, London New York Calcutta, India 2012, 50

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^