Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხალხის ხმა პარლამენტში

17 აპრილი 2014

ძალაუფლება ვლინდება იქ, სადაც დისკურსს თრგუნავენ. საჯარო სივრცე სრულიად სპეციფიკურად არის მოწყობილი. ერთი მხრივ, ადგილი, მეორე მხრივ კი კონტექსტი განაპირობებს საუბრის შინაარს, ანიჭებს მას არა მხოლოდ ნამდვილ და გასაგებ აზრს, არამედ ლეგიტიმაციასაც. ადეკვატურობა - ეს სიტყვა იტევს მთელ საზრისს. ეს ასამართლებს მათ, ვინც ანგარიშს არ უწევს მისსავე მოთხოვნებს. ის სდებს ბრალს და ისვე ანიჭებს სიცოცხლის ძალას ნებისმიერ გამოხატვას.

,,ადეკვატურობის’’ შინაარსი წესრიგით არის განსაზღვრული, წესრიგით რომელშიც საჯარო სივრცეა გადანაწილებული. ჩვენ სუნით ვგრძნობთ სად რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც ჩავიცვათ, რა სიტყვები უნდა გამოვიყენოთ, და ვინ ვიციტიროთ. ჩვენ მუდმივად, ყოველ  წუთს, წამიდან წამამდე ვიტანჯებით როდესაც ვცდილობთ ადეკვატურობის მოთხოვნებს მოვერგოთ, ეს თითქოს გაბმული დისკომფორტია ჩვენს ცნობიერებაში და სწორედ ეს განსაზღვრავს დისკურსს.

რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ვნახეთ გიორგი ხასაია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ კანონპროექტის წარდგენისას (როგორ ბანალურად სიმბოლურია) ის მოულოდნელად, უფრო მალულად, განაპირას მჯდომი, რთავს მიკროფონს და იწყებს ,,მელია-ტულეფიადან’’ ერთ-ერთი ეროტიკული პასაჟის კითხვას. მისი ხმა უეცრად ჩნდება საკომიტეტო განხილვაზე და მასში ერთვება. გიორგი ხასაიას ტექსტი ისე შეჰყავს საერთო მსჯელობაში, შეუძლებელია ვირტუალური ტაში არ მოსწყდეს კომპიუტერის ეკრანებთან მსხდარ აუდიტორიას. ფოკუსის შეტრიალების შედეგად პრეზიდიუმი აუდიტორიად იქცევა. ჩვენ ყველას გვახსოვს მათი სახეები. სხდომის თავმჯდომარე სრულიად ცივილიზებულად, ისე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი გააკეთებდა, ჟანრის, ეთიკისა და სამართლიანობის ყველა პრინციპის მიხედვით, იქცევა. მანდატურებს მიმართვს: ,,გაიყვანეთ... და გაარკვიეთ რა უნდა.’’ ის აშკარად ძახილის ნიშნებით, თუმცა ღირსეულად, ლაპარაკობს. ჩანაწერში მისი ეს ფრაზა რამდენჯერმე, ექოსავით ისმის: ,,გაიყვანეთ... და გაარკვიეთ რა უნდა.’’ საპარლამენტო ცხოვრებაში ეს ეპიზოდი მალე და უსისხლოდ სრულდება.

გუშინწინ, ჩვენ, იმავე მედიასაშუალების მიერ გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო ვნახეთ. იმავე კომიტეტზე, იმავე პროცესში, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას, დეკანოზი დავით ისაკაძე ცდილობს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას, მაგრამ პროცედურის მიხედვით, გამოსვლები ამოწურულია და კომიტეტის თავმჯდომარე მას არ აძლევს ამის საშუალებას.

თითქოს იგივე ასოციაციები ჩნდება. მეორე სიუჟეტის ნახვის შემდეგ, მე პირველი გამახსენდა. თითქოს ეს მგავსი შემთხვევებია, მაგრამ როგორც ერთმა პროფესორმა მითხრა ადრე, ნამდვილი ანალიზისთვის მსგავსებები კი არა განსხვავებები უნდა ეძიო.

რანსიერი ტექსტში ,,10 თეზისი პოლიტიკის შესახებ’’ (უნდა ითქვას, მისი ქართული თარგმანი აღფრთოვანებას იწვევს) დემოკრატიის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს დემოსის ცნებაზე და ამბობს: დემოსი არის ის, ვინც ლაპარაკობს მაშინ, როცა ამის უფლება არ აქვს და მონაწილეობს იმაში, რაშიც წილი არა აქვს. ამავე ტექსტში, რანსიერი უპირისპირებს პოლიციას და პოლიტიკას, როგორც ანტითეზებს. პოლიტიკა დემოსის მოქმედებაა, პოლიცია კი მუდმივად ცდილობს მის ჩახშობას. სხვაგვარად პოლიცია არის წესრიგი, პოლიტიკა კი სრულიად უადგილო შემოჭრა ამ წესრიგში. პოლიტიკა პოლიციურ წესრიგს კარიკატურად აქცევს.

პირველ შემთხვევაში, ზედმიწევნით ზუსტად ჩანს ეს დაპირისპირება. გიორგი ხასაია ლაპარაკობს იქ, სადაც ლაპარაკის უფლება არ აქვს და მონაწილეობს იმაში, რაშიც წილი არ აქვს. ის, იქ, არავის მიუწვევია, პარტიზანულად შევიდა, საკუთარი პიროვნულობის მანიფესტაციას არ ახდენს, ის ბოლომდე ინკოგნიტოდ რჩება, მაშინაც კი, როდესაც საუბარს ასრულებს და საკუთარ ვინაობას ასახელებს, წესრიგი მას ვერ ითავისებს. მას ვერ ცნობენ. ის იმ რეალობის ნაწილი არ არის. დამსწრეთათვის გაუგებარია მისი მოტივი, მიზანი და სიტყვები. კომიტეტის თამჯდომარის სიტყვები (,,გაიყვანეთ და გაარკვიეთ რა უნდა’’), როგორც გასაღები, შიფრავენ მიმართებებს.

პოლიციის პირველი ემოცია პოლიტიკურზე, არის გაოცება და დაბნეულობა, რაც ერთგვარ უპირატესობას ანიჭებს დემოსს. პოლიტიკა აზანზარებს წესრიგს. სანამ პოლიცია გამოერკვევა და წესრიგს აღადგენს, მანამდეა შანსი შეიცვალოს მისი კონსტიტუცია. იმ მომენტში უნდა გამოეცალოს წესრიგს საყრდენი და ახლით ჩანაცვლდეს. სხვა დროს, პოლიცია ინარჩუნებს წესრიგის ჰომოგენურობას, რაც ნებისმიერ გაუმჯობესებას გამორიცხავს.

მეორე, რასაც პოლიცია აკეთებს, არის ჩახშობა ისეთი გამოხატვის, რომელიც დისკურსში არ ჯდება. არაადეკვატურობის საბაბით მასზე ძალადობა. ამიტომ მისი ავტორი უნდა ,,გაიყვანონ’’. მას აქამდეც არ ჰქონდა აქ ყოფნის უფლება, მაგრამ შეინიღბა და შემოგვეპარა. მას შემდეგ რაც მან საკუთარი თავი გაშიფრა, როგორც წესრიგის მტერმა, უნდა განიდევნოს და მის ჩვეულ ადგილს უნდა დაუბრუნდეს. უნდა წავიდეს იქ, საიდანაც მისი ხმა არ ისმის.

მესამე მოქმედება, პოლიციის მხრიდან არის, ჩაძიება. სახელიწიფოს ფუნქცია არსებითად გამშიფრავია, მან არა მხოლოდ უნდა შეინარჩუნოს არსებული წესრიგი, არამედ უნდა გამოიძიოს მოტივები და ჩაწვდეს მიზეზებს. მას სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, პოლიციისთვის არაფერი ავთენტური და თავისთავადი არ არსებობს, ის ისევე ხელოვნურად და განპირობებულად ხედავს ყველაფერს, როგორიც თვითონ არის. მისთვის ყველა ქმედების უკან რაღაც სხვა დგას, ყველა აქტივობა რაღაც უფრო დიდის ნაწილია. პოლიცია ეჭვებით არის შეპყრობილი და ის ესწრაფვის რეალობა წაშალოს ეჭვებით, ხოლო ეჭვები აქციოს რეალობად. კომიტეტის თავმჯდომარე მითითებას აძლევს მანდატურებს ,,და გაარკვიეთ რა უნდა’’. მაგრამ პოლიცია სწორედ აქ ტყუვდება, საქმე ის არის, რომ აქტორს არაფერიც არ უნდა, მისი მოქმედების მიღმა არაფერია, სიცარიელეა. მისი გამოხატვა თავისთავად არის მიზეზიც, შედეგიც და რეალობაც. სახელწიფომ რაც არ უნდა ჩხრიკოს, მაინც ვერაფერს გაიგებს იმის მეტს რაც ისედაც ცხადი და თვალნათელია.

პოლიტიკა ატრიალებს წესრიგს, როგორც ამ შემთხვევაში, რა დროსაც ისინი, ვინც გამომსვლელის ადგილას სხედან მაყურებლად იქცევიან, ხოლო ვინც მაყურებლის სკამზეა ყურადღების ცენტრიში, სცენაზე ინაცვლებს. ამისგან სრულიად განსხვავდება მეორე შემთხვევა. აქ მსგავსი არაფერი ხდება. ყველა თავის ადგილზეა. უბრალოდ დეკანოზი დავით ისაკაძე ცდილობს მიიღოს ნებართვა აზრის გამოსათქმელად და ამას ვერ ახერხებს. მისი მცდელობა მოსაწყენია და დამღლელი, ისევე როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ხმაში იგრძნობა ის გაბეზრება, რაც გამომსვლელის წინასწარმეტყველებადი დისკურსით არის გამოწვეული. მაგრამ ეს ტექნიკური მხარეა.

მეორე შემთხვევის გმირი არსებითად განსხვავდება პირველისგან. ის წესრიგის მტერი არ არის. ის იბრძვის შეინარჩუნოს წესრიგი, რომელიც პირველ შემთხევევაში შეირყა და აღადგინოს საყრდენი, რომელიც ხელიდან ეცლება. ის პოლიციაა, პოლიციაა სხვა ეკიპირებით.

წამიერია ის ეფექტი, რომელსაც გიორგი ხასია აღწევს, რომლის ხანგრძლივობა მის წინ მჯდარი გაოცებული პარლამენტარის მიერ თავის შემობრუნებისთვის დახარჯული დროის ტოლია. დათრგუნულ დისკურსში მისი ხმა პოლიტიკურისთვის სივრცეს წარმოქმნის, მაგრამ ამ ხმას პოლიციის ექო მალევე შეავსებს - ,,გაიყვანეთ და გაარკვიეთ რა უნდა’’, ეს ხმა ახლაც მესმის ყურებში. პოლიციური ხმა, რომელიც არასწორ ორიენტირებს და უშინაარსო შინაარსს ეფუძნება. დემოსის ადგილი საჯარო სივრცეში წამით ჩნდება და პოლიტიკა სწორედ ამ ერთ წამში უნდა მოესწროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^