Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ ურტყამს თაგვებს დენს?

05 მაისი 2014

ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა, 104 ხმით ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. კანონი, შინაარსიდან გამომდინარე,  სხვადასხვა ნორმატიულ აქტში გაფანტული ნორმების ერთად თავმოყრას ითვალისწინებს, რათა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვაგვარი იდენტობის, თუ საწყისი მოცემულობის გამო არ დაიჩაგრონ.

ასევე, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღება საჭირო იყო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას  მისცემს წავიდნენ ევროპის კავშირის ქვეყნებში 90 კალენდარული დღით. თუმცა, ამ კანონის მიღებას შეეწინააღმდეგა საპატრიარქო, რაც საჯაროდ სახელმწიფოსთან ღია დაპირისპირებით გამოიხატა. ამას მოჰყვა სხვადასხვა ოპოზიციური, დაბალრეიტინგიანი პარტიის ერთსულოვანი თანხმობა ეკლესიის პოზიციასთან. ყველაზე საინტერესო, ამ პარტიებზე ყურადღების გამახვილება მგონია, თავისივე წვრილ-წვრილი მანევრებით.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია იმ იდეის ღია დაპირისპირებაში გადავიდნენ, რასაც ევროპული სტრუქტურებისკენ სვლა ჰქვია. აქ ერთ შეკითხვას დავსვამდი - თუ არა მათი ეს მანევრი, აბა როგორღა შეიძლება რაიმე ნიშა დაიკავონ ქართულ პარტიულ პოლიტიკაში? ორი, მაღალრეიტინგიანი პარტია ერთმანეთს ეცილება ვინ უფრო ევროპულია, ვინ ვის ჩამოართვა ხელი და რამდენი ხნით. მათ საწინააღმდეგოდ კი, პატარა, მაგრამ ამბიციური პარტიები ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, რაც წინასაარჩევნოდ თუ მათი არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს “ქართული ოცნებით” იმედგაცრუებული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლებიც არაფრის დიდებით არ დაუჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას - აბა სად უნდა ისმოდეს მათი ხმა თუ არა ქართულ “რეგიონების პარტიაში”?

ხმების აკუმულირება გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დაბალ აქტივობას, რადგან ზემოთ აღნიშნული ადამიანები ან არავის, ან ამ პარტიებს მისცემს ხმას.

ივნისის ბოლოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა დაანონსებული, იქამდე კი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის ზღვა სივრცე  არსებობს. ნათელია, რომ “ქართული ოცნებაში” საპატრიარქოს ნაკლები გავლენა აღმოაჩნდა, ვიდრე გვეგონა. თუკი ლიდერებს ჭირდებათ რაღაც, პრინციპულად აკეთებენ თავიანთ საქმეს, “ნაციონალური მოძრაობა” კი გამოუსადაგარია საპატრიარქოსთვის.

ნათლად ჩანს, რომ ისინი ვერ ქმნიან ბიზანტიური სახელმწიფოს მოდელს, სადაც სინთეზში იქნებიან სახელმწიფო მართვასთან, მათი გაჩუმება სასიკვდილოა ორგანიზაციის ძალაუფლებისთვის, ხოლო პირდაპირი თუ ირიბი ქმედება ზუსტად არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე აქტიური ნაწილის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ერთ-ერთი მღვდლის რეპლიკა მინდა მოვიშველიო, რომელმაც სხვა მღვდლებთან ერთად დემონსტრაციულად დატოვა საკომიტეტო განხილვა - “ქართული ოცნებას” არავინ აირჩევდა თუ წინასაარჩევნოდ იტყოდნენ, რომ მსგავსი კანონის მიღებას აპირებდნენ”.

აქ ორი რამ შეგვიძლია ამოვიკითხოთ: პირველი, სასულიერო იერარქიამ მთავრობას შეახსენა, რომ ისინი ხალხს წარმოადგენენ და დიდი წვლილი მიუძღვით მათ არჩევაში; და მეორე, მათ შეუძლიათ სხვისი ხელით გადაირჩიონ ეს ხელისუფლება. რთულია გიგი თევზაძის ერთ დროს დაწუნებული მოსაზრება არ გაგახსენდეთ, რომლის მიხედვითაც,  ის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთ ფაქტორად სასულიერო პირების ძალისხმევას მიიჩნევს.

აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ არალოგიკურობას ნინო ბურჯანაძის თუ სხვათა განცხადებებში. დიახ, ისინი იმ ნებისმიერი პოზიციის წინააღმდეგ წავლენ, რაც მათი აზრით, პოლიტიკურად არამომგებიანი იქნება. მომავალში კი საპატრიარქოს უკვე ბიზანტიურ მოდელის შექმნას შეპირდებიან. ნათელია ამ ოპოზიციური პარტიების სწრაფვა - ისინი საპატრიარქოს პოლიტიკურ დაკვეთებს აჟღერებენ, აუცილებელი არ არის რომ აქ დავინახოთ მათ შორის კოლაბორაციის რაიმე ნიშნები, ეს თავისთავად, პოპულისტური რიტორიკიდან გამომდინარეობს. 

შემდეგში, თაგვებისთვის დენის დარტყმებს ზემოდანაც უნდა ველოდოთ, განა საკუთრივ მიუღებელი არ არის რუსეთისთვის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ოფიციალური თბილისის სვლა? თავდაცვის მინისტრმა კი ყველა გაგვაკვირვა, როცა ნატოს მიერ საქართველოში თავდაცვითი სისტემის შესაძლო განლაგებაზე ალაპარაკდა. ნინია კაკაბაძის ვიდეო ბლოგი კი ზუსტად რუსული ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი, სადაც მან საპატრიარქო რუსეთის ფილიალად გამოაცხადა, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით ცოტა საკამათოა თავისი კატეგორიული ტონით. რაც არ უნდა იყოს ეს სქემა, რუსეთი, საპატრიარქო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სიმეტრიულად ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან - სულიერების და სახელმწიფოებრიობის ქორწინებაში.

ერთადერთი რასაც არ უნდა ველოდეთ, ეს არის სლოვიანსკი, რადგან რელიგიური ძალები ჯერ კიდევ ვერ არიან ძლიერები, მთავრობა კი ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით იწონებს თავს.

 

                                                                                                                                                                                                   ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^