Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი არჩევანია ვიყო მართლმადიდებელი

11 მაისი 2014

მთლიანად გამართლმადიდებლებადი საქართველო იმ რუსი პოლიტოლოგის ნათქვამს მაგონებს, რომლის მიხედვითაც საქართველო შეიკვეცება მხოლოდ ქართულად მოლაპარაკე საზღვრებამდე, რადგან ასე “სჭირია და სურსო რუსეთს”. საქართველო მთლიანად მართლმადიდებლური იქნება, რადგან, როგორც ჩანს, ქართულენოვნთ მტკიცედ გადაუწყვეტიათ "მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!" თუმცა, ჯერჯერობით ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ისე ჩანს, რომ „მართლმადიდებლობა ანუ სიკვდილი“ უფრო სწორია, ვიდრე პირველი ვარიანტი იმგვარად, როგორადაც მე-18 საუკუნეში სულხან-საბას პოლიტიკას რუსთმოყვარეობაი ანაცვალეს და სანაცვლეო მივიღეთ ორსაუკუნოვანი სიკვდილი  -- ეს ხუმრობით. ამგვარ სახუმარო რეჟიმშივე მსურს "თავისუფალ ნებაზე" ვთქვა ორიოდე სიტყვა.

თავისუფალი ნება არის ილუზია. ნება-სურვილებს ჩვენვე არ წარმოვიქმნით. აზრები და განზრახვები აღმოცენდებიან მიზეზებიდან, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და ცნობიერად ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, რომელიც გვგონია რომ გვაქვს. ჩვენი ნება-სურვილები (ამიერიდან "ნებები" ან "ნებანი") განისაზღვრებიან წინმსწრები მიზეზებისაგან, რომლებზეც ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი. ან, ისინი (ნებანი) შემთხვევითნი არიან და ჩვენ ამჯერადაც არ ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ჩვენს ტვინებში მიმდინარე ნეიროფიზიოლოგიური პროცესების უმცირეს ნაწილისაც ძლივს თუ ვაცნობიერებთ. არადა, სწორედ ისინი, ეს პროცესები, წარმოქმნის ჩვენს აზრებს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ ან ვისურვოთ ჩვენი შემდგომი აზრი. თუ როგორი იქნება ჩემი შემდგომი მენტალური მდგომარეობა მე არ ვიცი და ვერ განვსაზღვრავ წინასწარ - ის უბრალოდ ხდება. მე შეიძლება ვისურვო ჩემი შემდგომი აზრი იყოს ეს ან ის, ასეთი ან ისეთი, მაგრამ საიდან მოდის ამგვარი სურვილი და სურვილები და რა განსაზღვრავს მათ ხასიათს ყოველ ჯერზე რჩება სრულიად განუსაზღვრელი და საიდუმლო. ამასთან, ვერანაირად ისურვებ ისურვო და ვერანაირადვე ისურვებ ნასურვებს, ანუ იმას, რაც განსაზღვრე რომ ისურვო. ეს დაახლოებით იმ სიმღერასავითაა: "სიყვარული არ იქნება, არ იქნება ძალადა // როგორც მოვა ისე წავა, წავა თავის თავადა"...

ძირითადად არსებობს სამგვარი მიდგომა: დეტერმინიზმი (მიზეზ-შედეგიობრობა), ლიბერტანისტული და ქომპატიბილიზმი (დეტერმინიზმისა და თავისუფალი ნების თანაარსებობა/თანაშემთხვეულობა). დეტერმინიზმისა და ლიბერტანისტულის მიხედვით ჩვენი ქცევა განისაზღვრება წინმსწრები მიზეზისაგან და თავისუფალი ნება ილუზიაა. ოღონდ, ლიბერტარიანელებს სჯერათ, რომ ადამიანები რაღაცნაირად მაინც არიან თავისუფლები, რაღაც "მაგიური" ან "ზეციური" ძალით სასწაულებრივად - თავადაც რომ ვერ ახსნიან რანაირად და რატომ.

თითქოს, მხოლოდ ქომბატიბილისტური (შემდგომში 'შეთავსებადური') მიდგომა შეიძლება იყოს გამოსავალი თავისუფალი ნების მხარდამჭერებისათვის. თეოლოგიაში ეს ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანაარსებობასა და სინერგიულობას შეესაბამება. ის, რომ დეტერმინიზმი უთუოა ვერავინ უარყოფს. მორწმუნისათვის უთუოა ღმერთის ნება, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს ან დაუშვებს -- "შეთავსებადურის" ვარიანტი. არაცნობიერი ნეირონული ხდომილებები დეტერმინირებენ, ანუ განსაზღვრავენ ჩვენს ფიქრებსა და ქმედებს, რომელებიც, თავის მხრივ, განისაზღვრებიან მათი წინარე მიზეზებისაგან, ხოლო ეს უკანასკნელნი სუბიექტურ შეგნებაში არ არსებობენ (მათ ვერ ვაცნობიერებთ, ვერ "ვგებულობთ" -- მორწმუნისათვის: "გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი").

შეთავსებადურის მიმდევრები თვლიან, რომ პიროვნებები  თავისუფალი არიან, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი განზრახვებისა და სურვილების მიხედვით იმოქმედონ მიუხედავად შინაგანი ან გარეგანი მასტიმულირებლის ან შემაკავებლისა. ვთქვათ, გინდა დალიო ჩაი და სვამ მას, ან არ სვამ შენი არჩევანის მიხედვით. მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ სურვილი დალიო ან არ დალიო მიუხედავად სურვილისა (არ დალევის სურვილი ჯობნის დალევის სურვილს) განუსაზღვრელია საიდან მოდის. არსებობს ფრაზა: "მარიონეტი თავისუფალია, რამდენადაც მას უყვარს ის ძაფები რაზეცაა დაკიდებული". დაისმის უბრალო კითხვა, "რანაირად ვართ "თავისუფალი" ცნობიერი არსებები თუკი ყველაფერი ის რაც ცნობიერად გვსურს გამოწვეულია მოვლენებისა და იმ პროცესებისაგან ჩვენს ტვინებში, რომლებიც ჩვენ არ მოგვისურვებია და განგვიზრახავს და მიმდინარეობენ ჩვენგან გაუცნობიერებლად?"

ქმედებები, განზრახვები, რწმენები და წადილები არსებობენ მხოლოდ იმ სისტემის შიგნით, რომლებიც მკაცრად განისაზღვრებიან ქმედების ნორმებისა და ბიძგი-უკურეაქციის კანონებისაგან. სხვანაირად რომ ითქვას, გადაწყვეტილებები, განზრახვები, ძალისხმევები, მიზნები, ნებისყოფები და ასე შემდეგ ტვინის მდგომარეობების შედეგები არიან. ტვინი კი ელექტრო-ქიმიური პროცესების კვანძია, რომელიც უმეტესწილად არაცნობიერია ჩვენთვის. ეშმაკებს ან ანგელოზებს მიაწერდნენ ასკეტები და მორწმუნენი მათზე აყოლით თავიანთ ფიქრებს - გულის-სიტყვებსა და გულის-თქმებს უწოდებდნენ მათ. ასეა თუ ისე, შენ შეგიძლია გააკეთო ის რაც გადაწყვიტე, მაგრამ ვერ გადაწყვეტ რას გადაწყვეტ შემდგომში -- "ნუ შემიყვანებ განსაცდელსა". რას ისურვებ ისიც არ იცი და იქნებ რაღაც მისტიურ ძალებს შეევედრო, "მომეც ... სურვილი სიკვდიმდე გასატანისა"...

ჩვენი თავისუფლების ჩვენეულივე განცდა იმის შედეგია, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ იმას თუ რანაირად ვართ, ანუ ვარსებობთ. თუ შევეცდებით გავაჩეროთ მომენტი და მივაყურადოთ თუ როგორ ვართ/ვარსებობთ აღმოვაჩენთ, რომ თავისუფალი ნება არსადაა, რომ რაღაც მდინარებაა, სადაც აზრები და განზრახვები უბრალოდ წამოტივტივდებიან. თუ მივმართავთ ძალისხმევას გავაჩეროთ ეს მდინარება და აზრების ბუშტულებივით ამოყვინთვა, უარეს შედეგს მივიღებთ - საერთოდ უკონტროლო ხდება პროცესი. მრავალწლიანი მედიტაციური შრომა მიდის აღიარებამდე, რომ არათუ ილუზიაა თავისუფალი ნება, არამედ ეს ილუზიაა თავად ილუზია, რადგან არავითარი სუბიექტი არ არსებობს ქონდეს რაიმე ილუზია. არ ვარსებობთ ჩვენც -- ჩვენც ქიმიობიოლოგიური რეაქციები ვართ. განსაზღვრულები ვართ გენეტიკით (დნმ-ს ქიმიური ანაგებით), სოციუმით, საკვებით და ა.შ. განსაზღვრული ვართ ყველაფრით გარდა საკუთარი ნებისა...

მოძღვრისადმი მორჩილების იდეა ამ მედიტაციის სახეა. ცდილობ შეაჩერო საკუთარი სპონტანური ნება სხვისი ნებისადმი (საბოლოოდ კი ღმერთის ნებისადმი) მიცემით - "თავნი ჩუენნი ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ ("... ქრისტე ღმერთს გადავცეთ"(παραθώμεθα, commit/delegate, предадим). ამგვარადო, ამბობს ამბა დოროთე, საკუთარ ნებაზე უარის თქმით შენ ავლენ შენს ნებას. ანუ, შენ შენი ნებით ამბობ შენივე ნებაზე უარს. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ მიეცემი ღმერთის ნებას, რომელიც სასწაულებრივად შეგინარჩუნებს ნებას და თავად შენ კი არსებობაში.  თუ ღმერთის არსებობას დავუშვებთ, შეგვიძლია ჩვენს არსებობაშიც დავრწმუნდეთ?! მაგრამ, რატომ მოგვდის ეს აზრი, რომ აუცილებლად უნდა ვიარსებოთ?! საიდან გაჩნდა ღმერთის შესახებ აზრი, საიდან წამოტივტივდა? გარემოდან ხომ არა? ანუ, სხვანაირად, გარემომ ხომ არ უბიძგა ჩვენს ტვინში ქიმიოელექტრულ რეაქციას და აღიძრა ასეთი ფიქრი?...

ფეისბუქზე შემხვდა მერაბ მამარდაშვილის ეს ფრაზა:

"შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი!"

ფაქტობრივად მთელი მისი ფილოსოფია და ცხოვრება ამ საკითხის გარშემო ტრიალებდა.

გამოსავალი შეიძლება ღმერთში ან იდეოლოგიაში ეძებო მსგავსად ლიბერტარიანელის და მორწმუნისა, მმკ-ელისა და ადამიანის უფლებების მოშურნესი. შეგიძლია მიეცე სხვისი დაღეჭილის ღეჭვას. მაგრამ, შეიძლება სიმართლეს ჯიქურად გაუსწორო თვალი და დაუშვა, რომ ნეირომეცნიერებიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა სულაც არ არსებობდე -- არც შენ და, მითუმეტეს, არც შენი წარმოსახული "რეალურობა" თავის ღმერთიანად...

ეს მეცნიერებაა და თან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი. მაგრამ, მიუხედავად ამ დაშვებულობის თანაარსებობისა შეიძლება მაინც დაიკავოთ თავისუფალი აგენტის პოზიცია -- მოიქცე და იქცეოდე ისე, თითქოს ხარ თავისუფალი და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ეს იგივეა, რომ თავიდან ქმნიდე ადამიანს და სამყაროს და ღმერთს მასში -- შენი ტანის ნეიროქიმიური ქაოსიდან ჩამოქნა ადამიანი და მის ხატად და მსგავსად შეიყვარო ღმერთიც თუკი ამ უკანასკნელის არსებობა მაინცდამაინც გინდა. ეს იყო, მგონი მამარდაშვილის სულისკვეთება და, გნებავთ, კანტის მორალური იმპერატივისაც. დეკარტეს მედიტაციებიც ეფუძნება ,ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ’ მომენტს, ხომ?! დეკარტესათან არის მომენტი, როდესაც ყველა მსჯელობას და ფიქრს აჩერებ და რაც გრჩება არის შენი ‘მე’ როგორც მოაზროვნე ფონი, შეგრძნება იმისა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, რაც არ უნდა ამოტივტივდებოდეს აზრებად მათ უკან არის აზროვნების ჯერ კიდევ ‘უაზრებო’ დაძაბულობის ველი -- ეს ფონი-ველი არ წყვეტს არსებობას. მაგრამ ეს არაა ჯერ კიდევ მთავარი. სწორედ ამაზე, ანუ ამ პირველ ფონ-ველის ინსტანციაზე დაფუძნებით იწყებ მედიტაციურ, ანუ აზროვნების დასაფუძვლებას და ამდენად ხორციელდები როგორც  ‘მე’. სწორედ  მამარდაშვილს მოჰყავს თავის ‘ფილოსოფიის შესავალში’ დეკარტეს ერთი წერილი სადაც ის ამბობს, რომ ‘მე’ არ იბადება მშობლებისაგან, ის არაა ბუნებისაგან ნატურალურად მომდინარე და რომ ის იქმნება აზროვნებასთან ერთად. აქედანაა მწყობრი და ზუსტი აზროვნების მოთხოვნილება. აქედანვე იბადება თანამედროვე ევროპა, როგორც კარტეზიანული ფილოსოფიის „პროდუქტი“...

რა შუაშია აქ მართლმადიდებლობა? არც არაფერში. ის უბრალოდ ქართველების არჩეული თავშესაფარია. ოღონდ, როდესაც ვირჩევთ, ბარემ ავირჩიოთ...

დაბოლოს: აკი თავისუფლება და არჩევანი არააო?!  საქმეც იმაშია, რომ ამ ზემომოყვანილი ნეირომეცნიერული ვარაუდიდან თავისუფლების უცნაური სახე გამოდის: ადამიანი თავისუფალია საკუთარი არსებობისაგან, რადგან არ არსებობს. მაგრამ, მას შეუძლია მუდამ ახორციელოს საკუთარი თავი, დაუშვას ასეთი ექსპერიმენტი და შექმნას თავისუფალი ადამიანი და რეალობა თავისუფალი ადამიანებით დასახლებული. მგონია, რომ მერაბ მამარდაშვილის ევროპაც სწორედ ამგვარი წარმოსახვითი სივრცე  და რეალობაა...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^