რამდენიმე თვის წინ თბილისში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, პარტია „გაერთიანება90/მწვანეების“ წევრი მარილუიზე ბეკი. ევროპელმა პოლიტიკოსმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი გახლდათ, მაგრამ მე მაინც ბოროტად ვისარგებლე შესაძლებლობით და სტუმარს კითხვა საერთო ევროპული კენჭისყრის მოსალოდნელ შედეგებზეც დავუსვი (შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს 28 დასავლური ქვეყნის მოსახლეობა ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებს). მაინტერესებდა, თუ რამდენად სერიოზულად აფასებდა ფონდის მიერ მოწვეული მომხსენებელი პოლიტიკური მიმომხილველების გაორკეცებულ შფოთვას, რომელიც ანტიევროპული, ევროპასკეპტიკური პარტიების „ბებერ კონტინენტზე“ გააქტიურებამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. გერმანელმა პარლამენტარმა მიპასუხა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე პროგრესული ძალებისათვის მთავარ საფრთხეს სწორედ მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფებები წარმოადგენენ.
თურმე, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ჩამორჩენილი საქართველოს გარდა, კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც რადიკალური ანტიევროპული ბლოკები მნიშვნელოვანი გავლენის მოსაპოვებლად იბრძვიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთან ბევრმა არ იცის. ინფორმაციის ნაკლებობას კი რამდენიმე კვაზიელიტური ჯგუფი რიგით მოქალაქეებთან შედარებით საკუთარი უპირატესობის ხაზგასასმელად იყენებს და ადამიანებს მომავლის აპოკალიფსური სცენარების აღწერით აშინებს. აქედან გამომდინარე, მოდით შევეცადოთ და რამდენიმე საინტერესო კითხვაზე მეტ-ნაკლებად ზუსტი პასუხები გამოვძებნოთ.
ვინ არიან ევროპელი მემარჯვენე ექსტრემისტები?
ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალური მემარჯვენე ძალები ერთმანეთისგან მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს რამდენიმე ფუნდამენტური მოთხოვნა. ევროსკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ბრიუსელის დიქტატურა“ ავიწროვებს, ზღუდავს და დამოუკიდებელი მოქმედებების შესაძლებლობას უსპობს ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, ამცირებს მათი სუვერენიტეტის ხარისხს. მაშასადამე, ისინი ევროკავშირს არაეფექტურ, უსარგებლო ეკონომიკურ ერთობად მიიჩნევენ და ვერ აღიქვამენ იმ სიკეთეებს, რომელებიც სახელმწიფოთა მშვიდობიან თანამშრომლობას მოაქვს მილიონობით მოქალაქისათვის. შორეულ გეგმებზე საუბრისას ისინი ევროკავშირის განადგურების ოცნებაზეც ღიად მიგვანიშნებენ.
გარდა ამისა, ამგვარი ტიპის მემარჯვენეები ეწინააღმდეგებიან საერთო ევროპული ვალუტის არსებობას ან ითხოვენ, რომ ფულადი ერთეულით სარგებლობის უფლება შეეზღუდოთ კონტინენტის კრიზისულ ქვეყნებს. მათ გაღიზიანებას იწვევს საბერძნეთისათვის, ირლანდიისათვის, პორტუგალიისათვის, ესპანეთისა და სხვა ეკონომიკურ სტაგნაციაში მყოფი სახელმწიფოებისათვის შექმნილი ე.წ. „გადარჩენის პოლიტიკური კურსების“ არსებობაც.
ექსტრემისტი პოლიტიკოსები ხისტად უპირისპირდებიან ევროპაში შრომით მიგრანტთა თავისუფალ გადაადგილებასასაც. ისინი ეწინააღმდეგებიან აღმოსავლეთ ევროპიდან, პოსტსაბჭთა სივრციდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მათ ქვეყნებში გადმოსახლებული ადამიანების დასაქმებას. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მუშაობის უფლების მოპოვების გამკაცრება ან საერთოდ აკრძალვა (!) გახლავთ. რადიკალი მემარჯვენეები ულტრანაციონალისტური, ნაკლებად ტოლერანტული (ეთნოცენტრისტული), ხშირად ანტიისლამური (ან ანტისემიტური, ან ანტიბოშური და ა.შ.) რიტორიკით ხასიათდებიან.
ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ევროპული თანამშრომლობის მოწინააღმდეგე ძალების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. უკრაინის კრიზისის მიმდინარეობისას ისინი ხშირად სვამდნენ აქცენტს ევროპელ ლიდერთა „რუსოფობიულ“ განწყობებზე და სხვადასხვა ხელისუფლებას რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქციების დაწესებისაგან თავის შეკავებასაც კი ურჩევდნენ. მაშასადამე, ისინი იმდენად დაბრმავებულნი არიან „ბრიუსელის იმპერიალიზმის“ შიშით, რომ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული რეჟიმების სასარგებლო მოქმედებებსაც კი არ ერიდებიან და თვალს ხუჭავენ საერთაშორისო სამართლის დარღვევის რიგ შემთხვევებზე.
ამგვარ პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი მარიონ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ გახლავთ. სერიოზული შედეგების მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ ჰოლანდიურ და ავსტრიულ თავისუფლების პარტიებსაც. არ უნდა დაგვავიწყდეს დაფიქრება ნაციონალისტური მოძრაობების მუდმივი გაძლიერების ტენდენციაზე, რომელიც ჩრდილოეთ ევროპასა და უნგრეთში უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა. თავის სიტყვას იტყვიან ნაიჯელ ფარაჯის „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიისა“ და ბალტიის ქვეყნების ნახევრადექსტრემისტული დაჯგუფებების წარმომადგენლები. მოკლედ, რადიკალურ ძალებს ევროპის მრავალ ქვეყანაში აქვთ თავისი დასაყრდენი.
რამ გამოიწვია მემარჯვენე ექსტრემისტების შანსების ზრდა?
ევროსკეპტიკოსთა დაწინაურების მთავარი საიდუმლო ევროპული სტრუქტურების არაეფექტურობაში მდგომარეობს. ექსპერტებიც და მოქალაქეების წლებია ამჩნევენ, რომ ევროკავშირის მართვის სისტემა ბიოროკრატიზებულ, ხალხისგან დაშორებულ, ძვირად შესანახ და ნაკლებად შედეგიან პოლიტიკურ მექანიზმად იქცა. გიგანტური საერთაშორისო ორგანიზაციის რეფორმირებისა და მისი შემადგენელი რგოლების განახლების პროცესი დაწყებულია. პროცესი ხანგრძლივ მუშაობას, ბევრ დროსა და მაღალი ხარისხის კონსენსუსის არსებობას საჭიროებს. აღნიშნული გარემოებების გამო გაჭიანურებული გარდაქმნა კი პოპულისტური პოლიტიკის საუკეთესო მკვებავია.
ამასთანავე, რადიკალთა წინასაარჩევნო წარმატებებს ევროპარლამენტის არჩევნებისადმი ხალხის დამოკიდებულებაც განაპირობებს. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ევროპელთათვის მოახლოვებული კენჭისყრა მეორეხარისხოვანია. ევროპარლამენტი თანაკანონმდებელი, წარმომადგენლობითი და სათათბირო ორგანოა, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლები ან არ მიდიან არჩევნებზე, ან „ცხელ გულზე“, ეროვნული მთავრობისათვის გამაფრთხილებელი სიგნალის მიწოდების მიზნით ხმას ოდიოზურ ძალებს აძლევენ. ევროკავშირის მართვაში ხალხის თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად, რამდენიმე წლის წინ ლისაბონში გამართულ სამიტზე დასავლელმა ლიდერებმა ძალიან საინტერესო ახალი ნორმა დააწესეს. მათ ევროპარლამენტს ევროკომისიის (ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი შტო) პრეზიდენტის დასახელების უფლებამოსილება მიანიჭეს. ცხადია, ამ ნაბიჯმა გაზარდა ხალხის მიერ არჩეული საერთო პარლამენტის ფუნქცია, მაგრამ ცვლილება საზოგადოებაზე სრულად ჯერ არ ასახულა.
პარტიული პოლიტიკის მკვლევარები ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაციების მიერ დაშვებულ სტრტეგიულ შეცდომებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „ევროპის სოციალისტური პარტია“, „ევროპის სახალხო პარტია“, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი“ და „ევროპელი მწვანეები“ მოსახლეობას სათანადოდ ვერ უხსნიან, მოქალაქეებს სრულყოფილად ვერ განუმარტავენ იმ სიკეთეთა არსს, რომელიც მათთვის ევროკავშირს მოაქვს. პოლიტიკური გათვითცნობიერების დაბალი დონე კი ცხადია კვლავ დემაგოგებისა და უკიდურესი მემარჯვენეების წისქვილზე ასხამს წყალს.
რაც მთავარია! გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-30-იანი წლები. რა გამოიწვია „დიდმა დეპრესიამ“, მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა? მცირერიცხვოვანი ეკონომიკური ელიტების მიერ დაშვებული შეცდომები, დაურეგულირებელი, თვითნებური საბანკო ურთიერთიერთობებისა და შეუზღუდავი, „თავისუფალი“ ბაზრის არსებობით გამოწვეული შედეგები პოლიტიკოსებმა მითიურ მოწინააღმდეგეს (მაგალითად, ებრაელებს) გადააბრალეს. უმძიმესი მდგომარეობით გამოწვეული ეიფორიით ექსტრემისტულმა ძალებმა ისარგებლეს და ადამიანების უბედურებაზე პასუხისმგებლობა ნაჩქარევად გამოჩხრეკილ „მტრის ხატს“ დააკისრეს. საბოოლოოდ, მაშინდელი სამყაროს ძლიერ ქვეყნებში ძალადობაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, „ბოლშევიკები“ და მემარჯვენე ექსტრემისტები გაბატონდნენ. რამდენიმე წლის წინ განვითარებული, ოცდამეერთე საუკუნის პირველი კრიზისი კი ანალოგიურად უწყობს ხელს პოლიტიკურ ლანდშაფტში რადიკალური კოალიციების მყარად დამკვიდრებას.
რა შეიძლება იყოს ევროსკეპტიკოსთა საუკეთესო შედეგი მოახლოებულ არჩევნებზე?
მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ კონტინენტზე“ ექსტრემისტთათვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი, მათ სერიოზული წარმატებების მიღწევის შანსი მაინც არ აქვთ. რადიკალთათვის საუკეთესო შედეგი საერთო პარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება შეიძლება გახდეს (რისთვისაც 7 სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული მინიმუმ 25 დეპუტატის გაერთიანებაა აუცილებელი). რას მოუტანს მათ ახალი ფრაქციის დაფუძნება? ამგვარად ანტიევროპული ძალები ახალ ტრიბუნას, ოდნავ გაზრდილ დაფინანსებასა და რამდენიმე დამატებით პროცედურულ ბერკეტს ჩაიგდებენ ხელში. მაშასადამე, კონტინენტის პოლიტიკის დღის წესრიგზე მათ კვალავ ნულოვანი გავლენა ექნებათ.
უცნაური, ქსენოფობიური პოლიტიკური გაერთიანებების აღმოჩენა ცივილიზებული სამყაროს შუაგულშიც არის შესაძლებელი. მათი პოპულიზმი და დემაგოგია ბევრს უშლის ნერვებს. თუმცა ამ ჯგუფების საქმიანობა არც ერთ სოციალურ ფენაში არ იწვევს პანიკას, დაუსრულებელ უსაგნო მსჯელობას (გასაგებია, რომ ოკუპირებულ საქართველოში რადიკალი მემარჯვენეებისგან მომავალი საფრთხე გაცილებით მეტია, ვიდრე მეტ-ნაკლებად სტაბილურ დასავლეთში). შევეგუოთ, რომ დღესაც კი მემარჯვენე ექსტრემისტების არსებობა ძალიან სამწუხარო, მაგრამ ნორმალური ფაქტია. მთავარია, რომ მათ არ მივცეთ უფლება დაიპყრონ საინფორმაციო ველი. საქართველოში გააქტიურებულ ზოგიერთ არაფორმალურ გაერთიანებას საკუთარი დაუსაბუთბელი ამბიციების წარმოსაჩენად აწყობს „ბნელებზე“ მუდმივი საუბარი. შესაბამისად, შოვინისტთა პოლიტიკური წონის შემცირების ამოცანა ჩვენთან შესრულებულია და ყოველდღიურად გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოქმედი რადიკალური დაჯგუფებების არსებობა მხოლოდ ქართული „ანომალიაა“.