ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება, არის ადამიანის უფლება იცოდეს, თუ რისთვის და ვის მიერ გამოიყენება მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები. შინაარსობრივად პერსონალურ მონაცემთა დაცვა ნიშნავს არა მათ დამუშავებისგან დაცვას, არამედ მათ დაცვას კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით დამუშავებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებთან დაკავშირებული ურთიერთობები სამართლებრივი მოწესრიგების საგანს წარმოადგენს, თუმცა რამდენადაც მონაცემთა დამუშავება ყოველდღიურად ხორციელდება, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მცირედი ცოდნა მაინც თითოეული მოქალაქისათვის აუცილებელია.
არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პერსონალურ მონაცემთა არასათანადო დაცვას, ამის მაგალითები საკმაოდ მრავალია. რამდენიმე მათგანის მოშველიება საკმარისია საერთო სურათის შესაქმნელად. მაგალითად, დაუცველი ინტერნეტქსელის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შესაძლოა გახდეს ჰაკერული შეტევის ობიექტი და დაირღვეს პირთა უფლებები; დაწესებულებებში, პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტების ღია ადგილას განთავსება, საკმაოდ დიდი ალბათობით იძლევა მისი გაცნობის საშუალებას არაუფლებამოსილი პირების მიერ, რაც პირდაპირ არღვევს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებულ მონაცემთა კონფიდენციალურობის პირობას.
ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს. ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოში პერსონალური მონაცემები სცდება მხოლოდ პირის შესახებ ინფორმაციის კატეგორიას და სხვა განზომილებაში გადადის – პერსონალურ მონაცემთა დაცვით განსაზღვრება კომპანიების რეპუტაცია. კერძოდ, თუ, მაგალითად, საქართველოში კონკრეტული ფიზიკური პირი ანაბარზე თანხის შეტანის მიზნით ირჩევს კონკრეტულ საბანკო დაწესებულებას იმიტომ, რომ ამ ბანკს აქვს კარგი საანაბრე პირობები და უსაფრთხოდ ინახავს თანხას, საზღვარგარეთ ამ შემთხვევაში კარგი რეპუტაციის განმსაზღვრელი არის არა მარტო ის, თუ როგორ ინახავს თანხას ბანკი და რა საანაბრე პირობები აქვს მას, არამედ ისიც, იცავს თუ არა სათანადოდ დაწესებულება კონკრეტული პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც კონფიდენციალურობის მაღალი დონის მაჩვენებელია.
2011 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც ამკვიდრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, როგორც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველი პირის ინსტიტუტს. იგი 2013 წელს დაამკვიდრეს და მისი საქმიანობის შედეგები უკვე სახეზეა. მართალია, მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფოში მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს კურირებს, მაგრამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საკმაოდ დიდი მოქმედების არეალი გააჩნია, რაც გამოიხატება კანონის დამრღვევი სუბიექტების მიმართ ფულადი სანქციების დაკისრებაში.
კანონის მიღების ერთ–ერთი წინაპირობა იყო მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და შეძლებისდაგვარად, ანალოგიურის დანერგვა. სახელმწიფოს მიერ ამ მიზნის მისაღწევად ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც ევროპულ სახელმწიფოებში და ასევე მსოფლიოს განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში, თითქმის ყველგან დიდ ყურადღებას უთმობენ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემატიკას. მიუხედავად ამისა, ეს კანონი კერძო სექტორის მიმართ სრულად არ არის ამოქმედებული, რაც მის ეფექტურობას აკნინებს და ადამიანის უფლების დაცვის მძლავრ მექანიზმად ვერ გვევლინება.
კანონით დადგენილია როგორც ფულადი, ისე არაფულადი სანქციები იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც მონაცემთა დამუშავებისას დაარღვევენ მოცემული კანონით დადგენილ წესებს. საჯარო სექტორის მიმართ კანონი სრულად არის ამოქმედებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ ფიზიკურ პირს დაერღვა პერსონალურ მონაცემებზე უფლება, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ პირს – მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით, რის შემდეგაც ინსპექტორი წყვეტს, ჩაატაროს თუ არა კონკრეტული დაწესებულების შემოწმება, ხოლო შემოწმების შემდეგ – გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, დამრღვევის ფულადი სანქციის დაკისრების შესახებ. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სანქციის ფარგლებში დაკისრებული ჯარიმის გადახდა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის გზით და არ ითვალისწინებს ფიზიკური პირის კომპენსაციის გადახდას. ამასთან, ინსპექტორს, შემოწმებისა და შემდგომი, კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება საჯარო სექტორის მიმართ საკუთარი ინიციატივითაც შეუძლია. რაც შეეხება კერძო სექტორს – კერძო სექტორის მიმართ დაუშვებელია ყველა ზემოხსენებული პროცედურის განხორციელება. მიუხედავად ამისა, ფიზიკურ პირებს, კერძო დაწესებულებების მხრიდან პერსონალურ მონაცემებზე უფლების დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული აქვთ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისათვის და შესაბამისი სფეროს გასაძლიერებლად მხოლოდ კანონის მიღება და თუნდაც მისი სრულად ამოქმედება არ არის საკმარისი. პირველ რიგში თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და არ გამოიჩინოს ინდიფერენტულობა. ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა, განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა, უნდა იცოდნენ ყველა ის იურიდიული საკითხი, რაც ამ სფეროს უკავშირდება. არა, აქ ძირითადად საუბარია, რომ ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს, მაგალითად, იმის, რომ მოვითხოვოთ ინფორმაცია – ვის მიერ მუშავდება ჩვენი მონაცემი და რა მიზნით, მოვახდინოთ მათი შესწორება და ზოგიერთ შემთხვევაში – წაშლა. პერსონალურ მონაცემთა მიმართ ჩვენი უფლებების ჩამონათვალი არ არის იმდენად ვრცელი ან რთული, რომ ის არ ვიცოდეთ ან ვერ დავიმახსოვროთ.
შესაბამისად, საზოგადოების აქტივობა უზრუნველყოფს აქტიურ მუშაობას იმ კერძო თუ იურიდიული პირების მიერ შესაბამისი ზომების მისაღებად, რომლებიც იყენებენ ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს. მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად, ქვემოდან ზემოთ, ანუ საზოგადოების მიერ მონაცემთა დამმუშავებლების, ანუ იმ პირების მიმართ, ვინც სხვადასხვა მიზნით იყენებენ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს. სხვა შემთხვევაში, საჯარო და კერძო უწყებების მიერ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება და შესაბამისი წესების დახვეწა შესაძლოა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდეს.
შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა, რომლებიც ეხება მონაცემთა დაცვასა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობების სამომავლო დახვეწის საკითხებს:
1. აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის სათანადო აქტიურობა და დაინტერესება კანონით მისთვის მინიჭებული უფლებების შესახებ;
2. ის სუბიექტები, რომლებიც ამუშავებენ ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს, უნდა გამოვიდნენ რეაქტიული რეჟიმიდან და გადაერთონ პროაქტიულ მიდგომაზე, როდესაც ამ საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება ხდება არა კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, არამედ თავად ამ სუბიექტის ინიციატივით, მანამდე სანამ გარკვეული პრობლემატური საკითხი იჩენს თავს;
3. აუცილებელია კერძო სექტორის მიმართ კანონის სრული ამოქმედება, ვინაიდან პროცენტულად დამმუშავებლების დიდ რაოდენობას სწორედ კერძო სუბიექტები შეადგენენ.