Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვნების კვირა 2014

30 მაისი 2014

დიდმარხვის პერიოდს, ლიტურგიკული კალენდრის მიხედვით, ვნების კვირა აგვირგვინებს. ვნების კვირა რაღაა? ეს არის ლიტურგიული დრო, როდესაც ქრისტიანები იხსენებენ იმ მოვლენებს, რომელიც იერუსალიმში ლამის 2000 წლის წინ მოხდა. თუმცა ეს მხოლოდ გახსენება არ არის, რადგან ვნების კვირა მორწმუნეებს სთავაზობს, თავიანთ ეპოქაში გაიაზრონ იესოს სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა. დაინახონ უხილავი კავშირი ძველ ისტორიულ მოვლენებსა და მათ ცხოვრებას შორის.

ქვემოთ ჩვენ მოკლედ ვილაპარაკებთ ვნების კვირის თითოეულ დღეზე. ვიტყვით რა მოხდა წარსულში და რა ხდება დღეს, ლამის 2000 წლის შემდეგ. რა გამოძახილი აქვს ამ მოვლენებს საქართველოში. უფრო სწორად საქართველოს ერთ-ერთ მიკროსამყაროში, ერთი პატარა რელიგიური თემის ცხოვრებაში და მისი ერთ-ერთი ეპისკოპოსის საქმიანობაში.

კვირა, 13 აპრილი, ბზობა


მაშინ (იერუსალიმი):

კვირის პირველი დღეა, ანუ ძველებურად ერთშაბათი. ვნების კვირა იწყება იესოს იესრუსალიმში შესვლით (ამას საქართველოში „ბზობას“ ვეძახით). ეს იესოს უკანასკნელი შესვლაა იერუსალიმში. ეს არის ნამდვილი ტრიუმფი, მაგრამ (ოჰ, ეს ავისმომასწავებელი "მაგრამ"!) იესოს თავის საყვარელ ქალაქში დამცირება, ლანძღვა-გინება და სიკვდილი მოელის.

ქალაქში შესვლისას ხალხი მას მეფურად ეგებება: სახედარზე გადამჯდარ იესოს ზოგი სამოსელს უფენს გზაზე, ზოგი ხის ტოტებს... იესო, შეიძლება ითქვას, საჯარო დრამას აწყობს იმის სათქმელად, რომ ის "მშვიდობის თავადია". "ომის თავადი" რომ ყოფილიყო, ვირზე კი არ შეჯდებოდა, არამედ თეთრ ულაყზე ამხედრებული მიადგებოდა იერუსალიმის კარიბჭეს. ის ხალხი, რომელიც იესოს მოწიწებით ეგებება, იმავე კვირაში ერთ დიდ ბრბოდ გადაიქცევა და გავეშებული მოითხოვს მისი სიკვდილით დასჯას შეძახილით „ჯვარს აცვით“.

ახლა (ვეიკფილდი-ოქსფორდი):

ბზობა დღეს მე და ჩემი მეუღლე ალა დასავლეთ იორკშირში (ინგლისი) ვართ. ვეიკფილდის კათედრალის ერთ კანონიკოსთან, ტონი მაკფერსენთან ვართ გაჩერებული. ტონი ფაშფაშა ჟღალ-წვერიანი მღვდელია.

განსაკუთრებით საყვარელი სანახავია, როცა შავ ანაფორაშია გამოწყობილი, თავზე წითელპონპონიანი ბერეტი ახურავს და ხალისიანად აბოლებს ჩიბუხს. კირიონსაც უყვარს მოწევა, ამიტომ ხშირად კირიონი და ტონი „ვახტანგურად“ აბოლებენ ხოლმე, სადაც მოუხერხდებათ, ერთი – სიგარეტს, მეორე – ჩიბუხს.

მეც იმავე კათედრალის კანონიკოსი ვარ, რომლისაც ტონი, ოღონდ მე ეკუმენური კანონიკოსი ვარ და ამაში ჯამაგირს არ მიხდიან. ისე მთელ დასავლეთ იორკშირში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ყოველ ხუთშაბათს მიხსენიებენ ლოცვაში და საქართველოსთვისაც ლოცულობენ.

ვეიკფილდში ჩვენ წინა დღეს ოქსფორდიდან არქიმანდრიტ კირიონთან და ტარიელ ნაკაიძესთან ერთად ჩამოვედით. კირიონი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურია, ტარიელი ქართველი მუსლიმი ღვთისმსახური და რელიგიური თავისუფლებისათვის მებრძოლი აქტივისტია. კირიონი ოქსფორდში ცხოვრობს, ტარიელიც ოქსფორდშია ინგლისურის სასწავლად და აქაური იმამის, დოქტორ ტაჯ ჰარგის ოჯახში ცხოვრობს. ტაჯი წარმოშობით სამხრეთაფრიკელი სუნიტი მუსლიმია, მისი მეუღლე დოქტორი ჯაკ ვუდმანი პროტესტანტი ქრისტიანია. ტაჯის მეჩეთი გაერთიანებულ სამეფოში (ასე ჰქვია ოფიციალურად დიდ ბრიტანეთს) ერთ-ერთ ყველაზე კონტექსტუალურ მუსლიმურ თემადაა მიჩნეული.

დღეს საგანგებო დღეა ვეიკფილდში. ვეიკფილდის ეპისკოპოსი აქ თავის 11-წლიან მოღვაწეობას ასრულებს. ეს იმიტომ, რომ ინგლისის ეკლესიამ გადაწყვიტა, გააერთიანოს სამი ეპარქია და მოქმედი სამივე ეპისკოპოსი დაითხოვოს. სტივენი ამიერიდან ლონდონში გადაბარგდება, ლონდონის ეპისკოპოსის დამხმარე იქნება და თან ერთ სამრევლო ეკლესიას ჩააბარებენ ქალაქის ცენტრში.

მეუფე სტივენთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ის პირველად 21 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, რათა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ვიზიტი მოემზადებინა.

თბილისში ჩამოსულმა კენტერბერიელმა მთავარეპისკოპოსმა სამ ეკლესიაში წარმოთქვა სიტყვა: წმ. გიორგის სახელობის მართლმადიდებელ ეკლესიაში (ქაშუეთი), წმიდანების პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში და ბაპტისტურ ეკლესიაში.

ილია მეორის საპასუხო ვიზიტის დროს ინგლისში მთავარეპისკოპოს ჯორჯ ქერის სახელით სტივენმა ილია მეორეს საჩუქრად ძაღლის ლეკვიც მიართვა. თუ არ ვცდები, ლაბრადორი იყო. ილია მეორემ სიხარულით მიიღო ცოცხალი საჩუქარი და მადლიერების ნიშნად ძაღლს ქერი – მთავარეპისკოპოსის გვარი – დაარქვა. ამაზე საქართველოშიც და ინგლისის საეკლესიო წრეებშიც ბევრს ქირქილებდნენ. ნეტა ილია მეორეს ის თუ მოეწონებოდა, მისგან ნაჩუქარი ლეკვისთვის ღუდუშაურ-შიოლაშვილი რომ დაერქმიათ?!

სტივენი ჩვენი ქვეყნისა და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი და ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ერთგული მეგობარია. საქართველოში თითქმის ყოველ მეორე-მესამე წელს ჩამოდის. ყველა ჩამოსვლაზე ნახულობს ილია მეორეს. როგორც წესი, ამ შეხვედრების თარჯიმანი მე ვარ. ბოლო ჩამოსვლაზე პატრიარქმა მას დედოფალ ელისაბედთან შეხვედრა სთხოვა. სტივენმა ეს თხოვნა შეუსრულა. პატრიარქის ინგლისში ვიზიტის დროს დედოფალმა ილია მეორე ჩაიზე მიიწვია.

ჩვენი საერთო მეგობრები ინგლისში მე და სტივენს "terrible twins"-ს (“ანცი ტყუბები") გვეძახიან და ვფიქრობ ორივენი ვამაყობთ ამ „ტიტულით“. ამის ხაზგასასმელად ჩვენ ერთნაირი საეკლესიო „აუტფიტი“ გვაქვს: ანაფორა, ქუდი და კვერთხი და ზოგჯერ ასე გამოწყობილები ვესწრებით ხოლმე ინგლისში ერთად საჯარო შეხვედრებს. სტივენი ლორდთა პალატის წევრია და იქედან ხშირად ესარჩლება საქართველოს. მას ამ საქმეში გვერდში ლორდი რიჩარდ ჰარისი უდგას, რომლის გამოსვლა ლორთა პალატაში იუსტიციის სახლის შესახებ დღემდე ტრიალებს იუსტიციის სახლის სარეკლამო ვიდეოკლიპზე. ლორდი ჰარისი წინათ ოქსფორდის ეპისკოპოსი იყო. ოქსფორდში პირველად რომ ჩავედი, მის სასახლეში ვცხოვრობდი.

სტივენს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ქართველ მუსლიმებთან. მას შემდეგ, რაც მან აჭარაში იმოგზაურა, ის მიიჩნევს, რომ ქართველი მუსლიმი სასულიერო პირები (ზურაბ ცეცხლაძე, ტარიელ ნაკაიძე და სხვები, ვისაც ის იცნობს) ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მუსლიმები არიან მათგან, ვისაც ის საერთოდ შეხვედრია.

11 წლის წინ მე და მამა ზაზა თევზაძემ ერთად გადავეცით მას საქართველოში დამზადებული ვერცხლის პანაღია, როდესაც ვეიკფილდის კათედრალში მისი ინტრონიზაცია შედგა. მასთან გამომშვიდობების ლიტურგიაზე კი მას ისეთივე პანაღიას ვჩუქნი, როგორსაც მე ვატარებდი, ვიდრე საქართველოში ისლამოფობიის გამოვლინების გამო ვიტყოდი უარს ჯვრისა და პანაღიის ტარებაზე. ამით შეივსება ჩვენი ტყუპების „აიტფიტის“ კომპლექტი. 

მშვენიერ ღვთისმსახურებას იხდის კათედრალი ეპისკოპოსთან გამოსამშვიდობებლად. მსახურება იწყება პროცესიით, რომელშიც ასობით სასულიერო პირი მონაწილეობს. საოცარი სანახავია ორ რიგად ჩამწკრივებული ფერად-ფერადად შემოსილი სამღვდელოების ნახვა. ამ მსვლელობაში ეგზოტიკურობით ყველაზე მეტად ჩვენი დელეგაცია გამოირჩევა. კირიონსა და ალას შავი ანაფორები აცვიათ, მე - იასამნისფერი, ტარიელს - კრემისფერი ოქროსფრად გამშვენებული ზოლებით, მე და კირიონს კუნკულ ბარტყული გვახურავს, მე - იასამნისფერი, კირიონს, ცხადია, - შავი.

ევქარისტიულ ღვთისმსახურებაზე სტივენი კათედრალში თავის უკანასკნელ ქადაგებას წარმოთქვამს, სადაც 11 წელი კათედრას უძღვებოდა. მისი ქადაგების ბოლო სიტყვები ძალიან ამაღელვებელია:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა კი ღრმა მადლიერებით მინდა დაგემშვიდობოთ და გითხრათ - კარგად იყავით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად იცხოვროთ, კარგად იშრომოთ, გაიფურჩქნოთ და განვითარდეთ..."
ღვთისმსახურება დასრულებული არ არის ტონი მაკფერსენი მოდის და ყურში ჩურჩულით მეუბნება - "უნდა წავიდეთ, თორემ მატარებელზე დაგაგვიანდებათ". ჩვენც სათითაოდ ვდგებით და გამოვდივართ ტაძრიდან. გული გვწყდება, რომ ტაძრის შემდეგ დაგეგმილ საზეიმო მიღებასა და ვახშამს ვერ ვესწრებით. არადა უკვე გვშია. კირიონი ჩვენთვის კარტოფილიან ღვეზელებს ყიდულობს. ტარიელი არ ჭამს - დიეტას იცავს. მე და ალა ხალისიანად ვჭამთ ნახევრადშეთბობილ ღვეზელს.


ორშაბათი, 14 აპრილი


მაშინ (იერუსალიმი):

იესო წინა ღამეს ბეთანიაში ათენებს. ბეთანია იერუსალიმის ახლოს მდებარეობს. აქ იესოს მეგობრები ცხოვრობენ: ლაზარე, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, და მისი დები - მარიამი და მართა.
დილით იესო იერუსალიმის ტაძარში ადის და ხედავს, რომ ღმერთის სალოცავი ადგილი ხალხს კომერციულ დაწესებულებად უქცევია: ყიდიან ხარებს, ცხვრებს, ფრინველებს. ფულებს ახურდავებენ და ქისებს აჩხრიალებენ. იესოს რეაქცია დაუჯერებელია. ის მათრახს წნავს და იქაურობას დაერევა, მოვაჭრეებს დახლებს უყირავებს, საქონელს ერეკება ტაძრის ეზოდან.

ახლა (ოქსფორდი-თბილისი):

დილით გამოვდივართ მე და ალა ოქსფორდიდან და ავტობუსით გეთვიკის აეროპორტში მივდივართ. კირიონი სადგურიდან გვაცილებს. სევდიანი ვემშვიდობები ოქსფორდს, ქალაქს, სადაც ლამის ხუთი წელი გავატარე. ამ ჩემი ხანმოკლე ვიზიტის დროს მხოლოდ ბოდლიანის ბიბლიოთეკაში და ბელეკველის წიგნების მაღაზიაში მოვახერხე შესვლა.

თბილისში მივიჩქარით იმის გამო, რომ ვნების კვირაა და ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია.
კიევის გავლით ვბრუნდებით საქართველოში და თბილისში დაღლილ-დაქანცულები ჩამოვდივართ. აეროპორტში გვხვდებიან მეგობრები: დათო, თამთა, მამუკა.

სამშაბათი, 15 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):

იესოს ქალაქში გამოჩენით, მისი ტრიუმფით და მის მიერ ტაძარში ატეხილი აურზაურით აღშფოთებულია იერუსალიმის რელიგიური ელიტა. იესო რელიგიური პერსპექტივიდან არც კონსერვატორია და არც ლიბერალი. იესო რადიკალია. რელიგიურ ინსტიტუციებს ყოველთვის ეჯავრებათ რადიკალები, რადგან მათ მოღვაწეობაში საფრთხეს ხედავენ. იესო კი ის ადამიანია, რომელიც დაუნდობლად ლეწავს სოციალურ და რელიგიურ სტერეოტიპებს: არღვევს რელიგიურ წესებს, მეგობრობს და ურთიერთობს საზოგადების ყველაზე გარიყულ წევრებთან: ლოთებთან, მებაჟეებთან, საეჭვო რეპუტაციის ქალებთან... არ ელაქუცება არც რელიგიურ ელიტას და არც ხელისუფლებას.

რელიგიური ესტაბლიშმენტი, ინსტიტუციური საფრთხის აცილების მიზნით, სამშაბათ დღეს გადაწყვეტილებას იღებს - განადგურებულ იქნას საფრთხის შემცველი სუბიექტი - იესო ნაზარეველი.

ახლა (თბილისი):

მშვიდობის კათედრალში, სააღდგომო სამზადისია გაჩაღებული: დრამატული დასი ბეჯითად ატარებს რეპეტიციებს (წლეულს "აფხაზი გოგონას დღიურის" მიხედვით სპექტაკლს დგამენ). შესანიშნავი დასია, ნიჭიერი და მოქნილი. ლიტურგიული ქორეოგრაფიის გუნდიც ასევე ემზადება ვნების კვირისა და აღდგომის მსახურებებისთვის. ჩვენს ეკლესიაში უკვე 10 წელზე მეტია, რაც ცეკვა ლიტურგიული ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. ახლა უკვე მეორე თაობის ლიტურგიული მოცეკვავეები გვყავს, წინამორბედებისგან განსხვავებულები.

საღამოს 6 საათზე ყოველდღიური წირვაა, ამიტომ წირვაზე მივეშურები.

ოთხშაბათი, 16 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):

წინა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ განხორციელება სჭირდება! როგორი უნდა იყოს იესოს მოშორების ლოჯისტიკური დეტალები? რელიგიურ ესტაბლიშმენტს ამაზე თავისი პასუხი აქვს.

იესოს გუნდში არის ადამიანი, რომელსაც გუნდის ფინანსური საქმიანობა ავალია: იუდა ისკარიოტელი. მისი მოსყიდვა და იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება იესოს უპრობლემოდ შეპყრობა, რელიგიურ ესტაბლიშმენტს სულ რაღაც 30 ვერცხლი უჯდება. იუდა ფულს იჯიბავს და მის სანაცვლოდ იესოს გაცემის გეგმას სთავაზობს.

ახლა (თბილისი):

„წმიდა ტრიდიუმის“ დასაყენებლად ლიტურგიული სამუშაოები მიმდინარეობს. ტრიდიუმი ვნების კვირაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა: დიდი ხუთშაბათი, წითელი პარასკევი, აღდგომა.

დიდი ხუთშაბათის ლიტურგისტი ალაა. პირველად ასე 10 წლის წინათ მან დიდი ხუთშაბათის ლიტურგია დაგეგმა და ტექსტები მოამზადა. შემდეგ ამერიკასა და ინგლისში ცხოვრების გამო ეკლესიის ლიტურგიულ ცხოვრებაში კარგა ხანი ვეღარ მონაწილეობდა. ამიტომ ღელავს ახლა და წამდაუწუმ მსახურების დეტალებზე მეკითხება რაღაც-რაღაცებს. ერთ-ერთი გამოწვევა 12 ადამიანის შერჩევაა, რომელსაც მეორე დღეს ფეხი უნდა დავბანო. ამ სიის შედგენა ადვილი არასდროს არ არის. ჩვენს ეკლესიაში ვცდილობთ, ამ 12 ადამიანში აირეკლოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნება: ბავშვები, ქალები, ჯეელები, ხნიერები, სასულიერო პირები და საერონი.

ხუთშაბათი, 17 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):

ხუთშაბათს იესო პასექის დღესასწაულის რიტუალურ ვახშამზე გარს თავის მოწაფეებს იკრებს. ყველანი ერთად არიან: იესო, იოანე, იაკობი, პეტრე... იუდა. ზეიმობენ ისრაელიანთა ეგვიპტის მონობიდან გამოსვლას, ანუ თავისუფლების დღესასწაულს.

იესო ამ სუფრაზე აწესებს იმას, რასაც დღეს ჩვენ ევქარისტიას ვეძახით. მაგრამ ვიდრე ევქარისტიას დააწესებს იესო მოწაფეებს ფეხებს ბანს და ეუბნება: „იცით მე დღეს თქვენთვის რა გავაკეთე?! ... თუკი მე, როგორც მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხი, თქვენც ასევე უნდა დაბანოთ ფეხი ერთმანეთს“. იესო ამ დღეს ბოლომდე გამოამზეურებს თავისი მოძღვრების არსს: თუ გინდა რომ იესოს მიმდევარი იყო, ემსახურე ადამიანს! იზრუნე მასზე, არ დაიშურო მისთვის სიყვარული და სოლიდარობა. ის პირსახოცი, რომლითაც იესომ მოწაფეებს ფეხი შეუმშრალა, ყველაზე შთამბეჭდავი სიმბოლოა იმისა, თუ რა უნდა იყოს სინამდვილეში ქრისტიანობა. თუ რა არის ქრისტიანობა ახლა, ამაზე სხვა დროს შეიძლება ლაპარაკი.

ფეხისბანის შემდეგ იესო იღებს პურს და ღვინით სავსე სასმისს. სასმისს დალოცავს, პურს დალეწავს ("დალეწავს" იმიტომ რომ პური, ანუ მაცა ხმიადია) და ეუბნება მოწაფეებს: „ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დალეწილი“, „ეს არის ჩემი სისხლი თქვენთვის დაღვრილი... ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“.
ვახშმის შემდეგ იესო გეთსიმანიის ბაღში მიდის, რათა მოწაფეებთან ერთად განმარტოვდეს. იესო მარტოა, აგონიაშია, იცის, რაც უნდა მოხდეს. ლოცულობს, რომ მოსახდენი არ მოხდეს... თუმცა მაინც ღმერთს ანდობს და აბარებს თავის ბედს.

ამავე ბაღში მოდის იუდა ისკარიოტელი ჯარისკაცებთან ერთად და ამბორით გასცემს თავის მოძღვარს, რომელსაც სამი წლის განმავლობაში გვერდიდან არ შორდებოდა.

ახლა (თბილისი):

დილით მე და ჩემი თანაშემწე, დათო, ერთად მივდივართ სასტუმროში, სადაც ფინეთიდან ჩამოსული მეგობრები გველოდებიან - იოჰან და ანნა კანდელინები. იოჰანი „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ ხელმძღვანელია. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური ელიტის ის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიური ქრისტიანები არიან. იოჰანი ლუთერელი პასტორი და კარგი ორატორია. იოაჰანი და მისი მეუღლე ქართველ მუსლიმთა კავშირის მოწვევით ღონისძიებაზე ბათუმში მიდიან. პირველად იოჰანი და მისი ორგანიზაცია ქართველ მუსლიმებს ჭელას მინარეთის ამბავზე გამოესარჩლა და მას შემდეგ აქტიურად თანაუგრძნობს როგორც ქართველ მუსლიმებს, ისე მთელ საქართველოს.

ცოლ-ქმარს ადვილად ვიყოლიებ, რომ ფეხისბანაზე 12-იდან ორნი ისინი იყვნენ. მერე იქიდან სამგორის ბაპტისტურ ეკლესიაში დიდი ხუთშაბათის პირველ წირვაზე მივდივარ. წირვა 12-ზე იწყება. ტაძარი აეროპორტის გზასთან ახლოს ერთ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ვიდრე კათედრალში გადავიხდით დიდი ხუთშაბათის წირვას ფეხისბანით, მანამდე სამგორში ადგილობრივი ეკლესიის ხუცესთან ერთად ვწირავ. კარში მეგებებიან ეკლესიის წინამძღოლი თენგიზ კოდელაშვილი და სხვა ღვთისმსახურები. თენგიზი ფუტკარივით სულ მუშაობს და სულ ეკლესიაში ტრიალებს. ორიოდე წლის წინ სისხლის გათეთრებით შვილიშვილი გარდაეცვალა. ასეთი დანაკარგი ყოველთვის ცვლის პიროვნებას და ცხოვრებაზე განსხვავებულ ხედვას უვითარებს. თენგიზთან საუბარში აშკარად ჩანს, რომ ცხოვრებას ჭუჭრუტანიდან არ უყურებს.

წირვას ებრაული ხმიადებით ვიხდით და ეკლესიას ზიარების „დაბადების დღეს“ ვულოცავთ.
საღამოს 5 საათზე წირვას მშვიდობის კათედრალში ვიწყებთ. „ათორმეტი“ მონაწილე და ჩვენ პროცესიით ერთად მივემართებით საკურთხევლისაკენ და მის გარშემო 12+1 სავარძელს ვიკავებთ.
ღვთისმსახურების პირველი ნაწილში, თითქოს განზრახ, ყველაფერი უკუღმა მიდის: „მაზმიშვილების“ მგალობელთა გუნდი იგვიანებს იმის გამო, რომ ჩვენი იქაური დიაკვნის დაკრძალვაზე წნორში არიან წასულები; ხმის სტუდიის ხელმძღვანელიც, ვისაც ხმის სისტემის რეგულირება ავალია, ნახევარი საათით იგვიანებს (მსგავსი რამ არასდროს მომხდარა); ფეხისბანისა და ევქარისტიის ლიტურგიულ ტექსტს მხოლოდ მაშინ მაწვდიან, როცა ფეხისბანა უნდა დაიწყოს. ვაპირებ ზეპირად გადავიხადო ფეხისბანისა და ევქარისტიის წესი; ვშლი ამ ახლადამობეჭდილ ტექსტს და რას ვხედავ, მთელ ტექსტში სიტყვები ერთმანეთის მიჯრით არის მიწყობილი. ნერვები მეშლება, მაგრამ რას ვიზამ. ვცდილობ ნერვები მოვთოკო და დინჯად გავაგრძელო ღვთისმსახურება.

12-ს შორის არიან ახალგაზრდები, ძველგაზრდები, ფინელი და გერმანელი სტუმრები, ჩვენი ეპისკოპოსი ქალი, ღვთისმსახური მამაკაცი, ჩვენი სადიაკონისო სამსახურის ხელმძღვანელი და ბოლოს სრულებით გამორჩეული სტუმრები: კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს დესპანი საქართველოში ალი ალიევი - შიიტი მუსლიმი და მისი მოადგილე იმამი აივაზი - სუნიტი მუსლიმი, ორივენი თავიანთ რელიგიურ სამოსელში არიან გამოწყობილები.

ფეხისბანის რიტუალის ჩატარება დიდი პატივია. ეს რიტუალი მიგვანიშნებს, თუ როგორ დავშორდით ჩვენ ქრისტიანები მაცხოვრის უმთავრეს მოთხოვნას - ვემსახუროთ ადამიანის კეთილდღეობას.
ევქარისტიის დასაწყისში, ვიდრე ძღვენს (სეფისკვერის პურს) ვაკურთხებდეთ, სეფისკვერს გვერდს ვატეხ და ალისა და აივაზს ვაწვდი, თან ჩუმად ვეუბნები:

"ამას ჩვენი, ქრისტიანებისა და მუსლიმების ძმობის ნიშნად გიზიარებ".

"ახლა, რა უნდა ვქნა? _ დაიბნა ალი _ შეიძლება, შევჭამო?"

"რა თქმა უნდა, შეიძლება", _ ვეუბნები ორივეს და საკურთხეველს ვუბრუნდები.
ევქარისტიის შემდეგ თემს იოჰან კანდელინი, ალი და ჩვენი გერმანელი სტუმარი, ელიმარ ბრანდტი მიმართავენ.

მიუხედავად ყველა იმ იაღლიშისა, რომელიც თავიდან მოგვივიდა მაინც მშვენიერი წირვა გამოვიდა.

"ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა", - წირვის შემდეგ ამბობს იოჰან კანდელინი, რომელიც სრულებით აღტაცებული და გაოგნებული იყო ამ წირვით. "ვერსად ნახავ, რომ ქრისტიანებმა დიდი ხუთშაბათის წირვაზე ფეხის საბანად მუსლიმი წინამძღოლები დაისვან ".


პარასკევი, 18 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):


ამ დღეს იესოს დილაუთენია ასამართლებენ. ჩქარობენ. არ უნდათ იესოს ამბავმა ხალხში მღელვარება გამოიწვიოს. დილის ცხრა საათამდე ყველაფერს აკვარახჭინებს რელიგიური ესტაბლიშმენტი: რელიგიურ სასამართლოს სიკვდილის განაჩენი გამოაქვს, საერო სასამართლო კი პილატეს ხელით იესოს დასჯის დასტურს იძლევა.

იესოს დილის ცხრა საათზე აკრავენ ჯვარზე. იესო ჯვარზე ექვს საათს სძლებს. ნაშუადღევის სამ საათზე იესო ამბობს "აღსრულდა" და კვდება.

იესოს ცხედარს იოსებ არიმათიელის კუთვნილ აკლდამაში დაასვენებენ. ზედ ლოდს მიაგორებენ და საფლავს ბეჭდავენ.

ახლა (თბილისი):

ყოველ წელს, ვნების კვირაში, ჩვენი ეკლესიის ინიციატივით ეკუმენური ჯვრის გზის პროცესია იმართება. პროცესია იწყება მეიდანზე სურბ გევორქის სომხური სამოციქულო ეკლესიის კათედრალში, დილის 9 საათზე, ანუ მაშინ, როცა იესო ჯვარზე გააკრეს. თვითონ ხის ჯვარი, რომელსაც უკვე ათ წელზე მეტია ვიყენებთ კარგა დიდია. ჯვარედინზე რკინაში გამოჭედილი იერუსალიმის ჯვარი აქვს დამაგრებული და ოთხივე მკლავში ძალიან ძველი ლურსმნები არტყია.

წლეულს სურბ გევორქის ტაძარში ვერ შევდივართ, ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების გამო. თუმცა მამა ნარეკს მაინც შევყავარ ტაძარში და მიმდინარე სამუშაოებს მათვალიერებინებს. ამ სამუშაოების შედეგად ტაძარში ბევრი რამ აღმოჩენილა. მათ შორის ფრესკების ორი ფენა, რომლის არსებობაზეც წარმოდგენა არავის ჰქონდა. და კიდევ ერთი, ტაძრის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენდა დიდი ქვევრი, რომელშიც დამალული იყო ერეკლესდროინდელი ზარბაზანი, უხმარი (!) და ქვაჯვარ (სომხურად „ხაჩ-ქარ“) გადაფარებული ქინძის თესლით სავსე ერთი დიდი კოდი (!). ამის მოსმენაზე ჩემში მაშინვე იღვიძებს არქეოლოგის ინსტინქტი და მახსენდება არქეულოგიურ ექსპედიციებში გატარებული წლები, რომელთაც ყოველთვის ტკბილად ვიხსენებ. ნეტა ვის უნდა დაემალა ის ზარბაზანი ეკლესიაში, ან ვინ გადაინახა ის ქინძის თესლი. ამას ვერასდროს გავიგებთ.

სურბ გევორქის ეზოში სახარებას ქართულად და სომხურად ვკითხულობთ. მამა ნარეკი მოკლე ჰომილიას გვეუბნება. ჯვრის პროცესია ადგილიდან იძვრის. 40-ნი ვართ ქალებ-კაცებ-ბავშვებიანად.

ჯერ გზად ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალში ვჩერდებით, სადაც მეუფე ჯუზეპე პაზოტო და ტაძრის წინამძღოლი გვხვდებიან. ჯუზეპე შესანიშნავ ჰომილიას გვთავაზობს. იქედან ლუთერულ ეკლესიაში მივდივართ. აქაც ეპისკოპოსი კინდერლენი გვღებულობს და ჰომილიას გვთავაზობს.

ამის შემდეგ მივემართებით ჩვენი კათედრალისკენ, სადაც იესოს ჯვარზე სიკვდილის დღეს აღვნიშნავთ.
ჩვენი დრამატული და ქორეოგრაფიული გუნდები შესანიშნავ ლიტურგიას გვთავაზობენ. ბოლოს, სამი საათი რომ ახლოვდება და იესოს ჯვარზე ყოფნის ჟამი სრულდება, იესოს კანდელს ვაქრობთ და მაცხოვრის ჯვარს ამბორით მივაგებთ პატივს.

შაბათი, 19 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):

შაბათი დასვენების დღეა ებრაულ სამყაროში. იესოს გვამი აკლდამაში ასვენია. მოწაფეები სასოწარკვეთილები და იმედგაცრუებულები არიან. არადა როგორ სჯეროდათ იესოს მომავლისა! მოწაფეების იმედები იესოსთან ერთად იოსებ არიმათიელის აკლდამაშია დასამარებული.

ახლა (ბათუმი-თბილისი):

ეს დღე წესით მედიტაციის, დუმილისა და ლოცვის დღეა. მაგრამ ისე ხდება, რომ მე პირადად მდუმარებაში და მედიტაციაში ყოფნას ვერ ვახერხებ. ხან რა მიზეზი გამომიჩნდება, ხან კი - რა. მედიტაციას თავი დავანებოთ, ლიტანიობაზე ღამის გათევა და საამისოდ დასვენება მაინც ხომ გინდა ადამიანს! ესეც არ გამომდის.


ერთხელ დიდ შაბათს არ მომეშვა ერთი ჩვენი მსახური, გინდა თუ არა არაგვის ხეობის ეკლესიები უნდა მოვინახულოთო. არ გავუძალიანდი, გავყევი. თბილისში რომ დავბრუნდი ლიტანიობის დაწყებამდე ასე ორი საათი იყო დარჩენილი. ვიფიქრე იქნება ეს დრო დასასვენებლად გამოვიყენო ღამისთევა რომ შევძლო-მეთქი. რაკი არ მეძინებოდა ძილის წამალი დავლიე და დასვენება ვცადე. წამალმა არ გაჭრა. სამწუხაროდ წამალმა მოქმედება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა უკვე მშვიდობის კათედრალში მივედი და წირვა დავიწყეთ! სულ ცოტა დამაკლდა, რომ საკუთარი ქადაგების დროს არ ჩამძინებოდა.

წლეულს არაგვის ხეობაში არ მივდივარ. სამგიეროდ დიდ შაბათს ბათუმში მივდივარ და კავშირის თამჯდომარის ზურაბ ცეცხლაძის მოწვევით ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ ორგანიზებულ დიდ ღონისძიებას ვესწრები. ეს არის მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების 1443 წლისთავი. კარგი დღეა, მზიანი და სასიამოვნო. ამ კონფერენციას 5000-ზე მეტი ქართველი მუსლიმი ესწრება. აქ არის ხალხი, რომელთაც უკვე შევხვედრივარ და ვიცნობ. მიხარია რომ ვხედავ ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს: სამცხე-ჯავახეთის მუფტს _ მამუკა ვაშაყმაძეს, ჭელას მეჩეთის წინამძღოლს _ ჯამბულ ხოჯას, ხულოს მუფტს _ ასლან აბაშიძეს... დასავლეთ საქართველოს მუფთ ჯემალ პაქსაძეს და მის მოადგილე ადამ შანთაძეს.

შეხვედრის დაწყებამდე ადამ შანთაძე ჩვენს პირველ შეხვედრას იხსენებს.

"ვდგავარ ლოცვაზე სამთაწყაროში, - ყვება ადამი, - დიდი დაძაბულობაა ირგვლივ. მოვიხედე და რას ვხედავ, ჩემ უკან ვიღაც თეთრწვერა მღვდელი ზის და მუსლიმურად ლოცულობს. ცხოვრებაში ასე არ დაბნეულვარ. ვთქვი - რა ხდება, რა ამბავია..." იცინის ადამი და მეგობრულად მართმევს ხელს.

გასული წლის აგვისტოში, როცა სამთაწყაროში მუსლიმებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლოცვაში უშლიდნენ ხელს, მაშინ ჩავედი ჯუმა-ლოცვის დღეს ამ სოფელში. შინ მოვინახულე სულიკო ხოჯა, რომელიც მძიმე ფსიქო-სომატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მერე მისი სახლის კარზე ტარიელ ნაკაიძესთან ერთად ლოცვისათვის განბანვის რიტუალი (ვუდუ) ჩავატარე და მერე უკარფანჯრო და უჭერ-უიატაკო მეჩეთში ლოცვაში შევუერთდი მუსლიმებს. 

ამ ამბავმა დიდი ალიაქოთი გამოწვია როგორც ქრისტიანულ, ისე მუსლიმურ სამყაროში. მუსლიმები ძალიან გახარებული და მადლიერები იყვნენ. ირანში ჩვენი მოგზაურობის დროს არაერთხელ მითხრეს, როცა თავს ვაცნობდი: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინცა ხართ". ქრისტიანულ სამყაროში ბევრმა გამკიცხა და დამტუქსა მუსლიმებთან ერთად ლოცვისათვის. თურმე ამ ამბავმა განსაკუთრებით რუსი ქრისტიანები აღაშფოთა. ევროპის ბაპტისტური ფედერაციის პრეზიდენტმა მათი აღშფოთების დასაცხობად ახსნა-განმარტების დაწერა მომთხოვა.

ჩემი პასუხი ყოველთვის ეს არის: „ნუთუ ასე ძნელი გასაგებია, რომ ღმერთი ერთზე მეტი არ არის და ყველანი მას ვევედრებით?!"

კონფერენცია იწყება. მალე სიტყვის სათქმელად მეძახიან. ჩემი ოქსფორდმოვლილი მეგობარი ტარიელ ნაკაიძე ტრიბუნასთან ხელს მართმევს და მიკროფონს მითმობს.

ოდნავ ვღელავ. ვუყურებ ათასობით თვალს, რომელიც მე მომჩერებია და აინტერესებს რას ვიტყვი, როგორც ქრისტიანი ღვთისმსახური მუჰამედის დაბადების დღეზე.

ჩემს სიტყვას არაბულად ვიწყებ "ასსალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულაჰი ვა ბარაქათუ. ბისმილაჰ არრაჰმან არრაჰიმ" (ღვთისმიერი მშვიდობა, წყალობა და კურთხევა თქვენ! მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით). პასუხად დარბაზიდან ტაში და შეძახილები მესმის. რაღა დაგიმალოთ და ძალიან მსიამოვნებს.

არაბულის ცოდნის სურვილი ყოველთვის მქონდა მას შემდეგ, რაც ნისან ბაბალიკაშვილთან ძველი ებრაულის კურსი გავიარე, მაშინ როცა ებრაული საბჭოთა კავშირში აკრძალულ ენად ითვლებოდა და მისი სწავლა მხოლოდ თბილისში და მაშინდელ ლენინგრადში შეიძლებოდა ოფიციალურად. ებრაული და არაბული მონათესავე ენებია და სამთანხმოვნიანი ძირების სისტემაც მსგავსი აქვთ. არაბულის სწავლას უფრო სერიოზულად ხელი მაშინ მოვკიდე, როცა საქართველოში მუსლიმების დისკრიმინაციის კასკადი წამოვიდა. ამით მინდოდა ჩემი სოლიდარობა გამომეხატა ჩემი მუსლიმი დებისა და ძმების მიმართ. ჩემმა მეგობარმა გამაცნო არაბულის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, რომელთანაც დღემდე დავდივარ. მინდა, იუდაიზმისა და ქრისტიანობის საღმრთო წერილების მსგავსად, შემეძლოს ყურანის ორიგინალის ენაზე - არაბულად - კითხვა. ჯერ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, ვიდრე ყურანის თავისუფლად კითხვას შევძლებ, მაგრამ იმედი მაქვს რომ აქამდეც მივაღწევ, "ინშალაჰ"’ („ღვთის ნებით“) როგორც ამას მუსლიმები იტყვიან. მანამდე კი არაბულის მოკრძალებული ცოდნით უნდა მოვახერხო მეტ-ნაკლებად ფონს გასვლა!

მუსლიმებს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვთხოვ, რომ ჩვენ, როგორც ქართველმა ქრისტიანებმა ვერ შევძელით მათი დაცვა რელიგიური დისკრიმინაციისა და ძალმომრეობისგან. ვიხსენებ ჭელას მოჭრილ მინარეთს, სამთაწყაროს, ნიგვზიანისა და წინწყაროს ამბებს და მერე ასეთ ამბავს ვუყვები:

"ერთ მთიან სოფელში ძალიან გონიერი მოხუცი ცხოვრობდა. მასთან ვის არ ნახავდით ჭკუის საკითხავად მოსულს. ერთხელ სოფლის ბიჭებმა ამ მოხუცის აბუჩად აგდება გადაწყვიტეს.

მოხუცს უთხრეს - "აბა, თუ მართლა ასეთი გონიერი კაცი ხარ გვითხარი ხელში რა გვიჭირავს?" უთხრეს და მომუჭული ხელი აჩვენეს.

მოხუცმა იფიქრა, იფიქრა და უთხრა: "თქვენ ხელში ბეღურა გიჭირავთ!"

"მართალია, ბეღურა გვყავს ხელში, მაგრამ მოდი ახლა ის გამოიცანი, ეს ბეღურა ცოცხალია თუ მკვდარი?"

თუ მოხუცი იტყოდა "ცოცხალიო", მოუჭერდნენ ამ ბეღურას ხელს, მოკლავდნენ და მოხუცს მასხრად აიგდებდნენ იმისათვის ,რომ ვერ გამოიცნო. თუ მოხუცი იტყოდა ბეღურა მკვდარიაო, მაშინ ხელს გაშლიდნენ და ბეღურას ჰაერში შეაფრთხიალებდნენ. ასე რომ ორივე შემთხვევაში მოხუცი გამტყუნდებოდა.

მოხუცი დაფიქრდა. "ეგ ბეღურა ცოცხალია თუ მკვდარი, ეს თქვენზეა დამოკიდებული".

ამ ამბის მოყოლის შემდეგ თვალს ვავლებ აუდიტორიას, რომელიც აქამდე გულდასმით მიგდებდა ყურს და ვამბობ:

"ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული, ქრისტიანებისა და მუსლიმების მეგობრობაზე, ჩვენი რეგიონის მომავალიც ქრისტიანთა და მუსლიმთა მეგობრობაზეა დამოკიდებული. მოდით ვიმეგობროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, მოდით ამის მაგალითი ქართველმა მუსლიმებმა და ქრისტიანებმა სხვებს მივცეთ".

ვასრულებ ჩემს სიტყვას. დარბაზიდან მესმის ყიჟინა, შეძახილები და ტაშის ცემა. ტარიელის გაბადრულ სახეს ვხედავ და ვხვდები, რომ სიტყვამ კარგად ჩაიარა.

თბილისში საღამოს 9-ისთვის ჩამოვედით. კარგად დავიღალე, მიუხედავად იმისა, რომ გზაში რამდენიმეჯერ ჩამთვლიმა.

კვირა, 20 აპრილი

მაშინ (იერუსალიმი):

ერთშაბათი დგება. სისხამ დილას მარიამ მაგდალელი და სხვა ქალები იესოს საფლავზე მიდიან. მამაკაცი მოწაფეები ხელისუფლების შიშით დამალულები არიან. საფლავი ქალებს ცარიელი უხვდებათ. ტილოები, რომელშიც იესოს გვამი იყო გახვეული ადგილზე აწყვია.

ქალები დაინახავენ ვიღაცას, მებაღე ჰგონიათ, არადა ეს მკვდრეთით აღმდგარი იესოა. იესო მარიამ მაგდალელს სახელით ეძახის. ქალიც მხოლოდ ახლა ამოიცნობს მასში იესოს.

მარიამ მაგდალელი პირველი ადამიანია, რომელიც მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს ხვდება და მისგან დავალებას იღებს, რომ მისი აღდგომის ამბავი მოციქულებს გააგებინოს. ამით მარიამ მაგდალელი, როგორც მას ადრექრისტიანულ მწერლობაში მოიხსენიებენ, "მოციქულთა მოციქული" ხდება.

აღდგომის ამბიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ იმისათვის რომ შიში და სიკვდილი იყოს დაძლეული, საჭიროა მტკივნეული გზის გავლა. იესოს ცხოვრებაში წითელი პარასკევის გარეშე, არ იქნებოდა ერთშაბათის დილა და ცარიელი საფლავი. ჯვარცმას აღდგომა მოსდევს და აღდგომას ჯვარცმა უძღვის წინ.

ახლა (თბილისი):

წირვას ოდნავ დაგვიანებით ვიწყებთ. შესავალ ნაწილში იკითხება საკითხავი იოანეს სახარების პირველი თავიდან, `დასაწყისში იყო სიტყვა...."ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მეუფე რუსუდანი საკურთხეველთან საფლავთან მისული ქალების ამბავს ყვება.

შემდეგ, კარში დანთებული ცეცხლიდან იმ სანთელს ვანთებთ, რომელიც პარასკევს, იესოს სიკვდილის ნიშნად, ჩავაქრეთ. მერე ტაძრის კარზე ვაბრახუნებთ... ახლა კარი უნდა გავაღოთ, მაგრამ იმედა მგელიაშვილმა იმისთანა ძალით მიხურა კარი, რომ აღარ იღება. ერთხანს ორივე ვებღაუჭებით კარს და ძლივსძლივობით ვაღებთ. ჩაბნელებულ ტაძარში სანთელი შეგვაქვს, რომელიც იესოს მკვდრეთით აღდგომას განასახიერებს.
ჩვენი მოცეკვავეები ახალგაზრდა ბალერინის, ელენეს მონაწილეობით გვთავაზობენ საოცარ ცეკვას. პატარა ლიზის დაფნის გვირგვინი შემოაქვს და საკურთხეველზე ასვენებს...

ეპისკოპოსები მერაბი, ილია და რუსუდანი თავიანთ ჰომილიებს ასრულებენ და ახლა ხუცესმა, თენგიზ კოდელაშვილმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. ამ დროს ვხედავ, შუა ეკლესიაში შემოსულ, ჩამწკრივებულ ხალხს. ვაკვირდები და ვხედავ, ესენი არიან გიგი უგულავა - ყოფილი ქალაქის მერი, გიორგი ბარამიძე - პარლამენტარი, ნიკა მელია - თბილისის მერობის კანდიდატი და სხვები. ეკლესიაში აღდგომა და შობა ღამეს მოსვლის ტრადიციას გიგი უგულავამ ჩაუყარა საფუძველი და კარგი იქნება, რომ ტრადიცია დავიწყებას არ მიეცეს.

ევქარისტიას ეგრეთ წოდებული "რუსთველის ანაფორით" ვიხდით. "ანაფორა", ასე ეწოდება ლიტურგიკული ტექსტს, რომელიც შეიცავს ევქარისტიულ წესს. ყველაზე ადრინდელი ანაფორები სადღაც მესამე-მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ჩვენს ანაფორას რუსთველისა იმიტომ ჰქვია, რომ იგი შესავალ ნაწილში "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტებს შეიცავს.

ევქარისტიის შემდეგ იმართება ქრისტიანული სამუსიკო ხელოვნების ფესტივალი, რომელსაც უკვე კარგა ხანია ნანა თევდორაძე უძღვება.

ფესტივალს „აფხაზი გოგონას დღიურების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოსდევს. ძალიან ამაღელვებელი სპექტაკლია. ბევრი ცრემლს ვერ იკავებს.

დილის საარზე, ასე 5 საათამდე ყველანი ტაძრიდან გავდივართ და ავტობუსებით ცისკრის მსახურების გადასახდელად მივემგზავრებით. ჯერ კიდევ კარგად ბნელა. ავდივართ ტაბახმელის მთაზე. ცივა, ქარი უბერავს. მანქანიდან ვიღებთ შეშის ნაჭრებს და ცეცხლს ვანთებთ. მალე მშვენიერი კოცონი ინთება. ყველანი მოგიზგიზე ცეცხლს ვეფიცხებით. სულ მალე თავზე გვათენდება და ჩვენ წინ ულამაზესი სანახაობა იშლება.
კიდევ ერთხელ ვიხდით ევქარისტიას ოღონდ ახლა ვალდენსიანური წესით: არა პურითა და ღვინით, არამედ თევზითა და ღვინით.

ვაკურთხებთ მშვენივრად შემწვარ თევზსა და წითელ ღვინოს და ყველას ვურიგებთ. თევზი იესო ქრისტეს სიმბოლო იყო ჯერ კიდევ ადრექრისტიანული ეპოქიდან (ΙΧΘΥΣ ბერძნული სიტყვა „თევზი“ მოიაზრებოდა როგორც ქარაგმა: Ι - იესო, Χ - ქრისტე, Θ - ღმერთის, Υ - ძე, Σ - მაცხოვარი). შემწვარი თევზი ამავდროულად იწვევს გალილეის ტბის პირას გაწყობილი საუზმის ალუზიას - მკვრეთით აღგომის შემდეგ იესომ თევზაობიდან დაბრუნებულ მოწაფეებს ნაკვერჩხლებზე დადებული თევზი დაახვედრა!
იმართება არიფანა: სუფრებსა ვშლით და ერთმანეთს პურით, ღვინითა და სხვა ნაირ-ნაირი საჭმელებით ვუმასპინძლდებით.

დილის 9 საათისთვის სააღდგომო პურობა მთავრდება. ხალხი ავტობუსებით ბრუნდება თბილისში. მე, ალა და ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთხანს ვრჩებით. კოცონი ისევ ანთია. მეტი წილი შეშა ჩამწვარია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი აღდგომის დღესასწაული გადავაგორეთ მშვიდობიანად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^