(შუალედური საარჩევნო ანგარიში)
15 ივნისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ფაქტობრივად უკვე ცნობილია. საარჩევნო ოქმებში მოულოდნელი და უჩვეულო მონაცემები დაფიქსირდა. გამარჯვებული კანდიდატების (მერები, გამგებლები) გამოსავლენად კენჭისყრის მეორე ტური რვა თვითმმართველ ქალაქსა და დაახლოებით თხუთმეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდება. აქამდე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ტიპის დემოკრატიული კონკურენცია განსაკუთრებული იშვიათობა გახლდათ, რომელიც ხანდახან თუ გამოიყენებოდა მაჟორიტარული არჩევნების დონეზე (მაგალითად, 2003 წლის 2 ნოემბრის გლდანის მაჟორიტარული ოლქის კენჭისყრის მეორე ტურში კობა დავითაშვილი და გიორგი გუგავა გადავიდნენ).
ახალი პოლიტიკური ტრადიციის დამყარებაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა მოქმედმა სამთავრობო კოალიციამ, რომელმაც მულიციპალიტეტის ხელმძღვანელთა ასარჩევად შესაბამის კანონმდებლობაში 50%-იანი ბარიერი დააწესა. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება უსაგნო თვითკმაყოფილებისა და თავდაჯერებულობის საფუძველზე მიიღეს. ალბათ, ბევრი მათგანი უკვე ნანობს კიდეც დემოკრატიული პროცედურების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შევეცადოთ გამოვყოთ ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც 15 ივნისის კენჭისყრის მნიშვნელობასა და პოლიტიკურ შინაარსს განსაზღვრავენ:
1) ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 43,31%–მა მიიღო. მოსახლეობის ნახევარზე მეტმა კვლავ სახლში დარჩენა გადაწყვიტა. უკვე გამოჩნდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც რიგით მოქალაქეს სიზარმაცესა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლები პარტიული პოლიტიკის კრიზისით არის განპირობებული. საზოგადოება უკმაყოფილოა მმართველი გუნდის არაეფექტური მუშაობით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმიანობით მხარდაჭერის მოტივაცია დაუკარგა ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა ამისა, ოპოზიციურმა ძალებმა თავიანთი განვლილი გზიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე მოქალაქეებს სათანადოდ ვერ დაუმტკიცეს საკუთარი უპირატესობა წინა კენჭისყრებში გამარჯვებულ ძალასთან შედარებით. ამასთანავე, პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ არ გამოჩენილა მოძრაობა, რომელიც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შედეგიან არტიკულაციასა (გამოხატვას) და სირთულეთა გადალახვის გზების შემოთავაზებას მოახერხებდა.
საარჩევნო პასიურობისა და პოლიტიკურ ბანაკთა მიმართ გამოხატული უკმაყოფილების საფუძველზე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე კვლავ არსებობს თავისუფალი სივრცე ახალი ძალის ჩამოსაყალიბებლად.
2) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნოყიერ ნიადაგს ქმნის მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი იქნება სამი ან მეტი პოლიტიკური ორგანიზაცია. მაშასადამე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნაკლები ავტორიტარულობით წარიმართება, გამრავალფეროვნდება პოლიტიკური დისკუსია, პარტიები იძულებულები გახდებიან რიგი საკითხების განსახილველად მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოონ.
მრავალპარტიული დემოკრატია შეიძლება რეგიონებში საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურების მთავარი ფაქტორიც გახდეს.
აქვე, მცირე მინიშნებაც: წარმოიდგინეთ, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტი და რუსეთის საოკუპაციო ჯარების კავკასიონს მიღმა განდევნის ამბიციის მქონე პოლიტიკოსი პარიზის გავლით გორის საქალაქო ადმინისტრაციაში დაიწყებს მუშაობას.
3) დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად საქართველოში ნათლად გამოიკვეთა პოლიტიკური სისტემის იდეოლოგიური კონტურები. თუ კარგად დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში იწყება რადიკალური მემარჯვენე მიმართულების საბოლოო ფორმირების პროცესი. როგორც ჩანს, აღნიშნულ ფლანგზე მყარად დამკვიდრდებიან მემარჯვენე-ექსტრემისტები („პატრიოტთა ალიანსი“) და პოპულისტი კონსერვატორები („ერთიანი ოპოზიცია“), რომელთაც მომავალში პრორუსულ პლატფორმაზე გაერთიანების შესაძლებლობაც მიეცემათ (ორივე საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებზე დაახლოვებით 15% მოაგროვა). რადიკალ მემარჯვენეთა მთავარი დასაყრდენი საბჭოთა ნოსტალგიის მქონე საშუალო ასაკის, სოციალურად გაჭირვებული რელიგიური მოქალაქეები იქნებიან.
„ქართული ოცნების“ მუშაობის შედეგად რეანიმაციული განყოფილებიდან მთავარი ნეოლიბერალური ძალაც პალატაშია გადმოყვანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა და მის მიერვე დაწინაურებული ბიუროკრატიული ფენების ხარჯზე კვლავ გააგრძელებს ბრძოლას პოზიციების შესანარჩუნებისთვის.
ყველაზე გაფანტული, არამდგრადი და მერყევი ელექტორატი კი ეკლექტურ მმართველ კოალიციას რჩება, რომლის გაძლიერების ყველაზე მომგებიანი გზა მემარცხენე იდეების თანმიმდევრულ ერთგულებაზე უნდა გადიოდეს.
4) უმნიშვნელოვანესი ახალი გარემოება გახლავთ საბურთალოს ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის წარმატებაც. „ელისაშვილის სიმპტომი“ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროგრესული იდეების მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს, ხელისუფლებასთან ადეკვატური ოპონირების ხარჯზე დიდი ფინანსური რესურსისა და ზნეობრივი კომპრომისის გარეშე შეუძლია ძლიერი პოლიტიკური გავლენის მოპოვება. სავარაუდოდ, აღნიშნული „სიმპტომი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უფრო მეტად იჩენს თავს.
ორიოდე სიტყვა რამდენიმე საარჩევნო ოლქში დანიშნული მეორე ტურის სავარაუდო მიმდინარეობის შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ. ივლისის ბოლოს საარჩევნო უბნებზე ხელმეორედ დაბარებულ ადამიანებს ორი ძირითადი გზა ექნებათ - ან მეორე ადგილებზე გასული პოლიტიკური ძალების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს და უარს იტყვიან მმართველი კოალიციის მხარდაჭერაზე, ან არჩევნებში აქტიური მონაწილეობით დაამუხრუჭებენ ფერფლიდან აღმდგარი პარტიების გაძლიერების პროცესს.
მოკლედ, 15 ივნისის არჩევნების შედეგად საქართველოს მიეცა შანსი მინიმალური საარჩევნო დემოკრატია მრავალპარტიულ, კონსესუსზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემად გარდაქმნას.