Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქალური ოჯახის სიწმინდე და ფემინიზმი, თუ (და/ან) ჰუმანიზმი? (ნაწილი 1)

17 ივნისი 2014

24 მაისს სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე - "არა ქალებზე ძალადობას!" - დაახლოებით ორმოცი ადამიანი მოვიდა, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი დასწრების სურვილი სამასზე მეტმა გამოთქვა. ეს გვერდიც "დახუნძლული" იყო შემდეგი კომენტარებით: "მხოლოდ ქალების მკვლელობას რატომ აპროტესტებთ?" "ასე რამდენი დანაშაულიც მოხდება, ყველაფერზე ქუჩაში ვირბინოთ?" "საქართველოში ძირითადად ქალების უფლებები არ ირღვევა" (კომენტარების სტილი დაცულია). ამ აქციას ცოლებისა და ყოფილი ცოლების ხოცვის მრავალი თვე უძღოდა წინ, თუმცა (ზემოხსენებული ორმოციოდე ადამიანის გარდა) ეს მკვლელობები არავინ გააპროტესტა. სამარადისოდ შედუღაბებულმა და ერთარსებად ქცეულმა ერმა და ბერმა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ხმა არ აღიმაღლა. ამბიონებიდან ეს მამაკაცები არ შეურისხავთ. ქმრისგან ნაწამებმა და დაჩეხილმა თეა მეტრეველმა; "ბაზის ბანკის" წინ ყოფილი ქმრისგან ხანჯლით აკუწულმა (იმის გამო, რომ ის ღამის კლუბში დადიოდა და ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა) ახალგაზრდა ქალმა; ყოფილი ქმრისგან დაცხრილულმა 27 წლის სოფომ; ოჩხამურში ცულით დაჩეხილმა რუსუდანმა და სხვებმა, ვერც მრავალრიცხოვანი საზოგადოების თანაგრძნობა დაიმსახურეს და ვერც სამღვდელოების. თეა მეტრეველი და ის ქალები, მისი ბედი რომ გაიზიარეს, ვერასოდეს გახდებიან საკრალურ-ნაციონალურ-კლერიკალურ-პატრიარქალური ემპათიის ღირსნი; წინაპართა სისხლით მორწყულ მიწაზე მათ გამო მრავალათასიანი აქცია არ გაიმართება, რადგან სამარცხვინო დედები იყვნენ. არაქართველურები. არაოთარაანთქვრივისეულები.

აღსანიშნავია, რომ ეს საზარელი მკვლელობები სწორედ ოჯახში მოხდა და არა სხვაგან, მაგრამ ეს ქალები ვერასოდეს მოხვდებიან პატრიარქის იმ სააღდგომო (ან საშობაო) ეპისტოლეებში, ოჯახს რომ ეხება. ქართული ეკლესიის წინამძღოლი ვრცლად ისაუბრებს ქალის წმიდათაწმიდა მოვალეობებზე, თუმცა იმას არ აღნიშნავს, რომ  "ქალის კულტის" ქვეყანაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია; გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა 50,1% ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34,1% კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს.  44,9% ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი. "გაეროს განვითარების პროგრამის" დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად კი, "ნებისმიერი ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი, ნებისმიერი ხასიათის მამაკაცი უნდა აიტანოს ქართველმა ქალმა". გამოკითხულებმა "ქართველი ქალის" სანიმუშო თვისებებებად დაასახელეს: "ოჯახისთვის თავდადებულბა", "კარგი დიასახლისობა", "მორჩილება", "დამყოლობა", "მომთმენის უნარი", "გამძლეობა", "ყურადღებიანობა". გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კარგი ცოლი უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას.

"სუსტი" სქესისთვის ყველაზე სახიფათო სივრცე სწორედ ოჯახია. ასეთია ქართული მითოლოგიზებული-ქალის-კულტისეული რეალობა. საპატრიარქოსა და სრულიად სამღვდელოებას, რომელმაც 17 მაისი ოჯახის სიმყარისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა, ერთი მოკლე განცხადება, ერთი ქადაგებაც კი არ მიუძღვნია ოჯახში ნაცემი, დასახიჩრებული, ყელგამოღადრული და დახოცილი ქალებისათვის. არც კი უხსენებიათ ამ "სიწმინდეში" განზავებული და ყოველდღიურ რეალობად ქცეული მამაკაცური ძალადობის ზეიმი. საქართველოში ოჯახის სიწმინდეს ამგვარად აღნიშნავენ, ევროპაში კი (მაგალითად, საფრანგეთში) უხვად შეხვდებით გადაცემებს, კონფერენციებსა და ფორუმებს, სადაც ოჯახში ძალადობის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობენ და გვიჩვენებენ გადიდებული შრიფტით დაბეჭდილ ცხელი ხაზის ნომერს, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა. ქართული ოჯახის "სიწმინდის" დაცვის ერთ-ერთი "გამოძახილია" ის კომენტარები, რომლებიც "ბაზის ბანკის" წინ ხმლით დაჩეხილი, ყურმოჭრილი, სახედასახიჩრებული და მუხლებგადამტვრეული ქალის ისტორიის ქვეშ ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა დაწერა:

1) "მძიმე ისტორიაა. მერწმუნეთ, არც ცალსახად გასამართლებელია ამ კაცის მდგომარეობა, მაგრამ ქალმაც ხო უნდა იცოდეს საზღვარი? ქალს, თან ქართველ ქალს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ზოგიერთებს გგონიათ. ქალბატონებო, ღამის კლუბში დედა არ უნდა დადიოდეს! შვილს ვის უტოვებს მაგ დროს, რა არანორმალურობაა?"

2) "ისევ იმ კაცს მიუბრუნდები. ძალიან მეცოდება ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა ცხოვრებამ, ღმერთმა გააძლიეროს და მოანანიებინოს ჩადენილი. ხანდახან იცოდეთ ეშმაკი სხვას შემოგვიჩენს, რომ რაღაც ცუდი გაგვაკეთებინოს და რაც უფრო მართალი და წესიერი ხარ ადამიანი, მით მეტად გებრძვის. ყველა ადამიანი კიდევ ვერ უძლებს ამდენ ცდუნებას: ქალბატონებო, ძალიან აიშვით, დედას გეფიცებით რა. თქვენს გულებში ჩაიხედეთ და ნუ დამიწყებთ ლანძღვას. დაწყნარდით, ილოცეთ, ქვეყანას მომავალი გაუზარდეთ და ნუ მოუსპობთ. ყოველივე ამას კლუბებში სიარულით ნამდვილად ვერ მიაღწევთ. ეხლა ეს კაცი ციხეში ჩაჯდება და მაგით ვინ დარჩება მოგებული? ცოლს რომ არ მიეყვანა ამ საქციელამდე და რომ არ გაემწარებინა, მაგას ხო არ ჩაიდენდა? აბა ამაზე დაფიქრდით. ამდენს ვწერ და ზოგი იტყვის ნეტა ამას მოსცლიაო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ".

3) "ბიჯო, რო იძახით და არ მოგწონთ მაგ კაცის საქციელი, თქვენ მის ადგილზე ის  მოგეწონებოდათ, რო თქვენი 2 წლის შვილის დედა გასართობად და რა ვიცი კიდე რისთვის ღამის კლუბებში დადიოდეს? თქვენზე მეტი სიყვარული მაგ კაცს გააჩნდა თავისი ცოლის მიმართ და მაგ ცოლმა თავისი საქციელით დაიმსახურა, რაც მოუვიდა. ბოდიში მარა ვერ გავამტყუნებ მაგ კაცს ჩადენილი საქციელის გამო".

ერთ მუშტად შეკრული ერი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის დამცირებასა და ხელყოფას აპროტესტებს, ღამეს დედის გინებასა და ღრიალში ათენებს და ქუჩა-ქუჩა დარბის, ქალების ხოცვას კი მართლმადიდებლური სულით, ქართული სისხლით, ნაციონალური ეგოთი, თავმოყვარეობით, შელახული მამაკაცური ღირსების აღდგენის სურვილითა და ქალის "უზნეობით" ამართლებს. "მკვლელობა ცუდია, მაგრამ..." ეს მისტიკური, ყოვლისშემძლე, ორმარცვლიანი "მაგრამ" ყველა დაბრკოლებას წამის უსწრაფესად გადალახავს, ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის ყრუ კედელსაც გააცამტვერებს და ყელმოღერებით განაცხადებს: "ცუდია, მაგრამ ის ქალი გარყვნილი იყო!"; "მაგრამ იმ გოგოსაც უნდა შეეგნო რაღაც!"; "მაგრამ ვერ გავამტყუნებ იმ კაცს!"; "მაგრამ ბავშვს რომ მიატოვებს, ის რა ქალია?!"; "საწყალი კაცი, რა დღეში ჩააგდო!"; "ღმერთმა გააძლიეროს!"

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ოჯახის სიწმინდის დამცველი ადამიანები ასეთ შემწყნარებლობასა და სიმპათიას მამაკაცის, ან ბავშვის მკვლელების მიმართ არასოდეს გამოიჩენენ. აღტაცებანარევი შეძახილები, თითქმის ვნებიანი კვნესა და "შენს მარჯვენას ვენაცვალე!" მხოლოდ მაშინ აღმოხდებათ, როცა ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ სამარადისო მბრძანებლად, ოჯახისა და ქალის თავ-კისრად შერაცხული მამაკაცი ცოლს "მუხლებში გადაამტვრევს", კისერს მოუგრეხს, ჭკუას ასწავლის, საკადრისად დასჯის, გონზე მოიყვანს, სწორ გზაზე დააყენებს, გამოაფხიზლებს და აჩვენებს, "ვინაა აქ ბატონი"; მან თავის "მეორე ნახევარს" უნდა დაუმტკიცოს, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა შეუძლებელია; რომ ოჯახს ორი თავი ვერ ექნება და თუკი ქალი თავობას მოინდომებს, ეს თავი ძირშივე წასძვრება; რომ ქალი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს და საღამოობით ფეხსაც ბანდეს. ბავშვის მკვლელი ცოცხლად უნდა დაიწვას, ჩაიქოლოს და აიკუწოს, ცოლის მკვლელი კი ღმერთმა უნდა დალოცოს, გააძლიეროს და ეს განსაცდელი გადაატანინოს. მან უნდა მოიწმინდოს ის ჩირქი, ბინძურმა დედაკაცმა რომ მოსცხო. საბრალო კაცი. ქალი ხომ ფიზიკურადაა მკვდარი, ის კი სულიერად?! სულიერ სიკვდილზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს?! ნამდვილი ქალი ღამის კლუბებში არ დადის. მას არ "ეგართობება", როცა პატრიარქალური, მაჩოისტური და უკიდურესად ქალთმოძულე საზოგადოების მთავარ "დაკვეთას" ასრულებს - სამშობლოს შვილებს უზრდის. ეს მისი წმიდათაწმიდა ფუნქციაა. პატრიარქის სიტყვებით რომ ვთქვათ: სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას. დედობა ესაა დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე (...) ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი წირავს თავს ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებრივად... როცა ქმარი  მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე".

ნამდვილმა ქალმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა "მე მინდა". ქმარს არ ადარდებს, მას რა უნდა; ცოლი თავის "მინდას" უნდა შეაჩვიოს. ცოლმა მხოლოდ ის იცის, კაცს რა სურს. როგორ უნდა დაემსგავსოს ამ "იდეალს"? ნამდვილი ქალის "რეცეპტს" მას რელიგიაც "უხვად" შესთავაზებს, მედიაც, საზოგადოებაც, ლიტერატურაც, პოლიტიკური იდეოლოგიაც, მითოლოგიაც, ისტორიაც და წინაპართაგან დიდი რუდუნებითა და კრძალვით შემონახული ადათ-წესებიც. პატრიარქის სიტყვები მოგვაგონებს იმას, რაც სიმონ დე ბოვუარმა თავის უკვდავ ფემინისტურ ნაშრომში, "მეორე სქესში", აღწერა. მისი თქმით, "ჭეშმარიტი" და "მარადი ქალის" მითი ასეთია: ქედმოხრილი, მონურად მორჩილი, პასიური მდედრი, რომელიც მართალია, ჭკუა-გონებით არ ბრწყინავს, მაგრამ დღედაღამ ქმარ-შვილზე ზრუნავს; ეს ოჯახის ბურჯი საკუთარი თავისთვის ფულს არასოდეს გაიმეტებს. ჩინებულად იცის, რა სურს მის მბრძანებლებს - თანამეცხედრესა და შვილებს. მისი სანთელი ღამით არ ქრება, ქსოვს, კერავს, სახლს ალაგებს, რეცხავს, ოჯახის წევრებს თავს დაჰკანკალებს, მუდამდღე მჭმუნვარე იერით დააბიჯებს და, რაც მთავარია, თმასა და სახეს თავშლით იფარავს. ამ მომთმენი, თავდახრილი, მორცხვი, ხელშეუხებელი და სპეტაკი ქალისათვის, სკის მოფუსფუსე ამ `დედოფალი ფუტკრისათვის", ქმრის სიტყვა უზენაესი კანონია. "მარადიული ქალის" მითის გარდა, პატრიარქალურმა წყობამ კიდევ მრავალი მითი შეთითხნა, მაგალითად, "ზნედაცემული ქალის", რომელიც "ნამდვილის" სრული ანტიპოდია: ახირებული, ხარბი, უზნეო, სულსწრაფი, მოუხელთებელი, ამპარტავანი, ვნებიანი, დაუმორჩილებელი, ავხორცი და მომხვეჭელობის ჟინით შეპყრობილი. ანდროცენტრულ წყობას როგორც წმინდა, სპეტაკი და "ჭეშმარიტი", ასევე "ბინძური" და "ზნედაცემული" ქალიც სჭირდებოდა. მამაკაცი საკუთარ თავს სრულყოფილ, აღმატებულ ადამიანად, აბსოლუტური ჭეშმარიტების განსახიერებად მიიჩნევს, ქალს კი მეორეხარისხოვან ქმნილებად, სხვად რაცხავს. ქალი ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც კაცს უნდოდა და არა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. "მარადი ქალის" მითს ჯერ კიდევ მრავალი გულანთებული მომხრე ჰყავს. მამაკაცები ოხრავენ: "ქალები გადაშენდნენ". ზოგი განსწავლული აცხადებს: "ჩვენი ეპოქის ქალები ჭეშმარიტი ქალები არ არიან!" დაუღალავად შეგვაგონებენ: "ქალებს დაემსგავსეთ! სიკვდილამდე ქალებად დარჩით! დაქალდით! სიტყვა "მამაკაცი" ყოველივე პოზიტივის, დადებითისა და ნეიტრალურის განსახიერებაა. ფრანგულად სიტყვა "ჰომმე" მამაკაცსაც ნიშნავს და ადამიანსაც, სიტყვა ქალს კი ეს დატვირთვა არ აქვს. ქალი ნეგატივია, სხვაა (...) ის ითვლება სხვად, ობიექტად, მეორეხარისხოვან არსებად, მამაკაცი კი - სუბიექტად". `ქალი? ო, ის ხომ ასეთი მარტივი არსებაა?! უბრალო მატრიცა, ჩვეულებრივი კვერცხუჯრედი", - ამბობენ მარტივი ფორმულების მოყვარული მამაკაცები; მდედრი - ეს სიტყვა მთლიანად განსაზღვრავს `მეორე სქესს". მამაკაცი სიტყვა "ქალს" შეურაცხყოფადაც კი აღიქვამს".

"მეორე სქესში" აღწერილ მითებს ქართულ პატრიარქალურ სინამდვილეში თითქმის ყოველდღე შეხვდებით. "ნამდვილი ქალის" მითის კატეგორიაში შედიან ძაძით მოსილი ქვრივები, დაღუპული ჯარისკაცის დედები, სპეტაკი ოთარაანთ ქვრივები და ხორცშესხმული ქართლის დედები, რომელთათვისაც სრულიად უცხოა ყოველგვარი "მიწიერი სიმდაბლე და უზნეობა". ეს საკრალური არსება შარავანდედითაა შემოსილი. აი, რაც შეეხება "მეორე ტიპის" ქალს, რომელიც "ჭეშმარიტისაგან" რადიკალურად განსხვავდება, შეიძლება იყოს თეა მეტრეველიც, თიკო სადუნიშვილიც, ქეთა თოფურიაც, შორენა ბეგაშვილიც, ია ფარულავაც, ე.წ. "კარვის ქალებიც", "მდედრიონიც", 16 000 უკრაინელი "ნაშაც", სლავური წარმოშობის ლამაზმანებიც (რომლებსაც ქართველი კაცები 36 მანეთად "ხმარობდნენ"), ამერიკელი "ბოზებიც" და ევროპაში მცხოვრები "ძუკნებიც". მარადერეგირებული ქართული ფალოსის კონსტიტუციურ-ეროვნულ-შოვინისტურ-სჯულისკანონური ვალია, ისინი კედელზე ააკრას და მამაპაპურად მიაჟიმ-მიაბინძურ-მიბილწოს. "ეროვნული ფრონტი" მაშინ გააფთრდა, როცა ამ მოვალეობის აღსრულებას - ქალის "ტყუნას" (ანუ, სულხან-საბას მიხედვით, კაცთაგან ქალის დამდაბლებას), გადაულახავი ბარიერი აღუდგა წინ - თურქული საროსკიპო. მართლმადიდებლურმა ლიბიდომ და მოუთოკავმა აგრესიულ-მასკულინურმა ენერგიამ ნიაღვრად ამოხეთქა და "გადამთიელებისა" და "უსჯულოების" ბინძურ ბუნაგს ღრიალით, მაშხალების ქნევითა და დედის გინებით მიაწყდა. "თურქ კაცებს ატყვნევინებთ ქართველ ქალებს და ქართველ კაცებს შიგნით არ გვიშვებთ?!" ვინც გასაჟიმია, უნდა გაიჟიმოს, ვინც მოსატყნავია, უნდა მოიტყნას, ვინც გამოსაფატრავია, უნდა გამოიფატროს. ასეთია წესი და კანონი.

ნაციონალურ-მართლმადიდებლური ლიბიდო კიდევ ერთხელ ამოხეთქავს (ოღონდ, უფრო გამაყრუებელი ბღავილითა და ყიჟინით) სულ მალე, ალბათ, აგვისტოში, როცა "კაზანტიპზე" 16000 უკრაინელი "ნაშა" ჩამოვა. თუკი გივი სიხარულიძეს ვენდობით, "ეს 16 000 გოგო მთელ საქართველოს ეყოფა ბედნიერებისთვის". ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის სურვილით გულანთებული და გენოფონდზე ფიქრით დამაშვრალი ჟურნალისტი კი ასეთ შეკითხვას უსვამს მას: "როგორ ფიქრობთ, ამ 16 000 გოგონადან რამდენი იქნება ისეთი, რომელიც ქართულ ოჯახს შეეფერება?" რა დროს ნაწამები ქალებია, რა დროს პროტესტი და ქალთა უფლებებზე ენჯეოშნიკურ-პოლიტკორექტულ-ფემინისტური წუწუნია, როცა ამდენი გადასაჟიმ-დასამდაბლებელ-მოსატყნავ-ჩასათესლ-გასაუპატიურებელი მდედრი ჩამოვა ივერიის წმინდა მიწაზე? როგორც ჩამოვა, ისე წავა. სპარტანული სულისკვეთებით გაჟღენთილი, ცხოველმყოფელი ქართული სპერმით დაბინძურებულ-მოთხვრილი. ჰო, წავა, მაგრამ ამ საარაკო ეროვნულ-მაჩოისტურ ტრიუმფთა მოგონება საოჯახო რელიკვიასავით გადაეცემა მომავალ თაობებს. მხოლოდ გივი სიხარულიძეს ხომ არ ესროლეს ქალი? მხოლოდ მის ლეგენდარულ 25-სანტიმეტრიანს არ გაუნაყოფიერებია დიადი დედა რუსეთი. ვესტერნიზებული "გივი სიხარულიძეები" "კაზანტიპს" შტურმით აიღებენ, ამძუვნებულ მდედრებს დაიმორჩილებენ და ლაგამს ამოსდებენ. შთამომავლობამაც ხომ უნდა იცოდეს, როგორ დაამყარეს მამებმა, უფროსმა ძმებმა, ბიძებმა და ძმაბიჭებმა მასკულინური წესრიგი და როგორ გახედნეს ეროტიკულ სათამაშოებად და სექსობიექტებად ქცეული ქალები? დიდი ეროვნული ონანიზმი ალბათ ზამთრამდე გასტანს. ზოგი ქალი აეროპორტშივე უნდა გაჟიმო, იქვე, ქალების ტუალეტში, ზოგი - მანქანაში. ტაში. მასკულინური ძალა აღზევდა. ამ მოზეიმე შიზოფრენიაში არავის გაახსენდება ის გაუპატიურებული თუ ძალისძალად გათხოვილი გოგონები, თავი რომ მოიკლეს; არავის გაახსენდება ის 16 წლის გოგონა, რომელსაც თანატოლი ბიჭი ყოველღამე აუპატიურებდა მანქანაში, რადგან "ცოლად უნდოდა". მოსამართლე კაცი კი, რომელსაც მტყუან-მართლის გამრჩევის მოვალეობა აკისრია, მოძალადესა და მის ამფსონებს (იმ "ძმაკაცებსა" და "კაცურ კაცებს", რომლებიც მას გოგონას მოტაცებაში ეხმარებოდნენ) პატიმრობას არ მიუსჯის და განაცხადებს, რომ ძალადობა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის თანახმად, გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი, სისხლჩაქცევები, სილურჯეები და ნაჟღენთები ატყვია, ძალადობა არ მომხდარა; კაცია და კაცის მიმართ სოლიდარობას გამოიჩენს; კაცური ღირსების საქმეა მაინც. თვალებახვეული თემიდა აქ რა მოსატანია. თან, ისიც ქალი იყო. საქართველოში ქალებზე არ ძალადობენ; ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში თამარი გვყავდა; განა დედოფალი?! არა, მეფე. ლეკვი ლომისა ტყიური ევროპელებისაგან არ გვესწავლება. ის თანამზრახველები, რომლებიც 16 წლის გოგონას ხელებს უგრეხდნენ და მის გაუპატიურებას სიცილით-ხარხარით უყურებდნენ, დიდი, დაუვიწყარი მამაკაცური გამარჯვების მომსწრენი გახდნენ; ქალის დამარცხებისა და კაცი აღზევების მომსწრენი. სასჯელი არც იმ ცოლ-ქმარს ემუქრება, 16 წლის გოგონას რომ ძალით ათხოვებდნენ. მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან მან თავში ტყვია დაიხალა. თვითმკვლელობამდე მიყვანა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ოჯახის "სიწმინდე" ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე დგას, კანონსაც "გადაფარავს", ძალადობასაც, იძულებით ქორწინებასაც და გოგონას სისხლსაც. მათ არაფერი ემუქრებათ. შეუძლიათ, მშვიდად განაგრძონ ერის გამრავლება, გენოფონდზე თავდადებით ზრუნვა, ოჯახის სიწმინდისათვის ლოცვა და სხვა გოგონების გაუბედურება. მათ ციხეში არავინ უკრავს თავს. ასეთ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას იჩენენ ის პოლიციელები, რომელთაც სამართლიანობის დამკვიდრება და მოქალაქეების (ქალებისა და მამაკაცების) ძალადობისაგან დაცვა ევალებათ. კარდენახში 70 წლის ქალი 78 წლის კაცმა მოიტაცა, მაგრამ საზოგადოებამ მაშინაც გადაიკისკისა და გადაიხარხარა, სამართალდამცავებმა მოძალადე არათუ დასაჯეს, არამედ ღვინით სავსე ჭიქით დალოცეს კიდევ ერთი წმინდა ქართული ოჯახი, აღფრთოვანებულმა პუბლიკამ კი ბედნიერება უსურვა. იხარეთ, იმრავლეთ. დიდი ამბავი. ქალი მოიტაცეს. ქალის (პატივის)ცემა ქართველებს არ გვეშლება; და საერთოდ, ქალი "ბუნებით" მაზოხისტია და მოძალადეს მიელტვის; "ევასება, კაცის ძალას რო გრძნობს", გაუპატიურებაც სიამოვნებს და "რტყმევაც".

ანტიკური სამყაროდან დღემდე სატირიკოსები, მორალისტები, თუ ეკლესიის მამები დიდი ხალისითა და ქილიკით აღწერენ ქალთა "სისუსტეს", "სიჩლუნგეს" და "სიბრიყვეს". რომის სამართალი ქალებს უფლებებს უზღუდავდა და ამის მიზეზად მათ "სისულელესა და სისუსტეს" ასახელებდა. მათ იცოდნენ, რომ თუკი ოჯახის ინსტიტუტი შესუსტდებოდა, ქალი მონობას თავს დააღწევდა. მამაკაცებმა "ქალური ბუნება" ეშმაკისეულ "წარმონაქმნად" მიიჩნიეს. ადამის პირველი ცოლი, ლილითი, რომელმაც ქმრის მორჩილებაზე უარი თქვა, გველთან, უწმინდურებასა და სიბინძურესთან ასოცირდება. პატრიარქატმა მისი დემონიზება მოახერხა. ლილითი სახეა უხსოვარ ხანაში, მატრიარქატში მცხოვრები იმ უსაზღვროდ თავისუფალი და სუვერენი ქალებისა, რომელთა ძალმოსილებაც მამაკაცებს შიშს ჰგვრის. ლილითი ადამმა უარყო, ღმერთმა სამოთხიდან გააძევა, უთხრა, რომ ის ზეცაში ვეღარასოდეს დაივანებდა და ზღვის ფსკერზე შთანთქა.

"ლილითი კოლექტიური არაცნობიერის სიღრმეშია დალექილი; მისი სამოთხიდან გაძევების მითი ევას "შეცოდებას" მოგვაგონებს. ქალმა დაკარგა ძველებური "სიწმინდე" და ცოდვათდაცემის, ცდუნების სიმბოლოდ და მამაკაცის მტრად გადაიქცა. პატრიარქალური წყობა სწორედ ამ მითების წყალობით ამართლებდა მამაკაცთა დომინაციასა და ქალთა ჩაგვრას; სამ უმთავრეს დომინანტურ რელიგიას ერთი რამ აერთიანებს: ქალის სიძულვილი და მისი დამორჩილებისა და გაკონტროლების დაუოკებელი სურვილი. პირველი უდიდესი ქალი-მზე მთვარის მკრთალ შუქში გახვეულ საზიზღარ დემონად იქცა. მამაკაცთა ფანტაზიებში, ლილითი და კალი შავი ქალები/შავი მთვარის პირმშონი იყვნენ. აი, ასე "დაკარგა" ქალმა სული", - წერს ჟან-ბერნარ კაბანიე თავის სამეცნიერო სტატიაში "წმინდა ქალი, ანუ დაკარგული ერთობის ძიებაში". ("სულის დაკარგვაში" ავტორი გულისხმობს იმას, რომ წმინდა მამები დიდხანს ბჭობდნენ იმაზე, ჰქონდა, თუ არა, ქალს სული).

"დალილა და ივდითი, ასპაზია და ლუკრეცია, პანდორა და ათენა, ევა და მარიამი... პატრიარქალურ მითებში ქალი ღვთაებაცაა, კაცის მხევალიც, სიცოცხლის წყაროც და შიშის მომგვრელი, ყოვლისშემძლე წყვდიადის სამყაროც (...) იგი ყბედი მატყუარაცაა და ფლიდი არსებაც; მკურნალიც, ჯადოქარიც და მისანიც; მამაკაცის ტყვეც, მისი დანაკარგიც და დაღუპვის საწინდარიც", - წერს სიმონ დე ბოვუარი.

ქრისტიანობაც ამ ქალთმოძულე რიტორიკის განუყოფელი ნაწილია; მან საბოლოოდ აუკრძალა ქალებს ღვთისმსახურება; საკურთხეველში "ბინძური" და "სისხლმდინარი" ქალის ადგილი არაა; ათონის მთაზე ევას მოდგმა ვერ გაიჭაჭანებს. ამ სარწმუნოების წიაღში ვიპოვით უამრავ თეორიას, რომელიც ქალს ცოდვათდაცემის მიზეზად წარმოაჩენს. ამ მაცდურმა მამაკაცს აკრძალული ნაყოფი აგემებინა. ამიტომაც მას ღვთიური წყევლა-კრულვის ნიაღვარი დაატყდა თავს. რა თქმა უნდა. ქალი მამაკაცის ნეკნია, დანამატი, შემთხვევითი არსება და "მის გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევია". სწორედ მის გამო ისჯება კაცობრიობა/ქალობრიობა. ამიტომაც "სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (დაბადება 3:16) მან მორჩილებითა და სიყრუე-სიმუნჯე-სიბრმავით უნდა "ზღოს". კაცობრიობის/ქალობრიობის არსებობის მანძილზე ცისქვეშეთში ყველა დანაშაულს მოეძებნა გამართლება, ყველას უპოვეს რაღაც მიზეზი და "მსჯავრდებულიც" "შეიწყალეს". ქალს კი ვაშლის შეჭმა არ და ვერ ეპატია. ის მარადიული დამნაშავეა, რომლის ცოდვასაც ვერაფერი "გამოისყიდის" და ამიტომ კაცის მუშტში, მუშტის ქვეშ თუ მუშტთან ახლოს ყოფნა მიესაჯა. ჩვენ, დედამიწელები, "შეცდენილი", საბრალო ადამის "ხათრით", მავანის ცოლის ჩალურჯებულ და ტირილით დასიებულ თვალებზეც დავხუჭავთ თვალს. ჩვენ ადამს თანავუგრძნობთ, რადგან ქალის, ანუ გველის გამო სამოთხიდან გამოაძევეს. ახლა ადამის შურისძიების დროა: ევა უნდა "დააჩოქოს". ადამიანს ადამ-იანი ეწოდა და არა - ევა-იანი. ადამის მოდგმა "ვართ" და არა - ცოდვილი ევასი. ჯვარცმული მაცხოვრის სისხლიც მხოლოდ ადამის საფლავს დაეწვეთა და იგი შენდობილია. ევას ასეთი წყალობა არ ეღირსა. ამიტომაც ფრთა-მუშტის პერმანენტული საფრთხის წინაშე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლაგამი მაგრად ეკეთოს, რომ "დაუკრეფავში" არ გადავიდეს და კაცმა იქით მიუქციოს/მოუქციოს/მოუღრიცოს თავი/კისერი, საითაც  მოესურვება.

 

***

მერი მეოცე საუკუნეში დაიბადა. ორმოცდაათიანების დასაწყისში. "გაგანია" საბჭოთა კავშირში. პროვინციაში. მხიარული, ლაღი და ხალასი გოგო იყო. თავიდან სკოლაშიც კარგად სწავლობდა და ქიმიკოსობა უნდოდა. მარია კიურივით უნდა გავითქვა სახელიო, ამბობდა კისკისით. ასე კისკის-კისკისით ეწაფებოდა ქიმიას, ალკანებს, ალკენებს და კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ კივილ-კივილით ჩატენეს მანქანაში მთავარმა მოძალადემ და მისმა ამფსონებმა. 16 წლისაც არ იყო. სკოლის ჩანთა ეჭირა. წიგნებით სავსე. მომავალი ქმრის "ძმაკაცის" სოფელში წაიყვანეს. ატყდა წიოკი. ვაი-ვიში. მეზობელი ქალები გადმოვიდნენ. დაწყნარდი, შვილოო. ვის არ მოსვლიაო. რამდენი გოგო მოუტაცებიათო. შენ ხომ არა ხარ პირველიო. არც უკანასკნელიო. ჩვენც ასე ვიყავითო. მაგრამ ბედს შევეგუეთო. რას იზამ, ქმარია და უნდა აიტანო, როგორიცააო. ასეთია ცხოვრებაო. გაივლის დროო. შვილები გეყოლებაო. ისიც შეგიყვარდებაო. ჩამოვიდნენ მერის მშობლები. დაიწყო ოჯახური ქოთქოთი. მერი იქ დატოვეს. შინ არ წაიყვანეს. ღამე განათევიაო. რას იტყვის ხალხიო. ის უკვე მომხდარიაო. დატოვეს. 16 წლის ბავშვი. სკოლადაუმთავრებელი. უპერსპექტივო. ძალიან ბევრი მერი დააბიჯებს. ყველა ქალაქში. განუწყვეტლივ. ყველა ქუჩის კუთხეში გადავაწყდები ხოლმე. მაგრამ მაინც: რატომ არ არსებობდნენ გენიოსი ქალები? არ მესმის. ალბათ, ქალის ტვინია ნაკლული. ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?

მანანა ჩემი მეგობარი იყო. მეოცე საუკუნის მიწურულს დაიბადა. 1990 წელს. ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ერთ სართულზე. თითქმის, სულ ერთად ვიყავით. დედაჩემი ხშირად სიცილით ეუბნებოდა, ჩემი გიორგი დედისერთა არაა, შენც ჩემი შვილი ხარო. ერთსა და იმავე რომანებს ვკითხულობდით. "ანა კარენინა" განსაკუთრებით გვიყვარდა. ბავშვობაში, საღამოობით, საშინელებათა ფილმებს ვუყურებდით ხოლმე. მერე სადარბაზოში გასვლასაც კი ვერ ბედავდა და ჩვენთან იძინებდა. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება უნდოდა. მახსოვს, როგორ ვემზადებოდით ერთად გამოცდებისთვის და როგორ ვსწავლობდით "შუშანიკის წამებას", შორს იყოს კუბასტიც და ასტამიც და მანანა გათხოვდა. მიყვარს და გავყევიო. ბედნიერები ვართო. თან ძალიანო. შენ უკეთ იცი, მანანა-მეთქი. მხოლოდ ეს ვუთხარი. ერთი წელი რომ გავიდა, ქმარმა შეაგინა, მერე ხელი მოუქნია, მერე წიხლებით შესდგა. მახსოვს, როგორ ტიროდა მანანა "მარშუტკაში". რეგიონში მივდიოდით. ტიროდა. ტიროდა გულამოსკვნილი. წამწამებზე ტუში წაესვა და სულ შავი ცრემლი სდიოდა. მგზავრები უყურებდნენ, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა. ტიროდა. ტიროდა გულამოსკნილი. ქმარმა ჩემი ფულით ნაყიდი კაბა ტანზე შემომახიაო. ეს რა გაცვია, მარცხვენ, შენი დედაო. შენი ჯიშიო. შენი ჯილაგიო. შენი გამომცემელიო. და წიხლები დამიშინაო. დედამისთან ჩავედით. მანანას ჩემოდნები ეჭირა. ტანსაცმლით სავსე. იმან ჯერ ეს უთხრა, მერე ის, ქიციც და ქიცმაცურიც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მანანა ამბობდა, არ წავალო. ბოლოს დედამისმა დაუყვირა, ახლავე გამშორდი აქედანო. შე უნამუსოო. არ გაბედოო. ქმარია და აიტანეო. ხან გიყვირებს და ხან შეგაგინებსო. აბა, როგორ გინდაო. მე როგორ გავუძელი მამაშენსო. ასე რომ დამენგრია ოჯახი, შენ და შენი ძმა კი არ მეყოლებოდითო. ასეთია ოჯახური ცხოვრებაო. კენწეროში გატკბილდებაო. ბავშვი აზრს მოგცემსო. ცხოვრების აზრსო. მანანა გახევდა. ყელში ბურთი გაეჩხირა. ვიცი, როგორ თენდება მანანასათვის ყოველი დილა. ძალიან კარგად ვიცი. წარმოდგენაც არ მინდა. როცა ალიონზე თვალს გავახელ, სადღაც, ჯერ კიდევ წყვდიადში შთანთქმულ ოთახში გაკრთება მისი ხატება. ვცდილობ, არ ვიფიქრო, როგორ იწყება მისი დღე. იშვიათად გადავეყრებით ერთმანეთს. მაგრამ წიგნებზე აღარ მელაპარაკება. აღარ. "ანა კარენინა" შორს დარჩა. უსაზღვროდ შორს. ბავშვობაში კი მუდამ მაბარებდა. სიასაც კი მიწერდა, ეს და ეს წიგნები მინდაო და ლაქწასმულ ფრჩხილს ადებდა ლურჯი მელნით დათხაპნილ ფურცელს. 12-ფურცლიანი რვეულიდან ამოხეულს. რა ქნას, ქმარი ისეთი "გაქაჩული" ტიპია, ძალადობის გამო ვერავინ შეედავება. ვერავინ გამოესარჩლება. მოხელის ცოლია. ხანდახან თვალს თუ ჩაულურჯებს, დიდი ამბავი. მთავარია, ქვეყანას ემსახუროს და ოჯახის სიწმინდე დაიცვას. მაგრამ მაინც: რატომ არ არსებობდნენ გენიოსი ქალები? არ მესმის. ალბათ, ქალის ტვინია ნაკლული. ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?

სიმონ დე ბოვუარიც "იქით იყოს", ოჯახში ძალადობაც, საფრანგეთიც, დაჩეხილი და ყელგამოღადრული ქართველი ქალებიც, მანანაც და მერიც. მალე 16 000 ამძუვნებული ნაშა ჩამოვა უკრაინიდან და გადაჟიმავენ ქართველი ბიჭები. ძუკნები. მაგათ მხოლოდ ცხენი თუ დააწყნარებს. გაივლის დრო. ვიღაც ყოფილი ქმარი ისევ მოკლავს და აჩეხავს ქალს. ძალადობა ცუდია, მაგრამ. უზნეო დედა. შვილებს როგორ არ უვლიდა. უფრო ადრე უნდა აეფატრა. ხო მოუგრიხა კისერი?! ღმერთმა დაგლოცოთ! ოჯახის სიწმინდისა და სიმყარის დღეს ისევ აღვნიშნავთ. ჩვენთან ქალის უფლებები ძირითადად არ ირღვევა. ქალის კულტი გვქონდა. არავისგან არ გვესწავლება. მანდილოსნის სადღეგრძელო. დედის გინება. განა ყველა ქალი ქალია?! ქალური ბედნიერება. ოჯახი არ დაანგრიო. ქალი მოკლეს. დაჩეხეს, მაგრამ მაინც რა ეშველება რვა ანგელოზს? ბავშვები დააობლეს. ღმერთო, უშველე ბავშვებს. მკვლელობა ცუდია, მაგრამ იმ გოგოსაც უნდა შეეგნო რაღაც. ის კაცი ისედაც საცოდავია. მისი გაჭირვება ეყოფა. მკვლელობა ჩაადენინა ცოლმა. დაანებეთ თავი. ღმერთმა გააძლიეროს და ეს განსაცდელი გადაატანინოს. იმ ქალს რომ არ გაეგიჟებინა, ხომ არ მოკლავდა? ტაში. ივერია. მესია. ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი ყრმა. ღმერთმა დაგლოცოთ. ქალს რომ არ გაეგიჟებინა, ხო არ მოკლავდა? ღმერთმა დაგლოცოოოოოოოოოოოოოოოთ.... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^