,,მარადი ქალისა’’ და ,,ზნედაცემული ქალის’’ მითები არ ქრება, მუდმივად განიცდის რესაკრალიზაციას, რემითოლოგიზაციასა და რეინკარნაციას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის სასოწარკვეთილი წივილ-კივილი, რომელიც ისმის ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ერიკ ზემურის ,,პირველი სქესისა’’ და ალენ სორალის ,,ეფემინიზაციისაკენ?’’ კითხვისას.
ეს ორი ანტიფემინისტი ავტორი გამუდმებით წუწუნებს, ქვითინებს და მოთქვამს, რადგან გაქრა ის ძველი, საამურო დრო, როცა მამაკაცები ქალებთან შედარებით მრავალ უპირატესობას ფლობდნენ და სწორედ ისინი გახლდნენ ,,პირველები’’, დომინანტები, ოჯახის უფროსები და ა.შ. ,,საუბედუროდ’’, ქალმა მიატოვა ტრადიციული ,,პოსტი’’-ოჯახი და ინტელექტუალური სამყაროსაკენ აიღო გეზი. ის კაცს ტოლს აღარ უდებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ლიტერატურა, მხატვრობა, მეცნიერება, პოლიტიკა. ზემურის ,,პირველი სქესი’’ ბოვუარის ,,მეორე სქესის’’ ,,ანტიწიგნია’’. ის გმობს ფემინისტი ფილოსოფოსის იდეოლოგიას და ამტკიცებს, რომ ქალი ,,მეორეა’’, ,,სხვაა’’ და თანასწორობაზე ,,სიტყვაც კი არ უნდა დაასველოს’’. მისი აზრით, სწორედ ასეთია ,,ნამდვილი ქალის’’ ხატი: დაქვემდებარებული ობიექტი და კომფორტული ნახევარფაბრიკატი, რომელიც უყოყმანოდ იქცევა ქმრის ყურმოჭრილ მონად. სწორედ ეს ,,წმინდა ქალი VS ბოზი’’ იდეოლოგიაა როინ აბუსელიძის ,,ჩემი ნენეს’’ ,,საძირკველი’’:
,,დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე მჭადზე ასვამს ჯვარებს. დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი მერსედესით დადის, ჩემი ნენე მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია, მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ ქარში, ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა, დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს. ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს, ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის. დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში’’.
თუკი ,,იუთუბზე’’ პოეზიის ამ თვალმიუწვდომელ მწვერვალს იპოვით, იმასაც შეამჩნევთ, რომ ზღვის ნაპირას ჩამომსხდარი მხიარული გოგო-ბიჭები ჯოგური აღფრთოვანებით, სიცილითა და ყიჟინით უკრავენ ტაშს ამ ანტიქალურ ბოდვას. ბაკურ სვანიძის ,,მარადი ქალი’’ ამ ფრაზაში გამოვლინდა: ,,ჰოდა, დაფიქრდით ძვირფასო ქალებო – მამაკაცმაც თქვენზე “სერიოზულად” რომ იფიქროს, ყველაფერ დანარჩენზე მეტად თქვენ “ქალები” უნდა იყოთ და არა ვინმე ახუნტრუცებული, აცუნდრუკებული და “აგენდერებული” არსებები.’’ ამ მამაკაცებს ერთი რამ აერთიანებს: ძველისძველი ,,მარადქალურობის’’ კონცეფცია და ქალის მეორეხარისხოვან არსებად აღქმა. როცა პატრიარქალური იდეოლოგია ,,სუსტი’’ სქესის მისტიფიცირება-საკრალიზაციას ახერხებს, მას სამუდამოდ ,,ათავისუფლებს’’ სექსუალური ლტოლვებისგან. ,,ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს. თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავთ. დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში’’. ნენე წმინდაა, ის ვიღაც ,,დედაშენი’’ კი - ზნედაცემული და სულწაწყმედილი. ნენე მრავალშვილიანია. მას იმის პრეტენზიაც კი არა აქვს, რომ თავად იყოს საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონი. მის საშოს, - ამ იდეალურ ინკუბატორს, მაჩოისტური ძალაუფლება ეპატრონება და იმდენ ბავშვს გააჩენინებს, რამდენსაც მოისურვებს. ნენე თავისი საშვილოსნოს ავტონომიას შეელია. მისთვის სრულიად უცხოა სატანისტური კონტრაცეფცია და აბორტი. მისი ვალია, ალგეთის ლეკვები, ცხრა ძმა ხერხეულიძე და 300 არაგველი შვას. ისმის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური შეკითხვა: ,,როგორ ხართ თორმეტნი სახლში, თუკი ,,თქვენთან’’ სექსი არ არის?’’ პატრიარქალური ,,გონი’’ ამ შემთხვევაშიც გამოძებნის პასუხს: ქალწული დედაა. ნენეც, ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი მესიის მშობელიც, ქართლის დედაც, ოთარაანთ ქვრივიც და სხვა მათი მსგავსი ქალები წმიდათაწმიდა ქალწულის ,,გადმომიწებული’’, ზეციდან ჩამოკვარცხლბეკებული, თვალხილული და ეროვნული ,,ვარიანტები’’ არიან. ნენეს ბავშვებს მამა ჰყავთ, მაგრამ მათ ჩასახვაში ,,სიბინძურის’’ ნატანმალს ვერ იპოვით. მამა მას არ გაჰკარებია. ,,ალგეთის ლეკვების’’ დედის ქანდაკებაც ტიპური ,,მარადი ქალია’’. ის ფალოსებგადმოყრილი ბიჭებისუკან დგას და მათ უპირატესობას უყოყმანოდ აღიარებს, თავად კი კოჭამდე კალთაჩამოშლილი კაბა აცვია და თმაც კი არ უჩანს. გენიტალიების გამოჩენა მხოლოდ კუტუიან-პასპორტიანი ბიჭის მოვალეობაა, ქალმა კი თავისი უწმინდური ორგანო უნდა დამალოს. მენსტრუაციის დროს კი უმჯობესია, საერთოდ გაქრეს და პირისაგან მიწისა აღიგავოს.
ქართლის დედას ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში-თასი. მისი ზემო კიდურების ადგილი და მარშრუტ-ტრაექტორია მკაცრად განსაზღვრულია. არც ერთს არ სცალია სექსისა და ,,უწმინდურობისათვის’’, ისე, როგორც ნენეს არ სცალია ,,მერსედესისთვის’’, ,,კენტისა’’ და შარვლისთვის, მაგრამ თორმეტ შვილს შობს (თანაც, უბიწოდ); ,,გარყვნილ’’ ევროპელებს არ მიბაძავს და მოდური სექსით არ დაკავდება, მაგრამ მისი ღვთივკურთხეული და ბარაქიანი ნიადაგი მაინც განაყოფიერდება; მას კლიტორულ ორგაზმზე არც კი უოცნებია, თუმცა, ქმარი არც ვაგინალურით არ ანებივრებს. მთავარია, კაცის სხეულმა და სულმა ინეტაროს. როცა საქმეს მორჩება, გადაბრუნდება და ხვრინვას ამოუშვებს, სიმწარენარევი სიამოვნების სამეფოსაკენ მიმავალ გზაზე შემდგარი ქალი კი გახევდება, გაქვავდება და ,,ჩაბეტონდება’’. მისი ვალი მხოლოდ და მხოლოდ ქმრის მსახურება და მისი სურვილების დაკმაყოფილებაა. ქალისთვის სექსი ,,ტეხავს’’, თორემ მრუშ კაცს თავისებური ,,იზიუმინკაც’’ კი აქვს. აი, სწორედ აქ გადის მთავარი წყალგამყოფი. დედებს და მამებს პური არასოდეს უჭამიათ ერთად. როცა ქალთმოძულე სამყაროს კრუხად ქცეული ნენე თავის დანიშნულებას შეასრულებს, ,,ჭადებს’’ გამოაცხობს (მაგრამ კაცთან ერთად არ შეჭამს), მერე კი თმას დაიბურავს, გუთანს გასწევს და ოჯახის სიწმინდისათვის ილოცებს; ისევ ჩაებმება ხაჭაპურულ-ფქვილურ-მარგარინულ ფერხულში. ამ დიად მსხვერპლშეწირვას პატრიარქატი ,,საკადრისად’’ დაუფასებს და წელიწადში ერთხელ ვარდისა და იის კონას, ან მანდილოსნების სადღეგრძელოს გაიმეტებს მისთვის. რა ბედნიერება შეედრება იმას, როცა მორცხვი, თავდახრილი ქალი ქმრისა და მისი ძმაბიჭების წინაშე დგას, ისინი კი ჯანმრთელობასა და გამძლეობას უსურვებენ?! ტყუილუბრალოდ ნუ ექნება იმის იმედი, რომ ამ ყოველივე ამას თავისთვის მოიხმარს. ისევ ქმარ-შვილს უნდა დაემონოს და ეს სასიქადულო ჯან-ღონეც ხაჭაპურების ცხობაში გავარდება.
წმინდა ქალისა და გმირი დედის ხატის პარალელურად, ოთხმოცდაათიან წლებში და მეტადრე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ქართულ რეალობაში შემოიჭრა ,,ქალი-სექსობიექტი’’, რომლის განსახიერებაც ,,მდედრიონი’’ და ,,კარვის ქალები’’ გახლდნენ, ან კიდევ გლამურული, ,,ბომონდელი’’ ,,მსუბუქი ყოფა-ქცევის’’ გოგონები, მომღერლები, მოდელები, მსახიობები და ჰოლივუდელი ,,ბოზები’’. ამგვარ კონცეფციას მედიაც აქტიურად ტირაჟირებს, კინოსამყაროც, მარკეტინგიც, ლათინოამერიკული, მაჩოისტური ტელესერიალებიც, გასართობი შოუებიც და ყვითელი პრესაც.
,,ამერიკულმა და ზოგადად, მსოფლიო პოპკულტურამ გაამყარა ქალის „მეორესქესიანობის" მაქსიმა, რადგან სექსუალობის არტისტულმა გამოვლინებამ და სექსუალურმა თავისუფლებამ ქალი თაყვანისმეცემლების ტყვედ აქცია. საზოგადოებრივი აზრის, მათ შორის, ყვითელი მედიის ტირანია მას იყენებს „სიბსტანციად (...) ქალის ტრადიციული ხატების „ნორმატიული რეჟიმი“, პირობითად, დასავლურ ცივილიზაციაში გაკულტურებულ–გაგლამურებულია, მაგალითად, ქალის „გალამაზება–სრულყოფის“ და მისი სხეულის მორთვის დაუსრულებელი ჟინით, აღმოსავლურში კი – კლიტორის მოჭრით, გაუპატიურების მსხვერპლის ჩაქოლვით, ანდა სახელმწიფო სტრუქტურაში ქალიშვილობის მოწმობის აღებით, მაგალითად, პოტენციური, ან უკვე ,,შემდგარი’’ დედამთილის ინიციატივით.’’-წერს ია მერკვილაძე.
მედიასა და პორნოინდუსტრიას ინტერნეტთამაშების სამყარომ ტოლი არ დაუდო და შექმნა მრავალი თამაში, სადაც ბიჭი გოგონას ეჯიბრება და თუ მოუგებს, გახდის კიდეც. დასდევს, აწვალებს, მახეებს უგებს, აბამს. მოკლედ, იმორჩილებს და თავის ძალას უჩვენებს. კაცი ,,ომში’’ გამარჯვებული, ჰეროიკული მანტიით შემოსილი და ქალის ტრივიალურ-მამაპაპური მომხმარებელია, ქალი კი ,,არაშემოსილი’’, გახდილ-ჩახდილი და ტრივიალურ-მამაპაპურადვე ნახმარი, დაპყრობილი და დაბინძურებული. ზოგ სურათზე გამოსახულია ქალი, რომლის ბიუსტჰალტერის შესაკრავსაც აწერია: ,,Open it and PLAY’’. ყვითელი ისარი მიგვანიშნებს, რა, სად, როდის, როგორ და რატომ უნდა გავხსნათ და რაც მთავარია, გასხსნის შემდეგ როგორ მოვიხმაროთ ,,პროდუქტი’’. შესაკრავი გაუხსენი და ითამაშეო. შეაჯექიო, გააჭენეო, მოახტიო, მოიხმარეო, დაიმონეო, დაამცირეო, დაამდაბლეო. ის ხომ ქალიაო, სახმარად შეიქმნაო.
,,შტერი ქალის’’ ხატს აძლიერებს გადაცემა ,,ქალური ლოგიკაც’’, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ქალური უტვინობა. ,,მეორე სქესმა’’ იმ გადაცემაში ძალიან დიდი სისულელე უნდა წამოროშოს და მაქსიმალურად ,,ქალური’’ (ბიბლიურად - უტვინო ნეკნი) იყოს, რათა ფემინურობის ,,დამღა’’ კარგად დაეტყოს, სტუდიაში მსხდომი კაცებიც აახორხოც-აახითხითოს და კიდევ ერთხელ განამტკიცოს ის აზრი, რომ ქალთა ,,ცოდვილი’’ და ,,ბინძური’’ სქესი, ყველა სიკეთესთან ერთად, ჩლუნგიც გახლავთ. რაც მთავარია, მამაკაცი ამ სიცილსა და ჟრიამულში ფულსაც იგებს. ერთ-ერთ ქართულ არხზე ორი მოწიფული კაცი ცდილობს, გამოიცნოს, რა სურთ ქალებს. ერთი ამბობს: ,,იქნებ, ქალი თავდარტყმული კაცია?!’’ ,,იქნებ, არარეალიზებული კაციც?!’’ - ეპასუხება პათოსით თვალებანთებული მოძმე. ქალების იმ ,,ექსპერტებს’’ პასუხების მოძებნა ჯუდით ბატლერისა და სიმონ დე ბოვუარის წიგნებში არ უცდიათ.
,,ჯი პი აი ჰოლდინგი’’ ხაზს უსვამს იმას რომ, მისი სარვამარტო საჩუქარი მხოლოდ მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი. ყველა ქალი მანდილის ტარების ღირსი როდია? (ანრი ჯოხაძისეული ,,განა ყველა ქალი ქალია?!’’) აქცია გვაფრთხილებს: ,,ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია!’’. სურათზე გამოსახულია ქალი, რომელსაც პომადა ,,გაედღაბნა’’ და რბილად რომ ვთქვათ, დიდად აზრიანი გამომეტყველებაც არ ,,დააყენებინეს’’. ,,დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან და მიიღეთ საჩუქრად 150 ლარი შოპინგისათვის!’’ სარკესთან (საჭესთანაც) ქალი, ანუ უტვინო არსებაა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მამაკაცის ,,დანამატი’’. ყველა ქალი ცუდი მძღოლია, მუდამ ავარიაში ხვდება, საცობებს ქმნის, კაც მძღოლებს აცოფებს, მათ დიადმასკულინური მიზნების მიღწევაში ხელს უშლის, სარკეში იხედება, გზას არ უყურებს, არც წითელ შუქს დაგიდევს, მუდამ თვალ-ტუჩს იღებავს და მამაკაცების გინების ,,აკომპანიმენტით’’ თმას ისწორებს. საგინებელია კიდეც, რადგან ცუდი მძღოლია. ცუდი მძღოლი კი იმიტომაა, რომ ქალია. საერთოდ, ტვინი არა აქვს და ყურადღების მოკრებაც ამიტომ უჭირს. კომპანია მას ამცირებს, მაგრამ ქალმა მორჩილად უნდა გადაუხადოს მადლობა და თავმდაბლად მიუგოს: ,,დებილი ვარ, დამაზღვიეთ’’. ხუმრობა ხომ არაა, მისი ბინძური სქესისათვის ამხელა წყალობას რომ იღებენ: 150 ლარს! სინამდვილეში, ქალმა მხოლოდ ,,ქალური’’ ელემენტი, - მანდილი უნდა დააზღვიოს, რათა ნაჩუქარი თანხა ისევ მანდილებში დახარჯოს.
,,ჯი პი აი ჰოლდინგს’’ ,,რუსთავი ორმაც’’ აუბა მხარი. სარვამარტო სიუჟეტში ჟურნალისტი ირონიული ღიმილით არკვევდა მძღოლი ქალების ,,ავკარგიანობას’’. ,,არსებობს მითი, რომ ქალები მამაკაცებზე ცუდად მართავენ მანქანას. როგორ ფიქრობთ, ეს სიმართლეა?’’-ჰკითხა მან ერთ-ერთ ბიჭს, რომელმაც პასუხი არ დააყოვნა და მიკროფონმომარჯვებულ ჯეელს ახარა: ,,მართალია, ჯობია, ქალები სახლებში იყვნენ და იქ იმუშაონ’’. ცხადია, სახლებში. კუხნებში. იქ, იმ სფეროში, სადაც იდეალურად დაემორჩილებიან პატრიარქატს და თუ არ დაემორჩილებიან, მამაპაპურად მიიბეგვებიან და აიკუწებიან კიდეც. ქალი მხოლოდ მაშინ უნდა გავიდეს გარეთ (ცხადია, უმანქანოდ და სასურველია, უფრო სწორად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ქმრის სიტყვიერი, ან წერილობითი ნებართვით), როცა თანამეცხედრესა და შვილებს რაღაც დასჭირდებათ. ეს უსურვილო, ვნებებჩამკვდარი, უსქესო და უგრძნობი არსება სახლის ზღუბლს არ უნდა მოშორდეს. თუ საზღვარგარეთ წავა (ცხადია, ისევ ოჯახის გამო), აქტიურად უნდა განაგრძოს ქართული ეკლესიის მშენებლობის დაფინანსება, ქმრის ,,სკაიპს’’ არ მოშორდეს, რათა არ ,,აიწყვიტოს’’ და მეოთხე ბავშვი 776354868-ე საყოველთაო ნათლობაზე მონათლოს. მოსანათლი, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს. კარგა ხანია, ველით ბაზალეთის ტბის ძირას მწოლ მესიას, რომლის გამოჩენასაც საშველი არ დაადგა. იქნებ ქალმა შვას ანტიქალი და ნამდვილი გმირი, რომელიც საყოველთაო წესრიგს დაამყარებს? თავად ქალები კი ამ ფალოცენტრულ კანონებს ერთგული ცერბერებივით დაიცავენ. საკურთხეველს გარეთ ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, შესაწირი გაიღონ და ტაძარს შეეწიონ. დედის დღეს, სამ მარტს, ამავე არხმა დედათა ,,შეპირისპირებითი'' ანალიზი შემოგვთავაზა: პირველი კატეგორიის, ანუ ,,ნამდვილი’’ დედა მუდამ შვილებზე ზრუნავს, ოჯახი და შვილები კარიერაზე მნიშვნელოვანია VS მეორე კატეგორიის დედა, რომელიც შვილებისთვის ვეღარ იცლის. პირველი მიიღებს შვილისგან საჩუქარს და პატრიარქისაგან - დალოცვას, მეორე კი უნდა ,,გაგვამდეს’’ და დასამარდეს ისე, როგორც მრავალი ,,გაგვამებულა’’. მისთანები დარჩებიან შვილების მიმტოვებლებად, ბედის ანაბარა ,,დამგდებებად’’, ჭაში, ზღვასა და ჭაობებში ჩახრჩობილ-ჩაგუდულებად. თითქმის ყოველ კვირაში გვიჩვენებენ სიუჟეტს, რომელსაც უწყვეტ და მრისხანე რეფრენად გასდევს: ,,საზოგადოება და კანონი დედების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს!’’. ‘’ქალები, რომლებიც შვილებს მიატოვებენ, უნდა დაისაჯონ!’’ ეკლესია კი ქადაგებს: ,,აბორტი უნდა აიკრძალოს!’’ არც მედიას და არც კლერიკალურ ხელისუფლებას არ აინტერესებს, სურს, თუ არა ქალს შვილის გაჩენა, ან რატომ იშორებს ნაყოფს. იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ეს ფალოცენტრული საზოგადოება აიძულებს ახალგაზრდა ქალს, ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან მის უკანონო, ,,უმმაჩისბიურო’’ და ,,უშტამპო’’ შვილს (ქართულად, მამაპაპურად - ნაბიჭვარს) არ იღებს? იქნებ ქალს არ უნდა, უბერებელი მიზოგინიის უღელი დაიდგას მხრებზე? როცა მიტოვებულ ჩვილს იპოვიან, დიდი ეროვნული ალიაქოთი, ვაი-ვიში, ორომტრიალი, ღაწვთა ხოკვა, უზნეობასთან ბრძოლა, თავში ხელების ცემა, გულდათუთქმული ქვითინი, მეორედ მოსვლის ისტერიკა, ანტიქრისტეს გამეფების შიზოფრენია და ,,სამარცხვინო’’ დედებზე ნადირობა იწყება. ყველანი თავს დასტრიალებენ ახალშობილს, მაგრამ არც კი გაიფიქრებენ: ,,იქნებ დედაც აქვე, ან სადღაც შორს აგდია? იქნებ, ყელგამოღადრულს, ნაგვის ურნაში ვირთხები ჭამენ, ან ვენებგადაჭრილი, ზღვის ტალღებზე ტივტივებს?’’
,,საქართველოს ბანკი’’ მომხმარებელს სექსისტურ ვიდეორგოლთა ,,სიამეს’’ არასოდეს მოაკლებს. მამაკაცი ქალ-მანქანას, ანუ ნახმარ ნივთს აგდებს. მობეზრდა და თავიდან იშორებს. ახალი უნდა. ,,ბუნებით’’ პოლიგამია. ქალების დაპყრობა და განყოფიერება მისი ,,მოწოდებაა’’. ქალმა კი ერთგულების ქამარი მჭიდროდ უნდა შეიკრას და დაელოდოს, როდის ინებებს ოდისევსი აღვირახსნილი ღრეობის დასრულებას და შინ დაბრუნებას. საახალწლო ვიდეოკლიპებში კი სექს-ობიექტი ,,სნეგუროჩკა’’ კეკლუცად დარბის, მაგრამ მის კუნტრუშს ბოლო მოეღება, როცა აროგანტული მამრი ხელში აიტაცებს, ოთახისაკენ გააქანებს და მამაპაპურად იხმარს. ქალი კონკურენტი ბანკია, რომელსაც ,,საქართველოს’’/ჩვენებური/ეროვნული/მართლმადიდებლური ბანკი ამარცხებს; ამარცხებს სულ სხვაგვარად; ,,სპალნაში’’. 2012 წლის ვიდეორგოლში კი ,,წყვილი’’ საძინებლიდან გამოვიდა, უფრო ,,გაკიჩდა’’, ,,გაყოველდღიურდა’’, ,,გაბანალურდა’’ და ამჯერად, სანტამ ,,სნეგუროჩკა’’ თმით ათრია. ლუდი ,,ალუდას’’ რეკლამაში კაცი ქალს ,,ხმარობს’’, შემდეგ კი ლუდს აყოლებს და ამბობს: ,,ალუდა ლუდას ჯობია!’’. ყოველივე ეს ერთი დიდი მაჩო იდეოლოგიაა, რომელიც უნდა ,,გავატაროთ’’. ქალის ვნებიანი კვნესა-ოხვრის, ,,აჰ’’, ,,უჰ’’ და ,,ოჰ’’-ის გარეშე მარკეტინგი გამართულად ვერ იმუშავებს და ვერც კლიენტებს მოიზიდავს.
როდესაც ამ იდეების ტირაჟირებამ ფემინისტების აღშფოთება გამოიწვია, გაკვირვებულმა ,,მარკეტინგის მამებმა’’ განაცხადეს, რომ მათი აქციები და რეკლამები სექსისტური სულაც არ იყო. არ ვიცი, რომელ ლექსიკონში ან სად იპოვეს სექსიზმის განმარტება. ვგონებ, მათი აზრით, ეს ტერმინი სექსს ნიშნავს; სექსს, ანუ მამაპაპურად (ცხადია, არადედაბებიურად) რომ ვთქვათ, ტყუნას, ანუ კაცთაგან ქალის დამდაბლებას (სულხან-საბამ ეს დაგვიბარა). კაცს შეუძლია, ამ ,,დამდაბლების’’ დროს ისე მოექცეს ქალს, როგორც სურს. მარადდომინანტივით გადაუვლის და გადმოუვლის. რა პრობლემაა? ქალის დამცირებას რა უნდა? ერთი ,,კვანტი’’ და ეგაა. დამარცხებული ფემინურობა მასკულინურობის ფერხთით განრთხმულა და სულს ღაფავს. პატრიარქატს ქალის ,,კაპიტულაცია’’ არ სჭირდება. მას მხოლოდ ძალისძალად გამარჯვება/დამორჩილება ანიჭებს სადისტურ სიამოვნებას.
მარკეტინგმა, მედიამ, პრესამ და მასებზე ზემოქმედების სხვადასხვა ,,ინსტიტუტებმა’’ ჩინებულად აითვისეს ქალზე ძალადობის სხვადასხვაგვარი მეთოდები. ,,სუსტი’’ სქესი გახლავთ ანტიფემინისტური პუბლიკაციების, გადაცემების, შოუების, კარიკატურული, დამამცირებელი ბანერების, პორნოვიდეოების, უხამსი კალამბურების, ანდაზების, ანეკდოტებისა და რეკლამების მსხვერპლი. ყველა მათგანი მიზანმიმართულად, ,,ნაბიჯ-ნაბიჯ’’, შეფარვით, თუ შეუფარავად, ნიღბით, ან უნიღბოდ აკნინებს და აბუჩად იგდებს მას. ამ მიზოგინიურ მორევში რელიგიურ იდეებს გლამურულ-კიჩური მეთოდები ერწყმის. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი ბჭობდა, კაცი იცინოდა.
მამაკაცის ტანსაცმლის იარლიყს აწერია: ,,მიეცით ეს თქვენს ცოლს გასარეცხად. ეს მისი საქმეა.’’ განუწყვეტლივ მოედინება რეკლამები: ,,უყიდეთ ცოლს ფასდაკლებით სარეცხი მანქანა, ტაფა და ჭურჭელი! გაუკეთეთ მას სარვამარტო საჩუქარი!’’ მხოლოოდ რვა მარტს იმიტომ უნდა უყიდოს, რომ ცოლი მთელ წელიწადს ეწუწუნოს ქმარს. წუწუნი მისი ლეგიტიმური და სავალდებულო ,,ატრიბუტიც’’ კია. სახეგაბრწყინებული ქალი აღფრთოვანებით შესქცერის სარეცხ ფხვნილს, ჭურჭლის ჟელეს, უბადლოდ გაპრიალებულ თეფშებს, მოდერნიზებულ, უამრავი ახალი ფუნქციით ,,შემკულ’’, დახვეწილ საოჯახო ტექნიკასა და მოელვარე სამზარეულოს. ის ბედნიერია; ბედნიერია, მამაკაცთა სამფლობელოში ფუტლიარის სტატუსი მაინც რომ მიანიჭეს. რატომღაც, ,,უყიდეთ ცოლს წიგნები, სამეცნიერო ჟურნალები და ენციკლოპედიები’’ არსად შემხვედრია. ცხადია, ინტელექტის ,,სადავეებთან’’ ქალი, - ირაციონალური, სუსტი, ქარაფშუტა და ნევროზიანი არსება არ დაიშვება. მან მხოლოდ ორი წიგნი უნდა წაიკითხოს: დიასახლისების სახელმძღვანელო და რეცეპტების კრებული. მათში დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოამზადოს მან კერძები, როგორ მოუაროს ბავშვს, როგორ გარეცხოს ქმრის ,,ნასკები’’ 2 წუთში და სხვა. სარვამარტო ჟურნალებიც დიდ საიდუმლოებებს უმხელენ: ,,როგორ ვიყოთ დიასახლისები და როგორ დავრჩეთ მიმზიდველები’’ (ქვეტექსტით: ,,სექსუალურები მარგარინიანი ხელებით’’), ,,სამზარეულოს გამოხვეტის საუკუნოვანი გამოცდილებები’’, ,,როგორ გამოვიყენოთ ნასადილევს მორჩენილი მარგარინი და პომიდორი სახის ნიღბად?’’. ზოგი რუბრიკა, დაახლოებით, ამ შინაარსისაა: ,,ქმარი უბრალოდ გირტყამთ, თუ მართლა უყვარხართ?’’; ,,გაგინებთ? ე.ი. მნიშვნელოვანი ხართ მისთვის’’; ,,იმიტომ გცემთ, რომ სურს, უკეთესი იყოთ’’; სასარგებლო რჩევებში კი: ,,როგორ ვემსახუროთ მამაკაცს და ვიყოთ მისი ფრთის ქვეშ’’, ,,როგორ არ უნდა გავაღიზიანოთ მეორე ნახევარი’’, ,,მამაკაცისთვის ბოდიშის მოხდის ხელოვნება’’ და სხვა. ჟურნალ ,,საქართველოს ქალს’’ თუ ვენდობით, ,,ქართველი ქალის ადგილი კუხნაშია’’; ,,ქართველ ქალს კდემა გენში აქვს’’; ხოლო მარინა სალუქვაძე სულიერ მანდილს საწოლშიც კი არ იხსნის, თურმე. არც ერთ გამოცემას აზრად არ მოუვა, რომ ეს ნაქებ-ნადიდები ,,კდემა’’ არა ბიოლოგიური იმპერატივი და ქრომოსომულ-დნმ-ისეული კანონი, არამედ - შესისხლხორცებული რეპრესიული პატრიარქალური იდეოლოგიის, რელიგიის, კულტურის, ,,კაი კაცობის’’ და ,,კარგი ქალობის’’ ერთ-ერთი მითია. ამ ქვეყნის გაზეთები და ინტერნეტფორუმები რომ გადაქექოთ, ამაოდ დაშვრებით: ბოვუარის ,,მეორე სქესზე’’ ერთ სიტყვასაც კი ვერ იპოვით. რატომღაც, მარკეტინგის ,,პატრიარქებმა’’ ქალურ ,,ბედნიერებად’’ მხოლოდ სარეცხი მანქანა, ჭურჭელი და ქმრის პიჯაკი მიიჩნიეს.
სამყარო სასტიკია, ქალო. დარჩი მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ. შეიძლება, წამოგარტყას, მაგრამ შეუჩვეველ ლხინს - მოულოდნელობებით აღსავსე, ბუნდოვან მომავალსა და მტრულ სამყაროსთან დაპირისპირებას, ისევ შეჩვეული ჭირი - ძლიერი ფრთა-მუშტი, დალილავებული სხეული, გატეხილი ცხვირი, ჩალეწილი ფერდები, კბილები, გადაჭრილი მუხლები, გამოღადრული ყელი და მოღრეცილი ყბა გერჩივნოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,დედაკაცის გონება იწრო არს’’. ამ ქალების ყოფას მოგვაგონებს ირანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის, შადი გადირიანის (Shadi Gadirian) ნამუშევრები. ეს ქალი აღწერს ირანელი ,,მეორე სქესის’’ ,,ცხოვრებას’’, დამცირებასა და ტრადიციულ, სტერეოტიპულ გენდერულ როლებს: ქალი-ტაფა ქალი-კალათი, ქალი-ცოცხი, ქალი-უთო, ქალი-ქვაბი, ქალი-მტვერსასრუტი, ქალი-ჩაიდანი და სხვა.
შორეულ ირანში გამგზავრება საჭირო არაა. ქალი-ტაფისა და ქალი-ქალწულის კონცეფციას აქაც ხშირად ვიპოვით. ახალგაზრდებშიც. თან უხვად. ვიპოვით ნაირფრად აჭრელებულ, გლამურულ ,,ფეისბუქ-გვერდებზე’’, სადაც ადმინი ბიჭები და გოგონები აღფრთოვანებით წერენ: ,,მხოლოდ ისეთი გოგო უნდა მოიყვანო ცოლად, რომელსაც მხოლოდ ქარი ეფერებოდა და მხოლოდ წვიმა ასველებდა!’’. ,,მარადი ქალის’’ მითის გამოვლინებაა აიფონმომარჯვებული ბიჭების კომენტარებიც: ,,არაქალიშვილს არ მოვიყვან’’; ,,ათას ყ@@-ზე გადანახტომი რა ჩემ @@@-დ მინდა? აბა, ჩათლახი უნდა იყოს? მიასხი ბენზინი და დაწვი’’. ამ ბრუტალური ძალმომრეობის ზეიმში რომელიღაც ,,ფეიჯის’’ მახვილგონიერი მფლობელი გამოაქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ბიჭი გოგონას ვარდებს უწვდის (მეორეში ხელში კი იარაღი უჭირავს) და ეუბნება: ,,გამომართვი, გოგო, თორე ამ ყვავილებს საფლავზე მოგიტან’’. მაჩოისტური აროგანტულობით მოხიბლული თინეიჯერები, ჭარმაგი, ან კიდევ ახალგაზრდა ქალები და კაცები წერენ: ,,აი, კაციიი!’’; ,,მიდიიიი!’’; ,,ამას ჰქვია სიყვარული!!!’’; ,,აუუ, წარმოგიდგენიათ, როგორ უყვაააარს!’’...
ასეა. მართლაც ასეა. თუ გკლავს, ე.ი. უყვარხარ. იმდენად უყვარხარ, რომ სასიკვდილოდ გიმეტებს. ვნებით თვალებამღვრეული კაცი მწველ გულისწადილს რომ ვერ აიხდენს, მოგკლავს, აბა, რას იზამს? ,,ჩემი ცოლის დაქალების’’ ერთ-ერთი პერსონაჟის, დიტოს (რომელიც მსგავსი ფრაზებით გამოირჩეოდა და არც ცოლზე ძალადობას ერიდებოდა) ფანები სველდებიან; სველდებიან ზვიადის (ერთ-ერთი პერსონაჟის) გულშემატკივრებიც. ამ ჯიგარმა კაცმა დაპატიმრებული ძმაკაცის ,,ჩესტი’’ დაიცვა, მისი ,,ბოზი’’ ცოლი, ნატაშკა, სცემა, ,,ადგილზე მოსვა’’ და ძალა დაანახა. აჟიტირებული მაყურებელი კი გაჰკივის: ,,უფრო მაგრად უნდა ეცემაა!’’; ,,გათხოვილი ქალი და დედა რო ბოზობას დაიწყეეებს!’’ ცნობისთვის, ნატაშკა ძალადობის მსხვერპლია და მან ქმართან განქორწინებაც მრავალჯერ (ამაოდ) სცადა. მიუხედავად ამისა, მას ღალატის უფლება არა აქვს. უნდა დაელოდოს, როდის დატოვებს მისი ქმარი საპატიმროს, როდის გაუერთიანებს კვლავ თავ-ყბას და კბილებს ჩაულეწავს. ქალის ვალი ლოდინი, მოთმინება და გამძლეობაა. ის ბიჭი, ქალს რომ მოკლავს, ყვავილებს საფლავზე მიუტანს. თუ მისი არ იქნება, საერთოდ არავისი არ იქნება. მისი საკუთრებაა და იმიტომ. ,,არ მაინტერესებს, შენ რა გინდა, გოგო. მე ჩემს ,,მინდას’’ შეგაჩვევ’’.-წერს მეორე ,,ადმინი’’. ასე შეაჩვია დოსტოევსკის პერსონაჟმა, როგოჟინმა, თავის ,,მინდას’’ ნასტასია ფილიპოვნა და სიცოცხლეს გამოასალმა კიდეც. დიტო-ზვიადის ფანებისთვის ეს ისტორიაც ტრფობის უმაღლესი, უნატიფესი და უმშვენიერესი გამოხატულებაა. თალიბების ლიდერების მიერ ჩაცხრილული ქალი (რომელიც ამ ექსტრემისტული დაჯგუფების ორმა ლიდერმა, უბრალოდ, ,,ვერ გაიყო’’, ისევე, როგორც მიშკინმა და როგოჟინმა ვერ გაიყვეს ნასტასია) კი ალბათ, სიყვარულის დედოფლად ესახებათ. ის ხომ ეჭვიანობის გამო მოკლეს სიყვარულით გულანთებულმა კაცებმა?! იმ ყვავილებიან გოგონასა და ამ ჩაცხრილულ ქალს შორის ის განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელის საფლავზე ვარდებს არავინ მიიტანს. ისიც კი არ ვიცით, ექნება, თუ არა საფლავი. ქვა-ღორღიან ადგილას ჩაგვამდა და ჩაქვსკნელდა. ავტომატის ჯერი გადაატარეს, იქვე მდგარმა მამაკაცებმა კი აღფრთოვანებით შესძახეს: ,,დიდება უფალს!’’
პატრიარქატს, როგორც ქალის სხეულის ტოტალურად მაკონტროლებელ წყობას, აქვს უფლება, მეორე სქესი დეტალურად შეამოწმოს, გასინჯოს, უმანკოების პარამეტრები დაუწესოს და მისი უბიწოება-სიბილწე გაზომოს. ასე ,,გაზომეს’’ და ,,აწონეს’’ მარიამი, რომელმაც ქორწილის ღამე ქობულეთის პოლიციაში გაატარა. საქმე ისაა, რომ მის (საბედნიეროდ, ყოფილ) ქმარსა და დედამთილს მის ქალწულობაში ეჭვი შეეპარათ და გოგონა საქორწილო დარბაზიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გააქროლეს. მარიამი და მისი დედა – მერი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ გოგონას ემუქრებოდნენ.
,,შემოსეულები მყავდნენ ეს პოლიციელები, ერთი და იმავეს დამძახოდნენ, მლანძღავდნენ, რაღაც ხელწერილის დაწერას მაიძულებდნენ. ისიც კი არ ვიცოდი იმ ხელწერილში მე რა უნდა დამეწერა. ან რატომ უნდა დამეწერა, როცა არაფერი დამიშავებია...’’ მას სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში აიძულებდნენ, ეღიარებინა, ვისთან დაკარგა ქალწულობა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ... არც არავისთან. მან პოლიციელებს უჩივლა (ცნობისთვის, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას დღემდე ამაოდ ითხოვს).
„მე არაფერი დამიშავებია. პოლიციელებს ვუჩივი, იმიტომ რომ არაფრის გამო გამამწარეს; ასე რომ მლანძღავდნენ, ასე რომ მაშინებდნენ და მემუქრებოდნენ“,-ამბობს მარიამი. ,,პოლიციამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, 16 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ ნეკნებს ჩაგიმტვრევთ, თუ მართალს არ იტყვიო...’’-ამბობს მარიამის დედა. „ერთი იმას მეუბნებოდა, ერთი - ამას. კაცები მიყვიროდნენ. მერე დაწერეს, რომ აქტი თუ რაღაც მქონია ვიღაცასთან და ხელი მომაწერინეს. მეუბნებოდნენ, თუ არ იტყვი, ციხეში ჩაგაგდებთ, სამი წელი ციხეაო. იმ წუთას ოღონდ მომშორებოდნენ, სისულელეები ვთქვი...’’-დასძენს გოგონა.
ფემინისტების აქცია, „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წინ გაიმართა. „მე არ ვარ აპკი“, „შეუწყდეს აკრედიტაცია „ქალიშვილობის ინსტიტუტს“, „არა ქალიშვილობის ინსტიტუტს’’.
„ქალი არ არის ნივთი, რომელიც შეიძლება ექსპერტიზაზე „მიიტანო“ და იქ შეამოწმო მისი ვარგისიანობა’’-აცხადებდნენ ისინი. ეს ბიურო, როგორც პატრიარქალური წყობისაგან ხელდასმული ორგანო, ეს მიზოგინიური მანქანა, ალბათ, აცნობიერებს თავის უდიდეს პასუხისმგებლობას და იცის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მშობლებისათვის (ან საქმროსთვის) იმის გამოცხადებას, რომ მათი ქალიშვილის (ან საცოლის) საქალწულე აპკის მთლიანობა ვიღაცამ დაარღვია. აპკი, - ეროვნულ-შოვინისტურ-შიზოფრენიული ქალთმოძულეობის ეს სიმბოლო გახლავთ ,,ქალური’’ და ,,კაცური’’ სამყაროების მიჯნა და გზაგასაყარი. მისი წყალობით, ერიც და ბერიც უჩვენებს გოგონას, რომ ,,ის რაღაც’’ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც საკურთხევლის წინ წარმოთქვამს: ,,დიახ’’ და თითზე წამოიცვამს ნიშნობის ბეჭედს - ამ საუკუნო მონობის სიმბოლოს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღების ფუნქცია მისთვის არავის უწყალობებია. კიდევ მრავალ ყელგამოღადრულ, ნაცემ და აკუწულ გოგონას ვიხილავთ, მაგრამ ლევან სამხარაულის (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ეროვნულ და საშვილიშვილო საქმეს ემსახურება) ბიურო ხელს დაიბანს, ისევ მედგრად იდგება ქართული ოჯახის სიწმინდის სადარაჯოზე და გასცემს მოვარაყებულ და ჩარჩოში ჩასმულ მოწმობებს, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ მავანი გოგონა უმანკოა, ან კიდევ, ზნედაცემული და შესაბამისად, ოჯახში მისი შეშვება არ შეიძლება. თვითმკვლელი და დახოცილი პატარძლების სისხლი მათ კისერზეა, თუმცა, ამ ბიუროს არც საპატრიარქო ,,უსაყვედურებს’’ და არც - სახელმწიფო არ აუკრძალავს საქმიანობას. გოგონა ნივთია, რომელიც თუ არ მოგეწონება, შორს მოისვრი, ან უკეთეს შემთხვევაში, მოუსვლელეთში გაგზავნი, ან ნაჯახით დაჩეხავ. ქალის ობიექტივაცია და ჩაგვრა კლერიკალურ მშვიდ ყოფას ვერ აამღვრევს და ვერც ბროლის ჭაღებით დახუნძლული საპატრიარქოს აურაცხელ სიმდიდრეს დააკლებს რამეს. ფემინისტების ამ აქციას მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და ქალიშვილობის ექსპერტიზას ჩამორჩენილობის ნიშანი უწოდა. მინისტრმა და სხვა მოხელე მამაკაცებმა (რომლებიც პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ არაადეკვატურად გააქტიურდნენ და აბორტის აკრძალვაზე დიდი რიხით ალაპარაკდნენ), რატომღაც, არაფერი თქვეს ამ მახინჯ და ქალთა დამამცირებელ პრაქტიკაზე.
არც არც ნანა კაკაბაძე, არც ლევან ვასაძე, არც ,,ეროვნული ფრონტი’’, არც ,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდი’’, არც კახა კუკავა, არც ჯონდი ბაღათურია და არც სხვა სანიმუშო მართლმადიდებლები იმის გამო არ წუხან, რომ ამ ქვეყანაში ყოფილი, თუ ,,მოქმედი’’ ქმრები ცოლებს ხოცავენ, არასრულწლოვან გოგონებს იძულებით ათხოვებენ, ნაადრევი ქორწინებებით მალე ირანსა და ნიკარაგუას გავუსწრებთ, ყოველ წელს ჩვიდმეტი ათასი გოგონა სკოლას ვერ ამთავრებს, რადგან მათ ქმარს, - ,,პატრონს’’ აბარებენ. ოჯახი მათ სამუდამოდ უსპობს თავისფლების მოპოვების, პროფესიის დაუფლების, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და კარიერის შექმნის პერსპექტივას.
"ქართული ტრადიციების" სარანგების – ეკლესიის, ჩოხოსნების, თვითმფრინავით მფრენი ხატის, მისი თანმხლები სარანგების, პრეზიდენტის მეგობრის, ბაგრატოვანთა რაინდისა და ცნობლი "დემოგრაფის", ლევან ვასაძისა და "გვარის წინამძღოლთა დარბაზის" (ქართული ორგანიზაციის სახელწოდება) აზრით, თუ გოგონას დრო/მომენტი დაუდგება, "შანსი ეძლევა" თავისი "მთავარი ფუნქცია" პირნათლად უნდა შეასრულოს და პატრონს ჩაჰბარდეს; ის უნდა დაემორჩილოს თავის "ქალურ ბედს" და ბოლოს და ბოლოს რეალურად შეიგრძნოს, რას გულისმობდა მამამისი, როცა სამზარეულოში, ფქვილში ხელებამოვლებულ, თვალჩალურჯებულ, ოცჯერნააბორტალ, ნამტირალებ და კბილებჩამტვრეულ ცოლს სუფრასთან "ქალურ ბედნიერებას" გალაკტიონის ლექსის რომელიმე სტროფით უსურვებდა... უცილობლად, "ქართული სიყვარულის" გამომხატველი უცენზურო სიტყვათშეთანხმების რეფრენით.’’-წერს ია მერკვილაძე და მოგვითხრობს ერთ-ერთი გოგონას ისტორიას, რომელიც ქორწილის ღამეს ქმარმა აივნიდან გადააგდო, რადგან ,,ნახმარი’’ ეგონა. ელისოს გვამმა ექსპერტიზა გაიარა და აღმოჩნდა, რომ ის ქალწული იყო. ,,თუ ქალი „პატრონს“ საქალწულე აპკით ჩაბარდა, ეს მკვლელს სასჯელს უმძიმებს. სიძე, მისი დიპლომის მიუხედავად, ვერ გარკვეულა სიყვარულისა და ოჯახის შექმნის მთავარ სააპკე საკითხში. ხოლო თუ ასე არ იყო, მაშინ „კაცის პოზიცია“ გასაგებია. თუ ელისო ქალიშვილი არ იყო, მან კაცის სასიყვარულო მოლოდინი ვერ გაამართლა, ამ მიზეზის გამო სიძე ზეფრუსტრაციაში ჩავარდა და ამიტომ ქალის ფანჯრიდან გადაგდება მისი შეურაცხყოფისგან თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმის ამოქმედებას უნდა გადავაბრალოთ. ჰო, იგი, ფაქტობრივად, მსხვერპლია. მოატყუეს, დაჩაგრეს, კაცური კაცის სახელი შეუბღალეს, „ნახმარი საქონელი“ შემოასაღეს – ახლისა და უხმარის ნაცვლად. სად ქალიშვილის ფანჯარ – აივნიდან გადაგდება და სად – არაქალიშვილის. პირველი საშინელებაა – „საწყალი გოგო“; მეორის გამართლება შეიძლება, კულტურით, ეროვნული ტრადიციებით, ქართველობით, მართლმადიდებელი ეგოთი და მეობით’’-წერს ია მერკვილაძე.
გოგონას/ქალის ვაგინის მუდმივად გაკონტროლების ამგვარი ჟინი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - მთელი სამყაროსათვის ,,ნაცნობი’’ რამაა. თუკი აფრიკელ ქალებს გენიტალიურ მუტილაციას უტარებენ, კლიტორს აჭრიან და ვაგინას უკერავენ, ქართველ გოგონებს ,,შედარებით რბილი’’, ,,ქალიშვილობის ინსტიტუტით’’, ,,ქალწულობის აღდგენის ცენტრებით’’, ,,უბიწოებითა’’ და სხვა მენტალური მუტილაციით ანებივრებენ.