Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაო იტალია, ჩაო პრანდელი

25 ივნისი 2014

სუარესი არის დასასჯელი. სამაგალითოდ დასასჯელი. უნდა გააშიშვლო, წებო წაუსვა და სახლმმართველობაში ბუზების დამჭერი წებოვანი ფურცლის ნაცვლად დაკიდო შემდეგ მუნდიალამდე.

და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუარესი ტოპკლასის ფეხბურთელი არ არის. უბრალოდ ასეთი ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ესთეტები და მაგრები არიან, ფეხბურთს აფუჭებენ. ის ყოველთვის თავისი ნერვების მსხვერპლი იქნება, თუმცა კი სამშობლოში აუცილებლად დაუფასებენ.

და მიუხედავად იმისა, რომ სუარესის გარეშე მუნდიალი უფრო ღარიბი იქნება, მას უნდა მისცენ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიცირებული სუარესის გარეშე კი ურუგვაი, რომელიც არც სუარესთან ერთად დგამს ოპერებს, ალბათ, ხვდებით რაც იქნება - პრაგმატული, ხისტი, ძალისმიერი ფეხბურთი. თუ გაუმართლებთ გოდინი ან სუარესის შემდეგ ნომერ პირველი ცერბერი ალვარო პერეირა წვივით ან ზურგით შეაგდებს, არ გაუმართლებთ და მათგან უბრალოდ უსახური, არაფრით დასამახსოვრებელი თამაში დარჩება. რაც მახსოვს, ეს იყო ურუგვაის ფეხბურთი ყოველთვის, ძალიან იშვიათი, "ათასში ერთი" გამონაკლისების გარდა. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ ურუგვაი იტალიის წყვილიდან უარესი დარჩა, უკეთესი კი სახლში გაემგზავრა, თანაც მეტად ტრაგიკულად - პრანდელი გადადგა.

იტალიას ძალიან იშვიათად ვქომაგობდი. უბრალოდ ფეხბურთელები რომლებიც მომწონდნენ, თუ იტალიელები იყვნენ, იმ შემთხვევაში მიწევდა იტალიის გულშემატკივრობა. მაგალითად 94-ში ბაჯოს და მასაროს გამო, ბრაზილიასთან წაგებული ფინალის შემდეგ თითქმის ვიტირე. აი, ხო არაფერი არა, მასარო იყო, დიდი არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ფორვარდი, მაგრამ მის გამო ვგულშემატკივრობდი იტალიასაც. ნუ, ბაჯოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ იტალია ყოველთვის მოყვებოდა რომელიმე ფეხბურთელს, ან რამდენიმეს. მაგრამ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ტიფოზივით არა, მაგრამ მსუბუქად ვგულშემატკივრობ. და პრინციპში, ესეც რამდენიმე ადამიანის გამო - პირლოს, კიელინის და, რაც მთავარია, პირველ რიგში პრანდელის გამო.

პრანდელი პირველად მაშინ მომეწონა, როცა ბაიერნს თავზე ბურთი გადაახია. იმის მერე იყო ევრო 2012-ის პირველი თამაში ესპანეთთან. და ზუსტად იმ თამაშში და შემდეგ უკვე ტურნირის დარჩენილ თამაშებში გამოჩნდა, როგორი ძლიერი და განსწავლული მწვრთნელია.

იმავე 2012-ში იტალიასთან წაგებული თამაშის მერე იოაჰიმ ლიოვმა დაახლოებით ამ შინაარსის რამ თქვა: ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვესწავლა იტალია, მაგრამ ეს შეუძლებელია, პრანდელი არასდროს თამაშობს ორ თამაშს ერთი ტაქტიკით, შეიძლება შემადგენლობა არ გამოცვალოს, მაგრამ თამაშს აუცილებლად გამოცვლის. ლიოვის ეს დაკვირვება ძალიან კარგად ახასიათებს პრანდელის ტაქტიკურ/სტრატეგიულ ცოდნას.

იტალიურ ფეხბურთში არ ვარ ჩაძირული, ამიტომაც არ ვიცი პრანდელიმ გუნდის დაკომპლექტებისას სელექციაში დაუშვა თუ არა რაიმე შეცდომა, მაგრამ ურუგვაისთან თამაში არ ვფიქრობ რომ მისი გადაწყვეტილების გამო დასრულდა ფატალური შედეგით. პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, იტალია მთლიანად აკონტროლებდა თამაშს. მაგრამ მერე გააგდეს მარკიზიო, რაც, ჩემი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დაიმტვრა ვერატი და ის მოტამ ჩაანაცვლა. სწორად ვერატის დამტვრევა მგონია ამ თამაშში გადამწყვეტი. იმ პირობებში, რომ პირლოს ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, ვერატის მეტი სივრცე რჩებოდა თავისუფლად მოქმედების და თამაშის გამწვავებისთვის. ამასთან ერთად, ათკაციან იტალიას ზუსტად ისეთი წყვილი სჭირდებოდა, რომელიც გუნდს ყრუ დაცვაში არ მოაქცევდა, ბურთს ცენტრში დაიჭერდა და მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. ეს კი მოტას არ შეუძლია. მოტას შეუძლია ჩაშლა, ჩამტვრევა, მოტეხვა, რასაც ისედაც გააკეთებდა ცხრა კაცით კართან მდგომი იტალია.

მოკლედ, სულ ესაა, ჩემი აზრით, ამ დარჩენილ ორ კვირაში უკეთესი იქნებოდა პრანდელის იტალია გვენახა, ვიდრე ურუგვაი, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით, რომ მარტო სუარესის გამოა საინტერესო.

ისე კი, გილოცავთ ურუგვაის ყველა გულშემატკივარს. ჩაო იტალია. ჩაო პრანდელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^