Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასოფლო - სამეურნეო მიწა უცხოელებზე ისევ გასხვისდება

ეს ამბავი ცოტა შორიდან, 2003 წლიდან იწყება...   

ლიბერალური ეკონომიკური თეორია ყოველგვარი ეკონომიკური დაგეგმარების წინააღმდეგია,  მიუხედავად ამისა, ერთი გეგმა, რომელიც ქვეყნის  კონკრეტული გზით „აყვავებას“ისახავდა მიზნად, მაინც არსებობდა.  მაშინ საქართველოს (დღეს კი უკრაინის) ეკონომიკურმა იდეოლოგმა ხელისუფლებას შემდეგი მიზანი დაუსახა: „რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი. ამიტომ ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა დაიღუპოს, არაა პრობლემა... სოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი მეძავებად, ეს არაა ჩემი პრობლემა“.(ციტირება:  ნათია გოგიტიძე, ქართული სიტყვა, 2013  03-21. კახა ბენდუქიძე: სოფელში მცხოვრები მამაკაცები წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი, მეძავებად!") 

ამ გეგმას ხელისუფლება შესანიშნავად ასრულებდა. „სასურველ“ შედეგამდე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც მივყავართ. სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა გამხდარიყვნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები.   2013 წლის  ივნისში კი ახალმა ხელისუფლებამ (პარლამენტმა)  ჩათვალა, 2014 წლის 31 დეკემბრამდე რომ მთავრობას ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. რადგან ქვეყანაში სასოფლო- სამეურნეო მიწათა ფაქტიურ მდგომარეობა გასული ხელისუფლების წყალობით „სამაგალითოდ“ იყო აღწერილი,  ახალ საკანონმდებლო რეგულაციას შემუშავება ჭირდებოდა.

კანონმდებელი 2015 წლის 1 იანვრისათვის ვერ მიიღებდა  იგივე შენაარსის გადაწყვეტილებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.  კანონმდებლობის შემუშავებისათვის მან უცხოელებზე  სასოფლო სამეურნეო მიწების  გასხვისება დროებით  შეაჩერა.  2014 წლის 14 ივნისს კი სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მის მიერ 2012 წელს გაუქმებული ნორმისა და პარლამენტის მიერ  კვლავ მიღებული ახალი ნორმის შინაარსი იდენტური იყო, ერთი და იგივე მიზანს ემსახურებოდა და შესაბამისად,  არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო მორატორიუმი.

სამართლიანად ჩნდება რამდენიმე კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი  

  • რატომ არ სურდა სასამართლოს დაენახა, რომ გასხვისების აკრძალვის მიზანი ორივე საქმეში ცალსახად სხვადასხვა იყო. თუ პირველ დავაში სახელმწიფო უკრძალავდა უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწების ფლობას ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური ინტერესიდან გამომდინარე, მეორედ სადავო ნორმის მიზანი მხოლოდ ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა იყო, რომელიც თვის მხრივ  უზრუნველყოფდა მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად სასამართლო კი არა ბავშვიც კი გაიგებდა (სურვილის შემთხვევაში), რომ ამ ორ აკრძალვას სრულიად სხვადასხვა მიზანი და შესაბამისად, შინაარსი ჰქონდა. 
  • იგივე მარტივი ლოგიკით ირკვევა კითხვა, ჩარევის ინტენსივობასთან დაკავშირებით. სასამართლომ საკმაოდ „წარმატებით“ გამოიყენა ინტენსივობის ტესტი სულ რაღაც ერთი თვის წინ, უგულავას საქმეში. „ინტენსივობის“ განმარტებისათვის: რაც უფრო ხანგრძლივია ჩარევა ადამიანის ძირითად უფლებაში, მით უფრო მეტია დარღვევის ინტენსივობა. მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს „ხანგრძლივობის“ განსხვავებას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის ფლობის სამუდამოდ აკრძალვასა და მის მხოლოდ დროებით შეჩერებას შორის. შესაბამისად, არამხოლოდ მიზანია სხვადასხვა ამ ორი ნორმისა, არამედ მათი ჩარევის ინტენსივობაც. საოცარია, თუ უგულავას საქმეში ასე კარგად მუშაობდა ეს ტესტი, ასე მალე, სულ რაღაც ერთ თვეში რატომ დაივიწყა სასამართლომ მისი უახლესი პრაქტიკა?
  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. სასამართლოს ხშირად „წუხდა“ იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტილების  ძალაში შესვლის გადავადება არ შეეძლოთ. მათი აზრით შესაძლოა კანონმდებელს უმოკლეს ვადაში ვერ მიეღო სხვაგვარი რეგულაცია, ამას კი გაუთვალისწინებელი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. მაგრამ რა ხდება ამ შემთხვევაში? კანონმდებელმა ითხოვა დრო ახალი (და არა იგივე) რეგულაციის შესაქმნელად, სასამართლო კი, მას არ აძლევს ამის საშუალებას.
  • საინტერესოა ასევე, ითავისებს, თუ არა სასამართლოს შემადგენლობა იმ თეორიულ და პრაქტიკულ  შესაძლებლობას, რომ მის მიერ შექმნილი  სამართლებრივი რეგულაციით, (უფრო ზუსტად კი ყოველგვარი რეგულაციების გარეშე დარჩენილი)  ქართული მიწა, რომლის საბაზრო ფასი დღეს მიზერულია, შესაძლოა ერთმა, ან რამდენიმე უცხოურმა ფირმამ, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად გაზ-პრომი, ან კიდევ სხვა, უცხო ქვეყნის რომელიმე ფინანსური „მონსტრი“, ერთი ხელის მოსმით მთლიანად ჩაყლაპოს. მის „კანონიერ“ საკუთრებაში გადასულ სასოფლო-სამეურნეო  მიწაზე კი მესაკუთრე სურვილისამებრ მიწას დანიშნულებასაც შეუცვლის, ან ზედა საფარს ააცლის და საზღვრებს გარეთ გასაყიდად გაიტანს,  ვაზის მაგივრად ბრინჯს, ჩაისა და ციტრუსის  მაგივრად კი თამბაქოს კულტურას მოაშენებს...  ან იქნებ, მართლაც, ძალიან გაგვიმართლოს და ქვეყნისათვის ხელსაყრელი ინვესტიცია დააბანდოს...

ზედმეტად შეზღუდვა და აკრძლვა ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც რეგულაციის არ არსებობა. ორივე მათგანს სახელმწიფოსა და საზოგადოებისადმი სავალალო შედეგებამდე მივყავართ. თუ ზედმეტი შეზღუდვა ავტოკრატიასა და შემდგომში დიქტატურას იწვევს, კანონისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობა ანარქიამდე და საბოლოოდ სახელმწიფოს ჩამოშლამდე  მიდის. საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც  გონიერმა ნეგატიურმა კანონმდებელმა არ უნდა შექმნას საკანონმდებლო ვაკუუმი, თუ არის შანსი იმისა, რომ  დაელოდოს კანონმდებელს, იქნებ თვითონვე  თავისივე დათქმულ  ვადაში  შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების  საწინააღმდეგი სრულიადაც არ იქნება.

და ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად:  საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწათა გასხვისება სრულიად არ უნდა აიკრძალოს,  მაგრამ სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვის პოლიტიკა, რომელიც ქართულ, სოციალურ რეალობასა და უცხო ქვეყნების საკმაოდ მდიდარ  გამოცდილებას დაეყრდნობა. არამხოლოდ ამ კონკრეტულ, არამედ ყველა სხვა საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული სამართლებრივი,  სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმების არსებობის  გარეშე საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^