Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქალური ოჯახის სიწმინდე და ფემინიზმი, თუ (და/ან) ჰუმანიზმი? (ნაწილი lV)

26 ივნისი 2014

როგორ აღწერა და გააანალიზა ქალთა ისტორია, მდგომარეობა, დედობა და ქორწინება სიმონ დე ბოვუარმა? როგორ ახადა ფარდა მან პატრიარქალურ სამყაროს და რა დაუპირისპირა „მარადი ქალის“ მითს? მან ქალებს განუცხადა, რომ მამაკაცები ქალების მონობას ათასგვარი სამშვენისით ამკობენ; ოჯახს, - ამ პატრიარქალურ საპყრობილეს ოქროთი ავარაყებენ და ,,მეორე სქესს’’ უმტკიცებენ, რომ დიასახლისობა და დედობა ნამდვილი საოცრება და სასწაულია; მასკულინური დომინაცია უთვალავ ნიღაბს ირგებს და ქალთა ჩაგვრის უამრავი ფორმა არსებობს. ეს არ უნდა დაავიწყდეთ იმ ქალებს, რომელთაც ხშირად უმეორებენ, რომ ,,ქალთა მოდგმას’’ „განსაკუთრებული“ თვისებები აქვს: სინაზე, ინტუიცია, მგრძნობელობა, მშვიდობის სიყვარული, ომის სიძულვილი და დედობის სურვილი. ეს კიდევ ერთი პატრიარქალური მითია. ავტორი მათ ურჩევს, ამ ხაფანგში არ გაებან და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგლიჯონ ნიღაბი მამაკაცურ ტყუილებს. ქალს ბავშვობიდანვე აჩვევენ „ყოფნას“ (და არა მოქმედებას), „პასიურ ობიექტად“ (და არა სუბიექტად) ქცევას. მთელი ბავშვობა და ყმაწვილქალობა ეს მძიმე წარსული მას თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გადაულახავ კედლად ეღობება. მჩაგვრელნი თავიანთ ბატონობას ამართლებენ, ხოლო მონები - მონობას. ამ ჩაგვრას ერთბაშად არ აეხდება ფარდა; პატრიარქატი მრავალსახოვანი ცხოველია, რომელიც ხან ფილოსოფიად გვევლინება, ხან ხელოვნებად, ხან ლიტერატურად, ხან რელიგიად, ხან ფსიქოანალიზად, ხან კიდევ ყოველდღიურ სექსიზმად. ქალებმა ამ უდიდეს მაჩოისტურ სამეფოს ძირი უნდა გამოუთხარონ. „მეორე სქესი“ ის ნაშრომია, რომელმაც ყველაფრის დემისტიფიკაცია დაიწყო: ქორწინების, ქალის სექსუალობის, ქალწულობის, დედობის, მენსტრუაციის, მენოპაუზის, რელიგიის. მან ხელაღებით გადაჭრა პატრიარქატის გორდიას კვანძი. ქალის ფერტილობის ტოტალური კონტროლი და მისი სხეულის კონტეინერად გადაქცევა ფაშისტურ-მატერნალისტური (ნეოლოგიზმი - იდეოლოგია, რომელიც დედობას განადიდებს და ერის გამრავლებას ქადაგებს. გ.ძ.) დისკურსის ნაწილია. ამ ფემინისტმა იდუმალების საბურველი შემოაძარცვა ამ საკითხებს, ქალებს დაკარგული თავისუფლება დაუბრუნა და დაუმტკიცა, რომ დედობა არა გარდაუვალი ბედისწერა და ,,ბუნებრივი ქალური მისწრაფება’’, არამედ - არჩევანია. ამიტომ უჭერდა მხარს იმ ფემინისტურ მოძრაობებს, რომლებიც თავისუფალი დედობისათვის, აბორტისა და კონტრაცეფციის ლეგალიზებისათვის იბრძოდნენ. ეს ქალის სექსუალობის სუფრაჟისტი და ეგზისტენციალისტი ამაზონი ქალებს არწმუნებდა, რომ ისინი რეპროდუქციული ფუნქციის მონები არ იყვნენ, უშვილობა კი არც სირცხვილი გახლდათ და არც - დანაშაული. სიმონ დე ბოვუარმა გააკეთა ის, რაც მრავალმა ფემინისტმა ვერ გაბედა - ქალის სექსუალობის საკითხი პირდაპირ დაუკავშირა მის პოლიტიკურ ემანსიპაციას.

მატერნალისტურმა დისკურსმა თანამედროვე ეპოქაში სახე იცვალა; ის „შეფარვით“ ეწინააღმდეგება ქალთა ემანსიპაციას; „მეორე სქესს“ „შერბილებულ“ ფაშისტურ იდეოლოგიას ახვევენ თავს; მათ პირდაპირ არ მოუწოდებენ, რომ ბავშვები გააჩინონ. აგრესიული რიტორიკა გაქრა და წარმოიშვა ,,შემპარავი’’, ნიღაბმორგებული ანტიფემინისტურ-მაჩოისტური ,,ფილოსოფია’’, რომლის მომხრენიც გვარწმუნებენ, რომ დედობა ,,მოვალეობა’’, ,,ნორმა’’ და ,,ბედიწერა’’ კი არა, არამედ - ,,ბედნიერებისა’’ და ,,სრულყოფილების’’ ერთადერთი საწინდარია. ქალის რეპროდუქციულმა სისტემამ საუკუნოვან ჩაგვრას თავი ვერ დააღწია; იგი ისევ და ისევ პატრიარქალურ მარწუხებშია მოქცეული.

,,ორი-სამი წლის გოგონას იმას კი არ ეუბნებიან, კუბოს კარამდე ჭურჭლის რეცხვა და მონურ მორჩილებაში ცხოვრება მოგიწევსო, არამედ აი, ამ ანდროცენტრული ტყუილით კვებავენ: ,,დედა გახდები! ეს შენი ბედისწერაა!’’ ,,გოგონა სრულიად პასიურ და მორჩილ არსებად ითვლება; მას მშობლები ათხოვებენ მას, ნივთივით აძლევენ სიძეს, ბიჭები კი ცოლს ირთავენ. მამაკაცს ქორწინება სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად არ სჭირდება. მისთვის ის ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა, ქალებისათვის კი ბედისწერა’’, - წერს სიმონ დე ბოვუარი.

„ქორწინების პირველ ღამეს დეფლორაცია დაკანონებული გაუპატიურებაა“, - წერს მწერალი და იშველიებს ჰაველოკ ელისის სიტყვებს: ,,კანონიერი ქორწინების ,,წყალობით’’, ოჯახში უფრო მეტ ქალს აუპატიურებენ, ვიდრე ქუჩაში’’.

„დიასახლისის გამუდმებული ჯაფა და ჭაპანწყვეტა სიზიფეს ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებას უდრის; ყოველდღე ჭურჭელს რეცხავს, მტვერმოკიდებულ ავეჯს გულმოდგინედ წმენდს; ქალი ერთ ადგილს ტკეპნის, სასიცოცხლო ძალა ეცლება და სანთელივით იღვენთება; ის არაფერს ქმნის; მისი შრომა შემოქმედება კი არა, უსაგნო და ამაო ფუსფუსია, რომლის წყალობითაც მხოლოდ და მხოლოდ აწმყოს უკვდავყოფს“.

„ქორწინების უდიდესი ტრაგედია ის კი არაა, რომ ეს ინსტიტუცია ქალს ბედნიერებით ვერ აღავსებს (ბედნიერების გარანტია არ არსებობს), არამედ ის, რომ მას ანადგურებს, შთანთქავს, აჩლუნგებს და აბეჩავებს (...) ოციოდე წლის ქალიშვილი თვალებჩამქრალ დიასახლისად იქცევა და სამუდამოდ ემონება თავის ქმარს-შვილს. აი, ასე სრულდება მისი ცხოვრება’’; ,,ქალი არ არის დამნაშავე ოჯახის დანგრევაში; ქორწინების მარცხი გარდაუვალია, რადგან საფუძველშივე გახრწნილი და გადაგვარებული ეს ინსტიტუცია ჩაგვრასა და მონობაზეა დაფუძნებული. ხშირად ამბობენ, რომ ქორწინება მამაკაცს აუბედურებს. მართალია, მაგრამ სამაგიეროდ, ის ყოველთვის ყველა ქალს ანადგურებს’’, - წერს ფემინისტი ფილოსოფოსი.

მისი უდიდესი დამსახურება ისიცაა, რომ ,,დედურ ინსტინქტს’’ იდუმალების, ტყუილებისა და ილუზიების საბურველი შემოაძარცვა და ყალბი პათოსით გაჟღენთილ მაჩოისტურ დისკურსს იმ უამრავი რეალური ქალის მონათხრობი დაუპირისპირა, რომელთათვისაც დედობა ბედნიერების წყარო კი არა, ჯოჯოხეთური ტანჯვის, გაწბილების, უიმედობის, სევდისა და სასოწარკვეთის უშრეტ წყაროდ იქცა. მწერალი ფსიქოლოგების (სტეკელის, კარენ ჰორნის, ელენ დოიჩისა და სხვების) ნაშრომებს, სოფია ტოლსტაიას, დოროთი პარკერის, იზადორა დუნკანისა და სხვათა მონოლოგებს, დღიურებს, ჩანაწერებსა და ნაწარმოებებს აანალიზებს და ასკვნის, რომ ქალისთვის დედობა მძიმე ტვირთია, შვილის ყოლის სურვილი ,,თანდაყოლილი’’ და ,,ქალის ბუნებისათვის ჩვეული’’ რამ კი არაა, არამედ-პატრიარქალური საზოგადოება გოგონას ცრუ იდეებით ასაზრდოებს, ხოლო იმ ქალების გამოცდილება, რომელთაც სწორედ ამ ნაქებ-ნადიდებმა დედობამ სიცოცხლე გაუმწარა, გვიჩვენებს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც გაუთავებლად ენამჭევრობენ მრავალშვილიანობის სიკეთეებზე, დედათა „უღრუბლო ბედნიერებაზე“, „ღიმილიან, უშფოთველ ცხოვრებასა“ და ქალის „უმთავრეს მოვალეობაზე“, - სინამდვილეში უნდათ, ქალები ანდროცენტრულ წესრიგს დაუმორჩილონ, მჩაგვრელი მორალი თავს მოახვიონ, ფუჭი დაპირებებითა და საამო ტყუილებით გააბრუონ და დაარწმუნონ, რომ მონობა თავისუფლებაა, თავისუფლება კი მონობა. მათი ,,ლამაზი’’ სიტყვების მიღმა ვერაგი, სახიფათო, პირსისხლიანი პატრიარქალური მიზნები იმალება. მათ მხოლოდ თავიანთი ბატონობის უკვდავყოფა სურთ და ნატრობენ, ქალები აჩხავლებული ბავშვის დასვრილი საფენებით, აკვნებით, ფიზიკური ტკივილითა და სხვა ოჯახური საშინელებებით სავსე ჯურღმულში გამოამწყვდიონ. ბოვუარის თქმით, დედობა ერთგვარი ვალია, რომელიც ქალმა სამშობლოსა და ოჯახის წინაშე უნდა მოიხადოს. ის თავს ესხმის გაბატონებულ მატერნალიზმს და აბორტისა და კონტრაცეფციის ლეგალიზებას მოითხოვს: ,,თუკი რომელიმე მწერალი მშობიარე ქალის ტანჯვასა და ,,სიხარულს’’ აღწერს, მას ხოტბას შეასხამენ, მაგრამ როგორც კი იმ ქალის ხსენებას გაბედავს, რომელმაც არასასურველი ნაყოფი მოიშორა, გაავებული კრიტიკოსები დაეძგერებიან და ბრალს დასდებენ, ამ სიბინძურით გვრყვნისო’’... „ქალს ბავშვობიდან უმეორებენ, იმისათვის მოევლინე ქვეყნიერებას, რომ კაცობრიობა გაამრავლოო; თითქმის აკვნიდანვე უმღერიან იმ საგალობლებს, დედობას რომ განადიდებენ და ბრწყინვალე შარავანდედით მოსავენ; მის ჩაგვრას, მოსაწყენ ოჯახურ ცხოვრებასა და ყოველდღიურ მძიმე შრომას დედობა ,,ამართლებს’’. ქალებს არწმუნებენ, რომ ბავშვების გაჩენის უნარი დიდი პრივილეგიაა, მაგრამ შვილი ქალისათვის ფასდაუდებელი საგანძური სულაც არაა. მას მშობიარობა წმიდათაწმიდა მოვალეობად კი არა, მოსაბეზრებელ მისიად, უმნიშვნელო მოვლენად, იმანენტურ ჯოჯოხეთად და თავისი სხეულის კიდევ ერთ ნაკლად ესახება’’.

ეს ნაშრომი ფემინიზმის ახალი ტალღის საწინდარი გახდა. მთელ სამყაროში მიმოფანტული და დაქსაქსული ფემინისტები „მეორე სქესის“ გამოქვეყნებისთანავე ერთ მუშტად შეიკრნენ და თავიანთი მოთხოვნები ერთ ტოტალურ მოძრაობაში გააერთიანეს. როცა ბოვუარმა დედობის პატრიარქალური ტრადიცია/ინსტიტუცია დაგმო, ქალთა მოძრაობამ ფრთები გაშალა და გაიფურჩქნა. სამოციან წლებში ფემინისტური მოძრაობის ისეთი კონსოლიდაცია მოხდა, როგორიც არასოდეს მომხდარა. ასეთი რადიკალური მოძრაობა ჯერ არასოდეს შობილიყო. ის მამაკაცურ/მიზოგონიურ/ანდროცენტრულ სისტემას ცხოვრების ყველა სფეროში გმობდა.

ადვოკატი, პუბლიცისტი და მწერალი, ჟიზელ ჰალიმი, სიმონ დე ბოვუარზე საუბრისას ასეთ რამეს ამბობს:

„ყოველთვის ვფიქრობდი (და ახლაც ვფიქრობ), რომ დედობა (თუნდაც ქალს მთელი გულით სურდეს შვილი და ყოველგვარი საზოგადოებრივი ზეწოლისაგან თავისუფალი იყოს) პატრიარქალური ხაფანგია; შვილი მას საშინლად ზღუდავს და მომავალს ართმევს (...) შვილი რომ არ მყოლოდა, უფრო ბრწყინვალე წარმატებას მივაღწევდი, გაბედულად ვიბრძოლებდი და სრულყოფილების სასიამოვნო შეგრძნებითა და თავისუფლებით დავტკბებოდი. (...) დედობა ქალის ნიჭსა და ცნობისმოყვარეობას აჩლუნგებს, შრომის სურვილს უკარგავს და სიმართლის აღმოჩენისა და შეცნობის წადილს უკვალოდ უქრობს. ის პატრიარქალური მითები, რომლებიც სიმონ დე ბოვუარმა თავის უკვდავ შედევრში აღწერა, ნამდვილად განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, რადგან სწორედ მათ დააბრმავეს ქალი და დაარწმუნეს, რომ დედობა და დიასახლისობა ბედნიერების უშრეტი წყაროა; სწორედ ამ ცრუ მითებმა არ მისცა საშუალება მას, ადგილი დაემკვიდრებინა მამაკაცთა სამყაროში’’. (Rordgers, Catherine, 2000, Le Deuxieme Sexe de Simone de Beauvoir, un heritage admiré et contesté. Ed. L`Harmattan, Op.cit. pp. 158-159).

***
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს ფეისბუქზე ასეთი შენიშვნა მისცეს: ,,რატომ მაინცდამაინც ფემინიზმი? მხოლოდ ქალების უფლებებს იცავთ და კაცები ფეხებზე გკიდიათ? არ შეგიძლიათ, უბრალოდ, ჰუმანიზმი დაარქვათ თქვენს მოძრაობას, თუ იდეოლოგიას და ყველაფერი გააერთიანოთ?’’ რაც შეეხება ფემინიზმისა და ჰუმანიზმის ურთიერთმიმართებას, აღსანიშნავია, რომ ის ,,ჰუმანისტი’’ მამაკაცები, რომლებიც გამუდმებით სოციალურ უთანასწორობაზე, კლასობრივ ჩაგვრაზე, უსამართლობაზე, მუშათა კლასის მონობაზე, კაპიტალიზმის სიავეებსა და ამგვარ საკითხებზე საუბრობდნენ, ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას ეწინააღმდეგებოდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს მიღებული ,,ადამიანისა და მოქალაქე მამაკაცის უფლებათა დეკლარაცია’’ (რომელიც არსით ჰუმანისტური უნდა ყოფილიყო) ქალებს არ ეხებოდა. რევოლუციამ, რომელიც სამართლიანობისა და საყოველთაო თავისუფლების საწინდრად უნდა ქცეულიყო, ქალებს ემანსიპაცია ვერ მოუტანა. ,,მეორე სქესმა’’ ვერ შეძლო, ერთ მუშტად შეკრულიყო, რადგან ათასწლოვანი მონობა ისევ მძიმე ტვირთად დასწოლოდა მხრებზე. მანიფესტაციებში მონაწილეობდნენ და დროშებს აფრიალებდნენ, მაგრამ რეალური უფლებები ვერ მოიპოვეს და ერთ ,,ნიადაგზე’’ გაერთიანება ვერ მოახერხეს; ისინი დაქსაქსულნი იყვნენ მამაკაცთა საერთო მოძრაობებში და ქალთა პრობლემებზე ყურადღების გამახვილების საშუალება არ მიეცათ. სწორედ ამიტომ, ერთმა მებრძოლმა ქალმა, ოლიმპ დე გუჟმა, ,,ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაცია’’ დაწერა. ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი ქალს არავითარ უფლებას არ ანიჭებდა. „არ მიყვარს ქალები, რომლებიც პოლიტიკაში ერევიან’’, - ამბობდა საფრანგეთის ქალთმოძულე იმპერატორი. „სოციალისტი“ პრუდონი, მამაკაცი, რომელიც სოციალურ უთანასწორობაზე წერდა ნაშრომებს, ქალების პირსისხლიანი მტერი გახლდათ. ის წერს, რომ ქალი ლამაზი ცხოველია; ნაკლული არსებაა, მამაკაცი კი სრულყოფილი და აღმატებული; ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა და როგორადაც არ უნდა ამაღლდეს ზნეობრივად, კაცს ვერ გაუთანაბრდება; ის ადამიანსა და ცხოველს შორის გარდამავალი ქმნილებაა; დაუშვებელია მისი ჩართვა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ადმინისტრაციულ საქმიანობაში; მას ჭეშმარიტების შეცნობის უნარი არ გააჩნია და ეს მისია მამაკაცმა უნდა იტვირთოს. ჟან-ჟაკ რუსო, თავის ნაშრომში ,,ადამიანთა უთანასწორობის წარმოშობისა და მიზეზების შესახებ’’ წერდა, რომ ქალთა სქესს მორჩილებაში ცხოვრება ევალება. წიგნში, ,,ემილი, ანუ აღზრდის შესახებ’’, უამრავჯერ ვიპოვით ათასჯერ გადაღეჭილ ,,მარადქალურ’’ მითს. მისი აზრით, ქალი ცბიერი არსებაა, რომელიც მუდამ უნდა აკონტროლო, რათა ,,ზღვარს’’ არ გასცდეს; იგი ერთგვარი პანდორაა და თუ მკაცრ დისციპლინას დაუსხლტება, ყუთს თავს ახდის. განათლება ქალისთვის სახიფათოა, რადგან შეიძლება, გაირყვნას, წაიბილწოს და საშიში გახდეს. მისი ადგილი ისევ და ისევ ოჯახშია. ბავშვები უნდა გააჩინოს. გაუნათლებელი არ უნდა იყოს, თუმცა ბევრიც არ უნდა იცოდეს. ქმარმა უნდა უკარნახოს, რისი ცოდნის უფლება აქვს და რისი - არა. ქალმა არ უნდა გამოთქვას აზრი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე. საკმარისია, ქმრის თვალსაზრისს გაეცნოს და დაეთანხმოს. ესაა მისი როლი და მოვალეობა: უსიტყვო თანხმობა. ,,ქალი აკვირდება, კაცი კი აზროვნებს’’, - წერს ის და დაბეჯითებით ამბობს, რომ გოგონას ბავშვობიდანვე უნდა ასწავლონ, როგორ ჩაიცვას, თმა დაივარცხნოს და ფერუმარილი წაისვას, თოჯინებით ითამაშოს, კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებას მიეჩვიოს, რათა ,,დედობისათვის’’ შეემზადოს, ქალმა უნდა აიტანოს ქმრის ნაკლი, შეცდომა და ტირანია.

ბალზაკი კლასთა შორის უთანასწორობას გმობდა და ბურჟუაზიის მანკიერებას, უსულგულობას, არაჰუმანურობასა და სისასტიკეს წარმოაჩენდა, თუმცა ქალთა საკითხთან დაკავშირებით პატრიარქალურ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ამას მოწმობს ისიც, რომ თავის წიგნში ,,ქორწინების ფიზიოლოგია’’, კაცს ურჩევს, ცოლი სრულ მორჩილებაში აცხოვროს, დააჩლუნგოს და განათლების მიღება აუკრძალოს, რათა მან ღალატი ვერასოდეს გაბედოს და ქმარს ,,რქები არ დაადგას’’. ფრანგ ქალებს მხოლოდ და მხოლოდ 1945 წელს მიანიჭეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება; 1965 წლამდე მათ საკუთარი საბანკო ანგარიშის გახსნის უფლებაც კი არ ჰქონიათ; ,,ოჯახის უფროსის’’ ცნება კანონმდებლობიდან მხოლოდ და მხოლოდ 1970 წელს ამოიღეს; 1965 წლამდე კაცს უფლება ჰქონდა, ცოლისათვის პროფესიული საქმიანობა აეკრძალა, თუკი ის ოჯახს ,,ვნებდა’’; მხოლოდ 1985 წელს აღიარა ფრანგულმა იურისპრუდენციამ მეუღლეთა თანასწორობა და გათხოვილ ქალებს ქონების განკარგვის უფლება მისცა; 1970 წლამდე ოფიციალურად დაქორწინებულ ქალებს უფლება არ ჰქონდათ, შვილებისათვის საკუთარი გვარი მიეცათ. ისინი დაბადებისთანავე მამის გვარს იღებდნენ, დედის გვარზე კი მხოლოდ უმამო ბავშვები გადადიოდნენ.

,,ხშირად გვიმეორებენ: ,,კლასთა შორის ბრძოლა უმთავრესია. ფემინისტური ბრძოლა კი სხვა დროისათვის შემოვინახოთ’’. უკვე ვიხილეთ, რა შედეგებიც მოიტანა ამ ,,სხვა დრომ’’. ალჟირელი ქალები მამაკაცების მხარდამხარ ებრძოდნენ იმპერიალიზმს, სოციალურ უთანასწორობასა და ჩაგვრას, რადგან ეგონათ, რომ ეს მათ ნანატრ ემანსიპაციას მოუტანდა. სინამდვილეში, მათ თავისუფლება არ მოუპოვებიათ, რადგან მომძლავრებულმა ისლამმა ქალს ისევ მონობის უღელი დაადგა. უამრავ ქვეყანაში მითხრეს: ,,ო, ქალთა ბრძოლა! რატომაც არა? უბრალოდ, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს!’’ - ამბობს სიმონ დე ბოვუარი ,,La vie en rose’’-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ქალები მიხვდნენ, რომ ვერც მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გადაჭრეს მათი პრობლემები და ვერც სოციალისტურმა წყობამ (...) არც ერთ სოციალისტურ ქვეყანაში ქალი მამაკაცის თანასწორად არ მიაჩნიათ. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ბევრმა წევრმა ამგვარი სექსიზმი იწვნია. თვით ყველაზე “რევოლუციურ” ჯგუფებშიც კი ქალი დაუფასებელ, ძაღლუმადურ შრომას ასრულებს. ყველა მემარცხენე მოძრაობის ლიდერი მამაკაცია”, - წერს ის თავისი მემუარების უკანასკნელ ტომში, “შეჯამება”.

ადამიანთა უფლებების ,,დამცველების’’, ,,მემარცხენეების’’, ,,კომუნისტების’’, ,,სოციალისტებისა’’ და ,,საზოგადოებრივი რეფორმების’’ მომხრე მამაკაცების მხრიდან ქალების პრობლემებისადმი გამოჩენილი გულგრილობით გაოგნებული მწერალი ამავეს ამბობს ალის შვარცერთან საუბრის დროსაც:

,,როცა საბჭოთა კავშირში, ჩინეთსა და კუბაში ვმოგზაურობდი და მემარცხენე მოძრაობის წევრებს ვხვდებოდი, მათ მიზოგინიას (ქალთმოძულეობას გ.ძ) ცხადად ვგრძნობდი. ფრანგულ მემარცხენე და პრომემარცხენე გაერთიანებებშიც კი არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის უთანასწორობა. ქალი ყოველთვის ასრულებს ყველაზე მძიმე, მოსაწყენ და დაბალანაზღაურებად სამუშაოს.’’  (La femme révoltée. 1972, Un entretien de Simone de Beauvoir avec Alice Schwarzer, Le Nouvel Observateur, no 379, 14-20 février 1972, pp 47-48.)

მკვლევარი კლოდინ მონტეი აცხადებს:

,,68 წლის მაისის მოვლენებმა იმედი ჩაგვისახა... ქალებს გვეგონა, პატრიარქალურ უღელს თავს დავაღწევდით, მაგრამ ამ ჰუმანისტურ მოძრაობას, რომლის ლიდერებიც მამაკაცები გახლდნენ, ქალთა პრობლემები ნაკლებად აღელვებდა. სიმონ დე ბოვუარი ხშირად მაფრთხილებდა: ,,ყველაფერი მუხლჩაურელი ბრძოლით უნდა მოიპოვოთ. როცა პოლიტიკური, ეკონომიკური, ან რელიგიური კრიზისი დადგება, ქალის უფლებები დაირღვევა (...) სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე უნდა იომოთ და ყურადღება არ მოადუნოთ. ფემინისტური ბრძოლა განუყოფელია მემარცხენე სულისკვეთებისაგან, მაგრამ მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება’’… ,,სიმონ დე ბოვუარი, უეჭველია, რადიკალი ფემინისტია; იგი ფიქრობდა, რომ კაპიტალიზმის განადგურება და რეპროდუქციული რევოლუცია ფემინისტთა ბრძოლას გააძლიერებდა, თუმცა ქალებმა არასოდეს არ უნდა იფიქრონ, რომ წარმატებას მიაღწიეს და ჰუმანისტური იდეების წყალობით, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს’’, - წერს მკვლევარი ჟან-ლუკ მორო.

ახლა კი ვნახოთ, როგორი იყო ქართველ ჰუმანისტთა ,,ჰუმანიზმი’’ და ,,მოიცავდა’’, თუ არა იგი ქალებს (სტატიის ამ მონაკვეთში გამოყენებულია ლელა გაფრინდაშვილის კვლევა, “დედათა კითხვა” და/თუ “ქალთა საკითხი” საქართველოში’’, რომელიც გამოქვეყნდა კრებულში “გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა”, (რედაქტორი ლელა გაფრინდაშვილი), თბილისი, 2005):
,,1880 წელს „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში განმანათლებელი ქალი (ეკატერინე გაბაშვილი. - გ.ძ) აღშფოთებულია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უსულგულო დამოკიდებულებით ქალთა განათლებისადმი. „მე გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თორმეტიდან დაწყებული თითქმის ხუთ საათამდე იყო ცხარე ბაასი საზოგადოების ფულის მოხმარებაზედ წერა-კითხვის გავრცელებისათვის და არავის იმაზედ ხმა არ ამოუღია, ეს ღვაწლი მარტო ვაჟების სასწავლებლებს და იმათ განათლებას უნდა ეკუთვნოდეს, თუ ქალებსაც უნდა ჰქონდეთ რამე მონაწილეობა (...) მართლაც გასაკვირია, როგორ ერთს ან საზოგადოების წევრს ან საზოგადოების მმართველებს ფიქრადაც არ მოუვიდათ ქალების ბედის გახსენებაც (...) ნუთუ ჩვენი წერა-კითხვის საზოგადოება უადგილოთა სახავს ქალების განათლების საერთო სიკეთისათვის საქართველოში? (...) ამისთანები ბევრი არიან ჩვენში. ჯერ სავაჟო სკოლები უნდა გაიხსნას და მერე თუ შეძლება იქნება საქალებოვო!’’

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკატერინე გაბაშვილი ფემინისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ პიესაში, ,,ფრთებდაგლეჯილი’’, გვიჩვენებს, როგორ იჩაგრება ქალი და ილახება მისი ღირსება ,,ქალის კულტის’’ ქვეყანაში, იქ, სადაც ,,სუსტი’’ სქესის პატივისცემა ,,არ ეშლებათ’’. დიასახლისი და დედა ემსგავსება ფრთებდაგლეჯილ ფრინველს, რომელიც ამაოდ მიელტვის თავისუფლებას. „დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი, ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა (...) ოჯახის დიასახლისობას რომ ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას.“ - წერს ის. ,,ფრთებდაგლეჯილში კი ვკითხულობთ:

,,ქეთო (სავარძელში ჩაჯდება და გაზეთს კითხულობს): ხვალ ბეჟან ნარიმანიშვილი წაიკითხავს ლექცის... ქალთა პოლიტიკურ... (შემოდის ქეთოს ქმარი, ნიკო).
ნიკო (გაჯავრებულია): რა დროს კითხვაა? აგერ ათი საათია. სამსახურში მიგვიანდება, ჩაი თავის დროზედ არ არის, ყელსახვევი ვერ მიპოვნია, არც ჯოხი სჩანს!
ქეთო (ღიმილით): ჯერაც არ გამიგონია შენი ჯოხის და ყელსახვევის დაკარგვა!(კითხულობს).
ნიკო (ხმას აიმაღლებს): არ გესმის, სამსახურში მიგვიანდება-მეთქი? მომინახე ჩქარა!
ქეთო: დედაკაცს უთხარი, ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობ. აი გაიგონე: “ქალთა განათლება და გათანასწორება პოლიტიკურს ასპარეზზედ...”
ნიკო (გააწყვეტინებს):რას როტავ, რასა? რა დროს პოლიტიკური ასპარეზებია! გეუბნები, ათი საათია-მეთქი, მიგვიანდება... ადექი!
ნიკო: აი, გააბა ბაასი: მთელს ქალთა კითხვას აღძრავს ახლა... გეუბნები, ჩქარა ყელსახვევი-მეთქი, ჯოხი, თორემ აქაურობას დავამტვრევ.(მაგიდას, სკამს ხელს წამოჰკრავს, და ბრახაბრუხს ააყენებს)
ნიკო (მუშტმოღერებული): წყეული იყვეს, ვინც განათლებული ქალი ცოლად შეირთოს! (ძლიერ ახლო მივა ცოლთან და თვალებში ჩაჰყურებს) ყველა მაგეებს დაგავიწყებ!
ქეთო: შენი დაპირება, შენი აღთქმა სადღაა? ვეცდები ავაყვავო შენი ნიჭიო, ყოველ დაბრკოლებას გადავეღობო, ხელი შეგიწყოო...
ნიკო: მაშინ შენ ვარდი იყავ და მე ბულბული. მე ვჭიკჭიკობდი... ეხლა ცოლი ხარ, ცოლი, რით ვერ გაიგე?...
რედაქტორი: საზოგადოდ როგორ შეუძლია ვისმე ხელი ახლოს თქვენს ნაწერებს, თქვენს სამუშაო მაგიდას?!
ქეთო(მწარის ღიმილით): როგორ შეუძლია ხელი ახლოს ვინმემ თქვენს ნაწერებსო! თქვენს მაგიდასო! ხა, ხა, ხა! ჩემს მაგიდას, ჩემს ნაწერებს! სად არის ჩემი მაგიდა, ვინ დაეძებს ჩემს ნაწერებს, ვინ სცემს პატივს ქალის ნაჯღაბნებს! პირიქით, დამცინიან, მაყვედრიან, წუთისოფელს მიშხამებენ, რომ ვბედავ და მაგ გვარს შრომაზედ დროს ვკარგავ (აღელვებულია).
რედაქტორი(შემკრთალი): ოხ! სწორედ რომ შესაბრალისი ხართ! დიდი გმირობაა თქვენგნით არა თუ წერა – სუნთქვა, სიცოცხლე! (დადის და თავისთვის ლაპარაკობს) დედაკაცი მართლა რომ მონაა, მონა ხელ-ფეხშეკრული! უგზო, უკვალო, უმწეო...’’

სერგეი მესხი ამ პოლემიკას ეხმაურება და წერს: „ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორად არის გაჩენილი, რომ იმის დამონება, სხვა-და-სხვა უფლებების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას და ხასიათს, როგორც საზოგადოთ გაფუჭებეულია ყოველი, „მონისა“ და „ბატონის“ ბუნება და ხასიათი; დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისთვის, ტკბილი გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლად კი არ არის გაჩენილი; დამტკიცებულია ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხელსაც ისეთნაირათ შეუძლიათ კაცობრიობის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას. ერთი სიტყვით, დამტიცებულია, რომ ცხოვრებაში ქალს თითქმის ყველა იმ მოვალეობისა და საქმის ასრულება შეუძლია, რასაც ამჟამათ მხოლოთ კაცები ასრულებენ. მაშ, თუ ეს ასეა, რატომ ყოველგვარი უფლება, ყოველი საქმე მარტო კაცებსა აქვთ მინდობილი? რატომ არიან იმათ მოკლებული ქალები? ნუთუ ჩვენ ცხოვრებაში ქალებისათვის საქმე აღარ არის, ნუ თუ მართლა თავის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ბუნების გამოსაყენებლათ კაცობრიობას იმდენი მამობრივი სქესის ტვინი და ხელი აქვს, რომ ქალების შრომა იმისათვის სრულიათ საჭირო აღარ არის?..“ 1882 წელს ახალი დისკუსიის საბაბი გახდა აკაკი წერეთლის წერილი, სადაც იგი ქალების გადაგვარებაზე საუბრობს და თავში ხელებს იცემს – რა გვეშველებაო. ცხადია, არაფერს ამბობს იმაზე, თუ რას აკეთებდნენ მისი თანამედროვე ქალები საზოგადოების კულტურის სასარგებლოდ და გადასარჩენად. წერილს მალევე გამოეხმაურა ქუთაისელი ქალი. „ვაი თქვენი ბრალი საცოდავო ქალებო, ვაი თქვენი ცოდვა! ვერც ერთს გაზეთის ნომერს ვერ წაიკითხავთ, რომ თქვენზედ საყვედური არ ეწეროს, არც ერთი საათი არ გავა, რომ ყოველი კუთხიდან ქვას არ გესროდენ ბრალიანიცა და უბრალონიცა; ზოგიერთნი იმ დასკვნაზედაც მისულან ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც თავადი აკაკი წერეთელი, რომ ქალებზედ ლაპარაკი არ ღირსო“, - ვკითხულობთ ლელა გაფრინდაშვილის კვლევაში.

„ავტორს მალევე უპასუხა აკაკიმ, რომელიც პირველი წერილის სულისკვეთებით XIX საუკუნის II ნახევარში მომხდარ ყველა პროგრესულ ცვლილებას მამაკაცებს მიაწერს და „ქალს“ მიმართავს: „დღეს, ღვთის მადლით, ქალებიც არიან თითო-ოროლა, რომ ჩვენ სჯულზედა დგანან, მაგრამ თქვენ ვერც იმათ იცნობთ. ისინი არც სილამაზით არიან თქვენზედ ნაკლები, არც გულით და არც გრძნობით. იმათი ახალგაზრდობაც ხალისსა და ქეიფსა თხოვს, მაგრამ დრო და ჟამს რომ უყურებენ, ასე ამბობენ: ქვეყნის მომავალს და მის სიკეთეს რომ არ დავეხმაროთ, უსინდისობა იქნებაო! შედგომიან საქმეს და შეძლებისდაგვარათ კიდეც ცდილობენ, რომ გააკეთონ რამე. თქვენის წრის ქალებზედ კი კარგა ხანია გულგატეხილები ვართ!.. შრომისა და თანაგრძნობას არა გთხოვთ, მხოლოდ ნუ სცდილობთ, რომ ჩვენ მტრებთან ერთად ხელი გვიშალოთ და გვაბრკოლოთ! ეჰ, მეტს ნუღა გვათქმევინებთ, ქალბატონო! სულ რომ ჩამოვთვალოთ თქვენი ცოდვები, მაშინ მელნათ შავი ზღვა მოგვინდება, საწერლათ იალბუზი და კალმათ თქვენი გრძელი ენა – ნურას უკაცრავათ მართლისათვის...’’ პეტერბურგში მყოფი დავით კეზელი ასე პასუხობს მას: „უმორჩილესად ვსთხოვ ჩვენებურის ქალების მოსარჩლე მანდილოსანს, ეს ჩემი ჩარევა პირად პოლემიკაში არ მიიღოს. ღმერთმა დამიხნას ამგვარის რეგვნულის გამბედაობისაგან! ის მირჩევნია, ღამე მთვარეს შევყეფდე და დღე – მზესა და მომავალს ღრუბლებს, ან შავი ზღვის ცხრილით ამოხაპვა განვიძრახო, მინამ ქალს მეცნიერული ბაასი გავუმართო, როგორის ჭკუის და განათლებისაც უნდა იყოს ის (...) თუ გინდათ ღირსეულად ატაროთ ქართველის ქალის ერთხელ ქვეყანაზედ განთქმული სახელი, გამოირეკეთ თავიდან ოცნებები ექიმობაზედ, პროფესორობაზედ და ეცადეთ, შეიქმნათ დროის შესაფერი დედები. ამისათვის საჭიროა დაწვრილებით შეისწავლოთ თქვენი სამშობლოს წარსული, ძველი ხალხების და განსაკუთრებით რომის ისტორია. იქ შეგხვდებათ მრავალი დიდების ღირსნი მანდლოსანნი, რომელთა წაბაძვაც დღეს თქვენი მოვალეობაა! ამერიკელ და ევროპელ ქალებთან თქვენ თვალის სარგო არა გაქვთ, ამიტომ რომ რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, აკრძალულია ხარისთვის“, - მოგვითხრობს ლელა გაფრინდაშვილი.

ილია ჭავჭავაძე კი ბარბარე ჯორჯაძეს ასეთი დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიებს: „კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები: ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება“, „თუ „ცისკარი“ უვარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო, ფარშევანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა!“ „ეხლა რომ კაცმა ჰსწეროს, ცოდნის და განათლების გარდა, ნიჭიც უნდა ჰქონდეს!.. ეს რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის, – ეგ გასაკვირელი არ არის, რადგანაც ბევრიც სხვა არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგან ფეხი არ გაუდგამს“. „მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკად, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახიდან ფეხს ნუ გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში, ამას ვთხოვ ხალხის სახელითა, ხალხისვე სახელის დაცვისათვის!..“ „ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირობს ჩემზედ პასუხის დაწერას და, თუ პოეტობაზეც ხელს აიღებს, – ღმერთი, რჯული – დიდ ღვაწლს მხოლოდ მაშინ დასდებს ჩვენს „ცისკარს“. დაკვირვებული თვალი/გონება იოლად აღმოაჩენს ილიას გაღიზიანების უხილავ მიზეზებს: ქალი კრიტიკოსის გამბედაობა, მისივე მკაფიო არგუმენტები. ეს ფსიქოლოგიური, გაუცნობიერებელი საფუძვლები აპირობებს მწერლის სურვილებს, რომლებიც ბარბარეს სახლში ჯდომასა და მისი ოთახიდან გამოუსვლეოლობაში, ლექსების წერის თავის დანებებაში ვლინდება. (...) „ქალებს მარტო ბალებზე წასვლა და ჭორაობა გაინტერესებთო. არიან ქალები, რომლებიც სალიტერატურო საქმიანობით არიან დაკავებულნი, მაგრამ მათ შრომას თქვენ ზედ არ უყურებთ: „აბა, ქალის დაწერილი და გადმოთარგმნილი რა იქნებაო!“ და თუ როგორმე ჭკუაში მოგივიდათ, შეხვალთ ეჭვში: აქ მამაკაცს ექნება მონაწილეობაო. იმის მაგივრად, რომ ქალის ნაშრომს, როგორც იშვიათ მოვლენას ჩვენში, პირველი ადგილი დაუთმოთ ჟურნალ-გაზეთებში, თუ რომ ცოტაოდენათ მაინც ღირსია, არხივში გადასდებთ ხოლმე და იქნება როდესმე მასალის შემოკლებამ მოაძებნინოს რედაქტორს ჩვენგან უკვე გამოტირებული ნაღვაწი...“ გაზეთ „ივერიაშიც“ იბეჭდება მკითხველი ქალის (ფსევდონიმით „ვინც უნდა ვიყო“), სადაც ავტორი წერს:

‘‘...როდესაც ჩვენს არარაობას ამტკიცებს ავტორი, შემდეგ იდეალურად გვისახავს ძველ ქართველ ქალებს. ეს ახალი არ არის ჩვენთვის. არ არის არც ერთი ქართველი მწერალი, რომელიც თვალცრემლიანი არა ჰგოდებდეს ჩვენს არარაობას და იდეალად ძველ ქალებს არ გვისახავდეს. ნუთუ ერთი ბრწყინვალე რამ არ იპოვება ჩვენს აწმყოში მომავლის საიმედოდ, რომ აღნიშნონ იგი?! გვარგია კი იდეალად ჩვენ ძველი ქალები? ცხოვრება იცვლება მაშინ, როცა ყველა წინ, მერმისისკენ იცქირება და მიისწრაფება, ჩვენ გვეუბნებიან: „ნანგრევებს ჩააშტერდითო, წარსულს ჩაუკვირდით, იქ იპოვით ქალის იდეალოს“. დროის მოთხოვნილება კი გამოიცვალა. ძველი ქართველი დედა ხმალს აძლევდა შვილს ხელში, დრო იმას თხოულობდა, კარგად იცოდა ხმლის მიწოდება. ჩვენ კი თანამედროვე იარაღი უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს ხელში. ამიტომ ნანგრევებში კი არ უნდა ვქექოთ ჩვენი იდეალი, ჩადრი კი არ უნდა წამოვისხათ, იდეალად უნდა დავისახოთ ევროპელ ქალთა შესანიშნავი წარმომადგენლები და ჩვენც იმათსავით ავმაღლდეთ გონებით“.

ილია თავის წერილში, „პატარა საუბარი“, წერს: „დედაკაცის“ ქალამდე“ ჩამოსვლა და „მამაკაცის“ „ვაჟამდე“ - ცხენოსნის დაქვეითებაა, დიდისა პატარად გარდაქმნაა, გარდაცვლაა აზრისა და სამცნების ჩამოდნობაა, დაფუყვაა. მამაკაცი კიდევ ბევრს არას დაჰკარგავს, რომ „ვაჟამდე“ ჩამოხდეს. ვაჟს კიდევ მიეკერება სახელი კაცისა. „ქალი-კაცი“ არ ითქმის, არ მოდის, არ ეხერხება ენას. იქნებ იმიტომაც, რომ ქალი მეტად სუსტია და თან ვერ ატარებს, ვერა ჰზიდავს „კაცის“ მძიმე სახელს. თუნდაც ეგრეც იყოს, აქ სიტყვა არ უხდება საგანს და საგანი სიტყვას. ქალი ქალაღაა და თითქო არა კაცისად ქალობა და სად დედაკაცობა!.. ქალისათვის ეს წუთისოფელი სასეირნო წალკოტია, დედაკაცისათვის – სახლია პატიოსანი შრომისა, მინდორია სახნავ-სათესი, ყნააა სამკალი, ძნაა სალეწი, სარბიელია საომარ ჭკუითა და მარჯვენითა. ქალი უფარ-ხმალო დედაკაცია, დედაკაცი ფარ-ხმლიანი ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან!.. ვაი, რომ დედაკაცნი წავინენ, აღარ გვყვანან და მარტო „ქალები“-ღა დაგვრჩნენ და, ჩვენის ფიქრით, აქ არის სხვათა შორის სათავე ჩვენის უბედურებისა“.

როგორც ვხედავთ, ილიას, აკაკის, დავით კეზელისა და სხვა მამაკაცების ,,მარადი ქალის’’ კონცეფცია უცვლელია. ქალმა არ უნდა იოცნებოს პროფესორობაზე, ექიმობაზე, სწავლასა და გენდერულ თანასწორობაზე. კეზელის აზრით, მან უნდა მიჰბაძოს რომაელ ქალებს. ცნობისთვის, რომის სამართალი ,,ბრიყვ სქესს’’ უწოდებდა, სასამართლოში მოწმედ გამოსვლის ნებას არ რთავდა და საერთოდ, არავითარ უფლებას არ ანიჭებდა. კეზელსა და არაერთ მამაკაცს სწორედ ასეთი ქალები უხარებენ გულს. ილიას ოთარაანთ ქვრივი დეპერსონიზებული და დეფემინიზებული ქალია. მარად მჭმუნვარე. მკაცრი. მიუწვდომელი. უსურვილო. ვნებებჩამკვდარი. რკინისქალამნებიანი. ოჯახის ბურჯი. უსახელო. უსქესო. ილიასაგან განსხვავებით, სერგეი მესხი, ნამდვილი ქართველი და საამაყო ვაჟკაცი ვერ იქნება; მის ციტატებს ხალხი არ მოიშველიებს, რადგან ის დედობას ქალის საკრალურ ფუნქციად არ თვლიდა. ილია კი მისაბაძი მამულიშვილია, მართალი, სანიმუშო და შეუმცდარი. მან იცის, სადაა ,,მეორე სქესის’’ ადგილი, ნიშა და საზღვარ-სამანი. დედაკაცი ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი მესიის მშობელია, ძეგლია, ქართლის დედაა, ალგეთის ლეკვების მშობელია, რომელმაც თავის პირმშოს მადლით ცხებული ძუძუ უნდა მოაწოვოს. ის იდეალად ვერ დაისახავს ევროპელ ქალებს და მათსავით ვერ ამაღლდება გონებით. ვესტერნული სიბინძურე მისთვის უცხოა...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^