Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იდენტობა, განსხვავებულობა, პოსტიდენტობა

27 ივნისი 2014

ზედაპირული აზრის თანახმად, განსხვავებულობა იდენტობებისგანაა ნაწარმოები. თუ X -ზე და Y -ზე გვაქვს განმეორებადი ინფორმაცია და ცოდნა, ის იდენტობაა, რისი მეშვეობითაც  ერთმანეთისაგან ვანსხვავებთ.

იდენტობების მეშვეობით ორი საგნის ერთმანეთისაგან განსხვავება - ეს ტავტოლოგიაა და არაფერს მოგვცემს. იგი იმდენად ჭეშმარიტია, რამდენადაც ბანალური.

სამყაროში ორი საგანი ერთმანეთის ტოლი ისედაც არასდროსაა, მისი ექსტენსიურ ინტენსიურად უსასრულობის გამო (პლიუს / მინუს უსასრულობა) გამოდის, რომ  იდენტობის ყველა კატეგორია ნაწარმოებია განსხვავებულობისაგან. ჯერ განსხვავებულობაა და შემდეგ იდენტობა. ამიტომაც დერიდასთვის რეალობა იწყებოდა განსხვავებულისა და სოლიდარობის, ამ ორი ფენომენის, დიალექტიკით.

რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს თეორია?

ჩვენ უნდა შევცვალოთ ერთის მხრივ მყარი იდენტობებისადმი მიდგომა, მეორეს მხრივ განსხვავებულობა აღარ უნდა იყოს ექსკლუზიურად ლგბტ თემის, ანდაც რელიგიური უმცირესობების დამახასიათებელი ნიშანი. მოკლედ, განსხვავებულობა დისკრიმინაციის აუცილებელი ატრიბუტი არ უნდა იყოს, რადგანაც ყველა ჩაგვრა განსხვავებულია, ჩაგვრა კი ექსპლუატაციაცაა. განსხვავებულობის ასეთი გაგების მოშლა და დღის წესრიგში ზედაპირული გაგების შემოტანა კი ხელს უწყობს მყარი იდენტობების წარმოებას. მყარი იდენტობები კი ხელს უშლის სხვადასხვა სოლიდარულ ჯგუფებს გაერთიანებისთვის.

ყველა დაჩაგრული ადამიანის სიმრავლე სხვადასხვა ხილვადობის კოეფიციენტით გამოირჩევა. მათი კლასიფიკაციისთვის შეგვიძლია ორი დაყოფა გამოვიყენოთ: ერთი -ექსპლუატაცია, მეორე - დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია ე.წ. „ხილვადი უმცირესობებია“, რომლისგანაც რასიზმის შემთხვევაა სავალალო. მაგალითად, ისინი ვერ დამალავენ თავიანთ კანის ფერს ექსტრემალურ სიტუაციაში. ქალებს „პატივისცემის“ ეგიდით ჩაგრავენ, სექსუალურ უმცირესობებს  „შენიღბვა“ შეუძლიათ და ა.შ. მოკლედ ყველა ჩაგვრა განსხვავებულია. ექსპლუატაციის შემთხვევაში კი მშრომელების მატერიალური რეალობა გადაფარულია, მათი ხმა არსად არ ისმის. გამოდის, რომ დისკრიმინაციას ახასიათებს ხილვადობა, რომელზეც ლიბერალური დემოკრატია თითქოსდა მძაფრად რეაგირებს, მაგრამ რჩება შრომითი უფლებები, რომელიც შელახულია, მატერიალური პრობლემები, რომლებიც არ არის ისეთივე ხილვადი, თითქოს, გათიშულები არიან „პოლიტიკის კეთებისგან“. კაპიტალიზმი ცდილობს დისკრიმინაცია აღმოფხვრას, იმიტომ რომ პურს ვინ აცხობს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მისი გაყიდვა, ამიტომაც  ჩაგვრის მექანიზმად ის მხოლოდ ექსპლუატაციას იტოვებს, არა იმიტომ რომ დისკრიმინაცია მართლა ვინმეს ადარდებს, არამედ იმიტომ რომ  ხელს უშლის ბაზრის აქსელერაციაში.

თუ  იდენტობების პოლიტიკას პოლიტიკურ ბრძოლაში გავაკრიტიკებთ,  შემდეგ სურათს მივიღებთ: ლგბტ თემი გამოცალკევებულია სხვა სოლიდარული ჯგუფებისაგან, ხდება მისი გააბსოლუტება და კომპლექსური უფლებების დაცვა (იგულისხმება ყველა სოლიდარული ჯგუფი, ვინც გათიშულია „პოლიტიკის კეთებისაგან“)  უკანა პლანზე გადადის. ზემოთ ავღნიშნე, რომ რადიკალურად ჰომოფობიურ გარემოში სექსუალურ უმცირესობებს შენიღბვის უნარი აქვთ, ამიტომაც საჯარო coming out ჰეროიკულ საქციელად ითვლება, მაშინ როცა მუშების გაუსაძლისი რეალობა უყურადღებოდ რჩება, ანდაც ქალების სიკვდილი, რომელზეც ყველა საუბრობს მაგრამ არავინ საუბრობს მუშების (კაცების) სიკვდილზე სამუშაო პერიოდში. მაგრამ ლგბტ პოლიტიკა არათუ ექსპლუატაციას ფარავს, არამედ დისკრიმინაციის კატეგორიაშიც დომინანტ თემად ითვლება. ამასთან ერთად, ექსკლუზიურად ლგბტ უფლებები კავშირში არაა სექსუალობის ემანსიპაციასთან, ისინი ცდილობენ ეკლესიასთან ინტეგრაციას, ცდილობენ ამავე სისტემაში გათავისუფლებას.

სექსუალობის ეკლესიასთან ინტეგრაციისას ჩვენ ვიღებთ ქრისტიანობას, როგორც სამართლიანობის ერთადერთ ფორმას. ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით მიხეილ შუბლაძემ გადაცემაში „მძიმე კაცი“ განაცხადა, რომ ცოდვა არის არა ჰომოსექსუალობა, არამედ ბოზობა და მრავალპარტნიორობა.

ესაა პოსტ პოლიტიკური პროცესი, სადაც რეალური პრობლემებიტოლერანტობის კატეგორიაში  გადადის და მათი კვლავწარმოებით  დღის წესრიგი განისაზღვრება.

ანარქისტი ტოდ მეი, ცალსახად აცხადებს რომ იდენტობების პოლიტიკა ეს ლგბტ პოლიტიკაა.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ დისკრიმინაციის კრიტიკა ეთიკური რელატივიზმია. თუ არ აკრიტიკებ ჩაგვრის სხვა ფორმებს, ინარჩუნებ სტატუს კვოს და ამბობ რომ სამყარო როგორიც ახლაა - ეს ნორმალურია და ასე უნდა გაგრძელდეს - შენ ხარ მტერი! ახლა კლასიკური გაგებით ემანსიპაციაზე ლაპარაკი ნაადრევია, უკეთესია შევიმუშავოთ დაჩაგრული ჯგუფების დაცვის ტაქტიკა, რომელიც ამავდროულად თავდაცვაც იქნება. ჩვენ გვჭირდება ქვემოდან წამოსული პოლიტიკა, რომელიც მოდის არა სამთავრობო გუნდიდან და პარლამენტიდან, არამედ საზოგადოებიდან,  ამიტომაც საჭიროა სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, იმ ჯგუფების მიმართ, რომელზეც ლაპარაკი უნდა დაიწყოს და წამოვიდეს ავთენტური პოლიტიკა და არა გეოპოლიტიკური რიტორიკები სადაც დაკარგულია ადამიანი, სადაც ხალხის პრობლემიდან აქცენტი გადატანილია გეოპოლიტიკურ პრობლემებზე და ა.შ. ეს ჯგუფები, კი იქნება, ლგბტ თემი, ფემინისტები, მწვანეები - ყველა - მემარცხენე პოლიტიკის გარეშე ლოგიკას კარგავენ. ლგბტ თემი თუ ისევ ამ ჩაგვრის სისტემაში გათავისუფლდა და თვითონ გახდა მჩაგვრელი, მაგალითად მაღაროს მფლობელი, ამით არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა რომ მაღაროს გეი მფლობელი ეეყოლება. ფემინისტმა თუ არ გააცნობიერა რომ ეს ეკონომიკური სისტემა ქალს უფრო აზარალებს, უაზრობა გამოვა. მწვანეებმა თუ არ გააცნობიერეს, რომ   ბიზნესი ბუნებას აღიქვამს როგორც მაქსიმალურად ასათვისებელ რესურსს და ყველა ბიზნესი მარტივად რომ ვთქვათ ძარცვავს ბუნებას,  ულოგიკო იქნება ყვრილი და დევნა თითო ხეზე. მე ამით რომელიმე ჯგუფის ინტერესებს უკანა პლანზე კი არ ვწევ და ვნომრავ რომ ეს პირველია და ეს - მეორე, პირიქით, ყველა უნდა შეერთდეს ერთმანეთთან. ამიტომაც საჭიროა სტრუქტურული კოოპერაცია. როდესაც ვინმეს ეხმარები ამით საკუთარ თავსაც ეხმარები, ხოლო მემარცხენეობა კი ამ ჯგუფების გარეშე უბრალოდ პრიმიტიული საბრძოლო ფრონტის იდეას იძენს, ასე რომ სოლიდარობა ყველას ვინც კი უმწეოა, ვინც სისტემურ ჩაგვრას განიცდის!

ამიტომაც შეგვიძლია ჩავთვალოთ 17 მაისის ფენომენი კოლექტიურ ტრაგედიად, სადაც ერთ მხარეს არიან უნიათო კონტრრევოლუციონერები ეკლესიის სახით, ხოლო მეორე მხარეს რეაქციონერები, რომელთაც სურთ სექსუალობა ისევ ეკლესიის შიგნით, იესოს სიყვარულში გაათავისუფლონ, მოიპოვონ ქორწინების უფლება და სხვა სოლიდარული ჯგუფები გვერდზე გაწიონ.

სიამოვნებით გავიზიარებდი ლიბერალების შეხედულებას „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“, თუ აქ განსხვავებულობის სწორ დეფინიციას შემოგვთავაზებდნენ, ანდაც თანასწორობა გაგებული იქნებოდა როგორც საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში თანასწორობა და თავისუფლება. მატერიალურ პრობლემებში ყველა ერთია, ყველას ჭირდება ჭამა, ხოლო თუ ამის უფლებას წაართმევ, შემდეგ მის დასაბრუნებლად იგი ყველაფერზე თანახმა იქნება. სიღარიბე სტრუქტურული სიმახინჯის ნაწილი არ უნდა იყოს!

ასევე აღსანიშნავნი არიან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეები, რომლებმაც მირუახუანას საკითხი არა ჩაგვრის კატეგორიიდან, არამედ რაღაც აბსტრაქტული თავისუფლების და გართობის კატეგორიიდან ამოიყვანეს.

გრამშის თქმით კრიზისი ის სიტუაციაა როცა არც ახალი იქმნება და არც ძველი ქრება.

ფილოსოფოს ალან ბადიუს „ივენთი“  შეუძლებლის შესაძლებლობაში მდგომარეობს, არარსებულის შექმნაში. შექმნა იმისგან რაც არის, ის რაც არ არის, გარდაქმნა საგნები და არ მოახდინო წარსულის რესტავრაცია. პოლიტიკური „ივენთი“ მესამე გზაა.

ანუ ჩვენი ამოცანა ახალი შესაძლებლობების შექმნაა. იდენტობების კრიზისისას ახალი შესაძლებლობები შემთხვევით შეხვედრებშია. ამ შეხვედრებს ხელს უშლის იდენტობები. შემთხვევითი შეხვედრები ესაა ავთენტური ბრძოლის წინაპირობა, რომელიც რისკიანია, მაგრამ მისი რისკებისგან დაცლა იწვევს შემთხვევით შეხვედრის გაქრობას, იგი არაკალკულირებადია. რისკი შემთხვევით შეხვედრების გარეშე იგივეა, რაც სიკვდილი ომის გარეშე. ეს შემთხვევითი შეხვედრები ქმნის საერთო კაცობრიობის სამომავლო სურათს, თუ როგორ ვიცხოვრებთ კაპიტალიზმის მიღმა.  ეს შემთხვევითი შეხვედრებია, დროებით ავტონომიური ზონები, მიკრო კომუნიზმის ვერსიები, სადაც დღევანდელი კანონები არ მოქმედებს. ეს საშიშია სტატუს კვოსთვის.

პოსტ იდენტობა კი არის კომპლექსური უფლებების დაცვა. მე ვარ მუშა, გეი, ლესბი, ტრანსი, ფემინისტი, მწვანეების წარმომადგენელი და ა.შ. ისე რომ ექსკლუზიურად არც ერთი არ ვარ. მე გაერთიანებისთვის ხელს მიშლის იდენტობები. მას შემდეგ რაც სასაქონლე ეკონომიკა არის ძირითადი მასტიმულირებელი საზოგადოებისა, თითოეული ადამიანი ბაზარზე წარდგენილია როგორც მომხმარებელი სუბიექტი. ამ გარემოებაში ხალხი უბრუნდება მყარ იდენტობებს, რადგანაც ასეთ აბსტრაქტულ სამყაროში უბრალოდ ვერ გადარჩები, მარტო ყოფნა კოშმარად იქცევა. ამ შემთხვევებში სიმყარის შეგრძნებას ტოვებენ ოჯახი, პროვინცია, ნაციონალობა, ენა, რელიგია, გენდერი, სქესი და ა.შ. ის ისტორიული მოცემულობები რომლებიც გამოცდილია საზოგადოების მხრიდან, ისინი რაც უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენ არ გვრჩება დრო შევქმნათ არარსებული, გარდავქმნათ საგნები, ჩვენ ძველის რესტავრაციით  ვირჩენთ თავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^