Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლოგიკური პლეიოფი

06 ივლისი 2014

            გერმანიასა და საფრანგეთს შორის ყოველთვის დგას სიცხე. ადრე ეს რუმენიგეს სიცხე იყო. ახლა კი უბრალოდ ძალიან ცხელოდა. ისე, რომ ორივე გუნდმა ილასლასა. გაიმარჯვა იმან, ვინც უფრო ძლიერი იყო და ვისაც უფრო გაუმართლა.

            საფრანგეთზე ბევრი არაფრის თქმა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს. ჯგუფის თამაშებში ფრანგების წარმატებებს თავისი მიზეზები ქონდა. ჰონდურასთან ეს პირველი ტაიმის ბოლოს პალასიოსის გაგდება იყო, შვეიცარიასთან - ორ წუთში ორი გოლი, რის შემდეგაც შვეიცარია იძულებული იყო გაეხსნა თამაში, რამაც შვეიცარიელებზე სწრაფ ფრანგებს კიდევ უფრო მეტი სივრცე და საშუალება მისცა. ეკვადორთან თამაში კი ვერ გამოდგება ინდიკატორად - ის თამაში ფრანგებისთვის არაფერს წყვეტდა.

            რაც შეეხება ნიგერიასთან თამაშს, აქ უბრალოდ იმ კლასმა გადაწყვიტა ყველაფერი, რომელიც ნიგერიას არ აქვს და პრინციპში არც ფრანგებს გადმოსდით ყურებიდან.

            ერთი სიტყვით, მე, ფრანგების დიდი ხნის გულშემატკივარი, კმაყოფილი ვარ დეშამის გუნდით. ეს არის ახალი გუნდი, ახალი ფეხბურთელებით, ახალი მიზნებით, დიდი ამბიციებით. საფრანგეთის ყველა ქომაგს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ორ წელიწადში, ეს გუნდი დაღვინდება, ყველაფერი დაილექება და დარჩება მხოლოდ კლასი, ტექნიკა და ანომალიური ფიზიკური მონაცემები. პარალელურად ახლებიც გამოჩნდებიან, რაშიც ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. მთავარია რომ ესკალატი მოვიშორეთ თავისი დომენეკიანად, დანარჩენი თავისით დალაგდება.

            Allez les Bleus!

            რაც შეეხება გერმანიას, როგორც ყოველთვის, არც ახლა უჩვენებია რამე განსაკუთრებული, მაგრამ ისინი სულ ასე არიან - არასდროს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყოველთვის იგებენ. კარგი გუნდი ყავთ გერმანელებს. ალბათ, ყველაზე კარგი, დარჩენილი ოთხი გუნდიდან. მათი რეზერვიც ფანტასტიურია. სწორად ეს რეზერვია, რომელიც გერმანელებს ყველაზე მომგებიან პოზიციაში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ 1/8 ფინალში გერმანელებმა ფრანგებზე ნახევარი საათით მეტი ითამაშეს, მათ საერთოდ არ ეტყობოდათ დაღლა და არამგონია ისინი ბრაზილიასთან დაიღალონ.

            ბრაზილია, რაც პლეიოფები დაიწყო, ყველაზე უხეში გუნდია და პრინციპში, თუ შემადგენლობას გადავხედავთ, ეს არცაა გასაკვირი. ალბათ კიდევ უფრო უხეში იქნება გერმანიასთან - ტაქტიკური ჯარიმები, რომელიც კოლუმბიასთანაც და ჩილესთანაც უამრავი იყო, გერმანიასთან კიდევ უფრო ეფექტური იქნება, რადგან წარმოუდგენელია ბრაზილიის ნახევარმცველებმა გერმანელ ნახევარმცველებს ცენტრი მოუგონ. პატარ-პატარა ფეხში მირტყმები კი, სწრაფი გერმანელების შეტევების ტემპს აუცილებლად დააგდებს.

            კოლუმბიასთან თამაშში, რომელიც ჩემი აზრით ბრაზილიამ ძალიან სწორად ითამაშა, მოხდა კატასტროფა - მუნდიალს მოაკლდა ძალიან დიდი ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომლისთვისაც ახლა მთელი ბრაზილია ლოცულობს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილოცონ, ის მაინც ვეღარ ითამაშებს ვერც ნახევარფინალს და ვერც ფინალს, თუ ბრაზილია იქ მოხვდა.

            ერთი შეხედვით, ნეიმარის ეპიზოდი არ იყო ისეთი უხეში, დინამიკაში რამე შორისდებული რომ წამოგეძახა და სუნიგასთვის გეგინებინა. გაცილებით მძიმე სანახავი იყო როგორ ჩაარტყა თოხი მატუიდიმ ონაზის, რომელსაც ორმაგი მოტეხილობა აღმოაჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ სუნიგას მუხლმა გაცილებით მძიმე შედეგი მოიტანა. გულზე ხელის დადება საჭირო არ არის, ისედაც ნათელია, რომ მსოფლიო ფეხბურთი ონაზის რამდენიმეთვიან უთამაშებლობას ისე გადაიტანს, მისი დაბრუნებაც კი გამოეპარება და არც ლაციოს მრავალათასიანი რასისტი ფანები მოიკლავენ თავს, ონაზის ცოტახნით დაკარგვით. ნეიმარის შემთხვევაში კი, იმის გარდა, რომ სრულიად ბრაზილიამ დაკარგა იმედი, ფეხბურთის მოყვარულები რამდენიმე თვის განმავლობაში ერთით ნაკლები ძალიან კარგი ფეხბურთელის გარეშე დარჩნენ. ისე კი, არამგონია სუნიგას რამე განსაკუთრებული გაეკეთებინოს, უბრალოდ ეგაა, რომ მისი მუხლი ნეიმარს მოხვდა და არა პაულინიოს ან ლუის გუსტავოს.

            რაღაც პროგნოზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვანგაალის გაკეთებული ცვლილება გამახსენდა. ახლაც მეცინება. ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი და ეშმაკური ცვლილება. დიადიც. ცინიკურიც. მან ყველას დასცინა. არა, კი არ დასცინა, ჩაეცინა. მუნდიალის დარჩენილ ოცდათერთმეტივე გუნდზე და ოცდათერთმეტივე მწვრთნელზე ჩაეცინა და გააკეთა ცვლილება, რომელიც ათასი წლის მერეც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორიც გუშინ თბილისის დროით ღამის სამ საათზე იყო. ვანგაალი დიდი კაცია, დიდ ფილზე დიდი და ყველაზე დიდი ამ მუნდიალზე. და როგორი ბედნიერებაა, რომ სულ მალე პრემიერლიგაში მინიმუმ ორჯერ ვნახავთ ვანგაალის და ვენგერის კაფიობას.

            სხვა რა, ჯერჯერობით ყველაფერი ლოგიკურად მიდის და ნახევარფინალები ზუსტად ის ადგილია, სადაც, რაღაც უნდა აირიოს. და ჰალალად რომ ვთქვა, ამ არეულის შემდეგ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ევროპულ ფინალს. იქ კი, ალბათ გერმანელები ისევ არაფერ განსაკუთრებულს აჩვენებენ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მოიგებენ.

            P.S. არგენტინაზეც მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მათზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - უმართლებთ. უმართლებთ კალენდარში, გუნდებში და ყველაზე მეტად იმაში რომ მესი ოდესღაც როსარიოში დაიბადა და არა სადმე კანკუნში.

            დროებით.

                       

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^