Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ გერმანია-ბრაზილიის თამაში არ იყო მუნდიალის კულმინაცია, მაგრამ მეეჭვება ამაზე დიდი რამე მოხდეს დარჩენილ სამ თამაშში. თანაც ის ერთი თამაში, მესამე ადგილი რომ უნდა გამოავლინოს, თამაში არც არის. ეგ აი იმ კატეგორიიდან არის, მერე რომ არავის ახსოვს. არასდროს.

ასე რომ, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი აზრით კულმინაციამ ჩაიარა. ახლა, უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ - როგორ აწევენ თასს?

გუშინდელ თამაშზე რა უნდა ვთქვა წარმოდგენა არ მაქვს. ანალიზზე საუბარი სასაცილოა იმიტომ რომ იქ არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ გერმანიამ ბრაზილია აიღო და გადადო, გვერდზე.

ხო, ბრაზილიას ნეიმარი არ ყავდა და ყავდა ფრედი. ნეიმარზე კიდევ უფრო დიდი უბედურება თურმე ტიაგო სილვას არყოფნა ყოფილა და ხო, ტიაგო სილვაც არ იყო და იყო დანტე. ხო, ეს ის დღე იყო როცა ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა, მეორეს - არაფერი. და მაინც, ეს იყო ჩემპიონის თამაში.

წარმოიდგინეთ, მუნდიალი ტარდება ბრაზილიაში. ნახევარფინალში გერმანია ხვდება ბრაზილიას, მასპინძელს, თავისივე მადლიან მიწაზე, თუნდაც ნეიმარის და სილვას გარეშე. გერმანია გადის და იგებს თამაშს. იგებს დიდი ანგარიშით. ძალიან დიდი ანგარიშით. საშინლად დიდი ანგარიშით.

ხო, გერმანია ისედაც მთავარი თუ არა, ერთერთი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა ბრაზილიაში. ხო, მათ საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. ხო, ისინი რეკორდს-რეკორდზე ამყარებენ, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის საკმარისი. გუნდს ყოველთვის ჭირდება იმპულსი, რომელიც ტროფეიმდე მიიყვანს. ყველას გვახსოვს, მსგავსი იმპულსების უქონლობის გამო ჯგუფში ჩარჩენილი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი, იგივე პრობლემის წინაშე მდგომი იტალია, სამხრეთ აფრიკაში. წელს ეს ესპანეთი იყო. გერმანიამ კი ეს იმპულსი ზუსტად იქ მიიღო, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ამ შვიდი გოლის შემდეგ, რა შეიძლება მოხდეს, რომ გერმანელებს ენერგია არ ეყოთ მუნდიალის თავის სასარგებლოდ დასასრულებლად? ალბათ ლიოვი იოზილის გოგოს თუ გაჟიმავს, შვაინშტაიგერი ხედირას ფეხს მოტეხავს, ნოიერი ვენებს გადაიჭრის და კლოზე და პოდოლსკი 1939 წლის პოლონეთის ოკუპაციას გაახსენებენ სრულიად გერმანიას.

ეს არ მოხდება. გერმანია უბრალოდ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.

სხვა მხრივ, გერმანელებს კიდევ ის უპირატესობა აქვთ, რომ ერთი დღით მეტს დაისვენებენ. გარდა ამისა, არავინ იცის რა მოხდება მეორე ნახევარფინალში, საკმარისი იქნება თუ არა საათნახევარი. იქ შეიძლება პენლებიც დაინიშნოს რაც დამატებითი სტრესია. ნერვიულობა ისედაც ქანცგამძვრალ ორგანიზმს კიდევ უფრო ფიტავს და აქ გერმანელების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათ საუკეთესო ფიზმომზადების და თერაპევტთა ჯგუფი ჰყავთ.

ერთი სიტყვით, ჟღვლინტიჭამია ლიოვს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ გერმანელებმა მეოთხე ვარსკვლავი მიიხატონ ბუნდესნაკრების გერბის თავზე.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რომ გერმანელებთან ფინალში მესი ან ვანგაალი ითამაშებს, რომ ლიოვს გუნდში მესის მსგავსი არავინ ყავს. მე კი ვიტყვი, რომ არათუ ლიოვის გუნდში, მზის სისტემაშიც არავინ არის მესის მსგავსი. იმასაც იტყვიან, რომ ვანგაალი ლიოვზე დიდი მწვრთნელია. მე კი ვიტყვი რომ გაცილებით დიდი, გაცილებით დიდი მწვრთნელია, ვანგაალი უკვე დიდი ხანია უკვდავთა კლუბის პრეზიდენტია, მაგრამ მაინც, ჩემთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და აქ, ლინეკერის უკვე ყველა ნახვრეტში ნახმარი უკვდავი ფრაზა, რომ ფეხბურთი მარტივი თამაშია, მას 22 კაცი თამაშობს, მაგრამ ყოველთვის გერმანელები იგებენ, არაფერ შუაშია. საერთოდ ლინეკერიც არაფერ შუაშია იმიტომ, რომ გერმანელები ლინეკერის სიტყვების გარეშეც იგებენ. და ფინალშიც მოიგებენ. რის შემდეგაც კიდევ ერთი მორიგი უიღბლო ინგლისელი, რაღაც ისეთ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, რაც ისედაც ყველამ იცის.

ისე, სხვათაშორის, მუნდიალის დაწყებამდე სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ქომაგებს ძალიან უნდოდათ ფინალში არგენტინა-ბრაზილია ენახათ. ხოდა, ფინალი არ გამოვიდა და გისურვებთ მესამე ადგილისთვის მაინც გებრძოლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ.      

სასიამოვნო მეორე ნახევარფინალს გისურვებთ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^