Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაის პოსტ-იდენტობა?

15 ივლისი 2014

იდენტობა ადამიანის თანდაყოლილი, თავისთავადი და განუყრელად არსებითი მახასიათებელი არ არის. ნებისმიერი იდენტობა სოციალური ურთიერთობების შედეგია. ანუ ადამიანი ან გეი, ან შავკანიანი, ან ქალი თავისთავად კი არ არის, არამედ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების შედეგად ხდება თითოეული მათგანი ამ მნიშვნელობის მატარებელი. სწორედ საზოგადოებაში ეძლევა აზრი იდენტობა "შავკანიანს", რადგან არსებობს სხვა იდენტობები (თეთრკანიანი, აზიელი, ა.შ.). იდენტობის შენების ნათელი მაგალითები კოლონიალიზმის ისტორიაში გვხვდება: არაერთი ანთროპოლოგის კვლევით ვიცით, რომ თეთრკანიანი დამპყრობლების კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩასვლამდე, იქ დასახლებულ ადამიანებს საკუთარი რასის განცდა არ ჰქონდათ. ისინი საკუთარი თავის რაიმე რასათან იდენტიფიკაციას, იმ მარტივი მიზეზის გამო არ ახდენდნენ, რომ სხვა რასა მათ რეალობაში (ალბათ მათ წარმოსახვაშიც კი) არც არსებობდა. ჰეტეროსექსუალობა ვერ იარსებებს ჰომოსექსუალობის გარეშე. მას არსებობისთვის განსხვავებული, საკუთარი თავის ალტერნატივა სჭირდება. ისიც ხომ ყველამ ვიცით, რომ ცნება “მაღალი” არ არსებობს ცნება “დაბლის” გარეშე; ძლიერი - სუსტის გარეშე; და ა.შ.

შესაბამისად, იდენტობა ადამიანის თანდაყოლილი და თავისთავადი მოვლენა ვერ იქნება, იგი ურთიერთობების შედეგია. როდესაც რაიმე განმანსხვავებელი ნიშანი არსებობს (მაგალითად სექსუალური ქცევა, ან კანის ფერი) ზოგჯერ საზოგადოება ადამიანებს ამ ნიშნით აერთიანებს. მსოფლიოში ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან ინდვიდუალურ დონეზე. თუმცა, სხვადასხვა კულტურები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში სხვადასხვა განმასხვავებელ ნიშანს აქცევდნენ ყურადღებას. ვთქვათ, თუ ადამიანები არ იყოფიან "მწვანეთვალებიანებად" და "ყავისფერთვალებიანებად' და ა.შ, ან სიმაღლით "178 სანტიმენტრიანებად" და "180 სანტიმეტრიანებად", ან "პიცის მოყვარულებად" და "სალათ ცეზარის" მოყვარულებად, ეს ბუნებრივი კანონზომიერების შედეგი კი არა, კონკრეტული ისტორიულ-კულტურული პროცესების შედეგებია.

რატომაა მნიშვნელოვანი ამის გააზრება? იმიტომ, რომ როგორც წესი, დაჩაგრული იდენტობის მქონე ჯგუფები თავიანთ იდენტობას კი არ იგონებენ და ირჩევენ, არამედ საზოგადოება ქმნის რაღაცა ჯგუფს კონკრეტული ნიშნის მიხედვით და მათ თვისებას იდენტობის მნიშვნელობას ანიჭებს. ანუ, ადამიანების კონკრეტულმა ჯგუფმა ერთ მშვენიერ დღეს კი არ გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავებს ჰომოსექსუალებს უწოდებდნენ, არამედ საზოგადოებამ დაიწყო კონკრეტულ მახასიათებელთან (მოვლენასთან) ბრძოლა და (სამედიცინო, კულტურული, რელიგიური ინსტიტუტების გამოყენებით) გამოიგონა ცნება "ჰომოსექსუალობა". როდესაც იდენტობის პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს იდენტობის პოლიტიკა იმ უკვე არსებული მოცემულობის შედეგია, რომლის მიხედვითაც ადამიანებს გარკვეული იარლიყები აქვთ მიკრული. ისინი უკვე არიან დახარისხებულები. ხოლო იდენტობის პოლიტიკა ამ ადამიანების მიერ მათთვის მიჩენილი იარლიყების წინააღმდეგ ბრძოლაა. თუ ამას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ იდენტობის პოლიტიკის სხვა ტიპის პოლიტიკით შეცვლა  არც ისე მარტივად შესაძლებელია, რადგანაც ამ პოლიტიკის გამტარებელი ადამიანები უკვე არსებულ მოცემულობაში (დისკურსში) ფუნქციონირებენ და მათ შეუზღუდავი მანევრირების საშუალება არ გააჩნიათ.

როდესაც ჯუდით ბათლერი (ან ნებისმიერი სხვა ქვიარ ავტორი) იდენტობის პოლიტიკას აკრიტიკებს, იგი მთლიანად იდენტობის პოლიტიკას კი არ უარყოფს, არამედ ამბობს, რომ 1. იდენტობის პოლიტიკა დისკრიმინაციაზე ერთადერთი პასუხი არ უნდა იყოს; 2. იდენტობები "ღია" უნდა იყვნენ. "ღიაობაში" კი იდენტობების განსაზღვრებების ბუნდოვანება იგულისხმება: იდენტობის (მაგალითად ლესბოსელის) მნიშვნელობას თუ მკაცრად და მკაფიოდ განვსაზღვრავთ, ეს საზღვრების დადგენა ხელახალ ექსკლუზიას და დისკრიმინაციას გამოწვევს, რადგან შეუძლებელია ერთმა განმარტებამ გამოცდილებების, სურვილების, ქცევისა თუ იდენტობების ყველა განსხვავებული შესაძლო ვარიანტი მოიცვას. მნიშვნელოვანია, ფრთხილად და ზუსტად წავიკითხოთ ქვიარ თეორია (სხვათა შორის მას არასწორად ხშირად კითხულობენ). არ გამოვიტანოთ ზედმეტად გამარტივებული და სწორხაზოვანი დასკვნები, მაგალითად ის, რომ იგი იდენტობის პოლიტიკას ცალსახად უარყოფს და უპირისპირდება.

ამ ტექსტით იმის თქმა მინდა, რომ ლგბტქ აქტივიზმს "ყველაფერზე თანაბარი რეაქციის ქონის" ფუფუნება არ აქვს. თუმცა ეს, სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ის ჩაგვრის ყველა ფორმის მიმართ კრიტიკული არ არის. ავხსნი რატომაც: ქვიარ თეორიის ამოსავალი წერტილია დაშვება, რომ ჩაგვრის მრავალნაირი ფორმა არსებობს, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები, თუმცა გარემოზე დამოკიდებულნიც არიან და ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებენ. მაგალითად, ჰომოფობია სექსიზმის გარეშე არ არსებობს: ჰომოფობია სქესის და გენდერის მკაცრი განსაზღვრებების (რომელ სქესს რა მოეთხოვება) შედეგია, მაშინ, როცა ამ განსაზღვრების მოთხოვნებს ყველა ინდივიდი არ/ვერ ემორჩილება. სქესის ჩვენთვის ცნობილი და მოქმედი განსაზღვრებები კი სექსისტურია. ასევე, რასას მხოლოდ ზოგ რეგიონში აქვს (ლოკალურ დონეზე) მნიშვნელობა: სადღაც შავი კანის ფერის გამო თუ დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაიჩაგრები, სხვაგან კანის ფერს შეიძლება საერთოდ არ მიექცეს ყურადღება (ვთქვათ იმიტომ, რომ მოსახლეობის უმეტესობა შავკანიანია და ყოველდღიური ურთერთობების დონეზე რასიზმს არ შევხვდებით). ანუ, იმისდა მიხედვით თუ სად იმყოფება ადამიანი, მისი იდენტობების ნაწილი სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ამ მნიშვნელობის ხარისხები იცვლება, და ზოგიერთი იდენტობა საერთოდ კარგავს მნიშვნელობას.

იმდენად, რამდენადაც ქვიარ ადამიანები ყველგან არიან და ყველა სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ, ქვიარ თეორია მხოლოდ სექსუალობის თემით ვერ შემოიფარგლება. ქვიარ თეორიის მიზანი ლგბტქ პირებზე ლგბტ პირებისათვის თეორიის ქონა კი არ არის, არამედ მთელი აკადემიური და სოციალური ცხოვრების კვლევა და ანალიზი; წარმოჩენა, რომ ყველა ეს სფერო ჰეტერონორმატიული დაშვებებით ფუნქციონირებს, ცხოვრების ყველა სფეროს შეცვლა.  თუ გავიაზრებთ, რომ ქვიარ ადამიანები მოხუცებიც არიან, მივხდებით რატომაა მოხუცთა სოციალური დაცვა ქვიარ თეორიისათვის ინტერესის საგანი. ქვიარები ბავშვებიც არიან, ასე რომ ბავშვები, სკოლა, აღზრდის მეთოდები - ქვიარ საკითხებია. ქვიარები შავკანიანებიც არიან, ასე რომ რასიზმი ქვიარ თემაა. ქვიარები არიან ეკონომიკურად არაპრივილიგირებული ადამიანები, ასე რომ ეკონომიკური სისტემა ქვიარ საკითხია. თუმცა ქვიარ თეორიას, და ლგბტქ აქტივიზმს, იმის გამო, რომ უამრავი აქვს საკვლევი და გასაკეთებელი ჰოტერონორმატიულობის და ჰომოფობიის წინააღმდეგ, სექსუალობას როგორც მის მთავარ ანალიტიკურ ინსტრუმენტს, ვერ დათმობს და ვერ იტყვის რომ "ყველაფერზე ერთნაირად ზრუნავს". ეს გამოიწვევს მის პარალიზებას. ფემინიზმმა თავის მთავარ ანალიტიკურ ინსტრუმენტად (ლინზად) გენდერი აიღო, მემარცხენეებმა - ეკონომიკა, მწვანეებმა - გარემო, ა.შ.  ქვიარ აქტივიზმი სექსულობას, როგორც თავის მთავარ ანალიტიკურ ინსტრუმენტს, ვერ დათმობს,  იმიტომ, რომ სხვა არცერთი პოლიტიკური თეორია/მოძრაობა სექსუალობას იმ დოზით არ გადაიაზრებს და გაითვალისწინებს საკუთარი პოლიტიკური აქტივობისას, როგორც ეს ქვიარ თეორიას/აქტივიზმს შეუძლია. პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც წესი, სხვა პოლიტიკურად პროგრესული ჯგუფების უმეტესობის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებები ასევე ფარულად ჰეტერონორმატიულია (გავიხსენოთ მემარცხენეების არაერთი მტრული დამოკიდებულება და ჩადენილი მავნებლობა ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ - ნახ. Gert Hekma, Harry Oosterhuis, James Steakley, Gay Men and the Sexual History of the Political Left, 1995). მეორეც, თეორიის ეფექტურობისთვის ერთგვარი სისუსტეა საჭირო. სუსტში, კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებულობა და მისი გადაჭრის მეთოდების ძებნა იგულისხმება,  რაც მას მოქნილობას და მეტ ეფექტურობას სძენს. ნებისმიერი თეორია, რომელსაც ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში ყველა პრობლემის გადაჭრის პრეტენზია აქვს, ყველაზე ნაკლებად ეფექტურია.   

ზოგადი თეორიიდან ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ისედაც ნათელია, რომ ეკონომიკურ პრობლემეზე გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს, ვიდრე ჰომოფობიაზე (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც). ეკონომიკური პრობლემები განიხილება მაინც, როგორც პრობლემები და აი ჰომოფობია კი, როგორც პრობლემა ჯერჯერობით დღის წესრიგშიც კი არ დგას (საზოგადოების უდიდეს ნაწილში). ჩვენთან პრობლემად ჯერ კიდევ ჰომოსექსუალობა ითვლება. ასევე, ქართველი მემარცხენე ახალგაზრდობის უმეტესობა უფრო ადვილად გადის ქუჩებში, ვთქვათ, 1 მაისის ან 2 ივნისის აქციებზე, ვიდრე 17 მაისს ან ნებისმიერ სხვა დღეს, როდესაც ჰომოფობიასთან დაკავშირებით  რაიმე აქცია იმართება (რაშიც მაინცდამაინც ცუდი არაფერია). ძირითადად ახალგაზრდა, საშუალო ფენიდან გამოსული ბიჭებისგან შემდგარი მემარცხენე ჯგუფები ლგბტ მოძრაობის „იდენტობის პოლიტიკის პრობლემურობას“ უფრო მეტი ვნებით აკრიტიკებენ, ვიდრე თვით მემარცხენე აქტივიზმის ჰეტერონორმატიულობას. თანაც ლგბტ ჯგუფის მიერ განცდილი ჩაგვრა განსხვავებულია: თუ ქალებს, მუშებს, შავკანიანებს, შშმ პირებს, ა.შ. რაღაცა ადგილი მაინც აქვთ მიჩენილი, მაგალითად ქალებს "კუხნა" (ზოგადად არასაჯარო სივრცე), მუშებს დაბალი სოციალური პოზიცია და შესაბამისი გარემო, შავკანიანებს აფრიკა ("წავიდნენ თავიანთ აფრიკაში, საიდანაც ჩამოვიდნენ"), და ა.შ., ლგბტ ადამიანებისადმი დამოკიდებულება სულ სხვანაირია: მათი ადგილი არსად არაა. ისინი არსაიდან მოვიდნენ და არსად არ უნდა წავიდნენ. ისინი საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, ან უკეთეს შემთხვევაში "გემით უნდა ჩავძიროთ". სხვა სოციალურ ჯგუფებს თუ არსებობა ეზღუდებათ, ლგბტქ პირებს საერთოდ ეკრძალებათ არსებობა. 

ასეთ მტრულ გარემოში, სადაც ქართულ ლგბტ აქტივიზმს, რომელიც რატომღაც იდენტობის პოლიტიკადაა შერაცხული (და რა თქმა უნდა იდენტობის პოლიტიკა ზოგადად შერაცხულია ნეგატიურ მოვლენად) აბრალებ, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციას ფარავს, ცოტა არ იყოს  უბრალოდ ინტელექტუალური პოზიორობა მგონია. ანუ, ავტორს თავისი ინტელექტუალურობის წარმოჩენა სურს და ამისათვის მთელი ქართული ლგბტქ აქტივიზმი, ერთი კონკრეტული აქტივისტის, ერთ კონკრეტულ ფრაზამდე მიზანმიმართულად დაჰყავს. ამით ის  თავისი არგუმენტისათვის რეალობის ხელოვნურად  გამოჭედვას ცდილობს.  მე კი ეჭვად მაქვს, ეს სულ ახლად წაკითხული „დასავლური ფილოსოფიური ტექსტების“  შინაარსის ცოდნის წარმოჩენის მცდელობა უფროა, ვიდრე კონტექსტუალური და ფრთხილი ანალიზის მცდელობა. დასავლეთში, სადაც ლგბტ მოძრაობა ბევრ შემთხვევაში მართლაც გახდა კომერციალიზებული და დიდი კორპორაციები ლგბტ პრაიდებს მხოლოდ მოგების გაზრდის მიზნით ასპონსორებენ, რაც ნაწილობრივ ლგბტ პრაიდს დეპოლიტიკურ პროცესად აქცევს, ასეთი კრიტიკა ლეგიტიმურია; მაგრამ საქართველოში, სადაც მოძრაობა ახლა იკიდებს ფეხს და მსგავსი ჯერ არაფერი ხდება, მხოლოდ რომელიღაც თეორიის ცოდნის „გასამარიაჟებლად“ ლგბტ მოძრაობის უსაფუძვლო კრიტიკა, მავნებლობად მიმაჩნია. 

არანაირი პოსტ-იდენტობა არაა საჭირო. საერთოდ ეს ტერმინი იმ ცოტა-არ-იყოს მავნებლურ მიზანს ემსახურება, რომ იდენტობის პოლიტიკა წარმოაჩინოს როგორც მოძველებული, თითქოსდა იდენტობის პოლიტიკამ ყველა მის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია, და  იგი ახალი პოლიტიკით ჩაანაცვლოს. და რა არის ეს ახალი პოლიტიკა? დიდი ალბათობით ისევ დომინანტურ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც იმდენადაა დაკავებული საკუთარი თავის ისე მოწყობით, რომ ყველა ჩაგვრაზე ერთნაირად ირეაგიროს, რომ საბოლოოდ პარალიზებულია. ლგბტქ აქტივიზმს და თეორიას გარედან (მემარცხენეებისგან)კრიტიკა არ სჭირდება. მას თვითონ აქვს პოტენციალი საკუთარ თავში იპოვოს კრიტიკული იდეები (მათ შორის მემარცხენე იდეები) და მუდმივად განახლების და თვით-კრიტიკის პროცესში იყოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^