Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამშვიდობება დონ-კიხოტთან

15 ივლისი 2014

ვალერია ნოვოდვორსკაია ერთადერთხელ ვნახე - 2010 წელს ოკუპაციის მუზეუმში, ბედნიერი, გაბრწყინებული, გახარებული. სიტყვითაც გამოვიდა, აქებდა და ადიდებდა საქართველოს და მიშას, იხსენებდა ზვიადს, აძაგებდა და მიწაში დებდა რუსეთსა და პუტინს. ვფიქრობდი, ინტერვიუს ჩავწერ მეთქი, მაგრამ მერე  გადავიფიქრე.  გავბრაზდი - როგორ შეეძლო მას, საბჭოთა ბანაკებგამოვლილს და ნაწამებს თვალი დაეხუჭა იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ, როგორ შეეძლო არ ყოფილიყო სოლიდარული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის გამო არბევდნენ და აპატიმრებდნენ. რატომ იბრმავებდა თვალს?  არ ვიცოდი ამ კითხვაზე პასუხი და მინდოდა მეკითხა, ფაქტები და ანგარიშების ამონარიდები დამედო, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო, ისეთ ამაღლებულ განწყობაზე იდგა და ისეთ სიხარულს ასხივებდა, ვიფიქრე, სრულიად ზედმეტი ვიქნები აქ ჩემი პოლიტპატიმრებითა თუ კრიტიკული შეკითხვებით, ვერც ვერაფერს მიპასუხებს ღირებულს-მეთქი და შეხვედრის დამთავრებამდე წამოვედი, დავტოვე - ისეთივე გაბრწყინებული და გახარებული.

ახლა, ცხადია, ვნანობ, ინტერვიუ რომ არ ჩავწერე. მაშინ ისიც მეგონა, ახალს და საინტერესოს ვერაფერს გავიგებდი მისგან.  იუთუბის არხი მქონდა გამოწერილი და სულ ვნახულობდი ხოლმე ვიდეოებს. მერე ერთ-ერთ ვიდეოში საქართველოში სტუმრობაზეც ილაპარაკა. როცა ამ ჩანაწერს ვუსმენდი, ვფიქრობდი იმაზე, რომ ადამიანი, რაც არ უნდა უშიშარი და მამაცი იყოს (და ვალერია ნოვოდვორსკაია სწორედ ასეთი იყო, ზოგადად, საბჭოთა დისიდენტების უმეტესობა ასეთები იყვნენ) მაინც სუსტია, აღიარება, დაფასება და სიყვარული  სჭირდება. ნოვოდვორსკაიას კი ალბათ არსად ხვდებოდნენ ისეთი სიყვარულით, როგორც აქ, თბილისში. ვუსმენდი და მიხაროდა, რომ მსოფლიოში არსებობდა ადგილი, სადაც ის, საბჭოთა „ფსიხუშკებში" და გულაგებში ნაწამები, დღევანდელ რუსეთში კი გიჟად შერაცხული და უარყოფილი,  ბედნიერი და აღიარებული იყო.

როგორც ჩანს, დაკრძალვის წინა დღეები ადამიანს სულ სხვანაირად წარმოაჩენს - განცდები მძაფრდება და რაღაც ისეთი გამოდის დღის სინათლეზე, რაც მანამდე თითქოს უხილავია; იკვეთება ის, რაც მთავარია, ხოლო წვრილმანები, რაც ადამიანის სიცოცხლეში შეიძლება გვაღიზიანებდეს კიდეც, სულაც აღარაა მნიშვნელოვანი.

ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ორი პრეზიდენტის შეფასებაში ვალერია ნოვოდვორსკაია ცდებოდა. მაგრამ მერე რა? ეს სულაც არაა მთავარი.

ნოვოდვორსკაია, იმ ადამიანებს შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე მეტად ჰგავდა დონ კიხოტს - ქარის წისქვილებთან მებრძოლს, მუდამ დამარცხებულს, გაუხარელს, მაგრამ გაუტეხელს და მარადცოცხალს.

იდეალისტი და უკომპრომისო, ყოველთვის ახერხებდა დინების საწინააღმდეგოდ ევლო, ახერხებდა ეცხოვრა ისე, თითქოს არც კონიუნქტურა არსებობდა მის ირგვლივ და არც - კომპრომისის შესაძლებლობა, ახერხებდა  ყოფილიყო საკუთარი თავისა და იდეალების ერთგული.

ვალერია ნოვოდვორსკაია იოსიფ ბროდსკის შესახებ წერდა, რომ პოეტი გაასამართლეს და გაასახლეს არა აწმყოსთვის, არამედ - მომავლის გამო. მე კი მგონია, რომ თვითონაც არა აწმყოსთვის, არამედ - მომავალში და მომავლისთვის იცხოვრა და ბოროტების არმიღების და უკომპრომისობის სრულიად უნიკალური მაგალითი დაგვიტოვა.

 

ფოტო: snob.ru

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^