Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნუ დასვამთ უშინაარსო კითხვებს

15 ივლისი 2014

            ფეხბურთისთვის ბრაზილიაზე მადლიანი მიწა არ არსებობს. ბრაზილიაში ყველაზე კარგი ფეხბურთი მოდის. ამაში, ჩემთან ერთად ალბათ ყველა დარწმუნდა. ხო, ბრაზილიის ქომაგები კიდევ სხვა რამეებშიც დარწმუნდნენ, მაგრამ ზოგადად, ასეთი კარგი მუნდიალი, პირადად მე არ მახსოვს. მიუხედავად ამისა, მუნდიალის დასრულების შემდეგ ერთადერთი საკითხი, რომელიც ფეხბურთის ქომაგებს აწუხებთ, ისევ მესის ეხება. ამაში, ფიფამაც შეუწყო მათ ხელი - ფინალის დასრულების შემდეგ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად რატომღაც დაასახელეს არგენტინელი.

            ჩემი აზრი ასეთია: მესი ნამდვილად არ იყო საუკეთესო.

            სხვა ვინ? ამაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ის, რომ მესი არ იყო საუკეთესო, ჭეშმარიტებაა. ეს თავადაც კარგად იცოდა. თუნდაც მისივე თანაგუნდელი მასკერანო, უკეთესი იყო. უკეთესები იყვნენ გერმანელებიც. ჰოლანდიელიც. ერთი სიტყვით, ფიფამ გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება. რას ემსახურებოდა ეს, მარკეტინგული გათვლა იყო, თანაგრძნობის ჟესტი, თუ უბრალოდ ფიფას ჟიურისაც ჭირდება რამე hawk eye-ს მსგავსი სისტემა იმისთვის, რომ დაინახოს რა და როგორ, კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ძალიან კარგი ერთი თვის ფინიშზე, მათ მაინც შეძლეს და მოჯვეს. თან ისე, რომ თითქმის მთელი მუნდიალი გადაფარა ამ ერთმა გადაწყვეტილებამ. ცუდია. ცუდია ფიფა.

            არადა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო: ბევრი გოლი, მოულოდნელი და მოსალოდნელი პროგნოზები, აფრიკელებისთვის კეისით ჩატანილი ხელფასები, შვიდი, გაფრენილი ვან პერსი, ვანგაალის ექსპერიმენტების ლაბორატორია, სასიამოვნო კოლუმბია და უიღბლო პეკერმანი, ყველაზე ბედნიერი კოსტა-რიკელები, გადარჩენილი ნეიმარი, წვივდამტვრეული ონასი, მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში მყოფი ინგლისი...

            ერთი სიტყვით, ეს მუნდიალი ბევრი მოვლენის გამო გვემახსოვრება. მათ შორის, ნაწილი ზევით ჩამოვთვალე. კიდევ იმიტომ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თუ სხვა არავინ ჩაერია, ისევ იქნება დიდი დავა - პელე, მარადონა, ზიდანი თუ მესი? ვისთვისაც კისერზე ჩამოკიდებული მედალი ყველაზე დიდი მიღწევაა, ის ყოველთვის იტყვის, რომ არა, ვიდრე არ იქნება მსოფლიო ოქრო, მესი ვერ შეედრება ვერცერთს. მე და ჩემნაირები ყოველთვის ვიტყვით, რომ ჭირსაც წაუღია მედლებიც და თასებიც, ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა ფეხბურთი და ისინი, ვინც ამ ფეხბურთს თამაშობენ და არასოდეს შევადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა დიდ მოთამაშეებს, მაგრამ ყოველთვის გვეყოლბა ერთი, რომელიც ყველაზე მეტად გვეყვარება, მაგალითად ისე, როგორც მე - ზიდანი. მერე კანტონა. მერე პაპენი. მერე ჟინოლა და ა.შ.

            ფეხბურთს უხდება და უყვარს კამათი, მაგრამ არასოდეს უხდება სიბინძურე და ხელოვნური ჩარევები. ფეხბურთს არ უხდება ალექს სონგი, "ასო-ე-კუტუ" და ბენჯამინ მუკანჯო. ფეხბურთს უხდება ცხვირპირგაერთიანებული შვაინშტაიგერი, რომელიც ყველა თამაშის დასრულების შემდეგ მეტოქეების დამშვიდებას უფრო დიდ დროს უთმობდა, ვიდრე თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნას. ფეხბურთს უხდება თუნდაც მოსიარულე მესი, რომელიც ვერასდროს იქნება მარადონა უბრალოდ იმიტომ, რომ მარადონა წაგებული ფინალის შემდეგ იტირებდა მაინც. მაგრამ მესი არ ტირის და არ ტირის იმიტომ, რომ მას სხვანაირად უყვარს არგენტინაც და სხვანაირადაც ესმის არგენტინა. არ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება იყვნენ ერთნაირად დიდი ფეხბურთელები. ამიტომაც, ნურასოდეს დასვამთ კითხვას, რომელი უფრო დიდია, მესი, ზიდანი, მარადონა თუ პელე? მით უფრო მაშინ, როცა იყვნენ კრუიფი, პლატინი, დისტეფანო, გარინჩა, ბესტი, ბაჯო, დელპიერო, რონალდო, რონალდინიო, ყიფიანი, ქინქლაძე... ნუ დასვამთ ამ შინაარსის ცუდ კითხვას, უბრალოდ თქვით, თქვენ რომელი გიყვართ ყველაზე მეტად. მაგალითად, მე - ზიდანი! თქვენ?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^