Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქი ამბობს:"Do what Thou Wilt" & "Find The Others"

18 ივლისი 2014

რებეკას, ჯინჯურიკს, ლომ-გველს, გურის, ქეუს.

 “Мой город тонет в печали.

Я погиб час назад.

Его стены рыдали,

Смотря на алый закат.

Его узкое небо

Стало ближе к земле

И крупинками снега

Прикоснулось ко мне.”

Dolphin

აი ესე გამეღვიძა ცოტა დაბინდული გონებით და ცუდი სიზმრებით, სიუჟეტები რო გავიწყდება,მაგრამ სისხლში რო გადაგდის და გონებას გიწამლავს, ცოტა ცუდ გემოს გიტოვებს პირში  და გაღვიძებამდე ფიქრობ მიწერო თუ არა სიზმრის პერსონაჟების რეალურ ვერსიებს: ”გუშინ დამესიზმრე”.

რენდომ კადრები ცხოვრებიდან, რომელიც შენია, მაგრამ რატომღაც სხვისი გგონია -- ეგრევე იფანტება ამხელა მზე რო გაწვება გარეთ გამოსულს, ჯერ კიდევ მძინარეს, მაგრამ თვალებს გახუჭინებს. თვალდახუჭული მაღაზიამდე. ერთ ჯიბეში დანა, მეორეში სიგარეტი, სიბნელის მაგივრად დახუჭულ თვალებში რაღაც ნაპერწკლებია ფეიერვერკივით. ჰაერი არ არის და თავი აკვარიუმში გგონია. ცისფერი ცა. ერთი დიაზეპამი, ერთი ენერგეტიკი -- ბლოკავს ცუდი სიზმრების ტოქსინებს. კადრები ქრება, მეგობრები ამბობენ - დზნ ნუ შეეეჩვევი: არ აგიდგება, მაღაზიის გამყიდველმა თქვა რომ არ არის კარგად, ჩვენ ვუთხარით: ყველაფერი კარგად იქნება. მანქანის სიგნალები, ყვირილის ექო, ბავშვების ხმები. ეზოში ორი უპერსპექტივო პოლიციელი ზის ჩრდილში, კიბეებზე, ბეღურებივით, პატარა კატა გორაობს ჩრდილში პოლიციელის ფეხებთან. ეხლა გავხედე, კიდე სხედან. ერთი წამოდგა, ქუდი მოიხადა და ოფლი მოიწმინდა. ძაან მინდა ზღვის სუნი პატარა ფლაკონში.

ღამდება. თითქოს რაღაც სიახლის მოლოდინში, ვიყურები ფანჯრიდან ქალაქის სიღრმეში, როგორც რომელიმე ძველი დროის კაპიტანი, ხელნაკეთი ჭოგრიტით -- მიწის ნაგლეჯის ან პორტის ნახვის იმედით, გარშემორტყმული წყლის უდაბნოებით.

"ოპელი გააჩერე, ოპელი გადააყენე" -- მეგაფონის ხმით aurora borealis-ის ფერებიანი პატრულის მანქანებიდან, მერე რამდენიმე გრძეეეელი საათი უშინაარსო შიშინის: ქუჩებიდან, მარკეტებიდან და კაფეებიდან. მოგუდული გუგუნის ექო მობეზრებული კლუბებიდან და პოლიტიკოსების ხმები - ვიღაცის შეღებული ფანჯრებიდან, შერეული ჩიტების ჭიკჭიკს.  სადღაც შიგადაშიგ,უფრო დილისკენ, განწირული დედის გინების და კივილის ექოებით.. და ხანდახან, სადღაც, ვიღაცა, გაურკვეველი მიზნებით ბანძ ჩინურ მაშხალებს უშვებს უვარსკვლავო ცაში: ბრუხ, ბრახ.. -- თუ გაინტერესებთ რას ამბობს ეს ქალაქი, აი ამას ამბობს ძირითადად და ხშირად. და თუ ქალაქი არ არის მხოლოდ შენობები და ქუჩები, არქიტექტურა და მდებარეობა, თუ ქალაქი ყველა ჩვენ ვართ -- ის საუბრობს  ერთი მილიონი ტუჩით. როგორც ძველი აღთქმის ღმერთი. არა, ალბათ ის უფრო ცდილობს რაღაცის თქმას [ყველა ქალაქი ცდილობს რაღაცის თქმას], მაგრამ უფრო შიშინებს,ვიდრე ლაპარაკობს -  ჩვენი მეშვეობით.  და ეს ჩვენი “ერთადერთი და განუმეორებელი” არსებობა ამ პლანეტაზე --  ამ შიშინით ტრანსლირდება კოსმოსში.

თუ წარმოვიდგენთ ჰიპოთეტიურ რადიოსადგურს, სადაც სხვა პლანეტებიდან წამოსული შიშინის გაშიფრვა ხდება - საინტერესო იქნებოდა თბილისის გაშიფრული სქემების ნახვაც,მისი საუნდის მოსმენა, რომელ სააათებში აღწევენ პიკს მორცხვი თუ მაგიური ორგაზმები, როდის ღალატობენ ცოლები ქმრებს და პირიქით, და რა შინაარსები დევს სმს-ებში, რომლებსაც ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს უგზავნიან.

ეს ალბათ ყოველთვის ასე ხდება? არ ვიცი, შეიძლება ასაკთან ერთად.. რაღაც მომენტებში - სამყარო თითქოს პატარავდება.  იმ სამყაროს, რომელიც ბავშვობაში უსასრულო, უზარმაზარი და ხანდახან სასიამოვნოდ სახიფათოც იყო, თითქოს ყოველი განვლილი მეტრის, ყოველ ახალ ნაცნობობის, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების შემდეგ -- კატასტროფულად აკლდება ტერიტორიები, ათასობით კილომეტრი.. და უცებ რაღაც მომენტში აცნობიერებ - რამდენად დაპატარავდა სამყარო, მერე დაპატარავდა ქვეყანა, მერე ქალაქი, სადაც ხარ. მახსოვს ბავშვობაში პირველად რო გადავწყვიტე სახლიდან წასვლა და პირველად დამოუკიდებლად გავიარე რამდენიმე კვარტალი -- ნელნელა როგორ მიპყრობდა ხან ცნობისმოყვარეობა, ხან შიში ამ უსასრულობის მიმართ, ქალაქი, რომელიც სინამდვილეში ძალიან პატარაა -- იყო ძალიან დიდი და ამ ქალაქის იქით კიდე იყო მიწები და ქალაქები, უცნობი ტერიტორიები, რომლებსაც ძველი დროის გეოგრაფები აწერდნენ: “აქ სავარაუდოდ ცხოვრობენ დრაკონები”, და უცნობი, მოულოდნელი გაკვირვებებით, უცნაური მაგიით და სიხარულებით დანაღმული სივრცეები.

და უცებ, წლების და ათასგვარი იქსპერიენსის მერე იხედები მარჯვნივ და მარცხნივ, წინ და უკან და ხედავ -- ერთი და იგივე სანაცნობო წრეები, სამსახურის თუ უსაქმურობის რითმი, ერთნაირი ივენთები, იცი ვის რაზე როგორი რეაქცია ექნება, რას იტყვის ამა თუ იმ მოვლენაზე პოლიტიკოსი თუ მწერალი, რომელ სახლში რა დაგხვდება, ვინ ვის ტყნავს, ვინ ვის აძლევს, ვინ ვის ულაიქებს, რას გეტყვის მეგობარი, როგორ მოიქცევი შენ თვითონ დღის რომელ მონაკვეთში….  ჰაკიმ ბეი სადღაც წერს, რომ პლანეტა მოსაწყენი და ვიწრო ციხე გახდა საუკუნის დასაწყისში, როცა მასზე საბოლოოდ დადგინდა ნაციონალური სახლმწიფოების საზღვრები და მოგზაურობისთვის საჭირო გახდა პასპორტები და ვიზები, სამყარო კიდევ უფრო მოსაწყენი ხდება, როცა ჩვენი ქვასავით მყარი იდენტობები, [“მე არტისტი ვარ”, “მე ჰეითერი ვარ”, “მე ლუზერი ვარ”, “მე ქლაბერი ვარ”, “მე რედაქტორი ვარ”, “მე კაცი ვარ” და ა.შ.] რომლებსაც ყოველდღიურად დიდი დოზებით ვკვებავთ, ხელს გვიშლიან გავარღვიოთ “კომფორტის ზონა”, მოწყენილობის ის ციხე და “რეალობის გვირაბი”, რომელსაც საკუთარ თავებს ვუსჯით და სადაც ძალიან რთულია მოხდეს რაღაც განსაკუთრებულად ახალი, რაღაც მაგიური.. ცუნამი რომელიც ამოატრიალებს ყოველდღიურობას.

რამდენიმე კვირის წინ მეგობარმა დამილინკა ბადიუს ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს მოვლენაზე სახელად: Encounter. უხეშად რო გადავთარგმნოთ შინაარსი, დავარქვათ მას “უეცარი შეხვედრა”. ინტერვიუში ბადიუ ამბობს, რომ ჩვენი მყარი იდენტობები და დღევანდელი სამყარო - ამ შეხვედრის მთავარი მტერია. [“it is a world opposed to the encounter]. და სადღაც ამატებს:”მე ვოცნებობ სამყაროზე, სადაც ‘უეცარი შეხვედრები’ ნაკლებად იქნება დაპროგრამებული სოციალური, პროფესიული, კულტურული თუ ლინგვისტური  სამყაროებით”

ჩვენ ყოველდღიურად ვაშენებთ ჩინეთის დიდ კედლებს, ზიზღის საგუშაგოებს, სოციალური სტატუსის შემამოწმებელ კომისიებს ერთმანეთის გარშემო, ვიქცევით ისე როგორც სახელმწიფო სტრუქტურები და ვინმე სხვის, ახლის, “უცხოს” შემოსაშვებად საკუთარ ტერიტორიებზე -- ვაწესებთ სავიზო რეჟიმებს და თავადაც იშვიათად გავდივართ “სხვაგან”.  კითხვაზე თუ რა არის კონკრეტულად “Encounter”, ბადიუ პასუხობს:”It is a contingent, chance element of existence. Something happens to you that nothing among your existing world’s points of reference made likely or necessary. You encounter someone who you do not know and yet who strikes you, attracts you, enters into your life.” უეცარი შეხვედრა, რომელიც - ცვლის ბევრ რამეს ან ყველაფერს, თუნდაც ერთი ღამით თუნდაც მთელი ცხოვრებით. მაგრამ იმისთვის რომ ეს შეხვედრა მოხდეს -- საჭიროა მზაობა, საჭიროა შენი დაჟანგებული რადარები ისევ ეძებდნენ ახალ სიგნალებს სამყაროს ჰორიზონტებიდან და რაც მთავარია საჭიროა “აღიარო” რომ ეს მოხდა და შემოუშვა ის შენში. ღრმად შემოუშვა. როგორც სასქესო ორგანო ან ძლიერად მოქნეული დანა. სხვა შემთხვევაში ეს იქნება უბრალო “მოხმარება”, ფასადების შეღებვა - და არა ტოტალური ცვლილება. ცვლილება ყოველთვის გავს მაგიას და ხშირად ქმნის გაუგებრობას, რამდენადაც აუცილებლად არღვევს “კომფორტის ზონას”,აუცილებალდ შეიცავს რაღაცას რაც არ იყო “გათვალისწინებული”.

ჯოზეფ კემპბელი თავის წიგნში “ათას-სახოვანი გმირი” განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა დროს და ადგილას მოგონილ უამრავ ზღაპარს და მითს და პოულობს დაფარულ სტრუქტურას, განმეორებად პატერნებს მათ შორის. ყველა ისტორიაში “გმირი” გადის გარკვეულ ლეველებს, ბადიუს “Encounter” ამ შემთხვევაში გავს ჯოზეფ კემპბელის “მონომითის” მეორე ლეველს, რომელსაც ქვია:”Call to Adventure”, გმირი რომელიც საბოლოოდ უარყოფს ამ “ძახილს” რჩება ყოველდღიურობის მონოტონურ ისტორიაში, რომელსაც ემილ ჩორანი ეძახის “პლაგიარიზმს”. ხოლო ის ვინც მიყვება “ძახილს” და გადადის უცნობ ტერიტორიებზე -- ერთვება დაუვიწყარ თავგადასავალში.

რა თქმა უნდა ყოველთვის არის შანსი, რომ თავგადასავალი “კრახით” დასრულდეს [ამ გზაზე დამდგარი “გმირი” კემპბელის სქემაში აუცილებლად გავილის “სიკვდილისა” და “ხელახალი დაბადების” ფაზებს]. კასტანედას დონ ხუანიც ამბობს, რომ ყოველთვის როცა შენ გადაწყვეტ შეიცვალო, გამოჩნდებიან “შავი მაგები” -- შენი ყოველდღიური კომფორტის ზონის გუშაგები, მეგობრები, რომლებმაც ყოველთვის “იციან” თუ როგორი უნდა იყო და ყველანარიად შეეცდებიან ხელი შეუშალონ შენს ცვლილებას.

[პირველ რიგში ის “სანაცნობო წრის” წნეხის დაკიდებას სთავაზობს “მეომრის” გზაზე დამდგარ მოსწავლეს.] მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება მოვლენა, რომელიც ათასობით ადამიანს არ გამოუცდია, მოვლენა, რომელიც მატებს მაგიურობას ამ სამყაროს და თუ ოდნავ მაინც ვენდობით სიტუაციონისტების  “ყოველდღიურობის რევოლუციას” -- ეს აქტი რევოლუციურიც იქნება.

“ყოველთვის როცა შენ იმეორებ საკლუბო კოდებს, როგორიცაა “გისურვებ კარგ დღეს” ან “რა ცუდია ამინდია დღეს”, სადღაც სიღრმეში შენ გრძნობ რომ გინდა თქვა რაღაც რაც არ შეიძლება, მაგალითად:”მითხარი რამე რაც ამატირებს” ან “შენი აზრით, რატო არსებობს დეჟავიუ?” -- ამბობს თიმ ლირი.

საინტერესოა, რომ ბადიუს  ეს ცნება ძალიან გავს ჰაკიმ ბეის ქაოსის მაგიას და ალთშულერის ცნებას “შეხვედრა სასწაულთან”.

“ონტოლოგიური ანარქიზმის” განმარტებაში ჰაკიმ ბეი წერს:"შეარჩიეთ ნებისმიერი გამვლელი და ახარეთ რომ მას მემკვიდრეობით ერგო წარმოუდგენელი, უდიდესი და ყოვლად გამოუსადეგარი ქონება: მაგალითად, 5000 კვადრატული მილი ანტარქტიდაზე, ან ცირკის ბებერი სპილო, ობოლთა სახლი ბომბეიში, ან ალქიმიური მანუსკრიპტების კოლექცია. მოგვიანებით ისინი გააცნობიერებენ რომ თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში მათ სჯეროდათ რაღაც ექსტრაორდინალურის და შესაძლოა ამის შედეგად ისინი შეეცდებიან იპოვონ არსებობის უფრო საინტერესო, ინტენსიური ფორმა."

ცნობილი რუსი გამომგონებელი ალტშულერი კი ცდილობდა ეპოვა “ალგორითმი”, რომლის დახმარებითაც “შემოქმედებითი ადამიანი” დაამარცხებდა დავიწროებულ “სამყაროს”. ალტშულერი იგონებს საინტერესო ანალოგიას: ციფრულ ჭადრაკს, სადაც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეთამაშება ორი მოწინააღმდეგე,

პირველ და უძლიერეს ნაბიჯს ყოველთვის დგამს გარემო მდგომარეობა, რომელსაც უნდა მოყვეს შემოქმედებითი პიროვნების პასუხი, და იმისათვის რომ ეს პასუხი იყოს ადეკვატური, ძლიერი და გააჩნდეს სავარაუდო სამომავლო პასუხების პოტენციალი, ამისათვის საჭიროა შემოქმედებითი სტრატეგიის გამომუშავება.

გარემოების სვლა გამოუთვლელი ნაბიჯია, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე: ეს შეიძლება იყოს ღრმა ეკონომიური კრიზისი, ფიზიკური ნაკლი, ახლობლების სიკვდილი, არახელსაყრელი გარემო, ჭაობად ქცეული ყოველდღიურობა, ჩაკეტილი ქალაქი.. მოკლედ ნებისმიერი რამ რაც ხელს უშლის “შემოქმედებით პიროვნებას” განვითარებაში. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მოწინააღმდეგის ხელშია ასევე ყველაზე მომაკვდინებელი ძალა -- დრო, რომელიც ყოველთვის მასზე მუშაობს. საპასუხო სვლებთან ერთად “შემოქმედებითი პიროვნება” უნდა ცდილობდეს ამ მოუხელთებელი ცხოველის გახედვნასაც. ხოლო იმისთვის რომ “შემოქმედებით პიროვნებას” არ დაავიწყდეს საკუთარი თავი, არ ჩაიძიროს გარემოს მიერ შემოთავაზებულ ჭაობში, მას აუცილებლად ჭირდება, ის რასაც ალტშულერი ეძახდა -- “შეხვედრას სასწაულთან”. რათქმაუნდა ალთშულერი ძირითადად გამომგონებლებსა და არტისტებზე წერდა, მაგრამ თუ დავეყრდნობით მაგიის ერთერთ მთავარ კანონს, რომ “ყველა ქალი და ყველა მამაკაცი - ვარსკვლავია” [“Every men and every women is a STAR”] , მისი “ალგორითმის” განვრცობა ყველა ჩვენსაზე შეიძლება.

ყველაზე საინტერესო ალტშულერთან ამ მომენტში იწყება, ის აცხადებს რომ საჭიროა საკუთარი ალტერსოციალური სისტემისსაკუთარი კალენდრის და რუკის ჩამოყალიბება. საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივეზე საუბრობს კასტანედაც დონ ხუანის პირით, როცა ახსენებს “მაგიურ არსებებს”. ერთერთ წიგნში დონ ხუანი უხსნის კასტანედას, რომ არიან არსებები,ცხოველები, რომლებიც არიან მაგიურები, რამდენადაც არ გააჩნიათ “განრიგი”. მონადირე ვერ დაიჭერს “მაგიურ არსებას” რამდენადაც მაგიური არსება არ იქცევა ისე როგორც “უნდა” იქცეოდეს -- მას მოულოდნელი სვლები ახასიათებს, რაც ერთის მხრივ აბნევს მონადირეს [ალთშულერის სისტემის შემთხვევაში “გარემოებას”, სოციალურ გარემოს”] და მეორეს მხრივ - საშუალებას აძლევს ცხოველს, მოხვდეს იქ, სადაც არ ყოფილა, იხილოს ის რაც “არ უნდა” ენახა, შეხვდეს იმას, ვისაც წესით არ უნდა შეხვედროდა--> ENCOUNTER.

ამისთვის საჭიროა  ახალი,  საკუთარი  ალგორითმის,  ავტოსაგზაო  მოძრაობის  წესების  გამოგონება და როგორ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს ახალი ალგორითმი სხვებისთვის, თუ ის დააბრუნებს მაგიას და უცნობ ტერიტორიებს შენს სამყაროში - აუცილებლად უნდა გაყვე მას. ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტ საკითხებზე “კი”-ს ან “არა”-ს პასუხი საათის ციფერბლატზე გამოხატული კენტი ან ლუწი ციფრის მიხედვით, შეიძლება იყოს მკითხაობა თვითმფრინავების დატოვებული კვალით ცაში, საუბარი უცნობ ადამინებთან, ჩხუბი უცნობ ადამიანებთან, ბინებიდან ბინებში მოგზაურობა ვარსკვლავური რუკის მიხედვით,ამორალური ქმედებები, გულმხურვალე ლოცვით მიღებული ხილვები... ყველაფერი დამოკიდებულია ალბათ კონკრეტული პიროვნების დაფარულ სურვილებზე.

ჰაკიმ ბეი სადღაც წერს:

“ტრაგიკულ წარსულსა და შეუძლებელ მომავალს შორის, ანარქიზმი კარგავს აწმყოს  - რამდენადაც ეშინია, აქ და ეხლა, კითხოს საკუთარ თავს: რა არის ჩემი ნამდვილი სურვილი? და რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო სანამ ძალიან გვიან არ იქნება?... დიახ, წარმოიდგინე საკუთარი თავი ჯადოქრის წინაშე რომელიც გიყურებს და გეკითხება:”რა არის შენი ნამდვილი სურვილი? რა გსურს სინამდვილეში?”

რას იზამ ამ დროს? უკან დაიხევ, ჩაიკეტები , შეგეშინდება, აეფარები იდეოლოგიურ ბანალობებს? თუ გაგაჩნია საკმარისი წარმოსახვა და ნება, რომ ერთდროულად იოცნებო და გაბედო ამის გაკეთება - თუ შენ ისევ ის  ადამიანი ხარ იმპოტენტური ფანტაზიით?

ჩაიხედე სარკეში და სცადე ამ კითხვის დასმა.. [რამეთუ შენი ნიღბებიდან ერთერთი სწორედ ეს ჯადოქარია”

დაახლოებით იგივეს ეკითხება სერიალ “ფარგოში” ჯადოქარი მალვო, დაბნეულ ლესტერს. სცენა ლიფტში ხდება და მალვო სვამს საბედისწერო კითხვას:”Lester, is THIS what you want?” 

მოკლედ რომ ვთქვა, მთელი ამ ტექსტის “აზრი” მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გაგვაჩნია სათანადო ბირთვული პოტენციალი, რომ ამოვაყირავოთ ქალაქის ყოველდღიურობა, ჩვენი და სხვისი სიცოცხლეები, შევქმნათ ახალი “Big Bang” რომელიც ისევ გააფართოვებს დავიწროვებულ, მოსაწყენ სამყაროს, გადაგვაქცევს ‘ველურ ბავშვებად’, გამოაჩენს ახალ ტერიტორიებს, სადაც  შესაძლოა  ხდება ‘უეცარი შეხვედრები’, დაცურავენ  unGoogleable სიამოვნებებისა და ტკივილების აისბერგები, მოქმედებენ კომუნიკაციის თუ მარტოობის უფრო ინტენსიური ფორმები.. სადაც საბჭოთა შენობებივით ნელნელა ინგრევა, ყინულის ქანდაკებებივით ლღვება  იდენტობები, ეგოს ქანდაკებები, მანამდე არსებული ურთიერთობების და მოძრაობის სისტემები, შესაძლოა “მარადიული” მორალური კოდექსებიც კი ,ხშირად კანონიც..  და სადაც: “სავარაუდოდ ცხოვრობენ დრაკონები”. მაგრამ თუნდაც დაიქცეს ცა და დაინგრეს ყველა შენობა -- არსებობა მხოლოდ ერთი შანსით მოგვეცა. “Гадов это убьет. Ангелов закалит.”

როგორც ტიმოთი ლირი ამბობს ამ თავის ცნობილ ფრაზაში: “Trust your instincts. Do the unexpected. Find the others…”

მე ჩემის მხრივ: ავიღებ ჰონორარს - ვიყიდი ჩინურ მაშხალებს. გავუშვებ ცაში სიგნალის ნიშნად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^