Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იდენტობით შეპყრობილები

18 ივლისი 2014

ჩვენი პრობლემა იდენტობის პოლიტიკა რომ იყოს, რა გაგვიჭირდებოდა. ჩვენი პრობლემა იდენტობით შეპყრობილობაა, ან ობსესია. იდენტობის პოლიტიკას გეები რომ აწვებოდნენ, ვინ დაიჩივლებდა, მთელი იდეოლოგიურად მრავალფეროვანი ახალგაზრდობა საქართველოშიც, წარმოსახვით და რეალურ ევროპაშიც, საკუთარი ჯგუფური კუთვნილებით, საკუთარი მოსაზრებებით, საკუთარი პრივილეგიების გაცნობიერებით (აქ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მემარცხენეების ნაწილი პრივილეგიების გაცნობიერებამდე მგონი ჯერ არ მისულა), საკუთარი არგუმენტებით, ჩაცმის და სმის წესით, ჭკვიანური ტერმინების და ჭკვიანი ავტორების მოხსენიებით არის შეპყრობილი. პრობლემა ის კი არაა, რომ ადამიანები ცდილობენ ვეგანები, ანარქისტები და ფემინისტები იყვნენ. პრობლემა ამ იდენტობების მორგება, მერე თავის აღმატებულად (ზოგჯერ გმირად) გრძნობა, მერე სხვების დაცინვა, მერე ამ მოძრაობებთან ასოცირებული ღირებულებების გვერდით გადადება, რიტუალებით და ფეტიშებით ჩანაცვლებაა.

ძალიანაც გული მწყდება, მაგრამ პერფორმანსი რომელიც „პროგრესულ“ ჯგუფებს და მოძრაობებს ახასიათებთ, ზოგჯერ სულაც არ განსხვავდება ნაციონალისტური ან ნეო-ფაშისტური მოძრაობების პერფორმანსისგან. ამოსავალი წერტილი მარტივია. ჯგუფთან ან იდეოლოგიასთან ასოცირება საკუთარი თავდაჯერების, უმნიშვნელობის, უმოძრაობის კომპენსაციაა. ჯგუფის წევრის მთავარი ამოცანა ჯგუფთან კავშირის, ჯგუფის „ღირსეული წევრობის“ დამადასტურებელი თვითგამოხატვის  ფორმების მოძებნაა. ზოგჯერ იდენტობით შეპყრობილობა, ან საკუთარ იმიჯზე, საკუთარი „აღმატებულების“ აღმოჩენაზე ზრუნვა სხვებზე (ვინ როგორ განმარტავს ამ სხვებს - ჩაგრულები, ექსპლუატაციის მსხვერპლები, უმცირესობები, უუფლებოები...) გულწრფელ ზრუნვას ემთხვევა. თუმცა სხვებზე წუხილი იდენტობით შეპყრობილობას სულაც არ შველის. შეპყრობილობა, ერთი მხრივ, ნარცისისტ უმაქნისებად გვაქცევს, მეორე მხრივ, კი თანამშრომლობის უნარს გვიკარგავს. თანამშრომლობა კომპრომისია და გარკვეული მიზნებისკენ სვლას, და ამ მსვლელობაში ჩვენი ინდივიდუალური თვითგამოხატვის, ტრავმის თუ იმიჯის მეორეხარისხოვნების აღიარებას მოითხოვს. მაგრამ იდენტობით შეპყრობილს არ შეუძლია საკუთარი თვითგამოხატვის, ტრავმის და იმიჯის გვერზე გადადება, რამდენადაც ნებისმიერ ჯგუფთან, მოძრაობასთან და ღირებულებასთან ასოცირების ცენტრალური მიზანი „თავის“ პოვნა და „სხვებზე უფრო ღირსეული“ ცხოვრებით ცხოვრებაა.

„აღმატებულების მტკიცება“ კი ყველას უყვარს. პოლიურთიერთობების მოყვარეები მონოგამიურ ურთიერთობებს მდარე ჰეტერონორმატიულ პრაქტიკად მიიჩნევენ; ბიო-პროდუქტების მომხმარებლები იაფი სუპერმარკეტების კლიენტებს დასცინიან; გარემოს დამცველებმა შეიძლება დანონის იოგურტის ჭამის გამო გიჩივლონ ან სტოკჰოლმიდან ასტანაში მატარებლით ჩასვლა მოგთხოვონ. მსგავს საქციელს თითქოს ლოგიკა არ აქვს. ბიო-პროდუქტს, ვისაც ფული აქვს ის მოიხმარს, და ვინც მოიხმარს იმას ჰგონია, რომ კორპორაციებს ებრძვის ან ცხოველებს იცავს. იაფფასიანი სუპერმარკეტის მომხმარებელს რომ უკეთესი საჭმლის ყიდვის საშუალება არ აქვს, მაგას ხაზგასმაც აღარ ჭირდება. ბიო-პროდუქტის მომსხმარებელი არავისზე არ ზრუნავს. სხვათა შორის, არც საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან რასაც ბიო ქვია, იმის 80 პროცენტი ისეთივე ნაგავია, როგორც სხვა ყველაფერი, და ეს თავად მომხმარებლებმაც მშვენივრად იციან. სამაგიეროდ მათი ეგო სრულ კომფორტშია, რადგან საკუთარი განსხვავებულობის და პასუხისმგებლობიანობის დამტკიცებას ბიო-პროდუქცის შეძენით ახერხებენ.

აგერ უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ხან მონაწილე ვარ ხან კი ვაკვირდები, შეიძლება ითქვას, მცირე ზომის, ძირითადად სტუდენტებისგან შემდგარ მემარცხენე, ანარქისტ, ფემინისტურ და ქვიარ მოძრაობებს და თემ(ებ)ს უნგრეთში, საქართველოში, და (შედარებით ნაკლები პირადი ჩართულობით) ხორვატიაში. ის, რასაც ამ სტატიაში იდენტობით შეპყობილობას, ან ობსესიას ვუწოდებ, ჩემი აზრით, მომაკვდინებელია ამ მოძრაობებისთვის, ხელს უწყობს მათ რეალობისგან მოწყვეტას და იზოლაციას, და კონსტრუქციული პროაქტიული ქმედების ნაცვლად, ზოგჯერ ჯგუფურ დინამიკასთან გამკლავებაში კლავს რესუსრებს.

პრობლემის ყველაზე კარგი ინდიკატორი შიდაჯგუფური კონფლიქტების ინტენსივობაა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ ჯგუფს, განსაკუთრებით პოლიტიკური მიზნების მატარებელ ჯგუფს, კამათის, დაშლა-გაერთიანების გარეშე არ უარსებია. მაგრამ იდენტობით შეპყრობილობა შიდაჯგუფურ კონფლიქტებს საკმაოდ სპეციფიურ ხასიათს სძენს, რომელიც იდეოლოგიური ან ბრძოლის გზებზე შეუთანხმებლობასთან ასოცირებული დაპირისპირებისგან თვისობრივად განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, ჯგუფის წევრები იწყებენ ყველაფრის „პირად შეურაცხყოფად“ და პირად შეტევად აღქმას. კამათი იწყება მოძრაობის/ჯგუფის მიზნებზე დავით და მთავრდება იმის გარკვევით, თუ ვინ უფრო შეურაცხყოფილი,  ნაწყენი, დაჩაგრული დარჩა კამათის პროცესში. იწყება გაუთავებელი შეჯიბრი თვითვიქტიმიზაციაში, ანუ ჯგუფის წევრები იწყებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, ძალაუფლების გამყარებას ერთი მხრივ, მათი „საერთო საქმისთვის“ გაწეული კონტრიბუციის, თვითგანწირვის ხაზგასმით, მეორე მხრივ, კი მათი პირადი გამოცდილებების სიმძიმის ხაზგასმით. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად თვითვიქტიმიზაცია უფრო ქვიარ მოძრაობების (უფრო მეტად უნგრეთში) მახასიათებელია, ხოლო ქართული ჯგუფების და მოძრაობების სპეციფიკა მათი წევრების მიერ თვითდამკვიდრებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების (განათლებულობის) ხაზგასმაა. ამ შემთხვევაში იგრძნობა ხოლმე, რომ აქტივისტები დიდ ავტორებს და ციტატებს კონკრეტული პრობლემის განსახილველ ინსტრუმენტად კი არ იყენებენ, არამედ საკუთარი უპირატესობის დასადასტურებლად, შესაბამისად ძალაუფლებრივ პოზიციაში ჩასადგომად. ამ პროცესში განხილვის საგანი მეორადი ხდება, და ზოგჯერ თეორიების რელევანტურობა მცირდება კონკრეტული ემპირიული პრობლემის შეუცნობლობის გამო. უფრო ირონიული კი, მაგალითად საქართველოში ის არის, რომ ხშირად მოხმობილი თეორიული ჩარჩოები, მაგალითად „იდენტობის პოლიტიკის კრიტიკა“, სულ სხვა დროით და სივრცით ემპირიკას ეყრდნობა და მოძველებულია. საქართველოში „იდენტობის პოლიტიკის“  კრიტიკოსები, ხშირად 70-იანები წლების ამერიკული ლგბტ აქტივიზმის კრიტიკიდან ამოზრდილ არგუმენტებს ეფუძნებიან. რას ამ დროსა და კონტექსტში არსებულ რეალობას ფაქტობრივად არასოდეს ითვალისწინებს, და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან თეორიულ არგუმენტებს რელევანტობას უკარგავს. პროგრესული დისკურსი კი სინამდვილეში ვადაგასული დისკურსია. თუმცა „იდენტობის შეპყრობილობის“ პრობლემურობაც ხომ ზუსტად რეალობაზე ზრუნვით და მისი შემეცნებით და კრიტიკული ანალიზით თავის არშეწუხებაა. 

ერთი მიზეზი, რატომაც მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, ჩემი გადმოსახედიდან, თავად მოძრაობების წევრების შეხედულებები და მოლოდინებია. იმის მაგივრად, ან იმასთან ერთად რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, როგორც ადამიანებზე, რომელსაც რეალობის შეცვლა სურთ, ჩვენ ასევე ვიწყებთ საკუთარ თავზე ფიქრს, როგორც უკვე შემდგარ ფემინისტებზე, მემარცხენეებზე, ანარქისტებზე, ქვიარებზე, და ასე შემდეგ. ეს მიდგომა თავისთავად ჯგუფის წევრების მიმართ არსებულ მოლოდინებს ზრდის,  როგორც „იდეალურ“ ადამიანებზე, როგორც ჩვენი ღირებულებების ბოლომდე გამზიარებლებზე, და თვითკრიტიკულობის სივრცეს კლავს. როგორც კი ადამიანს, რომელსაც მემარცხენეობა საკუთარი იდენტობა ჰგონია, სექსიზმში ადანაშაულებენ, მისი პირველი რეაქცია არის, რომ როგორც მემარცხენე, ის არ შეიძლება იყოს სექსისტი. ზუსტად იგივე პრინციპით გეი, რომელსაც ეტყვი, რომ სხვა მამაკაცების სხეულების ობიექტივისაცია (გაობიექტება) და კომოდიფიკაცია ისეთივე დანაშაულია, როგორც ჰეტეროსექსუალი მამაკაცის მიერ ქალის სხეულის ობიექტივიზაცია, გაოგნებული რჩება. ანუ, იდენტობებს და ასევე სპეციფიურ გამოცდილებებს ვხედავთ, როგორც ჩვენი უცდომელობის და „სრულყოფილების“ გარანტს, ხოლო ჩვენი სავარაუდო თანამოაზრეების შეცდომებს ქვეყნის დასასრულად აღვიქვამთ, რადგან მათი „სრულყოფილების“ მოლოდინი გვაქვს. შესაბამისად, როგორც კი ვაწყდებით ჩვენსავე, ან ჩვენი ჯგუფის წევრის არათანმიმდევრულობას, ჯგუფის „ორთოდოქსიიდან“ გადახვევას, ვიწყებთ უსასრულო კამათს და დავას ჯგუფის შიგნით წესების გამყარებაზე, ერთმანეთის გრძნობების პატივისცემაზე. თითქოს ეს თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ შეასძლებელია საბავშვო ბაღად გადააქციოს ჯგუფური დინამიკა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯგუფები რომლებიც მრავალფეროვნების აღიარებისა და დაფასებისთვის იბრძვიან, საკუთარი ჯგუფის ჰომოგენიზაციაზე ხარჯავენ უამრავ რესურსს.

იდენტობით შეპყრობილობის ახსნა უფრო სტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინებითაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ტენდენციის ასახსნელად შეიძლება სხვადასხვა არგუმენტის მოძებნა. გამიხარდება თუ ამ სტატიის მკითხველები საკუთარ ინტერპრეტაციებს შემოგვთავაზებენ. ეს დისკუსია რომ გავხსნა ჩემეულ ხედვას გაგიზიარებთ, რომელიც შესაძლებელია გზას აცდენილი იყოს, მაგრამ შეიძლება მაინც ღირდეს გაზიარება.

ამ პრობლემების ერთი ნაწილი ისაა რომ ჩვენ, როგორც ნეოლიბერალურ სისტემაში აღზრდილი ახალგაზრდები, ერთის მხრივ, სოციალური სამართლიანობისთვის ვიბრძვით მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალური თავისუფლებების დისკურსს ჩვენში მყარად აქვს გამდგარი ფესვები. ამ ორის სინთეზს ყოველთვის ვერ ვახერხებთ.

მეორეც, დღევანდელ სამყაროში ძალიან ძნელია ძალაუფლების ლოკუსის დაჭერა, და მით უმეტეს, ამ ძალაუფლების ცენტრებზე გავლენის მოხდენა. სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დიდი ნაწილი „გლობალიზებულია“, ანუ გლობალური პროცესები უზარმაზარ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოველდღიურობაზე. ამ პროცესებზე კი გავლენის მოხდენა თავად ეროვნულ მთავრობებსაც ძნელად თუ შეუძლიათ, არამცთუ პატარა ლოკალურ მოძრაობებს. მაშინ როცა (გლობალურ) კაპიტალს არც სივრცეში მოძრაობა არც საკუთარი ინტერესების ლოკალურ დონეზე თავსმოხვევა არ უჭირს, მიუხედავად არაერთი კომუნიკაციის საშუალების ხელმისაწვდომობისა, რეზისტენტული მოძრაობების დიდ ნაწილს კოორდინაცია კვლავაც უძნელდება.  რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, წარმატებული ტრანსნაციონალური მოძრაობები (გლობალური სამართლიანობის მოძრაობები მაგალითად), მაგრამ ეს წარმატება უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. რამდენადაც პატარა მოძრაობებს კოალიციების შექმნა და ტრანსნაციონალურ დონეზე მობილიზაცია უჭირთ, სტრუქტურულ პრობლემებთან ჭიდაობას ვერ იწყებენ. შესაბამისად, ფოკუსირდებიან პატარა ჰომოგენური, „უსაფრთხო“ , „ალტერნატიული“, სივრცეების შექმნაზე.

მაგალითად, გარემოს დაცვაზე მზრუნველი აქტივისტები შეპყრობილები არიან თვითვმფრინავით მგზავრობის ნეგატიური შედეგების დათვლით. შედეგად, თავად გარემოს დამცველების წრეებში, შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ყველას თავი მოაქვს იმით, თუ როგორ გადაადგილდება მატარებლით. ზოგი კონფერენცია კი მაგალითად წევრებს „ჯარიმას“ აკისრებს თვითმფრინავით მგზავრობაზე (ანუ, თუ ჩაფრინდები მეტ თანხას უხდი კონფერენციის ორგანიზატორებს). თავისთავად ეს ისტერია ინდუსტრიას არ ასუსტებს და ფრენების რაოდენობას ოდნავადაც არ ამცირებს. მსგავსი მდგომარეობაა ხორცის მოხმარების თვალსაზრისითაც. დროთა განმავლობაში იზრდება ვეგეტარიანელების რაოდენობა (და ზოგ ქვეყანაში მაგალითად გერმანიაში საგრძნობ პროპორციას აღწევს) მაგრამ ასევე იზრდება ხორცის მოხმარება.

რადგან ასეთ შემთხვევებში, როცა ინდივიდუალურ დონეზე ცხოვრების წესს ვცვლით, მაგრამ ფართოდ გაგებულ მიზანს ვერ ვუახლოვდებით სტრუქტურულ პრობლემებთან დაუპირისპირებლობის (ან ვერ დაპირისპირების) გამო, ისღა გვრჩება საკუთარი ცხოვრების წესი გავამართლოთ - ანუ კომფორტი შევიქმნათ იმის ფიქრით, რომ ჩვენ, როგორც ინდივიდები, ვცდილობთ „კარგად“, „ღირსეულად“ მოვიქცეთ. თუ სამყაროს ვერ გადავაქცევთ ანარქისტულ სამყაროდ, ჩვენს 10 მეგობარს გადავაქცევთ ანარქისტებად და შევქნით პატარა ანარქისტულ სამოთხეს სადაც არ იქნება იერარქიები, ერთმანეთს გავუკეთებთ საჭმელებს, მერე კი ვინმეს რამე რომ შეეშლება გამწარებით ვიკამათებთ, ცოტას ვიტირებთ, რომელიმე წევრს მოვკვეთავთ და ასე მოვუვლით საკუთარ პატარა „ჯგუფურ სხეულს’. ასე ხდება დიდი (ამბიციების) მოძრაობები პატარა ეგოების გაბერვის საშუალება, ლოკალური შიდაკინკლაობის საწყისი და სისტემური პრობლემების რეპროდუქციის იარაღი.  ანუ, ასე ვხდებით ჩვენ საკუთარი იდენტობის პერფორმანსით (პერფორმირებით) შეპყრობილები.

ისევ საწყის მაგალითს ან იდენტობის პოლიტიკაზე კამათს რომ დავუბრუნდე, სამწუხაროა რომ თვითიდენტიფიცირებული მემარცხენე ახალგაზრდები საკუთარ აჯენდას ვერ აგებენ და ლგბტქ თემზე, ან თუნდაც ფემინისტებზე, ან შეტევისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელ, როგორც თავად კრიტიკოსები უწოდებენ,  „ენჯეოშნიკურ“ აქტივიზმზე დარტყმით ცდილობენ თვითდამკვიდრებას. ამ პროცესში კარგად ჩანს, რამდენად ამ სახის აქტივიზმის ახლოს გაცნობის სურვილი უქონლობა. რა თქმა უნდა, სუბიექტური სენტიმენტია, მაგრამ გამიხარდებოდა მემარცხენე აჯენდა უფრო მომცველობითი და თვითმყოფადი იყოს, ფიქრობდეს ფართოდ გაგებული პროგრესული პოლიტიკის აგების შესახებ, ამ პროცესში თავადვე ახერხებდეს გენდერის და სექსუალობის შესახებ არსებული ნორმების დეკონსტრუქციაზე ზრუნვას და პატარა მოძრაობებთან თანამშრომლობას. ის რაც დღეს ხდება - მემარცხენეების მოლოდინი, რომ ლგბტ თემი ან ფემინისტების პატარა ჯგუფი უნდა იყოს მემარცხენე პოლიტიკის გამტარებელი მაშინ, როცა რეალურად მემარცხენე დისკურსი და აქტივიზმი სუსტია და მაშინ როცა სწორედ ზემოთხსენებული ჯგუფები აკეთებენ ყველაზე მეტ „მემარცხენე“ საქმეს - ირონიულიც კი აღარაა. ამიტომაც მინდა, რომ დავფიქრდეთ საკუთარ იდენტობით შეპყრობილობაზე, ნარცისტულ თვითკმაყოფილებაზე, სტრუქტურულ პრობლემებზე, იმის მაგივრად რომ 70-იანი წლების ქვიარ და ნეო-მარქსისტული დისკურსების ზედაპირული გადამღერებით ერთმანეთი დავჭამოთ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^