დღეს ბევრს ლაპარაკობენ სხვადასხვა ტიპის იდენტობის პოლიტიკაზე. მე პირადად ამ ტიპის პოლიტიკის ზეობის ხანაში გავიზარდე და დავკაცდი და ახლა უკვე ცხოვრების შუაგულს დიდი ხანია გადავაბიჯე.
1989 წელს მე თვითონ გახლდით იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი გულანთებული მხარდამჭერი, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენი ეროვნული იდენტობის გამორჩეულად აღიარებას მოვითხოვდით. ეს იყო ჯერ კიდევ გვიანი კოლონიალური პერიოდი, სადაც “ეროვნულ-განმათავისუფლებელმა” მოძრაობებმა მიზნად დაისახეს მათი ქვეყნების “გათავისუფლება” ნახევრად ფეოდალური იმპერიებისაგან (კონსტიტუციური მონარქის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიტანეთის იმპერია, ასევე ნიდერლადების სამეფო, გოლისტური საფრანგეთი, ასევე პორტუგალიის ნახევრად-დემოკრატიული რეჟიმი, და რაღა თქმა უნდა ჩვენი საკუთარი, საბჭოთა იმპერია). მაშინ, ეს პოლიტიკა ალბათ გამართლებულიც იყო - რადგან იმპერიალიზმი ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენად მოგვევლინა.
თუმცა, იდენტობის პოლიტიკა სათავეს კოლონიალიზმის ბოლოს კი არ იღებს, არამედ „დიდი ევროპული რევოლუციების“ ჟამს. როდესაც საფრანგეთის რევოლუციამ სახელმწიფოს მმართველად მონარქის მაგივრად „ერი“ გამოაცხადა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს, ამით საფუძველი ჩაუყარა „ეთნოცნეტრისტულ, ბურჟუა ერ-სახელმწიფოს“. ვესტფალიური მშვიდობის მერე ეს ყველაზე დიდი პარადიგმატული გარდატეხა იყო ევროპულ პოლიტიკაში და ცხადია „ერმა-სახელმწიფომ“ (Nation-State-მა) საფუძველი ჩაუყარა გენეტიკურ-ლინგვისტური იდენტობის პოლიტიკას. სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალადობის წყაროდ ამ ტერიტორიაზე არსებული დომინანტი ეთნიკურ-ლინგვისტური ჯგუფი შეირჩა. ფრანგებმა დაიწყეს ეს პროცესი - მართალია საწყისში იაკობინელებს ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ მათს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ ხელისუფლებაში „საშუალო კლასის ბურჟუაზია“ მოიყვანა და იდენტობის სახელმწიფოც შედგა. რომელიც შემდგომი 100 წლის განმავლობაში მრავალჯერ შეარყიეს ნაპოლეონებმა და ბურბონებმა - თუმცა დროის ფაქტორს ცხადია ერმა-სახელმწიფომ უფრო გაუძლო, ვიდრე ფეოდალური იმპერიალიზმის სხვადასხვა ფორმით რეინკარნირების მცდელობებმა. ალბათ, მაშინ ბევრი ვერ ხვდებოდა რამხელა პოტენციურ საშიშროებას შეიცავდა „ეთნო-ლინგვისტიკურ იდენტობაზე“ დამყარებული ლეგიტიმური ძალადობის უფლება. ეს ფენომენი კრიტიკის საგანი უკვე ტოტალიტარული სახელმწიფოების გამოჩენის შემდგომ დადგა და ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, ჰანნა არენდტმა თავის ნაშრომში ტოტალიტარიზმის სათავეების შესახებ არაჩვეულებრივად დაუსვა დიაგნოზი ბოლო 3 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ბოროტებას „ეთნო-ნაციონალისტურ ერ-სახელმწიფოებს“.
დიახაც, „ერი-სახელმწიფოს“ ცნება არც ისე ლიბერალური და არც ისე დემოკრატიულია - ის უფრო შოვინისტურ გრძნობებს აყალიბებს და იდენტობის ირგვლივ აერთიანებს ადამიანების საკმაოდ დიდ ჯგუფებს. მერე კი მათ ერთმანეთის სასაკლაოებს აწყობინებს. გასული, მეოცე საუკუნე ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო. დიახ, ეს იდენტობის გრძნობა სწორედაც რომ სოციალურად კონსტრუირებულია - მას პოლიტიკური ელიტები აყალიბებდნენ და ზუსტად ისეთ განსაზღვრებას აძლევდნენ, როგორიც თვითონ უნდოდათ. საზოგადოების ეფექტურად მართვისათვის მისი გათიშვაა საჭირო და სოციალურ კასტებად დანაწევრება - იდენტობა კი ასეთი დანაწევრების ყველაზე კარგი საშუალებაა. კონსტრუირებულ იდენტობებს მყარის სახელს არქმევდნენ და აქედან გამომდინარე ამ ცრუ სიყალბის ირგვლი მასების მობილიზებას ახერხებდნენ „პატრიოტული ლოზენგების“ ქვეშ. ასე ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროსაც, მისი შემდეგაც, როცა „ერების დიდი გადაადგილებები“ დაიწყო, და რაღა თქმა უნდა ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში.
მუსოლინის ფაშისტური კორპორატიზმი და ჰიტლერის "არიული" ნაციზმი იდენტობის პოლიტიკის ყველაზე აშკარა გამოვლინებები იყვნენ. ისინი პირდაპირ წარმომავლობასა და გენს აყენებდნენ ადამიანის ყველაზე მაღალ განმსაზღვრელ ფაქტორად და ამით ყველა სხვა ჯგუფს "ექსკლუზიას" უკეთებდნენ. ნაციზმი ხასიათდებოდა უკმარისობის მწვავე განცდით და "ერთა შორის კონკურენციის" ყველაზე მწვავე ფორმას - ომს და საკონცენტრაციო ბანაკებს მიმართავდა სხვა სისხლის წარმომადგენელთა "პრობლემის გადასაწყვეტად". ამ პრობლემად არა მარტო ებრაელები, ბოშები, "მუსალმანები" მოიაზრებოდნენ, არამედ ნებისმიერი სხვა რასსისა და ერის წარმომადგენლები, რომლებიც "არიულ" ერთობაში არ შედიოდნენ. ასეთები კი მრავლად იყვნენ.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იდენტობის ბევრად უფრო კონსტრუირებულ ვარიანტს შეეჭიდა და მანაც მოახერხა „ნამდვილი პროლეტარის“ და 'ბურჟუაზიის დაუძინებელი მტრის“ ხატის შექმნა. მაგრამ, მე მაინც წინააღმდეგი ვიქნები რომ მემარჯვენე კორპორატისტული ფილოსოფიები, „სუფთა იდენტობის“ ფილოსოფიები რომელიმე მემარცხენე მოდელს მივუახლოვო. მემარცხენე ინტერნაციონალების ზოგადად ჰუმანისტური სწრაფვა მაინც ბევრად უფრო დადებითი მოვლენა იყო, ვიდრე სხვადასხვა ნაციონალისტური ბურჟუაზიების „დარაზმვა“ ერი-სახელმწიფოსა და „პატრიოტიზმის“ ცრუ იდეებთან. სწორედ ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რეაქციული პერიოდი სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დაიწყო. 1990 წლიდან დღემდე. დავეთანხმებოდი ჟაკ დერიდას ცნობილ შეფასებას, რომელიც მან მუსტაფა შარიფთან საუბრისას გააკეთა 2003 წელს, რომ მსოფლიომ უსამართლობის და სისასტიკის არნახული პროპორციები აითვისა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ამ ყველაფერს „იდენტობის პოლიტიკა“ ფარავდა. როცა წელიწადში როგორც მინიმუმ ერთი კლასობრივი ჰოლოკოსტი ხდება (საუბარია ყოველ წელს როგორც მინიმუმ 8 მილიონი ბავშვის გაჟლეტვაზე მხოლოდ ფასებზე კონტროლის შესანარჩუნებლად, აგრეთვე მილიონობით ქალის, ფერადკანიანის, ან უბრალოდ ღატაკის გადადგურებაზე) მას-მედიის ყურადღების ცენტრში ეს ფაქტები სულაც არ ექცევა. დღევანდელ დღეს გლობალური სამხრეთის „ღატაკი ადამიანი“ უბრალო „ცოცხალი არსებაა“, რომლის მოკვლა და „ლიკვიდაცია“ დანაშაული არაა. ასეა მიღებული ლიბერალურ სამყაროში. როგორც დიდი ამერიკელი ლიბერალი და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი ჯორჯ ქენანი წერდა, „ჩვენ (ამერიკელები) უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილს ვეზიზღებით იმიტომ, რომ მსოფლიო რესურსების უდიდეს ნაწილს მოვიხმართ". დიახ, დღეს გაუგონარი უსამართლობის დროა - მაგრამ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის „პრობლემის საბოლოო მოგვარება“ უკვე ბევრად უფრო ეშმაკური და დახვეწილი ფორმით ხორციელდება დღევანდელი ტექნოკრატი მოხელეების მიერ. ეს „უხილავი ლიკვადაციის“ (ბიზნეს ენაზე „ლიკვიდურობის“) პროექტი დღეს უფრო დიდი მასშტაბით ხორციელდება - იხოცება უამრავი უდანაშაულო ადამიანი - პირველ რიგში გლობალურ სამხრეთში - მაგრამ ჩვენ ამას უმეტეს შემთხვევაში ვერ ვიგებთ. დღეს, მსოფლიოში როგორც მინიმუმ 6 მილიარდი „ჰომო საკერია“, რომელთა „არსებობასაც“ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კორპორატიულ-პოლიტიკური ელიტისათვის. ისინი სამარეში ჩაჰყავთ „ჩუმი გენოციდით“ - ყოველგვარი ემოციების გარეშე - შიმშილით, მალარიით, ქუჩური ძალადობით, დაბალი ხარისხის ნარკოტიკით და ასე შემდეგ. ეს „პოპულაციის კონტროლის“ კარგი საშუალებაცაა და ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარების საუკეთესო ხერხიც.
გასული საუკუნის ბოლოს მემარცხენე ბანაკში, გარკვეულმა წრეებმა „ჩათრევას ჩაყოლა“ ამჯობინეს და იდენტობის პოლიტიკის მემარცხენე ვარიანციები შექმნეს. ეს იყო გენდერის, რასის და სექსუალობის ნიადაგზე შექმნილი მოძრაობები, რომლებიც ბურჟუა მენტალიტეტის მთავარ მანკიერებას „ხელოვნურ უკმარისობას“ კი არ უპრისპირდებოდნენ, არამედ უკვე „უკმარის და მწირ სამყაროში“ გამორჩეული ადგილის დაკავებისათვის შეჯიბრში საკუთარი თანასწორობის დამტკიცებას. გარკვეულ ეტაპზე, მაშინ როცა გლორია სტაინემი და ჰარვი მილქი თავის ელემენტარულ და ყველასათვის გასაგებ ჭეშმარიტებებს ამტკიცებდნენ, ეს გამართლებულიც იყო. მაგრამ უკვე 1980-იანი წლების დასაწყისიდან „იდენტობის პოლიტიკა“ წამყვანი პარადიგმა გახდა პოლიტიკურ მეცნიერებაში და აქაა სწორედ, საშინელი კრიზისი რომ დაიწყო. „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ - ასეთი სურათი მივიღეთ ცივი ომის შემდგომ. დღეს მთელს მსოფლიოში აშკარად შეიმჩნევა ერთის მხრივ ნოსტალგია ძველი იდეალების მიმართ და ამის კარგი მაგალითია სლავოი ჟიჟეკის ნაშრომები და მეორეს მხრივ ახალი თაობის ბრძოლა სხვადასხვა იდენტობებისგან გასათავისუფლებლად. უკვე 2011 წელს Occupy Wall Street-ის მოძრაობის მთავარმა სლოგანმა „ჩვენ 99 პროცენტი ვართ“, ნათლად გამოაჩინა, რომ იდენტობა თანამედროვე ადამიანისათვის უფრო ციხედ იქცა, ვიდრე თავისუფლების მიმცემად. ადამიანები ერთმანეთთან საერთოს ეძებენ, რადგან ისინი ზედმეტად გათიშა და გაამარტოსულა უკანასკნელი 40 წლის პოსტ-მოდერნულმა ინდივიდუალიზმმა. ასეთი ინდივიდუალიზმი არანაირ სოლიდარობის ფორმას არ ცნობს - ის მთლიანად მატერიალისტურია და ორიენტირებული მხოლოდ „საკუთარი თავის და საკუთარი ინტერესთა ჯგუფის“ კეთილდღეობისათვის. „ლიბერალურმა დემიკრატიამ“ და მისმა პოსტმოდერნულმა აპოლოგიამ იტალიაში მუსოლონის კორპორატიზმი დააბრუნა. რომში დუჩეს სახლ მუზეუმი აღადგინეს და მას მილიონობით ადამიანი ნახულობს წელიწადში. ახლანდელ ევროპარლამენტის არჩევნებში მოფაშისტო პარტიების ციფრი მკვეთრად გაიზარდა და მარტო ლე პენის პარტიის ასეთ მაღალ შედეგზე უკვე ვეღარაფერს ვიტყვით. ევროპელი ლიბერალებიც კი უკვე პირდაპირ ამჟღავნებენ ქსენოფობიას და რასსიზმს, როდესაც ისლამოფობიის და ანტი-ორიენტის დროშების ქვეშ ერთიანდებიან. ევროპას ისევ დაუდგა მწვავე ეთნიკურ-რელიგიური პრობლემა, ისევ ისე როგორც ჰანნა არენდტი წერდა და წინასწარმეტყველებდა. იდენტობის პოლიტიკამ ყველა ყველას წაჰკიდა - და ჰობსის სენტენცია რეალობად აქცია. ოღონდ დღეს ამას ლიბერალურ-ტექნოკრატიული სამყარო ერთადერთ ტერმინს - „ტოლერანტობას“ უპირისპირებს. ტოლერანტობა პირდაპირი მნიშვნელობით „აუტანელის ატანას“ ნიშნავს - ანუ ადამიანს მეორე ადამიანი, მართალია სძულს მისი განსხვავებული იდენტობისა გამო, მაგრამ ამ საძულველ და აუტანელ მეორე არსებას იტანს - მას ფორმალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. ბოლო, 40 წელს ფილოსოფიური ლექსიკონებიდან ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა სიტყვა „სიყვარულმა“. სიყვარული მეტად არაპრაგმატული რამ აღმოჩნდა იდენტობის პოლიტიკის და მისი თანმდევი ბურჟუა-კარიერიზმის ზეობის ხანაში - დღეს შენ თუ ვიღაც შეგიყვარდა და საკუთარ თავზე და საკუთარ ჯგუფზე მაღლა დააყენე, შენ ლიბერალიზმის „მამაო ჩვენოს“ წინააღმდეგ მიდიხარ - რომელიც არის „ეგოცენტრიზმს პლუს იდენტობა-ცენტრიზმი“. ამ შემთხვევაში უკვე ეთნიკური იდენტობა აღარ არის აუცილებელი რომ მთავარი განმსაზღვრელი იყოს - თუმცა ბოსნიის, ან ერაყის, ან აფხაზეთის ან ქაშმირის კონფლიქტებში ეს მაინც მთავარია - არა, დღეს ადამიანები სხვა იდენტობებსაც იყენებენ კორპორატისტულ გაერთიანებებში - ეს შეიძლება იყოს კანის ფერი, სექსუალობა, ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრობა, გარემოს დაცვის მიმართება და ასე შემდეგ. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია ამას რომ თან არ სდევდეს ბურჟუა ცნობიერების (რომელიც ყოფიერებას განსაზღვრავს და არა პირიქით - მარქსი აქ სცდებოდა და გრამში - არა) მთავარი დანაშაული - სამყაროს წამორმოჩენა „უსასრულო უკმარისობად“ – „უსასრულო უკმარისობა“ რომელიც ჰაიდეგერიანელ „მანში“ მუდმივ ძრწოლას და შიშს იწვევს და ეს შიში მას აიძულებს რომ ნაძირალა გახდეს ამა თუ იმ ფორმით. ბურჟუა მატერიალიზმი და უკმარისობა (Scarcity - Scar City - დაუკვირდით უკმარისობა და შრამების ქალაქი, სადაც ყველას ერთმანეთის შრამების ეშინია) არის დღევანდელი ეპოქის მთავარი „ძირეული პრობლემა“, რომელიც თანამედროვე ფაშიზმს ბადებს - ხოლო იდენტობის პოლიტიკა ამ ფაშიზმის გამოვლინებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს მუდმივად „პიდარასტებად“, „ციგნებად“, „მასონებად“, „ბნელ აღმოსავლელ გოიმებად“, „ჰომოფობებად“, „სექსისტებად“, „ჰეტერონორმატიულ ფაშისტებად“ და სხვა ასეთი შესამკობარი ფრაზებით ებრძვიან. დღევანდელ დღეს გვაქვს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“, რომლის დროსაც ჩვენი „ნეოლიბერალი ლევიათანი“, ანუ უშნო და უჯიშო სახელმწიფო (ისევ პოსტ-მოდერნულ ნეგატივიზმს მოვიშველიებ) მხოლოდ დიდ კაპიტალს და პრივილეგირებულ კლასებს ემსახურება.
ამ რეალობაში გაქრა სიყვარული - ის სწორედ „შემთხვევით შეხვედრაზეა“ დაფუძნებული და იდენტობის დავიწყებაზე. სიყვარული სწორედაც რომ იდენტობის გადაძლევაა. მე მავიწყდება მეორე ადამიანის წარმომავლობა, სისხლი, სექსუალური ორიენტაცია და მისი ადამიანობა მიყვარდება - და არ მაინტერესებს ის სადაურია, რადგანაც მასსა და ჩემს შორის ისეთ საერთოს ვპოულობ, რომელიც მე მას მაყვარებს. დიახ, სიყვარულია ის ამოუცნობი მეტაფიზიკური გრძნობა, რომელიც ყველა „გონისმიერ“ და „რაციონალურ“ აქტზე ზემოთ დგას - უფრო სწორად თვით ეს სიყვარულია ყველაზე რაციონალური აქტი. პავლე ტარსუსელის გაცხადებული სიყვარული დოქტრინა, რომელიც მთლიანად უარყოფს და აბიჯებს იდენტობას, არის უნივერსალიზმის საფუძველი. და ნამდვილად საოცარია, რომ ამის შესახებ პავლე მოციქულის გარდაცვალებიდან თითქმის 2000 წლის შემდეგ ქრისტიანობის მასსავით ერთ-ერთი ყოფილი დაუძინებელი მტერი, მაოისტი-მარქსისტი ალენ ბადიუ წერს. და კიდევ ერთი გაქანებული მარქსისტი, 1970-იანი წლების „წითელი ბრიგადების“ მეგობარი და აგრეთვე ყოფილი მატერიალისტი ტონი ნეგრი მაიკლ ჰარტთან ერთად "სიყვარულის რეინსტიტუციონალიზაციაზე" გველაპარაკება.
დიახ, იდენტობის პოლიტიკა სიყვარულის მტერი და ფაშიზმის მეგობარია, რადგან ის „განსხვავებულის“ სიყვარულს გიკრძალავს. იქნება ეს მემარცხენე თუ მემარჯვენე გამოვლინება იდენტობის პოლიტიკის - ყველა ეს ორგანიზაცია კორპორატისტულ სოლიდარობის მოდელს გვთავაზობს. მის ინტერესებშია რომ სხვადასხვა „ინტერესთა ჯგუფები“ ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ. ამის შედეგია ის, რომ ცივი ომის დამთავრების შემდგომ ეთნიკური კონფლიქტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ჯერჯერობით მათი შეჩერების ჰუმანისტური და კოსმოპოლიტური ალტერნატივა არ ჩანს. დღევანდელი „იდენტური სიძულვილის“ ეპოქაში საბჭოთა ინტერნაციონალიზმის მიმართაც გაჩნდა ნოსტალგია. ინტერნაციონალიზმის ეს კიჩური და ყალბი ფორმაც კი სანატრებელი გახდა დღევანდელ ეპოქაში - სადაც ევროპა-ცენტრისტ მოაზროვნეებს აღარ დარჩათ სიძულვილის ჯანმრთელი ალტერნატივა. „ტოლერანტობა“ სიძულვილის თანმდევია და არა მისი შემცვლელი - სიყვარულია სიძულვილის ნამდვილი ალტერნატივა. „იდენტობის პოლიტიკის“ ხანაში კი სიყვარულზე ლაპარაკი სენტიმენტალურ სისულელედ ითვლება უკეთეს შემთხვევაში - სწორედ ამიტომაა რომ ჩვენ ლიბერალური სისტემის სახელით მილიონობით ბავშვს ვხოცავთ (თუმცა თეთრი ხელთათმანებით, რადგან „ისინი ხომ შიმშილით თვითონ კვდებიან“, მაშინ როცა მდიდარი სამყარო მათ ელემენტარულ საკვებს უმალავს).
და ბოლოს, რა შეიძლება იყოს იდენტობის პოლიტიკის და თანამედროვე ფაშიზმის ალტერნატივა. ის ყოველმა საზოგადოებამ რა თქმა უნდა საკუთარ წიაღში უნდა მონახოს, ისევე როგორც მაჰათმა განდიმ მონახა „სვარაჯი“, „სვადეში“, „სერვოდია“ და „სატიაგრაჰა“ საკუთარ ვედურ ტრადიციებში და მსოფლიოს უძლიერესი იმპერია სიკეთით დაამარცხა. არა იმიტომ რომ ბრიტანეთი იყო კეთილი - ეს ძალიან საკამათოა - არამედ იმიტომ რომ თვითონ სწორედაც რომ „სიყვარულის დოქტრინას“ მიჰყვებოდა. ჩვენ მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია სიღატაკისა და სისასტიკის დამარცხება. მაგრამ ეს მეტად რთული გზაა. ყველაზე რთული ამქვეყნად სწორედ „სხვის“ საკუთარ თავზე ზემოთ დაყენებაა - „არა-ინდიფერენტულობა“, როგორც ამას ემანუელ ლევინასი იტყოდა.
ჩვენ რომ იდენტობის პოლიტიკა და ფაშიზმი დავამარცხოთ უპირიველეს ყოვლისა უკმარისობისა და მატერიალიზმის მითებს უნდა ვძლიოთ. ადამიანის კრეატიული განვითარება არის გზა სიღატაკის დაძლევისაკენ - და ამ კრეატიულ განვითარებას სწორედ ამ მატერიალისტურ-მომხმარებლური დოგმების მსხვრევა სჭირდება.
იდენტობის პოლიტიკა თესავს ნაციონალიზმს, შოვინიზმს, ჰომოფობიას, სექსიზმს, რასსიზმს, ეთნო-ცენტრიზმს, რელიგიურ ფუნდამენტალიზმს და ყველანაირ კორპორატიზმს. და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამას აკეთებს მემარჯვენე და მემარცხენე იდენტობის პოლიტიკა - ორივე.
ამ იდენტობის პოლიტიკის დამარცხება ძალიან რთულია - საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი ჯგუფის შოვინიზმი ყველა ჩვენთაგანში ზის - ყველა ჩვენთაგანი პოტენციური მოძალადეა ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. ამიტომაც, ჩვენ ჩვენს რეალობას მისადაგებული „სიყვარულის დოქტრინა“ უნდა შევქმნათ მომავლისთვის და ჩვენებურად მოვახდინოთ „სიყვარულის რეინსტიტუციონალიზაცია“. ვაჟა ფშაველას ქვეყანას ეს შეუძლია - „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთალაური“ „არა-ინდიფერენტულობის“ საუკეთესო მაგალითებია. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი იდენტობის გადალახვა და „სხვის“ შეყვარება. ღმერთი ხომ სიყვარულია.