როდესაც გამოთქმა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ პირველად გავიგე, კარგად ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ამიტომ დედასთან მივედი და ვკითხე. მითხრა, რომ ადამიანები ხანდახან გულწრფელები არ არიან საკუთარ საქციელსა თუ სიტყვებში და, რომ ამის გამო დიდი სიფრთხილე მმართებდა. რაღაცნაირად, კარგად ამიხსნა (ყველაფერს ასე კარგად მიხსნიდა ხოლმე, მაგალითად იმას, რომ ყველა ადამიანს ჩემ გარშემო პატივისცემით უნდა მოვქცეოდი). როდესაც გავიზარდე, საკუთარ სექსუალობასა და მსოფლმხედველობაში გავერკვიე, ფემინისტ აქტივისტებსა და ლგბტ თემს შევუერთდი, და დავინახე ადამიანების უსაფუძვლო სიძულვილი ჩემსა და ჩემიანების მიმართ, მივხვდი, რომ აღარც ფიცი მჯეროდა და არც (მითუმეტეს) ბოლო მაკვირვებდა. ეს ფრუსტრაცია (ასეც შეიძლება დავარქვათ) განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც ადამიანები თავისი ფსევდო-კეთილგანწყობით ახერხებენ იმ პოზიციაში ჩამაყენონ, საიდანაც მუდამ უნდა ვამტკიცო, რომ ღირსება და თავმოყვარეობა „მეც“ მაქვს და არავისი „მოწონების მათხოვარი“ არ ვარ.
ფიცის და ბოლოს ამბავი სულ ცოტა ხნის წინ გამახსენდა, როდესაც „იდენტობას“ ოფისში მისულმა თამარ ივერმა (ამავე ორგანიზაციის მიერ არაერთგზის სამართლიანად ჰომოფობიაში მხილებულმა ქართველმა სოპრანომ) განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს - ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს ლგბტ ადამიანების და ზოგადად ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ამას დაერთო ირაკლი ვაჭარაძის სიტყვა მიმტევებლობაზე და იმაზე თუ როგორ ვაპატიებთ და გვერდში ამოვუდგებით ცოდვამონანიებულ ჰომოფობებს:
“ტაბურეტკიანი მღვდელიც რომ მოვიდეს, რომელიც 17 მაისს მოსაკლავად დაგვდევდა, და თქვას, რომ სწუხს საკუთარ ქმედებებზე, ზუსტად იგივენაირად მივიღებთ. ნებისმიერი ადამიანის გულწრფელი თუ არაგულწრფელი მონანიება – მისივე გადასაწყვეტია. ჩემი გადასაწყვეტი ის არის, რომ რაც შემიძლია, ადამიანურად მივუტევო და მას გვერდით დავუდგე.”
ამ განცხადებამ ... თუმცა, სანამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემ აზრს გაგიზიარებდეთ, მოკლედ მოგიყვებით 2013 წლის 17 მაისის ჩემს გამოცდილებას (იმისათვის, რომ ჩემი აღშფოთების „ლეგიტიმურობაში“ მავანთ ეჭვი არ შეიტანონ და ყველასათვის უფრო ცხადი გახდეს ჩემი, როგორც ლესბოსელი ფემინისტი აქტივისტის პოზიცია).
2013 წლის 17 მაისს, ევაკუაციის დროს, მე და ჩემი ოთხი მეგობარი, თავისუფლების მოედანზე განთავსებულ, ერთ-ერთ ყვითელ ავტობუსში აღმოვჩნდით. პირველ ორს იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ ვიფიქრეთ ცარიელ ავტობუსში ასულები უფრო მალე გავერიდებოდით ბრბოს, რომლის ნასროლი ქვებიც უკვე ფეხებთან გვეცემოდა. ავტობუსის მძღოლი ხან კარს არ აღებდა, ხან არ კეტავდა და ბოლოს, პოლიციამ რომ უბრძანა დაქოქე და წადიო, გვეგონა გვეშველა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლესელიძეზე დაგროვილი ბრბო, რომელიც პირველ ავტობუსებს ვერ დაეწია, ჩვენ მოგვიტრიალდა. თითქმის მაშინვე ჩატეხეს ერთ-ერთი ფანჯარა, გვაგინებდნენ და მძღოლს უყვიროდნენ კარი გაგვიღე კარი გაგვიღეო და - თქვენ წარმოიდგინეთ - მძღოლმა ორივე კარი გააღო. მიუხედავად იმისა, რომ ნასროლი ქვებისგან (და ვინ იცის კიდევ რისგან) თავის ასარიდებლად იატაკზე ვიყავით მოთავსებულები, ორს მოგვიწია კარებზე ჩამოკიდება იმისათვის, რომ დაკეტილიყო და მძღოლსაც მეორედ აღარ გაეღო. ხალხის სიმრავლის გამო ავტობუსი წარამარა ჩერდებოდა და მორიგ ასეთ საცობში როცა აღმოვჩნდით, დავინახე ანაფორიანი კაცი როგორ გამოვარდა ჩვენკენ და ტაბურეტი ჩაარტყა საქარე მინას. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი - რა რა და ტაბურეტით თავდასხმას ნაღდად არ ველოდი. ამ სცენაზე გაცინება მხოლოდ ახლა - ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ შემიძლია.
იმ პოლიციელთა რაოდენობა, რომელიც ავტობუსს აკრული მიიწევდა წინ ლესელიძეზე, რიცხობრივად საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა გარშემო დაგროვილ, უმეტესწილად კაცებისგან შემდგარ ბრბოს, რომელიც დედას გვაგინებდა, ქვებს გვესროდა და ამოძახილ საშინელ, ძალადობრივ სექსუალურ სცენებს ჟესტებით და მიმიკებით უკეთებდა ილუსტრაციას. იმ ავტობუსში გამომწყვდეულ ხუთ ქალს სულ სამი პერსპექტივა გვქონდა : გაუპატიურება და ცემა, გაუპატიურება და სიკვდილი, ან სასწაულებრივი გადარჩენა, რომლისა არცერთს აღარ გვჯეროდა (განსაკუთრებით, როდესაც ბრბო მძღოლის კარს დაეჯაჯგურა, გააღო და ეს უკანასკნელი ავტობუსიდან გადაათრია). საბოლოო ჯამში გადავრჩით, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ახალგაზრდა მღვდელმა იფიქრა ჟურნალისტები არიან (ერთ-ერთ ჩვენგანს კამერა ჰქონდა, რომლითაც პერიოდულად იღებდა გარშემო რაც ხდებოდა და, როგორც ჩანს, ამან გაჭრა) და ამათი აქ სიკვდილი დიდი სკანდალი იქნებაო. ეს კაცი ჩვენს დასახმარებლად ამოვიდა ავტობუსში, თავისიანებს აჩვენებდა მეც აქ ვარ და ქვებს ნუ ისვრითო. თურქულ აბანოებს რომ გავუსწორდით და ბრბო უკან მოვიტოვეთ, მოგვიბრუნდა და გვითხრა, ნუ გეშინიათ, გოგოებო, ისეთი მხეცებიც ხომ არ ვართ, ჟურნალისტებს რამე დავუშავოთო. ამან ისე გამამწარა, რომ დაუფიქრებლად მივუგე - თქვენ შეცდით, მამაო, ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ. იმ დღეს გავიაზრე კარგად თუ რა არის სიძულვილი. ყველას ვძულდით - გაცოფებულ ბრბოს, ჩვენ გადასარჩენად ამოსულ მღვდელს, ავტობუსის მძღოლს, რომელმაც რაის ზემო ფონიჭალა და უსაფრთხო ლოკაცია, ორთაჭალის მისადგომებთან ჩამოგვყარა და თავის გზას გაუყვა. ყველას ვძულდით, მაგრამ გადავრჩით.
17 მაისის შემდეგ 2 თვე ვერ ავდიოდი ავტობუსში, თითქმის არ მეძინა, ვერ ვჭამდი, ქუჩაში გამოსულს კი ერთადერთი აზრი მაწუხებდა - გზად შემხვდური გამვლელებიდან რამდენი მესროდა ქვებს იმ დღეს. არასოდეს დამავიწყდება, რა ვიგრძენი, როდესაც ხელახლა ვნახე ჩემი მეგობრები - აი, ისინი, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში კინაღამ რომ ჩაკლეს, კეთილმა ქართველმა ქრისტიანებმა (გარდა ნაკაწრების, დაჟეჟილობების, გატეხილი თავების და სტრესის, რაც ამ ადამიანებმა მიიღეს, სამ მათგანს ტვინის შერყევაც აღმოაჩნდა). ერთმანეთს დიდხანს ვეხუტებოდით და ვტიროდით.
ალბათ გეხსომებათ, რომ 17 მაისის შემდგომ პერიოდში დიდი დისკუსია იყო ატეხილი და ლგბტ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, თუმცა ჰომოფობიის ტალღა მაინც უფრო დიდი იყო. იმ ყველაფრის ფონზე, რაც თავს გადამხდა, კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი თამარ ივერის მიერ გავრცელებული წერილი, სადაც მან „50 აწივლებული მოაღლუმე“ გვიწოდა და თქვა, რომ „აქციის ორგანიზატორებს ამჯერადაც კოვზი არა ნაცარში არამედ....სოფლის ტუალეტების ფსკერზე რომ მასაა იმაში ჩაუვარდათ“. ევროპაში მოღვაწე და მცხოვრები ეს ქალბატონი გვეუბნება: „გამალებული ნუ ეწევით საქართველოს ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის ფეკალური მასების შემოტანა-პროპაგანდას,“ და აღტაცებული დასძენს, რომ ქართველი ერი „რა ამბავიც არ მოსწონს....იმ ამბავს მოკლედ და კონკრეტულად ყბაში ადებს!!!!“. აქვე გვაქვს გენიალური სამეცნიერო დასკვნა ჰომოსექსუალობის წარმომავლობასთან დაკავშირებით: „ეს ყოველივე ხომ მაინც სექსუალური გადახრაა და ძალიან ღრმა და დიდი ისტორიის მართლმადიდებლურ საქართველოში მას არ სჭირდება პარადები ... ეს ყოველივე ბავშვების ფაქიზ ბუნებაზე დამანგრევლად მოქმედებს,მით უმეტეს რომ სამედიცინო თვალსაზრისით გეიდ 50 ადამიანიდან დიდი დიდი 3 იბადება,დანარჩენებს იგი სწორედ მოდის აყოლის და რაღაც გარკვეულ ასეთ წრეში შესვლის შემდეგ უბრალოდ შეძენილი აქვს.“
კეთილი. მაშინ ძალიან გამიხარდა, რომ „იდენტობამ“ ეს წერილი თარგმნა და იმ ოპერის თეატრებს გაუგზავნა, რომელთანაც ივერი თანამშრომლობს. მას შემდეგ, ივერმა საკითხთან დაკავშირებით ერთი-ორი ისეთივე საძაგელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გეების „მკურნალობის“ წარმატებულ მაგალითებზე, საკუთარ გამბედაობაზე (აქაოდა ევროპაში რეპუტაციის შელახვისა არ შემეშინდა და ხმა ავიმაღლე ამ უმსგავსობის წინააღმდეგო) გააგრძელა საუბარი, არსად არაფერი არ მოინანია და არც ქმარს დააბრალა მის მაგივრად პოსტის დაწერა (როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა) უფრო მეტიც, გვარწმუნებდა, რომ სულაც არაა ჰომოფობი და მისმა გეი კოლეგებმა ეს კარგად იციან.
ცოტა ხნის შემდეგ, კერძოდ კი ამავე წლის 1 ივნისს, თამარ ივერს „იდენტობასთვის“ მოუწერია და „ბოდიში“ მოუხდია ლგბტ ადამიანებისთვის, თუმცა ეს ქალბატონი თავის საბოდიშო წერილშიც კი ახერხებს უარყოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, დააბრალოს სიძულვილით აღსავსე წერილის დაწერა/გამოქვეყნება „იმ შთაბეჭდილებებსა და მონათხრობს , რაც ახლობლებმა თბილისიდან მიაწოდეს“ (აქ მგონი ქაშუეთის ეზოში შეჭრილი ტიტლიკანა გეების მითი იგულისხმება) და შესაბამისად, დათქმები გააკეთოს ძალადობასთან მიმართებაში:
„შემდგომ, როგორც გავიგე სულ რაღაც 50-მდე ადამიანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მდუმარე აქციის ჩატარების სურვილი ყოფილა. შემდგომ კი ვიხილე არა”ბიჭებმა დაშალეს”, არამედ, ის საშინელი რეალური დარბევის ვიდეოკადრებიც, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. რა თქმა უნდა სტატუსი წამსვე წავშალე მაგრამ “კეთილისმსურველებმა” უკვე მოასწრეს მისი დაკოპირება და გავრცელება.“
როგორც ჩანს, 50-ის ნაცვლად 250 რომ ვყოფილიყავით, აქცია არ ყოფილიყო მდუმარე და „ბიჭებს დავეშალეთ“ (ვინ ბიჭებს ოღონდ?), ქალბატონი ივერის სამშობლოზე შეწუხებულ გულს ეს ნამდვილად მალამოდ მოედებოდა.
წელს, ივნისის ბოლოს ავსტრალიელმა მეგობარმა მომწერა, თამარ ივერი ჩამოდის აქ, ჩვენმა მედიამ ჰომოფობიური განცხადებები გაუხსენა და გამაგებინე ერთი რა ხდებაო. თურმე ავსტრალიაში სამღერად გამზადებულ ივერს წინ დაუხვდა საკუთარი ჰომოფობიური წერილი და სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში ავსტრალიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ „ოპერა ავსტრალიამ“ მას ხელშეკრულება გაუუქმა. ავსტრალიელების მაგალითს მალევე მიბაძა ბრიუსელის ოპერამაც. არ გაჭრა არც ჩვენი სოპრანოს ბოდიშებმა და არც ქმარზე გადაბრალებამ, აქაოდა მე კი არა, აღელვებულმა რაულმა დაწერა ეგ სტატუსიო. ჩემთვის მოვლენების ამგვარი განვითარება სამაგალითო და მოსალოცი ამბავი იყო (და ახლაც არის). როგორც იქნა, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ქართველი „ხელოვანი“ ადამიანები მიხვდებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული სიკეთეებით სარგებლობა და ამავე დროს მისი ღირებულებების ფეკალურ მასებთან შედარება მთლად კარგი ამბავი არ არის და შეიძლება რეალურად უარყოფითი შედეგიც მოყვეს. თუმცა ჭირი იქა, ლხინი აქა არ გამოვიდა, ივერი საქართველოში ჩამოვიდა, „იდენტობას“ ეწვია და веселиться и ликует весь народ …
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ თამარ ივერის გულწრფელობის არ მჯერა. ბევრი უკვე ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, ბოდიში ბოდიშია, და თან „კარგი“ საქმის გაკეთებაც უნდაო. არა, ჩემთვის (და ვიცი, რომ ამ აზრზე მარტო არ ვდგავარ) სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თამარ ივერმა აზრი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებზე მხოლოდ მას შემდეგ „შეიცვალა“, რაც მის კარიერას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უცებ „დაიჯერა“, რომ ჩვენ ცუდად გვექცევიან საქართველოში (და „საკუჭნაოებში გვამყოფებენ“), „დაიჯერა“, რომ მისმა განცხადებამ ზიანი მოგვიტანა. მისი წინა ინტერვიუების და წერილების არათანმიმდევრულობა (რომელსაც ნაწილობრივ ზემოთ შევეხე) მხოლოდ იმის დამადასტურებელი ნიშანია, რომ ეს ადამიანი ლგბტ ადამიანების სახელს (მათ შორის ჩემსას) მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს. ამის ფონზე, მისი ბოდიშის, როგორც ასეთის მიღება, სამაგალითო საქმე შეიძლება იყოს, მაგრამ მისთვის ისეთი თარიღის დათმობა, როგორიცაა 11 ოქტომბერი - ქამინგ აუთის საერთაშორისო დღე - უდიდესი ცინიზმი და შეურაცხყოფაა.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ორგანიზაცია, რომელიც თავს სათემო ლგბტ ორგანიზაციას უწოდებს, ნიადაგს უქმნის ივერისნაირ ჰომოფობებს ლგბტ თემის სახელი გამოიყენოს საკუთარი კარიერისა და რეპუტაციის აღსადგენად. ბევრი იტყვის, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ბევრი იტყვის „ვაუ, პირველად საქართველოში!“, და არ შეიმჩნევს იმას, რომ ლგბტ ადამიანები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი სახელის და უფლებების ხარჯზე მუდამ ვიღაც (მათ შორის ისინიც, ვინც ჩვენიანებად მიგვაჩნია) ქულებს იწერს, ოპონენტების დისკრედიტაციას ან საკუთარი რეპუტაციის აღდგენა/ამაღლებას ცდილობს. წლევანდელი 17 მაისის ფონზე, როდესაც სახელმწიფომ და სამოქალაქო საზოგადოებამ სრული კრახი განიცადა და ლგბტ ადამიანებმა შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა ისევ ვერ შევძელით, ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტ დამცირებად მეჩვენება. საკუთარი პოპულარობის ამაღლება ფართო საზოგადოებაში, მიმტევებლობითა და გაშლილი მკლავებით, და იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ყველა მონანიებულ ჰომოფობს მივუტევებთ და მივიღებთ, ისეთივე პოპულიზმია, როგორიც ჩვენ პოლიტიკოსებს ჩვევიათ ხოლმე ელექტორატის მოსაზიდად. ამიტომ, ვამბობ - მე, რომელსაც პირადად მომდევდა „ტაბურეტკიანი მღვდელი“ თავის მრევლთან ერთად, არ ვარ მზად ის რამენაირად მივიღო ან მივუტევო. ეს ადამიანი დღესდღეობით ბრალდებულის სკამზე ზის და ბევრი ჩემი მეგობარი შიშის, სტრესის, ღამის კოშმარებისა და სასამართლო დარბაზში მობილიზებული ჰომოფობების ზეწოლის მიუხედავად მიდის სასამართლო პროცესზე და აძლევს ჩვენებას იმისათვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამგვარ „მიმტევებლობასა“ და „მიმღებლობაზე“ საუბარი იმ ადამიანებს უფრო უადვილდებათ, ვისაც 17 მაისის საშინელებები (იქ ყოფნის მიუხედავად) ნაკლებად შეეხოთ და ვინც უფრო ადრე გაერიდა საფრთხეს.
ჩემი აზრით, კოლექტიური მიტევება არ არსებობს. თითოეულმა ჩვენგანმა, თუკი ამის სურვილი და ძალა გვაქვს, ინდივიდუალურად უნდა მივუტევოთ მათ, ვინც რამე დაგვიშავა. თუმცა მიტევება და მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს კიდევ ერთხელ მივცე საკუთარი თავის და სახელის გამოყენების საშუალება მისივე ინტერესებისთვის. მიტევება და მიღება არც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა პასუხი არ აგოს თავის საქციელზე ან, რადგან ბოდიში მომიხადა, მე დავეხმარო ეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. 11 ოქტომბერი ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც ღიად ბევრი ჩემი მეგობარი (და ზოგიერთ სიტუაციაში მეც) ვერ აღნიშნავს და რომელიც ჩემი აზრით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს თამარ ივერისნაირი ჰომოფობების მორიგ პლატფორმად.