Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არშემდგარი გმირი

26 ივლისი 2014

გუშინ ვფიქრობდი - როგორი მაგარია, როცა „თავში ავარდნის“ პერიოდი გაქვს. აი, კოლუმბიელ ბიჭს, ხამეს როდრიგესს რომ აქვს ბოლო თვეში. როგორია, აბა, ერთდროულად, მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობა (თან ბრაზილიაში, თან მესის და კრიშტიანო რონალდუს ეპოქაში), მუნდიალის ულამაზესი გოლის ავტორობა და შემდეგ ტრანსფერი პლანეტის ყველაზე ტიტულოვან კლუბში. შემდეგ საგანგებოდ მის დასახვედრად გამართული საპრემიერო მატჩი და პირველი გმირობა ახალ კლუბში. ნახავდით იმ კადრებს, მოედანზე მის ჩასახუტებლად შევარდნილ პატარა გულშემატკივარს როგორ გადაეფარა და „გააფთრებულ“ სამართალდამცველებს ხელიდან გამოწიწკნა 15 წლის ბიჭი. ხამესი „ხამი“ არ აღმოჩნდა და დღეს მთელი მსოფლიო მისი საფეხბურთო მიღწევებისა თუ მონაცემების ნაცვლად, მის გმირობაზე ლაპარაკობს.

მასშტაბებია მოკრძალებული, თორემ გმირი გუშინ ერთი ქართველი „ბიჭიც“ უნდა გამხდარიყო. უცბად შემოვურბინოთ ქართულ ფეხბურთს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სამარცხვინოდ გამოვარდნენ ჩვენი კლუბები, ეროვნული ნაკრებისგან უკვე მოლოდინიც აღარ გვაქვს და უცბად იფეთქა გუნდმა, რომლისგანაც არავინ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა. იფეთქა, თან როგორ ბრძოლაში, თან როგორ მეტოქესთან, თან როგორი დრამატული სცენარით...

მანამდე კი ჩიხურამ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა თურქეთში,- 90 წუთიანი ჯოჯოხეთი, შემდეგ 120 წუთი თბილისში. აი, 119-ე წუთზე, შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა ახლოს, ძალიან ახლოს. მშვიდად აკოცა და შემდეგ ცივი გონებით გაასწორა ბურთი... აფეთქდა მიხეილ მესხის სტადიონი და ახლდაშობილმა გმირმა 90 მეტრი (იმ დღეს პირველად) გაირბინა და საპირისპირო მხარეს განლაგებულ სტუმართა სექტორთან არანორმალური სისწრაფით მიიჭრა. მუხლებზე გასრიალდა და ბურსას ქომაგებს, ამ მატჩის ერთ-ერთ მთავარ მშვენებას, (120 წუთი არცერთი თურქი ქომაგი არ დამჯდარა, არცერთს სიმღერა არ შეუწყვეტია) ხელით თავისი „მშვენებისკენ“ მიუთითა. აღარაფერს ვამბობ შეხლა-შემოხლაზე, რომელიც ამ ფაქტს ჯერ მოედანზე, შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მოყვა (ისედაც ვიცით რა მარაზმის ზეიმი იყო ჩვენი არშემდგარი გმირის საქციელი)... აი გული მაშინ დამეწვა, როცა გასახდელში ბურსას მწვრთნელი შევნიშნე, რომელიც აჩი არველაძეს ესაუბრებოდა. გზად ის დერეფანი უნდა გამევლო და რამდენიმე სანტიმეტრში ჩავუარე ყოფილ მწვრთნელსა და ფეხბურთელს... ტყუპისცალი ბოდიშს უხდიდა!

რამდენიმე რჩევა ჩვენებური კლუბების მწვრთნელებს: შეკრიბეთ ფეხბურთელები დიდ ეკრანთან, აკრიფეთ www.youtube.com, შემდეგ ძიების ველში ჩაწერეთ football+respect და დიდი ხანი აყურებინეთ იმ ასეულობით მაგარ მომენტს, რომელიც მილიონობით გატანილ გოლზე მეტია... და კიდევ, იაფად შემიძლია გაშოვნინოთ ვაჟა ფშაველას ხუთტომეული. იქ ბევრი ძებნა არ დაგჭირდებათ, მეორე ტომი პირდაპირ ამ ნაწარმოებით იწყება, „სტუმარ-მასპინძელი“ ჰქვია.

მადლობა ჩიხურას, რომ ფეხბურთი დაგვიტოვა სააგვისტოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^