გუშინ, 28 ივლისს, ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. არ მოვყვები თუ როგორი ცუდი დაავადებაა და როგორ არ შეიძლება მისით ინფიცირებულების სტიგმატიზაცია და ა.შ. ეს ისედაც ცხადია, ვეცდები საკითხი სულ სხვა კუთხით განვიხილო.
2006 წელს საქართველოში სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია გაუქმდა, რომელიც სილამაზის სალონებში და სტომატოლოგიურ კაბინეტებში სანიტარულ კონტროლს ეწეოდა, ამოწმებდა სტერილიზაციის ხარისხს და ა.შ. დარღვევის შემთხვევაში მეპატრონეს ჯარიმა ეკისრებოდა. გაუქმების შედეგად ერთგვარ ბედისწერის კატეგორიაში გადაინაცვლა მომხმარებლის საქმემ, ის მეპატრონის, ან უშუალოდ მომუშავე პერსონალის კეთილი ნების იმედად დარჩა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ვირუსი ინაქტივაციას ყველაზე რთულად განიცდის (განსაკუთრებით ჰეპატიტის B). სტერილიზაცია უნდა იყოს 100° - ზე მინიმუმ 30 წუთი. აგრეთვე B ჰეპატიტის ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 3 თვე ცოცხლობს, როცა ჩ ჰეპატიტის მაქსიმალური გამძლეობა 4 დღეა, ხოლო აივ ინფექციის - 2. ესაა ის საბაზისო ცოდნა რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ მომხმარებელს და მეორე მხრივ ამის ცოდნა მოეთხოვება რისკ ჯგუფების მქონე საქმიანობის მფლობელებს, მომუშავე პერსონალს და ა.შ. ყველა მსგავს საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია, მაგალითად, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ერთხმად აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გავრცელების წყარო მსგავსი სალონები და სტომატოლოგიური კაბინეტიებია. რასაც ასევე ერთხმად აცხადებენ ესაა, მომხმარებლების არაინფორმირებულობა და მფლობელების და მომუშავე პერსონალის ინდეფერენტული დამოკიდებულება.
თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ინსპექციის გაუქმების შემდეგ, იგი ასე გამოიყურება:
2006 წელი - 1010 შემთხვევა,
2007 წელი - 1154 შემთხვევა,
2008 წელი - 2117 შემთხვევა,
2009 წელი - 1968 შემთხვევა,
2010 წელი - 2006 შემთხვევა.
საკუთარი ემპირიული დაკვირვებითაც ასეა, მე ვცდილობ ზედმეტად დავიცვა სტერილიზაციის ნორმები და საკუთარი სადეზინფექციო ხსნარიც მიტარებია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამაზე აქცენტის გაკეთება ცუდ ტონადაც ითვლება, ერთგვარ ჰეროიკულ აქტს მოითხოვენ - უაზროდ გარისკო სიცოცხლე.
ამ ყველაფრის ფილოსოფიურ-პოლიტიკური ანალიზი რომ გავაკეთოთ, მოდერნული წესრიგი მოქმედებს იმ პირობებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის თეორიაა, იმიტომ რომ მისი უარყოფის შემთხვევაში, სხვა ყველა თეორიას აზრი ეკარგება, ხოლო მეორე რაც ამ თეზისის გასააზრებლადაა საჭირო, ესაა განათლება, ამიტომაცაა რომ სახელმწიფომ პირველ რიგში ჯანდაცვას და განათლებას უნდა მიხედოს.
ამ საკითხს განხილვასაც ზუსტად ამ ჭრილში ვაპირებ.
ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნაციონალური მოძრაობის მმართელობის ჭრილში. C ჰეპატიტი ზუსტადაც სალონებში და სტომატოლოგიურ კაბინეტებში უფრო გადადის - სისხლით, სხვა ბიოლოგიურ სითხეებში მისი კონცენტრაცია ძალიან დაბალია, ხოლო სისხლის შემთხვევაში კი პირიქით. 200 000 ადამიანია ინფიცირებული, 5%, ყოველი მეოცე ინფიცირებულია, ესაა კატასტროფული მაჩვენებელი ეპიდემიისა, დაახლოებით ასეთი ვითარებებია სამოქალაქო ომის პირობებში მყოფ ქვეყნებში, სადაც დიდი რაოდენობით ხდება სისხლის გადასხმა.
სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის გაუქმება, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ წარმატებით მუშაობს, ალბათ თავისუფალი ბაზრის ფეტიშიზმით აიხსნება - მინიმალური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან და კლიენტის თავისუფლება - იყიდოს პროდუქტი სადაც უნდა იქ. ნაციონალური მოძრაობა გვევლინებოდა თავისუფალი ბაზრის სამღვდელოებად, როგორც ახალ, უალტერნატივო პოსტ-საბჭოთა წესრიგად, ყოველთვის ახალისებდა იმ რიტორიკას, სადაც ჯანდაცვა და განათლება, ეს ინდივიდის პირადი პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამ ბაზრის პრინციპებსაც არღვევდნენ და ვნახეთ სახელმწიფოში შეზრდილი ეკონომიკა. ამ პრინციპებში მთავარია არ არსებობდეს მონოპოლია, იყოს მწარმოებლების სიუხვე და მათი წარმატება არეგულიროს კლიენტმა, ანუ რომელიც არ მოეწონება, მის პროდუქტს აღარ შეიძენს, ეს ინფორმაცია ასევე შესაძლოა გაავრცელოს საკუთარ სანაცნობო წრეში და ა.შ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ინფორმაცია ემპირიული გზით უნდა მოიპოვოს, ცდისეული გზით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გვაცნობებს რომ ჩ ჰეპატიტით შეიძლება დავინფიცირდეთ რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაში, უკვე სავალალო შედეგია და ვერ შევადარებთ მაგალითად; ნაყინის მწარმოებლებს, სადაც შეიძლება გურჯაანის პროდუქტი გააკრიტიკო და აღარ იყიდო. ამ პრინციპების თანახმად მივიღეთ ის სურათი, რომ მოიხმარდი რომელიმე სტომატოლოგიური კაბინეტის ან სალონის მომსახურებას, თუ დაინციფირდებოდი იტოვებდი შესაძლებლობას მეორედ წინდახედული ყოფილიყავი, გეცნობებინა მეგობრებისთვის და ა.შ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ ისაა რომ ვერასოდეს გაიგებს პაციენტი სად დაინფიცირდა. ეს მედიცინის ფილოსოფიაა და უფრო ზუსტად ვენერიული დაავადებების. მოდერნული წესრიგის პრინციპების თანახმად, კომუნიკაცია ნდობაზეა დაფუძნებული, მაგალითად - ჩვენ ვენდობით პროდუქტის შეფუთვაზე დაწერილს „100% ნატურალური“ რომელიც კონკრეტულმა ორგანიზაციამ შეამოწმა, ანდაც ვენდობით უნივერსიტეტების შესახებ სიებს, თუ რომელია პირველ ადგილზე, რომელი მეორეზე და ასე ვადგენთ პრიორიტეტებს, ანუ პირადად არ ვამოწმებთ, მაგრამ ვიცით რომ ჰარვარდი კარგი რამეა. ასეა მედიცინაც, მაგრამ უფრო ძლიერი ნდობის სისტემით ოპერირებს, ერთი მხრივ სამედიცინო ლიტერატურა დგება მთლიანად ნდობაზე დაფუძნებით, როცა ექიმი ენდობა პაციენტის მიერ მოყოლილ ინფორმაციას და გაუთვალისწინებელი რჩება ის ფაქტები, რომელიც გამორჩა მთხრობელს, მეორე მხრივ კი პაციენტი სრულ ნდობას უცხადებს კლინიკას, სადაც ანალიზის პასუხებში დადებით და უარყოფით პასუხებს ენდობა და არ იღებს მონაწილეობას მის ლაბორატორიულ შემოწმებაში. ასეთ ვითარებაში, ზუსტი პასუხი, თუ სად დაინფიცირდა კონკრეტული პირი შეუძლებელია პასუხგაცემული იქნეს, მით უმეტეს, იმ ვირუსის შესახებ რომელიც დიდი გამძლეობით გამოირჩევა. რჩება მხოლოდ ვარაუდები და რისკ ფაქტორები თუ სადაა მეტად საფრთხილო - ეს კი ზუსტადაც სალონები და სტომატოლოგიური კაბინეტებია. რაც შეეხება ინტრავენურ ნარკომანიას, შიდსის ცენტრის მონაცემებით ყოველწლიურად საოცარი პროგრესიით იკლებს მათი რაოდენობა, საერთო შპრიცით ძალიან ცოტაღა თუ სარგებლობს.
მკურნალობის შესახებ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენადაც სახელმწიფო ხელებს იბანდა მისი მოქალაქეების დაინფიცირებაზე, იმდენად მათ მკურნალობაზეც დიდ უუნარობას გვთავაზობდა. კოლოსალური რაოდენობის თანხა იყო გადასახდელი, ინტერფერონით მკურნალობაზე, 48 კვირიან კურსში სადღაც 11 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნია რომ ეს პრეპარატი იწვევს გვერდით ეფექტებს, საკმაოდ სავალალოს. ამ სიცოცხლის თეორიის უპატივცემლობის პირობებში უწევდა ხალხს ცხოვრება, რომელიც მასობრივ დეპრესიასაც აწარმოებდა. ახლა თითქოს 60% შემცირდა მკურნალობის საფასური, მაგრამ დიაგნოსტიკა ღირს ძვირი საშუალო ხელფასთან და დასაქმების მაჩვენებელთან მიმართებაში, ის დარჩენილი 40% იც დიდი თანხაა. აგრეთვე, არსებობს ახალი თაობის პრეპარატი, რომელიც უფრო დახვეწილია გვერდითი მოვლენების მხრივ და უფრო ეფექტიანიცაა. სახელმწიფოს თუ სურს რეალური ცვლილებები დააფიქსიროს ზუსტადაც მსგავსი პროექტები უნდა განახორციელოს და არა ფანტომური სამართლიანობის აღდგენით დაკავდეს!