Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წამალი, როგორც საწამლავი

15 აგვისტო 2014

დედაჩემი ექიმია. ოღონდ თავისებურად ახირებული ექიმი. მისი ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, წამლების გამოწერას მაქსიმალურად არიდებს თავს. არასოდეს ნიშნავს აბებს მაშინ, როცა წამლისნაირი ეფექტის მოტანა ორგანიზმისათვის ჯანსაღ კვებას და ბუნებრივ ინგრედიენტებს შეუძლია. ალბათ, იმ ძველ, კეთილ 90–იანებში, განსაკუთრებით, ზამთრის ცივი საღამოებისას, ამიტომაც იდგა პაციენტთა რიგი ჩვენთან, სახლში. მაშინაც და ახლაც,  დედაჩემის პაციენტები ძირითადად არცთუ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე და ის ადამიანები იყვნენ/არიან, რომლებსაც წამლების შეძენის ფული არ აქვთ, ან არ უყვართ.

მედიკამენტების შიში დედაჩემის შთაგონებებიდან ქვეცნობიერად გადმომედო, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ანუ, მას შემდეგ, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კვებაზე გავხდი დამოკიდებული. ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც ერთმა კოლეგამ მითხრა, ანტიბიოტიკს  პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში რამდენჯერმე ვსვამო (!!!).

ჩემი კოლეგა ძლიერმოქმედ ანტიბიოტიკს წელიწადში რამდენჯერმე, აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობს.  ბუნებრივია, ფარმაცევტები არასოდეს დაინტერესებულან,  ჰქონდა თუ არა მას რეცეპტი. ჩემმა კოლეგამ არც ის იცის, რომ ანტიბიოტიკის ხშირად და დიდხანს მიღება, სოკოს, ალერგიულ ფონს, ღვიძლისა და თირკმელის დაზიანებას და ათას საშინელებას იწვევს. დარწმუნებული ვარ, ნიმესილის, კეტონალისა თუ დიაზეპამის უკუჩვენებების შესახებ, არც იმ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, წამლების რეცეპტულ გაყიდვაზე გადასვლას რომ აპროტესტებენ. 

განსაკუთრებული პანიკა ნიმესილმა გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებლების გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, გადავწყვიტე, გამეგო, რის გამო მოხდა შეზღუდული პრეპარატების სიაში. გუგლმა მიპასუხა, რომ სინამდვილეში ნიმესილს დიდი სიფრთხილით ნიშნავენ. მისი მიღება კატეგორიულად დაუშვებელია ფეხმძიმეებისა და კუჭის დაავადების მქონე პირებისათვის, შეიცავს შაქარს და დიაბეტიანებისთვისაც არ შეიძლება. ასევე გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც პრეპარატის მიღებამ ცენტრალური ნერვული სისტემა დააზიანა, მისმა ხანგრძლივმა მიღებამ კი, შესაძლოა, ანემიაც გამოიწვიოს. ამ პრეპარატს, როგორც აღმოჩნდა, თითქმის ნახევარი საქართველო, სხვადასხვა ტკივილის გასაყუჩებლად, ყავასავით სვამს.

მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვით გამოწვეული შოკის ერთ-ერთი მიზეზი ის სიაც აღმოჩნდა, რომელიც ოფიციალურ ნუსხამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა და რომელშიც უამრავი წამალი იყო ჩამოთვლილი. მოგვიანებით რეალური ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა, თუმცა აჟიოტაჟი ჯერ არ ჩამცხრალა. პანიკაზე უფრო სამწუხარო ისაა, რომ აღშფოთებულთა დიდ ნაწილს აზრად არ მოსვლია, გადაემოწმებინა, რატომ მოხვდა რეცეპტით გასაცემთა სიაში მათთვის ნაცნობი მედიკამენტები, რა უკუჩვენებები აქვთ მათ და რას იღებდნენ ყოველდღე წლების მანძილზე ისე, რომ არ დაინტერესებულან.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ საფთიაქო ქსელები, რომლებიც ორი დღეა, ისტერიულად გზავნიან მესიჯებს არასწორი და პანიკის გამომწვევი ინფორმაციით, მესიჯის ბოლოს კი, ჩვენდა სასიკეთოდვე მოგვიწოდებენ, ვიჩქაროთ. 

ზოგადად, უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ევროპელობა გვინდა და თან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველობას გვართმევენ, ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და 17 მაისს მზად ვართ, განსხვავებულები ჩავქოლოთ, ვიწონებთ ევროპის გამოცდილებას რეცეპტების შესახებ, ვაპროტესტებთ ფსიქოტროპიული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას ჩვენთან და სხვა, არანაკლებ სახიფათო პრეპარატებზე რეცეპტის დაწესების შემდეგ, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მთავრობას ახალი მზაკვრული ჩანაფიქრი აქვს, რომელიც იდეაში, სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც ყველა ცივილიზირებული, ევროპული სახელმწიფო აკეთებს და რომლის ვალდებულებაც იმ ასოცირების ხელშეკრულების გარეშეც ჰქონდა მთავრობას, რომელზე ხელმოწერაც საყოველთაო ზეიმით აღვნიშნეთ.

რა თქმა უნდა, შორს ვარ აზრისაგან, რომ რეცეპტით წამლის გაყიდვა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს (სხვათაშორის, ჩემი ერთი ქიმიკოსი მეგობარი ამბობდა, აკრძალულ ნუსხაში კია შესული პრეპარატები, მაგრამ იმავე შემადგენლობის და სხვა სახელწოდების მქონე წამლები, ურეცეპტოთა სიაში მაინც წერიაო და თუ მართალია, ესეც უნდა შეისწავლონ), ვერც ექიმთა კვალიფიკაციისა და განათლების დონის პრობლემებს აღმოფხვრის, ვერც მათ კარებთან დამდგარ გაორმაგებულ რიგებს უშველის და ვერც პაციენტისადმი მათ აგდებულ დამოკიდებულებას მოაგვარებს. სამაგიეროდ, ნებით თუ უნებლიეთ, ექიმებთან წელიწადში ერთხელ, თუნდაც იმ ხანგრძლივი რეცეპტისათვის მაინც მოგვიწევს მისვლა და თვითმკურნალობის შედეგებთან ერთად, იქნებ ისეთი შემთხვევებიც შემცირდეს, კიბოს მესამე-მეოთხე სტადიაზე აღმოჩენები რომაა.

P.S.  პრეპარატების შეზღუდვამ ნათლად აჩვენა, რამდენი ადამიანია დამოკიდებული ნიმესილზე, ვალიუმზე, სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელსა და ძილის წამლებზე. ბუნებრივია, ისინი ამ ყველაფერს რეცეპტის გარეშე იძენენ. პირადად მე, საჭირო მედიკამენტის რეცეპტით შეძენაზე მეტად, პანიკის საფუძველს ამ ფაქტში უფრო ვხედავ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^