Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უძრავი ველოსიპედი

03 სექტემბერი 2014

ტექნიკური პროგრესის თემის მიმართ ტრადიციულად ორი საპირისპირო განწყობა არსებობს: - ერთი გადაჭარბებულ მოლოდინებს მოიცავს და მანქანური ცივილიზაციის შედეგს საყოველთაო კეთილდღეობაში ვარაუდობს, მეორე კი მანქანებს ჰუმანიზმის მტრად მიიჩნევს და თვლის, რომ ის დიდწილად აზარალებს ადამიანურ ღირებულებებს და სამყაროსთან ადამიანის გაუცხოებას იწვევს.

1968 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის MOMA-ში გაიხსნა გამოფენა სათაურით - „მანქანა მექანიკური ეპოქის დასასრულს“, რომლის მონაწილე ხელოვანებმა მანქანების თემაზე სხვადასხვა ინტერპრეტაციები აჩვენეს და სადაც ორივე ზემოთხსენებული განწყობის მომხრეები იყვნენ.

„მტვრის ტაქტიკური პულსი“ იყო ინსტალაცია, რომელიც მინის ყუთში მოთავსებულ მტვერს აჩვენებდა ინფრაწითელ განათებაზე და ხმასაც გამოსცემდა. ორგანიზაციამ „ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში“ ეს ნამუშევარი დააჯილდოვა როგორც ხელოვანისა და ინჟინრების შრომის ერთობლივი ნიმუში. ინსტალაციის ავტორი - ჟან დიუპუი მომდევნო ორმოცი წლის მანძილზე ამ მიმართულებით აგრძელებდა მუშაობას, ანუ ტექნოსენსორულ ხელოვნებას ქმნიდა.

მას ეკუთვნის ველოსიპედი ვარდების რევოლუციის მოედანზე, რომელიც დღემდე სკულპტურების ირგვლივ განვითარებული ტრადიციული თბილისური ვნებათაღელვის საგანია. ასევე ტრადიციულად სკულპტურა სიურპრიზად მოევლინა ქალაქს და ორგანიზატორებს არც უფიქრიათ ხელოვანი წარედგინათ მანამდე საზოგადოებისთვის და ნამუშევარიც უფრო დეტალურად გაეცნოთ. უმეტესობამ დიდი ზომის ველოსიპედი (7მX4მ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდად და ქალაქში ველოსიპედებით გადაადგილების მოწოდებად აღიქვა. თუმცა ფაქტი, რომ ველოსიპედს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული საჭე და სკამი აქვს, რაც მისი გადაადგილების უნარს საეჭვოდ აქცევს, ერთგვარად შემაცბუნებელ გამოცანად დარჩა.

მოქალაქეთა შედარებით მცირე ნაწილი იმაზეც დაფიქრდა, რომ ეს არ არის მთლად პროპაგანდა და საინტერესოც იყო, რისკენ მიანიშნებდა სკულპტორის ირონიული ორაზროვნება.

ველოსიპედის თემა თანამედროვე ხელოვნებისთვის ახალი ამბავი არ არის. ე.წ. რედიმეიდის ერთ-ერთი პირველი ნიმუში - ველოსიპედის ბორბალი სკამზე (1913)  - თანამედროვე ხელოვნების ისტორიის ყველა ვერსიაშია შეტანილი. არსებობს მარსელ დიუშანის ინტერვიუს ფრაგმენტიც, სადაც ის ამ ნამუშევარზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდოდა ინტერიერში რაღაც მოძრავი-მოქმედის შეტანა, როგორი ეფექტიც აქვს მაგალითად ოთახის განწყობას, სადაც ცეცხლი ანთია ბუხარში. 

მბრუნავი ბორბლის სიმბოლოს იმდენ გამოსახულებაში შეხვდებით, ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ის ერთ-ერთი პოპულარული მხატვრული სახეა კანონიკურ მხატვრობაში, რენესანსულ ტრადიციაში, მოდერნისტულსა თუ პოსტმოდერნისტულში. ამ ფონზე ცოტა უცნაურად გამოიყურება ის რეაქციები, რომლებიც დიუპუის ველოსიპედის მიმართ გაჩნდა და კომენტარები, რომლებითაც ეს ნამუშევარი თითქოს მარსიდან ჩამოგდებულ უცხო სხეულს უტოლდებოდა.

ნებისმიერ მხატვრულ ფორმას რომ კონტექსტი განსაზღვრავს და მის ტრანსფორმაციაში მონაწილეობს, ამას სამხატვრო სასწავლებლების პირველკურსელებიც კი უნდა აცნობიერებდნენ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. დიუპუის ველოსიპედისთვის შერჩეულ ადგილთან შეიძლება პრეტენზიები იყოს. ალბათ შეიძლებოდა მისთვის უფრო შესაფერისი სივრცის მოძებნა. თუმცა თავისი ორი საჭითა და სკამით დაბლოკილი მოძრაობის თემა სხვა კონტექსტებს - ერთ წრეზე სიარულს, ერთი ადგილის ტკეპნას, გამოცდილების ვერგამოტანას, წლების მანძილზე მუდმივად გამეორებულ ერთსა და იმავეს – კარგად ერითმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^