შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი უფლებები - ამ თემაზე საფუძვლიანი, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ.
სანამ ჩვენ ამ თემაზე საფიქრალად არ გვეცალა, ჩვენზე მეტად განვითარებულმა ქვეყნებმა დიდი გამოცდილება დააგროვეს და ახლაც აგროვებენ, პოზიტიურსაც, ნეგატიურსაც და ნეიტრალურსაც, ამ გამოცდილებას აფასებენ და გვიზიარებენ კიდეც. ხანდახან მაინც ძალიან უმწეოები, დაბნეულები და გაღიზიანებულები ვჩანვართ. არ ვიცით, რითი დავიწყოთ, რა გზას დავადგეთ, ვერ გაგვიგია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა შესაძლებლობის შეზღუდვის არმქონე ადამიანებისთვის, თვით ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვისაც კი კომფორტის ზონის მიღმაა. ესაა ქაოსი, საიდანაც თავის დასაღწევად არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გვეიმედება და არც საკუთარი თავი. ამ რეალობაში საზოგადოება პირდაპირ და სრულიად მოუმზადებლად მყარად ფესვგადგმული მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობიდან მოხვდა. მათ განეიტრალებას დრო, ძალისხმევა სჭირდება. მათივე გავლენით, გულის სიღრმეში უმრავლესობას გვწამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მიუღებელი სიტუაცია მათი უფლებების რღვევა და დისკრიმინაცია კი არა, ბუნებრივი მოცემულობაა - ის, რაც უნდა იყოს: „ცუდად არ გამიგო, ჩვენში დარჩეს და აბა სხვანაირად როგორ?!“ მათ უფლებებზე საუბარი და ამ უფლებების რეალობაში აღსრულება, ძალიან ბევრისთვის ჯერ კიდევ უხერხემლო ოცნება და არარაციონალური ჰუმანიზმია. ჩვენი შინაგანი რწმენები და მოლოდინები წინააღმდეგობაშია მასთან, რასაც გაეროს შშმ პირთა კონვენცია და მისით აღფრთოვანებული ადამიანები ჩაგვჩიჩინებენ. აი, მაგალითად, კონვენცია (მუხლი 27) გვეუბნება, რომ უნდა ვაღიაროთ შშმ პირთა უფლება – მუშაობდნენ სხვებთან თანასწორ პირობებში, რაც გულისხმობს საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ღია, ინკლუზიურ, შშმ პირთათვის მისაწვდომ შრომით ბაზარსა და სამუშაო გარემოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ასაკის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 80-90% დაუსაქმებელია და ეს მონაცემი ხშირად ორჯერ მაინც აღემატება შესაძლებლობის შეზღუდვის არმქონე უმუშევართა რაოდენობას. ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს და მხოლოდ გონივრული ეჭვის გამოთქმა შეგვიძლია, რომ უარესად თუ არა, მოყვანილ რიცხვებზე უკეთესად საქმე არც ჩვენ გვაქვს.
რატომ?
„მათ ჰგონიათ, რომ ჯერ "ჯანმრთელები“ არ არიან დასაქმებულები და რადგან ეტლში ვარ, მეათეხარისხოვან სამსახურზე უნდა დავთანხმდე და ამისთვის მადლიერებით მეტანიები უნდა ვაკეთო“, - წერს ივეტა წითაშვილი თავის ბლოგში.
„ფრაზას „მე ვმუშაობ“, როგორც წესი, ორგვარი რეაქცია მოსდევს: ერთია „ვა, ამდენი უმუშევარია გარშემო, შენ კიდევ დასაქმება მოახერხე“, და მეორე - „ჰო, სახლში ჯდომას ხომ მაინც სჯობს?!“ - ამბობს პირად საუბარში სალომე მიქაძე, რომელიც ასევე ეტლით გადაადგილდება.
იმავე გაეროს მონაცემებით, მთავარი მითები, რაც შშმ პირების დასაქმებასთან მიმართებაში არსებობს, არის ის, რომ 1) ამ ადამიანებს შრომა არ შეუძლიათ და 2) მათი ხელშეწყობა და დახმარება სამუშაო ადგილზე ძვირი ჯდება.
და მაინც, რატომ?
არ ვთანამშრომლობთ, არ ვასაქმებთ, არ ვაძლევთ შანსს, არ ველით მათგან წარმატებას და სარგებელს. თუმცა, როდესაც რაიმე ელემენტარულს ამბობენ ან აკეთებენ, ტაშის ცემას მოვყვებით, გმირებად ვრაცხთ, განსაკუთრებით გულჩვილებს შეიძლება ცრემლიც ჩამოგვივარდეს და აუცილებლად ვუწოდოთ მათ შთაგონების წყარო, ინსპირაცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ გამყარებული დამოკიდებულებები, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური მიმართულებით, ერთი ამოსავალი წერტილის ორი გაგრძელებაა მხოლოდ. ამოსავალი წერტილი კი ისაა, რომ ისინი სუსტები, უუნაროები არიან. შესაბამისად, არაფერს ველით მათგან და შესაბამისივე აღტკინებით ვხვდებით ამ ჩვენი მოლოდინებიდან წვრილმან გადახრას.
„იმედი უნდა გაგიცრუოთ, მე არ ვარ თქვენი ინსპირაცია“, - მიმართავს TED-ის საუბრებში პუბლიკას სტელა იანგი - კომიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი ავსტრალიიდან და ამ მიდგომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი, არც მეტი, არც ნაკლები, ხუმრობა-ხუმრობით „შთაგონების პორნოგრაფიას“ ადარებს შშმ პირებისადმი მომხმარებლური, გამანივთებელი დამოკიდებულების გამო. აი, ცუდ ხასიათზე ვართ, საკუთარ უბედობას ვუჩივით, მაგრამ ვხედავთ ფოტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისა, რომელიც უბრალოდ იღიმის. წარწერა ფოტოზე კი გვარცხვენს, თქვენ რაღა თავ–პირი ჩამოგტირითო. და ჩვენც ხომ ვიცით, ამ დროს რას ვფიქრობთ ხოლმე. „ხომ შეიძლებოდა ყველაფერი უარესად ყოფილიყო, მაგალითად, ამ ადამიანის ადგილზე ვყოფილიყავი. ის იღიმის და მე მით უმეტეს უნდა გავიღიმო.“ „და თუ ამ ადამიანის ადგილზე ხარ?“ - გვეკითხება სტელა. ვუპასუხოთ, სიჩუმე უხერხულია.
„მე არ ვარ თქვენი ინსპირაცია, იმით, რომ დილით ვიღვიძებ, მახსოვს საკუთარი სახელი, ვაკეთებ იმას, რასაც თითოეული თქვენგანიც აკეთებს და მაქვს ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. მე არ ვარ განსაკუთრებული... ეს ტყუილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობა გაქცევს გამონაკლისად და განსაკუთრებულად, ყველაზე დიდი უსამართლობაა და ყველაზე მეტად ართულებს ჩვენს ცხოვრებას“.
როდესაც არ გვაქვს ინფორმაცია, დანაკლისს ყოველთვის ვივსებთ სტერეოტიპებითა და მითებით. სტერეოტიპები კი, როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, შემთხვევით და მთლად საფუძველს მოკლებულად არ ჩნდება. თუმცა, სანამ ვინმე თავს ისევ დამნაშავედ გვაგრძნობინებს, რომ სტერეოტიპულად ვაზროვნებთ, მოდით თავადვე ვცადოთ და გავიაზროთ, რა შეიძლება იყოს ის საფუძველი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმაქნის, სუსტ ადამიანებად აღგვაქმევინებს, რატომ ვუყურებთ სიბრალულით ან ირონიით ადამიანს, რომელსაც მუშაობა უნდა? ან მეტიც, რატომ ვუშვებთ პირდაპირ უარით, გასაუბრების გარეშე, ვაკანტური ადგილისთვის გამოცხადებულ კონკურსზე მოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს?
ფსიქოლოგები კარგად იცნობენ თვითაღსრულებადი (ზოგან „თვითქმნადი“, „თვითგანხორციელებადი“) წინასწარმეტყველების (self fulfilling prophecy) ფენომენს და მის ფორმებს. ესაა პრაქტიკაში დადასტურებული და მრავალგზის ნაკვლევ-აღწერილი თეორია მცდარი, პირობითი დაშვებების შესახებ, რომლებიც თავადვე პროვოცირებას უკეთებენ საკუთარი თავის აღსრულებას, რამდენადაც ამ მოლოდინების შესაბამისად ცვლიან თქვენს ქცევას, რაც კიდევ თავის მხრივ იწვევს თავდაპირველი დაშვების დამადასტურებელ შედეგს. მაგალითად, შორს ნუ წავალთ (დაინტერესების შემთხვევაში, ამ თემაზე თავადაც შეგიძლიათ მრავალი კვლევის და ანალიზის მოძიება), სალომე იხსენებს: „ყველაფერი სკოლის დაწყებითი კლასებიდან დაიწყო - მაშინ ჯერ კიდევ მოწადინებული ვიყავი ცოდნის გრანიტის საღრღნელად, შორს მიმავალი გეგმები მქონდა. თუმცა რეალობა განსხვავდებოდა კონკრეტულად ჩემი მოლოდინისგან. ჩანთა რომ ჩამელაგებინა და შუა გაკვეთილიდან ცერემონიულად გამოვგორებულიყავი, მაშინაც არ მეტყოდა ვინმე რამეს, სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით. გამსვლელ ქულას მაინც დაგიწერთო და... სკოლასთან ბევრი ჯახირის შემდეგ, უბრალოდ გადავწყვიტე დამეკიდებინა. არავინ ითხოვდა და ელოდა ჩემგან მეტს და მეც გადავწყვიტე, თავი აღარ შემეწუხებინა. დინებას გავყევი, რასაც ახლა ვნანობ. პირველი სამუშაო გამოცდილება არ იყო საინტერესო. რეალური პროგრესის საშუალებას ვერ ვხედავდი. რუტინული, არაფრისმომცემი და უსარგებლო საქმე. ინიციატივების გამოჩენითაც არ ვიკლავდი თავს და მერე საერთოდაც შევეშვი“.
სალომესგან არ ელოდნენ, რომ კარგად ისწავლიდა, რამე ღირებულს იზამდა, ტყუილად რატომ უნდა მოეთხოვათ და მანაც, ერთი მხრივ, მათი მოლოდინი გაამართლა. „ფაქტი დადასტურდა“. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას კარგი გაგრძელება აქვს. სალომე ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაში მუშაობს. იგი ჰყვება: „ერთ მშვენიერ დღეს უცნაური ცვლილება დავაფიქსირე - თუ მანამდე ბევრს არაფერს ითხოვდნენ და ელოდნენ ჩემგან, აქ პირიქით აღმოჩნდა, დამხვდა მაღალი მოლოდინები. მოლოდინი სტრესია, მაგრამ დაბალი მოლოდინი ჩემში ინდიფერენტულობას და სიზარმაცეს იწვევს, მაღალი კი, პირიქით, იძლევა სტიმულს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. მეორე მირჩევნია“.
ეს ჩაკეტილი წრე – დაბალი მოლოდინები, დაბალი შეფასებები, ამ მოლოდინის დადასტურება, დადასტურებული ფაქტიდან გამომდინარე ახალი დაბალი მოლოდინები, ისევ დადასტურება და ასე უსასრულოდ – ყველა რგოლი გასარღვევია და ასეც ხდებოდა ყველგან, სადაც ეს საფეხური ასე თუ ისე გაიარეს. რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოთმინების ფიალა აევსებოდა, დანარჩენებს ააბუნტებდა და იწყებოდა შეუქცევადი ტალღა, რომელიც უკან აღარ იხევდა, მოძრაობა, რომელსაც აღარ ერიდებოდა საკუთარ უფლებებზე და სხვების არასწორ მიდგომაზე ხმამაღლა საუბარი. მათ მართლა შეუძლიათ ერთმანეთზე გავლენის მოხდენა და ერთმანეთის შთაგონება, რომელიც ჩვენეული „ინსპირაციებისგან“ იმით განსხვავდება, რომ მათ შემთხვევაში ეს იმას არ ემსახურება, თავი სხვაზე უკეთესებად და იღბლიანებად იგრძნონ. მათ შეუძლიათ ჩვენი მოლოდინების შერყევა.
ჩვენი როლი რაშია? შეიძლება ზოგჯერ მეტი არც არაფერში, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ხელი არ შეუშალო და, რაც მთავარია, დაინახო. ფსიქოლოგებს არ უყვართ „კარგისა“ და „ცუდის“ ტერმინებში საუბარი. ისინი ადამიანის ბუნების კანონზომიერებას უკირკიტებენ. პრაქტიკაში ჩვენი ასარჩევია, როგორ სჯობს და რომელი ფაქტის დადასტურება გვირჩევნია. ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი? ოღონდ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ჭიქაში წყალი უბრალოდ ასხია.
„ყველაზე მეტად რაც მინდა, საკუთარი ნიშის პოვნა და მაქსიმალური პროფესიონალიზმის მიღწევაა“, – სალომე მიქაძე.
„მე მართლა მინდა ვიცხოვრო ისეთ სამყაროში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გამონაკლისი, განსაკუთრებული არსებები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანები იქნებიან. [...] მინდა ვიცხოვრო სამყაროში, სადაც ჩვენ მიმართ ისეთი დაბალი მოლოდინები აღარ იქნება, რომ ადამიანები იმას მილოცავდნენ, დილით საწოლიდან რომ ვდგები და საკუთარი სახელი მახსოვს. მინდა ვიცხოვრო სამყაროში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს რეალურ მიღწევებს დაუფასებენ. [...] შეზღუდული შესაძლებლობა არ გაქცევს განსაკუთრებულ ადამიანად, თუმცა იმაზე დაფიქრება, რა იცი შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ – სწორედ ასეთ ადამიანად გაქცევს“. – სტელა იანგი.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ