Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სულიერება, როგორც დანაშაული (ნაწილი მეორე)

10 სექტემბერი 2014

სცენაზე მთავარი პერსონაჟი, ანა, შემოდის. მას დედამისის, მადამ ვინიონის ათგვერდიანი ლოცვის წყალობით ვეცნობით. არაფერია ბალზაკის ასაკს მიტანებული ამ ქალის გოდებაზე ტრაგიკომიკური. მის ღვთისმოსაობას ჰარმონიულად ერწყმის ბურჟუაზიული წუწურაქობა, სიმდაბლე, არაადამიანური სისასტიკე, უკიდურესი სიბეცე, კონფორმისტულ-მეშჩანური სულისკვეთება, პურიტანული მორალი, უგუნურება და უმეცრება. სიმონ დე ბოვუარი უმოწყალოდ აქილიკებს ოციანი წლების ამ პირმშოს და დაუნდობელი სატირით იწყებს მის შინაგან მონოლოგს: „უფალო, ნება მიბოძეთ, მდაბლად შემოგწიროთ მადლობა, რამეთუ ღვთაებრივი შარავანდედით გაცისკროვნებულ ზეცაში დაბრძანებული ტახტრევნის დატევება და ჩემს სულში გარდამოსვლა ინებეთ“.

ქალიშვილის ბედზე ფიქრით დამაშვრალი მადამ ვინიონი ფიქრობს, რომ ანას წიგნები სულის წარწყმედას უქადის. მთელი გულით სძულს ინტელექტუალები, სორბონას უნივერსიტეტი, ფილოსოფოსები, თანამედროვე მწერლები, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახს და თვალნათლივ წარმოაჩენენ მის მჩაგვრელ, იერარქიულ ბუნებას. მადამ ვინიონი უფალს ავედრებს თავის უმწიკვლო, ბროლივით სპეტაკ შვილს. მისი აზრით, ანას შეეძლო, წმინდანიც კი გამხდარიყო, რამეთუ შემოქმედმა მის სულში ჩათესა ღვთაებრივი მარცვალი, რომელიც რომანების სასიკვდილო სამსალამ მოაშთო. მადამ ვინიონი (ისევე, როგორც მონიკის დედა, მადამ ფურნიე) პატრიარქალური კულტურისაგან რეპრესირებული ქალია; ისიც ამბობს: „მრავალი წელია, ბიბლიოთეკას ახლოს არ გავკარებივარ; მუხლჩაუხრელად ვშრომობდი; საოჯახო საქმეებს ბოლო არ უჩანდა; წიგნის კითხვის კი არა, გადაფურცვლის დროც კი არა მქონია“. ის იმასაც აღიარებს, რომ ოჯახი და დედობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს ქალისაგან: „დამერწმუნე, მხოლოდ ჩემს თავზე, მიწიერ სიკეთეებსა და ხორციელ სიამეზე რომ მეფიქრა, შენ არც კი მოევლინებოდი ქვეყნიერებას!“ - ეუბნება ქალიშვილს და მიახვედრებს, რომ ბედნიერება მას შესწირა. ოდესღაც ანასავით დაუდგრომელი და ფიცხი იყო, თუმცა როგორც კი გათხოვდა, ოჯახურ საპყრობილეში შეაბიჯა და მიეჩვია საკუთარი სურვილების დათმობას, ოცნებების, მისწრაფებებისა და მიზნების ზვარაკად მიტანას: „ცხოვრებამ მასწავლა, რომ ჩემს გულისხმას ყური არ უნდა დავუგდო“. ქალთმოძულე იდეოლოგიისაგან ჩაგრული მადამ ვინიონი იმ დიდი პატრიარქალური მანქანის ჭანჭიკად იქცევა, რომელიც მილიონობით გოგონასა და ქალს „ყლაპავს“. ჩაგრული ჩაგრულს ჩაგრავს; სისასტიკე სისასტიკეს შობს; ბოლო არ უჩანს ამ მანკიერ წრეს. ის ანას ეუბნება, რომ თუკი შინაგანი სიმდიდრით ავსება და სასუფევლის დამკვიდრება სურს, ეკლესიის მამათა სწავლებანი უნდა იკითხოს. სწორედ ის მამები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქალის დაკნინებისა და დამცირების საუკუნო საქმეში (ნეტარი ავგუსტინე, პავლე მოციქული). „სულის ხსნისათვის ბრძოლას დიდი ცოდნა და ნიჭი სულაც არ სჭირდება. ღვთისმოშიში ადამიანები უწიგნურები არიან“, - დასძენს ქალი.

ანას ისტორიას სიმონ დე ბოვუარის საუკეთესო მეგობრის, ელისაბედ მაბილის (მოფერებით - ზაზა) ცხოვრებისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი უდევს საფუძვლად. მაშ ასე: ანა ელისაბედია, მადამ ვინიონი კი მისი დედა - მადამ მაბილი. მწერლის დობილი, 22 წლის ზაზა, 1929 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ ბოვუარმა ამ სიტყვებით დაასრულა თავისი „ზრდილი ქალიშვილის მოგონებანი“: „მე და ზაზა მხარდამხარ, მუხლჩაუდრეკლად ვებრძოდით იმ შესაზიზღარ ხვედრს, ჩასაფრებული პირსისხლიანი ნადირივით რომ გვითვალთვალებდა. ძალიან დიდხანს მაწამებდა იმაზე ფიქრი, რომ ნანატრი თავისუფლება მისი სიკვდილის ფასად მოვიპოვე“. ამ ტრაგიკულმა აღსასრულმა წარუშლელი კვალი დააჩინა ბოვუარის მთელ ცხოვრებასა და შემოქმედებას და მის გულში გააღვივა ამბოხების ნაპერწკალი, რომელიც აღარასოდეს ჩამქრალა. რამ შეიწირა ზაზა? ვინ მოუსწრაფა სიცოცხლე? ცხადია, ოჯახმა, გარემოცვამ, ბურჟუაზიულმა აღზრდამ და დედამ, რომელსაც გულისამრევი რელიგიისა და ცრურწმენების საპყრობილეში მოუმწყვდევია გოგონა. რომანი „ჟამი სულიერების ზეობისა’’ სწორედ ამ მკვლელობის ამბავს აღწერს; ეს ნაწარმოები მცდელობაა; მცდელობა მეგობრის წინაშე ვალის მოხდისა. მწერალი წინასიტყვაობაში ულმობელ, საბოლოო განაჩენს წარმოთქვამს - ზაზა/ანა მოკლეს. ფემინიზმის ამ დედამ „ზრდილი ქალიშვილის მოგონებებში“ მოუთხრო მკითხველს, რომ ადრეულ ბავშვობაში ქრისტიანულმა სარწმუნოებამ დაიმორჩილა, დააჩლუნგა და გამოათაყვანა. პატარა სიმონი „სულს“ განადიდებდა, ხორცსა და ყოველგვარ მიწიერს კი ამდაბლებდა და თვითგვემით ტკბებოდა, მაგრამ ერთ საღამოს, მერინიაკში, თვალნათლივ დაინახა ამა სოფლის მშვენიერება, თითქოს, იდუმალების საბურველი შემოეძარცვა ნაირფრად აელვარებულ, თვალუწვდენელ სამყაროს. ქალიშვილი თავდავიწყებით გადაეშვა საამური გრძნობებით, სიხარულითა და ნეტარებით სავსე წუთისოფლის ოკეანეში და სამუდამოდ დაკარგა რწმენა. ღმერთის - ამ უდიდესი სიცრუის – უარყოფა, ამ მირაჟის საუკუნოდ წარხოცვა და მოშთობა მის მიზნად და შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. სურდა, ყველასთვის დაენახებინა რელიგიის შემზარავი სიმახინჯე. „ჟამი სულიერების ზეობისა“ იყო ის დიდი ბრძოლა, რომელიც ბოვუარმა „სულიერების’’ გასაცამტვერებლად წამოიწყო. მისი აზრით, ქრისტიანობა ფილოსოფია კი არა, მჩაგვრელი, სულშემხუთავი მორალია, რომელიც  სამუდამოდ იმონებს ადამიანის გონებას. ის განსაკუთრებით სახიფათოა ქალისათვის, რადგან რელიგია განამტკიცებს ქალის „მეორეხარისხოვნების“ მითს და მამაკაცის ქალზე ბატონობის დოგმას.

სიმონი და ზაზა (რომანში - ანა) ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. თითქმის ერთნაირ გარემოში გაიზარდნენ და ერთი გზა განვლეს. ოციანი წლების ბნელ, უიმედო სამყაროში ეკლესია სულიერების ზეობის, პატრიარქალური ოჯახისა და მორალის გულმხურვალე დამცველი გახლდათ. ზაზა კუბოს კარამდე სიმონის გულის მესაიდუმლე და დობილი იყო. მიუხედავად ამისა, ანამ/ზაზამ ვერა და ვერ უარყო ღმერთი, სიმონმა კი მას სამუდამოდ აქცია ზურგი. „ზაზა ამაოდ, გააფთრებით ებრძოდა მტანჯველ რელიგიას; ეს მარტვილი ხაფანგში მომწყვდეულ, შესაბრალისად აფართხალებულ ცხოველს დამსგავსებოდა, მე კი მთელი გულით მძულდა კათოლიკური სარწმუნოება. ჩემი ზიზღის უძირო, თვალუწვდენელი ოკეანე დღითიდღე უფრო იზრდებოდა, გამაყრუებლად გრგვინავდა და ღრიალებდა“, - წერს ის. „ნუთუ, ზაზას გადასარჩენად არაფერი ვიღონე?“ - ეს მტანჯველი შეკითხვა სიცოცხლის ბოლომდე მოსვენებას არ აძლევდა მწერალს. ნატრობდა, დაეწერა რამდენიმე რომანი, რომელთა წყალობითაც სასტიკად გაამათრახებდა საძაგელ ბურჟუაზიას და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებოდა მრისხანებისაგან, სიძულვილისა და ბოღმისაგან. ზაზას ტრაგიკულმა სიკვდილმა გაუნელებელი მრისხანებით, დაუამებელი ტკივილით აღავსო და სამუდამოდ შეაძულა ის მჩაგვრელი, ფარისევლური მორალი, რომლითაც თავს უჭედავდნენ. როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, აღეწერა უმნიშვნელო და საშინელი დანაშაულების უსასრულო კვანძი, რელიგიური მისტიციზმი და სულიერების ზეობას შეწირული სიცოცხლე. ზაზა/ანა ხომ ყოველივე ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო? მწერალმა შიშველი სიმართლის თქმა ამჯობინა. „ოცდაათი წლის ვიქნებოდი, როცა გამომცემლობებისთვის ჩემი ხელნაწერის გაგზავნა გავბედე. მწარე ირონიით აღვსილმა, ჟაკ მარიტენის ცნობილი ნაშრომის სათაური ჩემდა სასარგებლოდ გამოვიყენე და რომანს „ჟამი სულიერების ზეობისა“ ვუწოდე. ამ წიგნში გული ჩავაქსოვე. თითქოს, მთელი არსებით მის ფურცლებში ვშთანთქმულიყავი. გულგამწყრალს, ამბოხებულსა და განრისხებულს, მსურდა, სამარადისოდ დამემხო სულიერების ზეობა, რომელმაც ბავშვობაში დამჩაგრა, დამაბეჩავა და დამაბრმავა. ასეთი გააფთრებული სიძულვილითა და საშინელი ზიზღით გავჟღინთე ჩემი პერსონაჟების ცხოვრების ამბავი. ამ ახალგაზრდა ქალებს ხუთი თითივით ვიცნობდი და იმასაც ვგრძნობდი, ამ საბრალო, დაბრიყვებულ, თვალისჩინდაკარგულ არსებებს სურდათ კიდეც, რელიგიას ზვარაკად შესწირვოდნენ და სიხარულით განრთხმულიყვნენ სისხლით მორწყულ სამსხვერპლოზე. იცოდნენ, რომ თავს იტყუებდნენ, მაგრამ სინამდვილის შეცვლა არ ძალუძდათ“, - წერს სიმონ დე ბოვუარი.

ის ფიქრობდა, რომ ზაზას ვალიდან ვერასოდეს ამოვიდოდა. დანაშაულის შეგრძნებას - ამ დაუნდობელ ნადირს ვერასოდეს დაუსხლტა. მართალია, „ზრდილი ქალიშვილების მოგონებებში“ გულდასმით აღწერა ზაზას საზარელი წამება და სიკვდილი, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ზაზას სიკვდილიდან შვიდი წლის შემდეგ ამ დაუვიწყარი რომანის შეთხზვა დაიწყო. როგორც კი ამ სევდიანი ქალიშვილის ცხოვრების ისტორიის წერას მოჰკიდა ხელი, იგრძნო, რომ ჯოჯოხეთურად მტკივნეული და ცეცხლის ალივით მწველი დანაშაულის შეგრძნება არნახული ძალითა და მგზნებარებით ავსებდა და გულს უშანთავდა. საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა, მათ ანას მოკვლის უფლება რომ მისცა. „ნუთუ დახმარების ხელი არ გავუწოდე?! ნუთუ ჩემი მოვალეობა პირნათლად არ მოვიხადე?“ - აი, ეს შეკითხვები აწამებდა ამბოხებულ ფემინისტს.

მკითხველი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ოდესღაც გამომცემლობებმა მის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს. გვნუსხავს ოსტატურად დაწერილი ტექსტი, მწერლის მაღალფარდოვანი სტილი, მწარე სატირა, გროტესკი, დაუნდობელი ირონია, კომპოზიციისა და სტილის სირთულე, მრავალფეროვნება, საოცარი იუმორი და სარკაზმი („აი, ესაა ქრისტიანული აღზრდა-განათლების უპირატესობა! ის ბიჭი ისე ამხდიდა ნამუსს, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ჩემს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა“, - ამბობს მარგერიტი) რეალისტური, საოცრად ზუსტი პორტრეტები, ავტორის გამჭრიახობა და სიმკაცრე. ბოვუარი ლაღად მიაცურებს კალამს მელნის ოკეანეში. ერთ წიგნში მოქცეული ეს ხუთიოდე მცირეტანიანი რომანი მისი ერთ-ერთი ყველაზე სრულქმნილი, თვალსაჩინო და ბრწყინვალე ნაწარმოებია. ის ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის: დრამას შესაფერის დეკორაციას ურჩევს, ჩინებულად აღწერს ისტორიულ, პოლიტიკურ და სოციალურ რეალობას და გარდასულ დღეებს აცოცხლებს. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გაპარტახებული, გაღატაკებული საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, სადაც ბურჟუა ქალები იძულებულნი იყვნენ, ფრონტის ხაზზე წასული მამაკაცების ნაცვლად ემუშავათ, მაგრამ საზოგადოება მკაცრი აკრძალვებით აძაბუნებდა მათ. დიდი „პატრიარქები“ მათ წარმატებისა და დიდების მწვერვალების დაპყრობის უფლებას არასოდეს მისცემდნენ. „მეორე სქესი“ ვიწრო სფეროებს უნდა დასჯერებოდა. თითოეულ ნოველას საოცარი ელფერი დაჰკრავს. გაუხუნარი ფანტაზიით ფრთაშესხმული მწერალი შორეული მწვერვალებისაკენ მიილტვის. ხელგაწაფულმა ვირტუოზმა შექმნა სრულყოფილი ტილო იმ გამოუსწორებელი შეცდომებისა და უსულგულო მკვლელებისა, რომელთაც ზაზას მზე დაუბნელეს. აღგვაფრთოვანებს ამ თვალისმომჭრელი ტილოს ფერთა გამა. ყველა ლაქას, ყველა წერტილს გაფაციცებით ვაკვირდებით. წიგნის უზარმაზარ ოკეანეში ჩაძირული პერსონაჟების წამიერი შეგრძნებებისა და ქვენა აზრების სიღრმისეულად წარმოჩენა დე ბოვუარის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ზოგი მათგანი ძალიან სასაცილოა, ზოგი კი საშინლად საძულველი. ერთმანეთს ერწყმის მხილება, გმობა და აღსარება. მარტოოდენ მას ხელეწიფება, ჩაუღრმავდეს ფარისეველი ადამიანის სულს და მზის შუქზე გამოიტანოს მისი საიდუმლოებანი. რომანში თხრობის მრავალ ხერხს შეხვდებით: დღიურს, დიალოგს, შინაგან მონოლოგს, მონოლოგს... ნარატივთა ამ მრავალფეროვნების წყალობით მან სრულიად ახალი სტილი და წერის არნახული ტექნიკა აღმოაჩინა. მისმა ლიტერატურულმა ფიქციამ ტოლი არ დაუდო ფილოსოფიურ იდეოლოგიას. რომანის სტრუქტურა მეტად რთული და მრავალფეროვანია. მთავარ გმირთა პროფილი და წერის მანერა ძალზე თანამედროვედ და მოდერნისტულად გვეჩვენება, რადგან იგი არ ემორჩილება სწორხაზოვანი, თანმიმდევრული, ტრადიციული ნაწარმოების მკაცრ ნორმებს. სიუჟეტი დაწნეხილი და მრავალშრიანია. წინა ნოველებში აღწერილ ქალთა ყოველი სიტყვა საუკუნო დაღს ასვამს ახალ გმირს. მკითხველიც მიჰყვება რომანის ტალღებს, ერთი ნოველის კალაპოტიდან მეორეში გადაცურდება. სიმონ დე ბოვუარის „ჟამი სულიერების ზეობისა“ თავისი ეპოქის რომანთათვის სრულიად უჩვეულო სითამამითა და გამბედაობით გამოირჩევა.

სიმონ დე ბოვუარის გზავნილი ერთია - ანა/ზაზა სულიერების საბურველში გახვეულმა სიცრუემ, „მორწმუნეებმა“, „ნეტარმა სულებმა“ და სასტიკმა დედამ - ამ ულმობელმა ჯალათებმა მოკლეს. ვის შეეძლო ანას ხსნა? მის მეგობარ შანტალს? ილუზიებითა და თვითტრფიალით დაბრმავებულმა ამ ქალმა ხომ ანდრეს დაუყვირა, როცა მან სთხოვა, მონიკს ნაყოფის მოშორებაში დაეხმარეთო? „რა ამაზრზენი სიბილეწეა!“ - მისი ეს ფრაზა სულიერების სიმახინჯისა და სიცრუის შესანიშნავი ილუსტრაციაა. მას ეს თამამი და „ამორალური“ გადაწყვეტილება რომ მიეღო, ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვებდა თავისუფლებას და თავს დააღწევდა ნარცისიზმის, ოცნებების, ილუზიებისა და ქიმერების გაუვალ ჯურღმულს. ის სულიერების ზეობას დაუჩლუნგებია. სხვათა გასაჭირსა და ტანჯვას ვერ ხედავს. საკუთარი თავის, „ამაღლებული სულისა“ და ესოდენ ნატიფი, მშვენიერი, დახვეწილი, ღრმა და მდიდარი შინაგანი სამყაროს გარდა არაფერი და არავინ ადარდებს. „ადამიანი მოკლეს“, - ამ სიტყვებს არც ერთი პერსონაჟი არ წარმოთქვამს, თუმცა ეს ბრალდება უწყვეტ რეფრენად გასდევს თითოეულ ფურცელს. ეს ბნელი, სულშემხუთავი სამყაროა. ანას დედის ლოცვა მკითხველს სიმწარენარევ სიცილს ჰგვრის. ძალმოსილი მწერლის მთელი სარკაზმი გავეშებულ ნადირივით ატყდება თავს ამ პერსონაჟს. გვახალისებს მისი კომიკური აღწერა-დახასიათება. ნაწარმოებს ერთი დიდი ღირსება გააჩნა - ბოვუარის სტილი მომნუსხველი ორაზროვნებითა და ბუნდოვანებით გამოირჩევა. პერსონაჟის ხმა ყოვლისმცოდნე მთხრობლის კომენტარებს ერწყმის. მკითხველი მყისვე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომელთა წყალობითაც ტყუილებით დაბრმავებული და გონებადაბინდული ადამიანი დანაშაულს სჩადის. წიგნი საშინელი, დაუამებელი ტკივილით გაჟღენთილა. ფურცლებზე ნიაღვრად მოჩქეფს რისხვა. ავტორი ფრანგული ენის მრავალფეროვნებისა და მაღალფარდოვნების უშრეტ წყაროს ეწაფება. ხან ყველაზე იდუმალ, ოკეანესავით ღრმა „შინაგან სამყაროს“ გვიჩვენებს, ხან ნატიფი სიტყვებით გვატკბობს, ხან ჟამთააღმწერლის მშრალ, მეცნიერულ ენას შემოგვაგებებს, ხან კი ყოვლისმცოდნე მთხრობლისათვის ჩვეულ ობიექტურ და გულგრილ ტონს იღებს. 1936-38 წლებში დაწერილი „ჟამი სულიერების ზეობისა’’ ოციანი წლების საფრანგეთის ზნე-ჩვეულებებისა და შემაძრწუნებელი სინამდვილის ზვირთებში შთანთქავს მკითხველს. ბოვუარმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დააბეჩავა ხალხი იდეოლოგიად ქცეულმა სულიერებამ, რომელიც პოლიტიკური იდეოლოგიების საზღვრებსაც კი სცილდება. მას საშინლად სძულს ყოველგვარი მატერია, მიწიერება, ამქვეყნიური ცხოვრება, წუთისოფელი, სიამოვნება, ადამიანის სხეული. სიმონ დე ბოვუარის პირველი წიგნი „სულიერების“ გულისგულში შეიჭრა, ამ საზარელ ნადირს ხელი ჩაავლო და თვალნათლივ გვიჩვენა, რა სავალალო შედეგები მოუტანა მან ადამიანებს. ეს იდეოლოგია ხორცს აკნინებს, ამცრობს და აცხადებს, რომ თუ ადამიანი სამაგალითო რწმენით, ქრისტიანული თავდადებითა და სულიერებით არ „გამოისყიდის“ თავის ბიწიერებას, მისი სხეული კუბოს კარამდე ხორცის ბინძურ ნაჭრად და ქონის გროვად დარჩება. „სულიერების ზეობა“ – ეს ცრუ, ფარისევლური მორალი თვითგვემასა და ხორცის მოკვდინებას ქადაგებს და თითქოს, ზიზღმორეული გაჰყვირის, სიამე ამაზრზენი სიბინძურე და პირუტყვული ავხორცობაა, რომელიც ადამიანს სამარადისო დაცემას უქადისო. ქალები მსხვერპლად ეწირებიან ამ პატრიარქალურ-რელიგიურ დოქტრინებს. სულიერება მათ ერთადერთ თავშესაფრად, საიმედო დასაყრდენად და ყოველდღიურ სინამდვილედ იქცევა. ისინი ინთქმებიან საშინელი ცრურწმენებისა და მიზოგინიური ტრადიციების მორევში (ქორწინება და შვილები), თავსა და ჯან-ღონეს სხვებს ანაცვალებენ და მხოლოდ სიკვდილის წინ ხვდებიან, რაოდენ ამაო, უნაყოფო და უსიხარულო ცხოვრება განვლეს.

ყველა პერსონაჟი დამნაშავეა. დამნაშავე მსხვერპლი – მსხვერპლი, რომელიც, სიხარულით ეწირება სულიერების ზეობას, თავს აფარებს სიცრუის საამო წყვდიადს, თვალს იბრმავებს და ყურთასმენას იხშობს. არაფერს ძალუძს, პირისაგან მიწისა აღგავოს სულიერების ზეობა. გმირი მაშინაც კი ვერ უარყოფს ამ სიცრუეს, როცა დიდი უბედურება ატყდება თავს. პირიქით, სწორედ მაშინ იპყრობს სულიერების მწვერვალებს. სიმონ დე ბოვუარის რომანში ულმობელი, მრისხანე ხმა გაისმის. ანას კუბოს სულ რამდენიმე ადამიანი მიაცილებდა უზერშის სასაფლაოსკენ მიმავალ მოყინულ გზაზე, თუმცა მადამ ვინიონმა მეგობრებისა და ნათესავების გულთბილ წერილებში ჰპოვა ნუგეში. გოგონას ცხედარი ჯერ კიდევ არ გაცივებულიყო, როცა რწმენით გულანთებულმა დედამისმა მხურვალე ლოცვა აღავლინა და ღმერთს მადლობა შესწირა, ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა: „ცხადი იყო, ეს ნაადრევად დაბერებული და დაჩაჩანაკებული ქალი ჯოჯოხეთურად იტანჯებოდა, მაგრამ მისი ტანჯვა-ვაების ბალღამს ტკბილი ნექტარი შერეოდა და ისეთი საზეიმო შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს დიდი გამარჯვება მოეპოვებინოს. საშინელი უბედურება დაატყდა თავს, შვილი დაეღუპა, მაგრამ ეს ღვთის რისხვად და საუკუნო წყევლა-კრულვად არ ესახებოდა. პირიქით, ამ შემაძრწუნებელ ტრაგედიაში ზეგარდმო ნიშანსაც კი ხედავდა. უფალს ამ ქალისთვის იმიტომ მოევლინა ასეთი განსაცდელი, რომ მისი რჩეული გახლდათ. დიახ, რჩეული! მაცხოვარი თავის ღვთისმოშიშ შვილებს სატანჯველს არასოდეს მოაკლებს, რამეთუ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება!“ ანა საფლავში დალპება, სამაგიეროდ, დედამისმა თავი იხსნა.

„ანამ სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში! დიახ, ამ ურჩხულს ისე მედგრად დაუხვდა, წუთითაც კი არ შემდრკალა! ქრისტიანული თავმდაბლობით აღივსო, ღვთის შეუცნობელი განგების წინაშე ქედი მოიხარა და არარას მორევში დაინთქა. სიკვდილი მისი ბედისწერა იყო“.  ... „უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ღვთის ნება იყო, უმოწყალო ჯალათად ვქცეულიყავი და ჩემივე ხელით მომესწრაფებინა შენთვის სიცოცხლე! მე მხოლოდ ჩვენი მაცხოვრის ნებას ვემორჩილებოდი. მარტვილივით გაწამე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სულის წარწყმედისგან გიხსენი!“ - დაიჩურჩულა მადამ ვინიონმა, მუხლი მოიყარა, მაგიდას შუბლით მიეყრდნო და გაირინდა, მერე კი პირქვე დაემხო. დიდხანს, ძალიან დიდხანს განრთხმულიყო დიდების უკვდავმყოფელი შარავანდედით გაცისკროვნებული თავისი ქალიშვილის ფერხთით.

პასკალი - ეს ლაჩარი კაცი, რომელიც ანას მთელი გულით უყვარდა, ისევ და ისევ ცრუ პოეზიით ინუგეშებს თავს. მას ანა მხოლოდ იმიტომ უყვარს, რომ მკვდარია: „იქნებ, გარდა სიკვდილისა, სხვა ვერავითარი ძალა ვერ შემოსავდა ანას ამგვარი ზეციური ბრწყინვალებითა და უკვდავმყოფელი შარავანდედით?! წმინდა გრძნობამ ცოდვილ მიწაზე თავშესაფარი ვერ ჰპოვა და ზეცად ამაღლდა. უეცრად ეზიარა იმ უდიდეს საიდუმლოს, რომლის სიტყვებით გამოსახატავადაც უძლური იყო მოკვდავთა მწირი ენა. ანამ სიკვდილში ჰპოვა ცხოვრების აზრი. ეს ნორჩი სიცოცხლე დღედაღამ სამუდამოდ გაქრობას ესწრაფვოდა და თვალს ვერ სწყვეტდა სიკვდილის სამეფოს“. სამაგიეროდ, მარგერიტი თვალნათლივ ხედავს ძმის სიმხდალეს,  ფარისევლობასა და თვალთმაქცობას: „ძალზე სევდიანი გამომეტყველებით გამოემართა ჩემკენ. ანას გარდაცვალების შემდეგ დღედაღამ დამწუხრებული სცემდა ბოლთას, თუმცა ეს თვალთმაქცი არსება ვერასოდეს გამაბრიყვებდა! ვიცოდი, საბრალო გოგონას ბედი სულ არ ადარდებდა. მისი გულისმომკვლელი კაეშნის მიღმა ამაზრზენი ფარისევლობა იმალებოდა. ეს უნიჭო მსახიობი ცდილობდა, ყალბი სენტიმენტების, მეტისმეტად მაღალფარდოვანი ფრაზების, გაცვეთილი ჟესტების, ტრაგიკული გამომეტყველებისა და გულამოსკვნილი ქვითინის წყალობით მაინც დაერწმუნებინა მაყურებელი, რომ ესოდენ ნაადრევ და შემზარავ აღსასრულს დაუამებელი ტკივილით აღევსო. მისი საზიზღარი მანჭვა-გრეხა და თითქოსდა მოზეიმე გლოვა გულს მირევდა.’’

შანტალს ბოღმა ახრჩობს, რადგან პასკალმა ანას სიცოცხლეში მისი შეყვარება ვერ შეძლო, მაგრამ როგორც კი სევდიანმა ქალიშვილმა სიკვდილის სამეფოში შეაბიჯა, ყმაწვილმა გადაწყვიტა, მის მფარველ ანგელოზად, იმ ერთადერთ ადამიანად ქცეულიყო, რომელიც მის ნათელ ხსოვნას კუბოს კარამდე შეურყვნელად შეინახავდა. „ახლა ანას მისტირის, მაგრამ ოდესმე ცოლს შეირთავს და დატკბება მშვიდი, ოჯახური ცხოვრებით“, - ფიქრობს შანტალი, როცა დაღუპული მეგობრის ოჯახში მიდის. ანას სიკვდილმა ამ ამაზრზენ, უსულგულო სამყაროს სიცრუისა და ოცნებების მშვენიერი საბურველი შემოაძარცვა და თვალნათლივ დაანახა მისი გულსაზარი სიმახინჯე და სიგონჯე. „გრძნობდა, პასკალი და მადამ ვინიონი ანას ხსოვნას უდიერად ეპყრობოდნენ, დიდსულოვანი გოგონას სხივმოსილ სახელს ლაფში თხვრიდნენ, მის სიკვდილს შეგუებულნი, ცდილობდნენ, ანას ნამდვილი სახე დავიწყებისა და სიცრუის ოკეანეში შთაენთქათ, შანტალი კი მეგობრის საუკუნო იავარქმნას ვერასოდეს შეეგუებოდა. მის ჭეშმარიტ ხატებას კუბოს კარამდე უერთგულებდა. იცოდა, ანას სიკვდილი მტრად მოევლინა. მადამ ვინიონმა ანა - ეს ანგელოზი, ეს ნეტარხსენებული წმინდანი, თავის შარავანდედმოსილ ზეცაში, თავისივე ხელით შექმნილ სასუფეველში ღვთიურ ტახტრევანზე დააბრძანა. ეს მშვენიერი არსება, რომელსაც შანტალი უსაზღვრო სიყვარულით, კრძალვითა და რუდუნებით ძერწავდა, მტვრად იქცა და განქარდა“.

მადამ ვინიონი და პასკალი, ეს ორი მკვლელი ერთმანეთს უღიმის:

„თავი მხოლოდ იმით უნდა ვინუგეშოთ, რომ ანას სიკვდილი ღმერთმა ინება. ეს საშინელი მსხვერპლშეწირვა, არნახული უბედურება და დაუამებელი ტკივილი ჩვენი მაცხოვრის დიდების საწინდარი იყო; მისმა ნაადრევმა აღსასრულმა ზეცაში დავანებული ზეკაცი კიდევ უფრო მომნუსხველი ბრწყინვალებითა და გოროზი სიდიადით შემოსა; შეუცნობელია გზანი უფლისანი! ამ განსაცდელსაც უნდა გავუძლოთ! ჩვენმა ცხონებულმა გოგონამ ამაოდ როდი დაუტევა ეს წუთისოფელი!’’-თქვა მადამ ვინიონმა. სახეგაბრწყინებულმა პასკალმა სიხარულით დაუქნია თავი. „ორი ცივსისხლიანი მკვლელი!’’-გაიფიქრა გაცოფებულმა შანტალმა. ანას აჩრდილს ამ ძველ სახლში დაევანებინა. დრო-ჟამისგან დახეთქილი კედლები მისი ეფემერული სურნელით გაჟღენთილიყო. ნატრობდა, სასიცოცხლო სუნთქვა შთაებერა მისი ქარვისფერი, თითქოსდა ოქროცურვილი თვალებისათვის, შემოდგომისფერი სახისა და ხშირი, ბზინვარე თმისთვის.

„ანა, ჩემო სანუკვარო მეგობარო, არასოდეს დაგივიწყებთ, არასოდეს!’’- აღტყინებით დაჰპირდა გულანთებული შანტალი განსვენებულს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^