Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმა

08 ოქტომბერი 2014

მინდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმას ბლოგით შევეხმიანო. ეს წელი შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრების წლად არის გამოცხადებული. თავიდან სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით აღვწერ, რა არის სტიგმა, შემდეგ ვისაუბრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის შემცირების სტრატეგიებზე და, ბოლოს, რაც მთავარია გაგიზიარებთ ადამიანის აზრებს, რომელსაც შოზიფრენიის დიაგნოზის გამო თავად გამოუცდია ეს სტიგმა.

სტიგმა, ეს არის პროცესი, როდესაც სხვების (უმრავლესობის) რეაქცია ანადგურებს ადამიანის ნორმალურ იდენტობას. სტიგმატიზებული ადამიანი უმრავლესობის თვალში ჩვეულებრივი, სრული ადამიანიდან ნაკლისა და წუნის მქონე ადამიანად მცირდება. ასეთი ადამიანი შემდეგ თავადაც განსხვავებულად გრძნობს თავს, მაგრამ ეს განსხვავებულობა სხვების მიერ არის თავს მოხვეული. 

თავიდან უმრავლესობა იწყებს  განსხვავებულობის აღნიშვნას, შემდეგ მის განვრცობას, შემდეგ ხდება გაყოფა -“ჩვენ და ისინი”, მერე ხდება მისი გარიყვა და ბოლოს კი – დისკრიმინაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ისინი, ვინც ჩვენ თავად გამოვარჩიეთ და განსხვავებული ვუწოდეთ,  სტატუსს კარგავენ, უწევთ არათანაბარ გარემოში ცხოვრება. როდესაც ადამიანისათვის ხელმისაწვდომი არ არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები, ხდება მისი სტიგმატიზაცია.

არსებობს შეძენილი სტიგმა, რასაც სხვების წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია შობს და თვითსტიგმა, როდესაც ადგილი აქვს დაბალ თვითშეფასებას.

სტიგმა შესაძლებელია იყოს სოციალური. მაგალითად, ოჯახის წევრებისგან გამოსული სტიგმა, რაც გამოიხატება სირცხვილში, პრობლემის დამალვაში.

არსებობს სტრუქტურული, ანუ ინსტიტუციონალური სტიგმა, როცა არარსებობს სერვისები, ცუდად უვლიან, დაფინანსებაც არაადეკვატურია,  არ ხდება კვლევა და არ არსებობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობა. 

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის დროს ადამიანები აღარ მიმართავენ სპეციალურ სერვისებს და დახმარებას. ამის მიზეზია ის, რომ ამ გზით ცდილობენ იარლიყების თავიდან აცილებას;

ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში უწიგნურია ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია დაავადების და არსებული სერვისების შესახებ და როცა ეს სერვისები ან არ არსებობს ან არ არის ხელმისაწვდომი. ამ დეფინიციის მიხედვით,  ჩვენი საზოგადოების  უმრავლესობა უწიგნური გამოდის. 

სტიგმის დაძლევის სტრატეგიები:

როგორ შევიყვაროთ ერთმანეთი, როგორ ვცეთ ერთმანეთს პატივი უფრო მეტად? ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთთან დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და განსხვავებულობის მიღებით.

ცნობილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის დაძლევის და შემცირების სამი სტრატეგია: ეს არის პროტესტი, განათლება და კონტაქტი.

პროტესტის დროს ხდება მასტიგმატიზებელი განწყობების დათრგუნვა. ასეთი აქტივობები შესაძლებელია იყოს – ადვოკატირება, პაციენტთა და ოჯახის წევრების გაძლიერება იმ მიმართულებით, რომ მესიჯები მიმართული იყოს ფსიქიკური პრობლემების მიმართ ნეგატიური განწყობებისა და არასწორი ინტერპრეტაციების წინააღმდეგ. ამ სტრატეგიის ეფექტურობა  არასაკმარისად არის შესწავლილი. მაგრამ ცნობილია, რომ პროტესტ ინტერვენციას ხანმოკლე ეფექტი აქვს.

პროტესტ ინტერვენციის უარყოფითი მხარე ის არის, რომ, მართალია, ითრგუნება არსებული ნეგატიური წარმოდგენები, მაგრამ არ ხდება მათი სწორი, დადებითი წარმოდგენებით ჩანაცვლება. ასეთ სტრატეგიას აქვს უკუეფექტიც: ანუ დათრგუნვას რაღაც დროში მოჰყვება იმავე წარმოდგენების გააქტიურება და მანიფესტაცია.

განათლება: უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ პრეზენტაციების, დისკუსიების, კინოფილმების  ჩვენების საშუალებით. შედეგები შერეული ხასიათისაა. ერთი მხრივ, იზრდება ცოდნა ფსიქიკური პრობლემების შესახებ, თუმცა, მაგალითად, მწვავე ფსიქიკური სიმპტომების შესახებ ინფორმაცია, პირიქით, ზრდის სტიგმას. ამასთან სტერეოტიპები იმდენად მყარად არის გამჯდარი ადამიანებში, რომ ახალი ცოდნა იკარგება.

კონტაქტი არის მესამე ტიპის სტრატეგია- როცა ადგილი აქვს ადამიანთან პირისპირ კონტაქტს. აღსანიშნავია, რომ კონტაქტი სტიგმის შემცირების ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა. კვლევების მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა გარემოში ხდება ეს კონტაქტი, რამდენად თანაბარ პირობებში იმყოფება ორივე მხარე, მაგალითად პაციენტ-ექიმის კონტაქტის შემთხვევაში ეს სტრატეგია ნაკლებად ეფექტურია.

შიზოფრენიის დიაგნოზით მცხოვრები პირის აზრები: “უსამართლობა არსებობს, ამას უნდა შევეგუოთ. მაგრამ უსამართლობამ დაღი არ უნდა დაასვას ადამიანს. ადამიანი მოქნილი უნდა იყოს:  ვინმე თუ ცუდს ეტყვის უნდა გაუცინებს. დაარტყამს - რქები არ დაუბრუნოს.  

მარტოობაზე უარესი არაფერია. სიკვდილმისჯილთა კამერაშიც ორს სვამდნენ, რადგან დამლაპარაკებელი ვინმე უნდა ჰყავდეს ადამიანს. ადამიანი არის ბიო-ფსიქო სოციალური არსება. მას სჭირდება კონტაქტი ადამიანთან. სხვაგვარად განწირულია. ვინატრებდი, რომ ცოტა ფული  მქონდეს, რომ გადასახადები გადავიხადო, საჭმელი შევჭამო, ჩავიცვა და ბავშვებს ვასწავლო. ვინატრებდი,  რომ ადამიანები  უფრო გულღიები იყვნენ, მეტად  გვიყვარდეს ერთმანეთი. 

ბევრს ჰგონია, რომ  შიზოფრენია სამყაროს დასასრულია, საშინელებაა, ჭირია. ეს ასე არ არის. სტიგმა ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გვეგუებიან. ის ხან შიშით გამოიხატება, ხან სიძულვილით, ხანაც ზიზღით - თითქოს კეთრი გჭირდეს.  

ჩემს თავზე  სტიგმა გამოცდილი მაქვს: მაგალითად ერთმა მითხრა შენ რა უნდა გელაპარაკოო, ჭკუა არ მოგეკითხებაო! ჭკუა როგორ არ მომეკითხება, თუ დანაშაულს ჩავიდენ ციხეში ჩამსვამენ.  ბევრს უთქვამს - “ეს გიჟია, ავადმყოფია!” ღმერთმა დაიფაროს, მის ახლობელს რომ დაემართოს იგივე მაშინ რას იტყვის?

სტიგმა არის, როცა ადამიანი ვერ უგებს განსხვავებულს, ვერ ეგუება.  თავის განვითარებაზე უფრო დაბალ დონეზე აყენებს და ჩაგრავს. სტიგმა არის ჩაგვრა, ჩაგვრაა!”

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^