ხომ მტკივნეულია მოახლოვებული ზამთარი და გასაყინად გადადებული მრავალშვილიანი ოჯახები, მაგრამ დეპუტატის ცუდი ინგლისური უფრო მტკივნეულია. უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია მშიერი ადამიანის ყურება, სხვისი ტკივილის ყურება ხომ მტკივნეულია, ხომ მტკივნეულია ბანკებისგან სახლგაყიდული, სახეგაყიდული ადამიანების ყურება, ყაჩაღური კრედიტები ხომ მტკივნეულია, მაგრამ ბანკის პრემიაზე წარდგენილი ფავორიტი მწერლის მარცხი უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია სამსახურიდან გაგდებული, ვალის პირისპირ მდგარი უღონო კაცის თვითმკვლელობა, მაგრამ ომის დროს გაქცეული მაღალჩინოსნის ზურგის ყურება უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია სტიქია, მღვრიე წყლებისგან პროვინციების პენეტრაცია თავისთავად მტკივნეულია, მაგრამ დავოსში წამსვლელის გარკვევის პროცესი უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია თავში სროლა და მომაკვდავის ხროტინი, მკვლელი პოლიციელი ხომ მტკივნეულია, მაგრამ მინისტრის მეტყველება უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია სამათხოვროდ გამოწვდილი დახეთქილი ხელი, მაგრამ მაგრამ ამ ხელის სუნი და ფრჩხილის ჭუჭყი უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია 300 ბავშვის შიმშილით გამოწვეული სიკვდილი ყოველ წელს, მაგრამ ამ ბავშვის მშობლის ქსენოფობური რიტორიკა უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია მომღერალი ნინო ჩხეიძე, მომღერალი ლელა წურწუმიაც ხომ მტკივნეულია, მაგრამ მათი სიმღერა მოსკოვში უფრო მტკივნეულია.
ხომ მტკივნეულია სხვა და სხვა, მაგრამ სასწრაფოდ იძებნება კიდევ სხვა, რომელიც თითქოს უფრო მტკივნეულია და ასე. ამითაა დაკავებული მედია, პოლიტიკოსებად ცნობილი წვრილი და მსხვილი პარაზიტები და ინტელექტუალების უდიდესი ნაწილი, ცხადია.
არა, მაინც როგორი გულისამრევია ქართული ინტელექტუალური აზრი, როგორი უხერხემლო, საცოდავი, როგორ არ ჯერა იმის, რასაც ამბობს და ქადაგებს, როგორი არადამაჯერებელია და მაინც როგორი ყელმოღერებული საკუთარ უმაქნისობაში. წვრილი ჩხირებითაა ნაშენი მისი ხუხულა და ფუნითაა გადაგლესილი. როგორი კონფორმისტულია, გმირულად კონფორმისტული, ბუნტის სურვილით აცუნდრუკებული, მაგრამ ქვითინამდე მისული უმწეობისგან ისტერიკული. ცოცხალი თავით არ თმობს საკუთარ ბავშვურობას, მაგრამ ამ ბავშვურობისგან ვერაფერი გამოადნო მყარი და მედეგი. ისეთი, რომ აგიდგეს, ან შეკამათებად ღირდეს, ან პატივისცემა დაიმსახუროს, ან თავი შეგაძულოს. როგორი უკბილო და ჩიფჩიფაა, ბებრუხანული, როგორი დასადგურებულია საკუთარ სიმყრალეში. დამპალი ნესვივით დევს და ბუყბუყებს, დევს და ბუყბუყებს. ან ვის ააღელვებს, ან ვის ატკენს, ან ვის დაკარგვია, ვის რა ყლეს მოაჭამს უკბილო პირით. იმიტაცია, იმიტაცია, იმიტაცია - აი მისი საცოდავი ისტორია.
ან რა გამოიგონა, ან რა გაითამაშა, ვინ ანუგეშა, ან ვის რა შეთავაზა. მაგრამ სულ ყურადღებას ითხოვს "მე მგონი, დავიმსახურე" სახით, ყურადღება უნდა, აგარაკს და მანქანასაც ურჩევნია ხშირად, რადგან იცის, რომ არავინ გაიმეტებს მისთვის არც ერთს და არც მეორეს. ამიტომ მოგებულ თამაშს თამაშობს - ხომ ხედავთ, როგორი დაუმორჩილებელია?! ამიტომ შანსს არ უშვებს ხელიდან, სხვის სისუსტეებს არ დაცინოს, სხვის, ტრაკის ლოკვით ნაშოვნ საცოდავ ქონებაზე და ამ ქონების ირგვლივ მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე, ქცევებზე და ქცევების თავისებურებებზე არ მიუთითოს. სინამდვილეში, იმათ არაფრით ჯობია, უბრალოდ, უკეთ გამართული მარკეტინგი აქვს, უკეთესი მენეჯერი გამოდგა, უკეთ შეისწავლა გასაღების ბაზარი.
საცოდაობა ერთადერთი გრძნობაა, რასაც იწვევს, სიმყრალე ერთადერთი სუნია რასაც აყენებს, ყავისფერი ერთადერთია მის პალიტრაზე. არანაირი ჯამბაზობა, არანაირი მცდელობა თეატრით თეატრის დათრგუნვის, არანაირი ალტერნატიული პროექტი, არც შხამიანი ისრების მიზანში სროლა, მხოლოდ ბლაგვი ფრჩხილები, რომლითაც საკუთარ სიმბოლურ კაპიტალს იცავს.
დესტრუქციულობა, რომელსაც ხანდახან იმიტირებს, კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლაა, რომ არ მოყანყალდეს სტრატაში. სტრატა უპირველესია! სტრატა წმინდაა! სულ უნდა უყაროს სასუქები, არ აქვს მოდუნების უფლება. თორემ სტრატა არ აპატიებს! სტრატა სასტიკიც არის, ობლობისთვის ისე გაწირავს, როგორც დაგიბარებია.
როგორი მდორეა ეს აზრი, როგორი ტლანქი, ვალდებულებებით დამძიმებული, სიმხდალით შეკვეცილი, თვითტკბობით დაჩლუნგებული. ელიტისტურად გაქვავებული და ნარცისული. თუ რამენაირ მანკიერებაზე ამრეზით ლაპარაკობს, იცოდე, რომ თავადაა ჩემპიონი და შრომის გმირი მათ კვლავწარმოებაში. როგორი მონოტონური და მოსალოდნელია ამ თავისი გაჭინთული სარკაზმით, საკუთარ თავზე პარაზიტირებით, ამ თავისი თვალის ჩაკვრით...
ხომ მტკივნეულია? კი, მტკივნეულია.