ქალბატონო თამარ,
მოგმართავთ იმის იმედით, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს. თქვენთვის მოწერა იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ თქვენგან მოვისმინე ადეკვატური განცხადება ხანუმ ჯეირანოვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე შეიწირა უკიდურესად მახინჯმა, მანკიერმა და სისხლისმსმელმა პატრიარქალურმა ტრადიციამ. სწორედ ქალთა ხოცვა-ჟლეტის კატასტროფული სურათია ის, რაც მე (და იმედი მაქვს, არა მხოლოდ მე) მაწუხებს. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს საკითხი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ ქალის ტრაგედია ერთადერთი არაა. ოჯახურ ძალადობას არაერთი ქალი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ გურიაში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა ეჭვიანობის გამო; ყველას კარგად ახსოვს თბილისში, ,,ბაზის ბანკის’’ წინ ყოფილი ქმრისაგან ხანჯლით დაჩეხილი ქალი; ყოფილი ქმრისაგან ჩაცხრილული 27 წლის სოფო ზურებიანი; სოფელ ოჩხამურში ყელგამოღადრული რუსუდანი; ყოფილი ქმრისაგან სასტიკად ნაწამები ჟუჟუნა; ასევე, ორხევის დასახლებაში ეჭვიანობის გამო წამებით მოკლული თეა მეტრეველი; ზესტაფონში, დღისით-მზისით, ხალხით სავსე პარკში ქმრისგან მოკლული 21 წლის გოგონა და სხვები. ამ ქალთა ისტორიების ჩამოთვლაც კი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ამ მკვლელობებს ერთი რამ აერთიანებს - მსხვერპლი ქალია, მკვლელი კი კაცი. ყველაზე ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ეს დანაშაული ამ ქალების ქმრებმა, ან ყოფილმა ქმრებმა ჩაიდინეს. როგორც აღმოჩნდა, ქალისთვის ყველაზე სახიფათო სივრცე სწორედ ოჯახია. საქართველოში, ოცსაუკუნოვანი ქრისტიანულ-პატრიარქალური კულტურის ქვეყანაში, ქალი ისევ და ისევ ,,მეორე’’ სქესია. ის მიიჩნევა ქმრის საკუთრებად, ნივთად, კომფორტულ თოჯინად, სათამაშოდ და საქონლად, რომელსაც კაცი ისე მოეპყრობა, როგორც მოესურვება. ადათ-წესების თანახმად, ქმრის სტატუსი განუზომელ ძალაუფლებას ანიჭებს მამაკაცს; შეუძლია, ხელაღებით მოკლას ცოლი, თუკი ის არ დაემორჩილება გაბატონებულ ნორმებს და არ ,,შეიგნებს’’, როგორ უნდა იქცეოდეს ,,ნამდვილი’’ ქალი. ყოველი მხრიდან განუწყვეტლივ მოისმის ოჯახის ქებათა ქება, მაგრამ საუბედუროდ, ყურადღებას არავინ ამახვილებს იმაზე, რომ სწორედ ამ ,,ღვთივკურთხეულ’’ ოჯახებში სცემენ და ასახიჩრებენ ქალებს, ამ ბარბაროსობას კი სჩადიან მათი მამები, ქმრები, ძმები და ნათესავები. ხალხს ურყევად სწამს, რომ როგორც კი გოგონას ,,დრო დაუდგება’’, ,,პატრონს’’ უნდა ჩაჰბარდეს და ბოლოს და ბოლოს, მთელი არსებით განიცადოს ის, რასაც თვალებჩალურჯებული, ნაცემ-ნაბეგვი, სამზარეულოში გამომწყვდეული, გაუბედურებული, უპეებამოშავებული და ნეკნებჩამსხვრეული დედამისი განიცდიდა მაშინ, როცა ქმარი ჯერ ,,ქალურ ბედნიერებას’’ უსურვებდა, მერე კი სცემდა, ან ჯერ სცემდა და მერე უსურვებდა, ან კიდევ, ორივე ერთად.
როგორც უკვე გითხარით, ოცდათოთხმეტი წლის თეა მეტრეველი ქმარმა წამებით მოკლა. სანამ ეს შემზარავი ტრაგედია დატრიალდებოდა, მას ხელწერილი დააწერინეს იმის შესახებ, რომ ცოლს არ შეაწუხებდა. თეა მეტრეველი ქმრის სახლიდან გაიქცა და ნათესავთან გადავიდა საცხოვრებლად. ქმარი გამუდმებით სცემდა, ავიწროებდა, ამცირებდა და ემუქრებოდა. ხელწერილისა და გაფრთხილების მიუხედავად, სამართალდამცავებმა კაცი ვერ შეაკავეს და ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოკლულის დედამთილი შვილის საქციელს ამართლებს და მას გმირს უწოდებს. არავინ იცის (უფრო სწორად, ყველამ იცის, რადგან კვლევების მიხედვით, საქართველოში, ყოველი მესამე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია), კიდევ რამდენი თეა მეტრეველი ითმენს ქმრისგან, მამისა და ძმისგან ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაუბედავს, რადგან დაცვის გარანტია არ გააჩნია. ,,ქალის კულტის’’ ქვეყანაში, საქართველოში, ქალისადმი პატივისცემა მხოლოდ სუფრებზე წარმოთქმულ მანდილოსნის სადღეგრძელოში ,,გამოსჭვივის’’. ესაა პატივისცემა, რომელსაც ხშირად, წიხლის, მუშტის, მჯიღის, ნაჯახის, დანის, თუ სხვა საგნის ცემა ,,ახლავს’’. ხშირად, მსხვერპლი სამართალდამცავ ორგანოებსაც კი არ მიმართავს, რადგან არა აქვს იმის იმედი, რომ სათანადოდ დაიცავენ. ხშირად, პოლიციელები შემაკავებელ ორდერებსაც კი არ წერენ და აცხადებენ, რომ ეს ,,ოჯახის საქმეა’’. მდგომარეობა არ იცვლება და ქალებს ისევ სცემენ, ხოცავენ და ასახიჩრებენ.
პატრიარქატს, როგორც ქალის სხეულის ტოტალურად მაკონტროლებელ წყობას, უფლება აქვს, ,,მეორე სქესი’’ დეტალურად შეამოწმოს, გასინჯოს, უმანკოების პარამეტრები დაუწესოს და მისი უბიწოება-სიბილწე გაზომოს. ასე ,,გაზომეს’’ მარიამი, რომელმაც ქორწილის ღამე ქობულეთის პოლიციაში გაატარა. ქმარსა და დედამთილს მის ქალწულობაში ეჭვი შეეპარათ და გოგონა პოლიციის განყოფილებაში გააქროლეს. მარიამი და მისი დედა ამბობენ, რომ გოგონას ემუქრებოდნენ. ,,შემოსეულები მყავდნენ ეს პოლიციელები, ერთი და იმავეს დამძახოდნენ, მლანძღავდნენ, რაღაც ხელწერილის დაწერას მაიძულებდნენ.’’ მას სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში აიძულებდნენ, ეღიარებინა, ვისთან დაკარგა ქალწულობა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ... არც არავისთან. მან პოლიციელებს უჩივლა. ცნობისთვის, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას დღემდე ამაოდ ითხოვს. ,,პოლიციამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, 16 წლის ბავშვს ემუქრებოდნენ ნეკნებს ჩაგიმტვრევთ, თუ მართალს არ იტყვიო...’’-ამბობს მარიამის დედა. მიუხედავად ამისა, დღემდე უცნობია, დაისაჯნენ ეს პოლიციელები, თუ ამ შემთხვევაშიც ,,კაი ქართველობისა’’ და ,,ძმაბიჭობის’’ კულტმა გაიმარჯვა.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც პატრიარქალური წყობისაგან ხელდასმული ორგანო, ალბათ, ვერ აცნობიერებს თავის უდიდეს პასუხისმგებლობას და არ იცის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მშობლებისათვის (ან საქმროსთვის) იმის გამოცხადებას, რომ მათი ქალიშვილის (ან საცოლის) საქალწულე აპკის მთლიანობა ვიღაცამ დაარღვია. კიდევ მრავალ ყელგამოღადრულ, ნაცემ და აკუწულ გოგონას ვიხილავთ, მაგრამ ეს ბიურო ხელს დაიბანს, ისევ მედგრად იდგება ქართული ოჯახის სიწმინდის სადარაჯოზე და გასცემს მოვარაყებულ და ჩარჩოში ჩასმულ მოწმობებს, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ მავანი გოგონა უმანკოა, ან კიდევ, ზნედაცემული.
ლაგოდეხში 15 წლის გოგონა მოიტაცეს. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა. „უნდოდა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, თუმცა მე გათხოვება ჯერ არ მინდა. სკოლაში ვსწავლობდი. მომიტაცეს. სამნი იყვნენ, თვითონ და მისი ორი მეგობარი. ვერც გაქცევას ვახერხებდი. ყოველ ღამე ჯიპის მარკის ავტომანქანაში მაუპატიურებდა. ამის ჩადენას მას მისი მეგობრებიც ურჩევდნენ, როგორც აუცილებელ პირობას, რომ მე მათთვის არ მეჩივლა. მანქანაში გარედან გვკეტავდნენ. გაუპატიურების დროს წინააღმდეგობას ვუწევდი, ფრჩხილებით და კბილებით, მაგრამ უშედეგოდ.’’ „სკოლიდან მოდიოდა. მანქანა გაჩერდა. პირზე ხელი ააფარეს და მანქანაში შეაგდეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა. სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზარალებული ამბობს, რომ დაზიანებები გაუპატიურებისას წინააღმდეგობას რომ უწევდა, მაშინ მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა, გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ გოგონა დაზარალებულად არ ცნო და არც გატაცებასა და გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცები მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ითხოვენ. 15 წლის გოგონა უკვე ერთი თვეა, სკოლაში აღარ დადის და მამა ამბობს, რომ მისი განმეორებით მოტაცების რისკი ძალიან დიდია.
რატომ გამოიჩინა მოსამართლემ ასეთი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა? რატომ არ შეუფარდა პატიმრობა მოძალადესა და მის თანამზრახველებს? ამ კითხვებზე პასუხი არა მაქვს. ის მამაკაცია და შესაბამისად, მამაკაცის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა; ასევე უცნობია, დააპატიმრეს, თუ არა ის ცოლ-ქმარი, რომელიც 16 წლის გოგონას ძალით ათხოვებდა; მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან გოგონამ თავი მოიკლა; თვითმკვლელობამდე მიყვანა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ დღემდე არ ვიცით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაისაჯნენ მშობლები, თუ ამ შემთხვევაშიც კარგად ნაცნობმა ,,ქართულმა სულმა’’ და ეროვნულმა ტრადიციებმა გადაწონა; ასევე უცნობია, რატომ არ დაეხმარნენ სამართალდამცველები იმ 70 წლის ქალს, რომელიც 78 წლის კაცმა მოიტაცა კარდენახში. პოლიციელებს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვა ევალებათ და არა - მოძალადისათვის ღვინით სავსე ჭიქის მიჭახუნება, სმა, სიცილ-ხარხარი და კიდევ ერთი ,,წმინდა ქართული ოჯახის’’ დალოცვა.
ხანუმ ჯეირანოვას ცემას მთელი სოფელი უყურებდა; ყველას კარგად ესმოდა, როგორ ყვიროდა და შველას ითხოვდა; მისი ტირილი და კივილი ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული იერარქიისა და მასკულინური დომინაციის ყველაზე მკვეთრი აუდიოვიზუალური სიმბოლოა. ქალების ასეთი სასოწარკვეთილი ტირილი გამუდმებით გაისმის საქართველოს აბსოლუტურად ყველა კუთხეში, მაგრამ სმენადახშულ საზოგადოებას არ ესმის ეს სულისშემძვრელი გოდება. ვანდალურად დახოცილი ეს ქალები, რომელთა სისხლითაც (და არა მხოლოდ წინაპართა სისხლით) მორწყულია ქართული მიწა, ხალხის თანაგრძნობას ვერ იმსახურებენ. სამარადისოდ შედუღაბებული ერი და ბერი ამ ძალმომრეობის წინააღმდეგ ხმას არ იმაღლებს. თეა მეტრეველი, ხანუმ ჯეირანოვა და მახინჯი ტრადიციების სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანილი სხვა ქალები ვერასოდეს გახდებიან ნაციონალურ-რელიგიურ-კლერიკალურ-პატრიარქალური ემპათიის ღირსნი, რადგან ხალხის აზრით, ისინი სამარცხვინო ცოლები და დედები იყვნენ. ქალების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის გამართლება შესაძლებელია მართლმადიდებლური სულით, ქართული სისხლით, ნაციონალური ეგოთი, თავმოყვარეობით, შელახული მამაკაცური ღირსების აღდგენის სურვილითა და ქალის ,,უზნეობით’’. ,,მკვლელობა ცუდია, მაგრამ...’’ ეს ყოვლისშემძლე ,,მაგრამ’’ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის პრინციპზე მაღლა დგას. ,,ბო** აკვანში უნდა მოახრჩო’’ და სხვა ამგვარი ფრაზები არაერთხელ გაისმა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის სადარაჯოზე მარადდღე ერთგულ ცერბერებივით მდგარი ადამიანები არასოდეს გამოიჩენენ ასეთ სიმპათიას მამაკაცის მკვლელის მიმართ. აღტაცებული შეძახილები მხოლოდ მაშინ აღმოხდებათ, როცა ქალის მბრძანებლად და ოჯახის თავად შერაცხული კაცი ცოლს ,,მუხლებში გადაამტვრევს’’, კისერს მოუგრეხს, ყელს გამოღადრავს, საკადრისად დასჯის, ჭკუას ასწავლის და ,,სწორ’’, ქართულ, ,,მართლმადიდებლურ’’, ეროვნულ გზაზე დააყენებს. თუ მოკლული უდანაშაულო აღმოჩნდა, ის ,,უი, საწყალი ქალი’’, ,,ქმარი შეცდომაში შეიყვანეს და გააგიჟეს’’, ხოლო თუ გაირკვა, რომ უღალატა, ,,ასაფატრი ყოფილა’’, ,,უფრო ადრე უნდა მოეკლა ის ზნედაცემული ძუკნა’’ და ა.შ. ,,ქალის კულტის’’ ქვეყანა ქალთა სასაკლაოდაა ქცეული.
ოჯახში ძალადობა, რომელიც საქართველოში ,,ოჯახის საქმედ’’ მიიჩნევა, მოგეხსნებათ, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ძალიან მკაცრად ისჯება. მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს უკეთებენ და ის მსხვერპლის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს ვერ მიუახლოვდება. ქალთა მკვლელობების კატასტროფული მაჩვენებლის გამო სამხრეთ ამერიკის არაერთმა ქვეყანამ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა დანაშაულის შემდეგი სახე - ფემინიციდი (სხვაგვარად - ფემიციდი), რომელიც ეწოდება ქალის მკვლელობას ქმრის, ყოფილი ქმრის, მამის, ძმის, ოჯახის სხვა წევრის, ნათესავის, ან პარტნიორის მიერ. პერუმ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, კოლუმბიამ, სალვადორმა, გვატემალამ, მექსიკამ და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმა ზემოაღნიშნული კანონი იმიტომ კი არ მიიღეს, რომ მათთვის ქალის სიცოცხლე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მამაკაცის, არამედ იმიტომ, რომ ეს შემზარავმა რეალობამ გამოიწვია. ვფიქრობ, ფემინიციდის შესახებ კანონი, საფრანგეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქალებისათვის.
დასასრულ, მინდა, გითხრათ: მჯერა, რომ ქალთა უფლებების დაცვა პრიორიტეტულია თქვენთვის. მაქვს იმედი, რომ ქალების მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულის გამო და საზოგადოებასაც მიეწოდება ინფორმაცია ამის შესახებ. მწამს, რომ თქვენ, როგორც ქალი და ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალას არ დაიშურებთ ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად და მათ გასაჭირს გულთან მიიტანთ. როგორც ფემინისტი, გამოვთქვამ თქვენთან კონსულტაციის სურვილს, რათა სხვა ფემინისტებთან ერთად ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხსა და ფემინიციდის კანონზე.
მსურს, ამ წერილთან ერთად მოგაწოდოთ სიმონ დე ბოვუარის ,,ჟამი სულიერების ზეობისა’’, რომელიც სულ ახლახან ითარგმნა და გამოიცა. ფემინისტური მოძრაობის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის ეს ნაწარმოები შესანიშნავად აღწერს, როგორ აკნინებს და ამცირებს ქალს დრომოჭმული, ყავლგასული ადათები, დამყაყებული ტრადიციები და რელიგიური ფანატიზმით გაჟღენთილი საზოგადოება.
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს,
პატივისცემით,
გიორგი ძნელაძე