"ღამე იყო მთვარიანი,
თოვლიანი, ქარიანი,
ცრემლი მომდის სიხარულის
მიყვარს ღამე სიარული,
მთელი ღამის უძილო ვარ" - ზურაბ ვაშალომიძე
***
ყველას აქვს პირველი სიგარეტი, პირველი სექსი, პირველი თრიფი, პირველი ტყუილი… ზუსტად ასე, ყველას ყავს პირველი პოლიციელი.
ჩემი პირველი პოლიციელი ღამის ქარში დგას, უფორმოდ. ღამესავით შავი და რაკეტასავით წვეტიანი ტუფლებით.
ჩვენს უკან ნესტიანი კორპუსებია, მის უკან ცა. ჩვენს უკან დაკარგული სამოთხეა, მის უკან - კანონის უზენაესობა.
ზღვიდან წამოსული ქარიშხალი პალმებივით არხევს გარეგანათების ბოძებს. გაურემონტებელ სახლებს აძრობს სახურავებს, ჟეშტებს, ანტენებს და ინდუსტრიული ჯართის გველივით აფრიალებს მის უკან გაშლილ უვარსკვლავო ცაზე.
მხოლოდ პორტში დამდგარი გემების სუსტი განათება ეცემა სცენას და ვერაფრით ვიმახსოვრებ მის სახეს. არადა ძალიან მნიშვნელოვანია: დაიმახსოვრო შენი პირველი პოლიციელის სახე. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი.
ის ღამის ქარში დგას და ყვირის. მის წინ ჩემი ბიძაშვილი გდია. ახალგაზრდა, დაკარგული, მთვრალი და ნაცემი.
- მე შენ დაგბრიდავ. დაგბრიდავ - იმეორებს ის, თითქოს ცუდ სიზმარს ხედავს, ჩემს ხელებზე მისი ცხვირიდან წამოსული სისხლია.
- მე შენს დედასმოვტყნავ - ყვირის ჩემი პირველი პოლიციელი.
ეს მომენტი, თევზივით დაცურავს ცნობიერების ოკეანეში და ხანდახან უხეშად კვეთს მოგონებების ეკრანს. ყოველ ჯერზე, როცა ვხედავ ქარში მდგარ პოლიციელს, ვცდილობ გავიხსენო ის ღამე. დავბრუნდე მაშინდელ სხეულში. ვიგრძნო ბიძაშვილის სიმძიმე, როცა მის წამოყენებას ვცდილობ და პოლიციელის ყვირილი, რომლისგანაც ჩემი ყურის ბარაბნები სკდება. ხანდახან გამომდის კიდეც, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გახსენებას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. შენ მხოლოდ შეგიძლია გაიხსენო, მაგრამ ვერაფერს ვერ ცვლი. ყოველ ჯერზე ყველაფერი ისევ ისე მთავრდება, როგორც იყო:
მისი ყვირილი უცნაური ტოქსინივით მოქმედებს, აშეშებს ჩემს 12 წლის სხეულს და მე ვერაფერს ვაკეთებ.
- გთხოვ წამოდი სახლში, ხვალ მოვკლათ -- ვეუბნები ყურში ჩემს ბიძაშვილს და მგონია რომ ცხოვრება დამთავრდა. FADE OUT.
***
იმ საღამოს ცოტა ზედმეტი მოგვდის და 5 წუთში ვხვდებით: ისეთი მოწეულები ვართ რომ ფეხზე ვერ ვდგებით. პრინციპში რად გვინდა ადგომა - ვფიქრობ მე, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ გმინვა ამომდის პირიდან. გვეცინება. ქუჩაში მიმავალი მანქანებისგან სინათლის ბლიკები ეცემა კედელს, სინათლე ფანჯრის ფორმას იმეორებს. ჯერ კედელს აწყდება, მერე ჭერზე ადის და ბოლოს უჩინარდება.
უსასრულო სიმშვიდე და სიამოვნება.
მანქანების, ხალხის, წვიმის ხმები ერთმანეთში ირევა და ქალაქის ხმაური თითქოს ნელნელა ზღვის ტალღების ხმაში გადადის. ქეთი თვალდახუჭული წევს, ბედნიერი ღიმილით, ჩვენი მკლავები ერთმანეთს ეხება და მე ვგრძნობ სიმშვიდის ცუნამის რომელიც მისი მხრიდან მიახლოვდება.
- დახუჭე თვალები და გაიხსენე რამე მომენტი.
რაღაც უაზრო მომენტი მახსენდება, ალბათ 11-ის ვარ: საძინებელი ოთახიდან გამოვდივარ, ვუახლოვდები კარებს და გავდივარ გარეთ. ისეთი არაფერი ხდება, უბრალოდ მომენტია,რომელიც რატომღაც ამოტივტივდა.
- მერე?
- ეხლა შედი რაც გაგახსენდა იმაში
ვერ ვხვდები რას მეუბნება, მაგრამ ცოტა ხანში ვგრძნობ რომ გარედან კი არ ვუყურებ ამ მოგონებას. იქ ვარ, თითქოს ახალი თაობის oculus rift-ი დამახურეს მოგონებებში სამოგზაუროდ.
- ეხლა დაათვალიერე - მესმის ქეთის ხმა,სადღაც შორიდან და მეც გარშემო ვიხედები. ვგრძნობ სხეულის სიმჩატეს, იმდროინდელ განწყობას, ვამჩნევ ისეთ დეტალებს სახლში, რომელთა არსებობა საერთოდ არ მახსოვდა: ბებიაჩემის ფსალმუნების წიგნები, გაყვითლებული სანთლის ნარჩენებით, იატაკის ჭრიალი მისაღები ოთახის კართან, ახალგაზრდა დედაჩემის ხმა სხვა ოთახიდან, რუსულენოვანი წარწერები სადარბაზოში. გარეთ გასულს, აგვისტოს რადიაციული მზე მეცემა თეთრ კანზე, ღრმად ვისუნთქავ და ვგრძნობ ზღვის სუნს ჰაერში.
თვალებს ვახელ. ქეთი იღიმება, გაოგნებული ვხვდები რომ ჩემი ცნობიერება ორი წუთის წინ - ათეული წლით დაბრუნდა წარსულში და დამკვირვებლის სახით იჯდა ჩემს მაშინდელ სხეულში. ასე ვისწავლე გახსენება - ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რაც მისგან დამრჩა.
***
“If all time is eternally present
All time is unredeemable.” T.S. Eliot
არსებობს მოსაზრება, რომ დრო არაწრფივია. 1920-იან წლებში ვინმე ჯონ უილიამ დანი თავის ბროშურაში “ექსპერიმენტები დროსთან” წერდა, რომ წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად ხდება. მხოლოდ ჩვენს პატარა,ცხოველურ ტვინებს უჭირთ ამ მთლიანობის აღქმა და ამ უსასრულობის მხოლოდ ვიწრო ასპექტს ხედავენ. ამ აზრის საილუსტრაციოდ დანს წიგნი მოყავდა. წიგნში ერთდროულად არის მოცემული მთელი სიუჟეტი, ყველა მომენტი მასში უკვე არის და ხდება, მაგრამ მკითხველი ყოველთვის წიგნის რომელიღაც ნაწილზეა გაჩერებული, მან იცის რა მოხდა წინა გვერდებზე, იცის სადაა ეხლა მისი გმირი, მაგრამ არ იცის რა მოხდება შემდეგ. თუ მკითხველი შეძლებს ერთდროულად აღიქვას წიგნი, მაშინ ეს იქნებოდა დროის ნამდვილი აღქმის ტოლფასი. აღქმა მატარებელს გავს, რომელიც ა-დან ბე პუნქტამდე მიდის, ერთი მიმართულებით სერავს დროის უსასრულო ტერიტორიებს.
თუ წარსული და მომავალი ერთდროულად ხდება - ესე იგი მე ისევ იქ ვარ, ახლაც, იმ მომენტში. და თუ მე შემიძლია გახსენება - იქნებ შემიძლია რაღაცის შეცვლაც? იქნებ, საკმარისია ჩემს მაშინდელ სხეულს რამე მესიჯი გადავცე, საკმარისია თითი მაინც ამიტოკდეს ამ ძალისხმევის შედეგად და მერე უკვე შევძლებ რაღაც შევცვალო? და დასაბამი მივცე დროის ახალ ნაკადს, სადაც ყველაფერი სხვანაირად მოხდა?
ამ იდეამ მოსვენება არ მომცა. რამდენიმე კვირა მთელი ძალით ვცდილობდი გახსენების დროს რამე მესიჯი გადამეცა ჩემი მაშინდელი მე-სთვის.თუმცა უშედეგოდ. უკვე ამ პრაქტიკის მიტოვებასაც ვაპირებდი,როცა მოულოდნელად გაუთვალისწინებელი გარღვევა მოხდა...
***
აი, მე ისევ აქ ვარ. ღამეში. ჩვენს უკან დაკარგული სამოთხეა, მის უკან მთელი ცა. ჩვენს უკან შავი ხვრელებია,ვარსკვლავების აფეთქება, მის უკან სიმართლე, დროშები. ის ყვირის და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ღამე და ქარი მისი პირიდან ამოდის.
- მე შენ დაგბრიდავ. დაგბრიდავ - იმეორებს ჩემი ბიძაშვილი, თითქოს ცუდ სიზმარს ხედავს.
- მე შენს დედასმოვტყნავ - ყვირის ჩემი პირველი პოლიციელი და ხელს გვკრავს. მეც ვეცემი. სველი ასფალტის შეგრძნება ლოყაზე, ქარი ყურებში, ვგრძნობ როგორ მიტოკავს თითები, იქნებ სტრესისგან, იქნებ სხვა რაღაც ხდება. წესით გამოსახულება ამ მომენტში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ წინა შაბათს რაღაც შეიცვალა და მომენტი გაგრძელდა:.
მოულოდნელად, მე ვდგები. კურტკის ჯიბიდან ამომაქვს მეგობრის თვითნაკეთი პისტოლეტი და პოლიციელს შიგ სახეში ვესვრი.
სიბნელეში დამალული სახე წამით ნათდება და ის მუხლმოკვეთილი ეცემა. სისხლი ასხამს და იშლება რორშახის ტესტივით. ის უკვე ვერ ყვირის. ვყვირით ჩვენ. ვდგებით და მკვდარს ვცემთ. ვურტყამთ და ვყვირით. ვყვირით და ვურტყამთ. ჩვენს ზურგს უკან, მკვდარ ფანჯრებს ნელნელა უახლოვდებიან სანთლები და ლამფები. შეშინებული მეზობლები იღვიძებენ და გარეთ, უსასრულო კოსმოსის ღამეში იყურებიან. ერთი-ორი, ყველაზე გაბედული გარეთაც კი გამოდის და ფრთხილი ნაბიჯებით, კორპუსს აკრული ცდილობს გაარკვიოს - ვინ კლავს ვის.
***
ნახევარ საათში ხრუშოვკებში ზეიმია. ისეთი ზეიმი, როგორიც მარტო იმ ხალხს შეუძლია, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.
კაცებს გამოაქვთ შემონახული სასმელები, ქალები ამზადებენ სალათებს, პიცებს, საცივებს და სხვა სადღესასწაულო კერძებს, ვიღაცამ ახალი წლისთვის შენახული მაშხალებიც გამოიტანა, ბავშვები პოლიციელის მანქანას შლიან. ბორბლებისგან კოცონს ვანთებთ, ვმღერით და ვსვამთ, ვცეკვავთ და ვლოცულობთ.
ჩემი იარაღის ტყვიები მეტეორივით იკარგება სტრატოსფეროში, სირეცის ინექციებს ვაყოლებ ადგილობრივი წარმოების მარიხუანას, მეზობლის გოგოებს, მათი მშობლების კურთხევით, ვტყნავ კორპუსის უკან, პატარა შენობაში სადაც განლაგებულია დენის ტრანსფორმატორი. ჩემზე პატარა ბავშვებს სახელდახელოდ მოაქვთ ზღვის ნაპირიდან მათი ხელით მოგროვებული უგემრიელესი მიდიები და ლენცოფა. ყვავილი, რომლითაც კოლხიდის მეფეები წამლავდნენ მტრებს და იკლავდნენ თავს, ჩვენ კი ვჭამდით შრომის, რელიგიის და ფიზკულტურის გაკვეთილებზე, ჩაძირულები დაუნდობელ ჰალუცინაციებში, რომლებიც არასოდეს დამთავრებულა. საერთო ჯამიდან ვსვამთ ერთმანეთის სისხლს და ვიფიცებით, რომ ასე იქნება, სანამ ქვეყანაში უკანასკნელი მჩაგვრელი არ მოკვდება. ამას კი სავარაუდოდ დაჭირდება - ათასი წელი. მკვლელობების და ზეიმის ათასი წელი.
დილით, როცა ზამთრის მზე ადგება ყველგან მიმოყრილ ღამის ნასუფრალს, წვიმა აქრობს ცეცხლის ნარჩენებს და ჩვენ გვძინავს ატხადნიაკების უსიზმრო ძილით -- ქალაქის მაცხოვრებლები და “რკინის კაცის”, კახა თარგამაძის ტანკები და შეიარაღებული ათეულები ხედავენ ჩემს პირველ პოლიციელს, უფრო სწორად მის გვამს - ჯვარცმულს დიდ ანტენაზე - ჩვენი კორპუსის თავზე.
აქ კადრი გაწყდა და მიუხედავად იმისა რომ ჩემი ცნობიერება ისევ რეალობის იმ ვერსიაში დაბრუნდა,სადაც ეს ტექსტი იწერება და მე ისევ გავაგრძელე იმის კეთება რასაც ვაკეთებდი, მე არ მშორდება და ალბათ დიდი ხანი გამყვება ეს ახლადშეძენილი მოგონება,როგორც ტკბილი ცოდვა,რომელსაც არ ახსენებენ აღსარებებში. დანაშაულებრივი სიამოვნებით სავსე შეგრძნება, რომ სადღაც, დროის რომელიღაც თაიმლაინზე - ეს გვამი ჩვენი მანიფესტია.