Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აკადემია: კრიზისის შინაარსი და მთავარი გამოწვევა

16 ოქტომბერი 2014

ამ გაზაფხულზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფმა მომმართა: ძალიან უკმაყოფილოები ვართ სწავლების პროცესით, ის ჩვენს მოლოდინებს, საჭიროებებს, ინტერესებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებს და დაგვეხმარეთ გავერკვიოთ, რა ხდება ჩვენსა და ჩვენი სასწავლებლის თავსო. ლექცია წაგვიკითხეთო. რასაკვირველია, ვუპასუხე, რომ ლექციის ფორმატი ამის გარკვევის საშუალებას არც მათ, არც მე არ მოგვცემდა, მით უმეტეს, რომ დარგის სპეციალისტი არ ვიყავი. საუბრისას გაირკვა. რომ მათ იმავე თხოვნით ბევრ სხვადასხვა პროფესიონალს მიმართეს (მუსიკოს რეზო კინაძეს, ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს, პოეტ ანა კორძაია-სამადაშვილს, ფილოსოფოს გიგა ზედანიას და ა.შ.) და მათი მოლოდინი ჩვენგან არა „მზა რეცეპტების“ მიღება, არამედ სხვადასხვა დისციპლინაში თანამედროვე მიდგომების გაგება იყო, რათა ეს (აკადემიის კრიზისზე) აზროვნებაში დახმარებოდათ.

სტუდენტებმა ამგვარი შეხვედრების ციკლს „კრიზისის შინაარსი: ლექციების სერია სამხატვრო აკადემიაში“ დაარქვეს და დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ლექციებს აკადემიის პროფესორებიც დაესწრებოდნენ, შემოვიდოდნენ მათთან და მოწვეულ სტუმრებთან დიალოგში, კრიზისის მიზეზებზე ერთობლივად იმსჯელებდნენ, მის გადალახვაზე ერთად იზრუნებდნენ. სამწუხაროდ, აკადემიიდან სტუდენტების გარდა არავინ დაინტერესდა ინიციატივით, რომელშიც 400-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.

დღეს უკვე მეხუთე თვეა, რაც სტუდენტებმა აკადემიაში ცვლილების მიზნითა და იმედით მოძრაობა წამოიწყეს, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთია, რომ ყრუ კედელს ეხეთქებიან. არც ერთი უწყება - კულტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თავად აკადემია - არ ცდილობს გარკვევას, რა აღელვებთ სტუდენტებს. აღელვების მიზეზი კი მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობაა. მაგრამ ინტერესები რომ გაითვალისწინო, ჯერ ის უნდა მოისმინო, რაც პრაქტიკულად ვერ მოხერხდა და მოვლენათა განვითარება ჩვეული გზით წავიდა.

კერძოდ, შეიცვალა აკადემიის წესდება, რომელმაც დრამატულად შეზღუდა რექტორობის პოტენციური კანდიდატების წრე. პროფესორთა კონკურსში დაიწუნეს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანი გია ეძგვერაძე, რომელმაც სხვა დაინტერესებული სუბიექტებისგან განსხვავებით სტუდენტებს მოუსმინა, შეეცადა გაეგო უკმაყოფილების მიზეზი და მათთან დიალოგში შევიდა. ბუნებრივია, ამან მას სტუდენტებს შორის დიდი პოპულარობა მოუტანა და სტუდენტებმა მისი რექტორად დანიშვნის მოთხოვნით სამინისტროებს მიმართეს. გასაგებია, რომ რექტორი მხოლოდ სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველზე არ ინიშნება, მაგრამ არა თუ რექტორად, აკადემიამ, სტუდენტების უაღრესად მაღალი ინტერესის მიუხედავად, ხელოვანს აკადემიის პედაგოგად მუშაობის გზაც კი გადაუკეტა.

საქმის აღწერილი ვითარება ავლენს, რომ დღესდღეობით, ფაქტობრივად, აკადემია არ ისმენს, არ ითვალისწინებს, ანგარიშს არ უწევს სტუდენტების აზრებს, ინტერესებს, სურვილებს, საჭიროებებს, მოთხოვნილებებს.

დღევანდელი აკადემიის ყველაზე დიდი პრობლემა და ძირითადი გამოწვევაც სწორედ ეს არის - სტუდენტების, როგორც სუბიექტის არ-გათვალისწინება, არ-აღიარება, არ-აღქმა, ანუ, რაოდენ სამწუხაროდ და შემაშფოთებლადაც არ უნდა ჟღერდეს - სტუდენტების დეჰუმანიზაცია.

არც რექტორობის ორი კანდიდატის - ბატონი გია გუგუშვილისა და ქალბატონი ნანა იაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფციები ითვალისწინებს სტუდენტებს, როგორც სუბიექტს. კერძოდ, ბატონი გია გუგუშვილის ტექსტის მიხედვით, „სასწავლო პროცესი სტუდენტის ჩარიცხვიდან კვალიფიკაციის მინიჭებამდე სრულად უნდა მოერგოს სახელოვნებო განათლების საჭიროებებს“. არადა, დადგა დრო (და სტუდენტური მოძრაობა ამის საჭიროებას ადასტურებს), რომ აკადემიაში სტუდენტზე ცენტრირებული სისტემა შეიქმნას და სისტემა მოერგოს სტუდენტს, როგორც სასწავლო დაწესებულების ძირითად სუბიექტს და არა მხოლოდ სახელოვნებო განათლების კანონის მიხედვით გაწერილ საჭიროებებს (რომელიც, რეალურად, სუბიექტი არ არის და ვერც იქნება).

ქალბატონი ნანა იაშვილის კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ „სკოლის უმთავრესი მისია, პრიორიტეტი უცვლელი რჩება - ეს არის ვიზუალური ხელოვნების დარგების სახვითობის უზენაესობა“. ჩემთვის, როგორც აკადემიის გულშემატკივარისთვის, ძალიან გულსატკენია, როდესაც მომავალი რექტორისთვის უცვლელი პრიორიტეტი “დარგის სახვითობის უზენაესობაა“ და არა სტუდენტის შინაგანი პოტენციალის რეალიზება (რისთვისაც მოწოდებული უნდა იყოს აკადემია).

არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს აკადემიის თანამედროვე კრიზისზე, სტუდენტურ პროტესტზე, იმაზე, თუ როგორ შეეცდებიან, რომ ეს კრიზისი გადალახონ და სტუდენტების სწავლის პროცესით კმაყოფილება უზრუნველყონ. კონცეფციების ავტორები საუბრობენ სტუდენტებსა და პროფესორებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის აუცილებლობაზე - მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არავინ შევიდა დიალოგში სტუდენტებთან, როდესაც მათ არსებული კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობა სთხოვეს; კანდიდატები საუბრობენ იმაზე, რომ „საჭირო იქნება სახელოვნებო სფეროს ცნობილ ქართველ და უცხოელ წარმომადგენელთა მოწვევა ვორქშოფებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად“, მაშინ როცა გამოცდილების გაზიარებით დაინტერესებულ გია ეძგვერაძეს აკადემიამ ამის საშუალება არ მისცა; ასევე, აკადემიაში მუშაობის საშუალება არ მისცეს არც ისეთ პროფესიონალებს, როგორიც არიან ვატო წერეთელი და ლუიზა ლაფერაძე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მათთან მუშაობის დიდი ინტერესის სტუდენტების მხრიდან; კანდიდატები საუბრობენ უცხოეთიდან სტუდენტების მოზიდვის აუცილებლობაზე მაშინ, როცა ქართველი სტუდენტების ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო და დღესდღეობით ვინც ჰყავთ, ლამის მათაც ვერ ინარჩუნებენ - რამდენადაც მათ ინტერესებს ანგარიშს არ უწევენ. აკი პირდაპირ დაწერა პროფესორების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელებში, რომ საკუთრივ მისი შვილი საერთოდ არ დადის აკადემიის სამაგისტროს ლექციებზე, რადგან „აკადემია ჭაობია“. რატომ გვგონია, რომ უცხოელი სტუდენტები დაინტერესდებიან აკადემიით, მაშინ, როცა სწავლების ხარისხი ადგილობრივი სტუდენტების ინტერესებსა და მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს?..

ქაბლატონი ნანა იაშვილის ტექსტში, შექმნილი კრიზისი გააზრებულია, როგორც მხოლოდ და მხოლოდ „ინფორმაციის გავრცელების პირდაპირი თუ ირიბი ხარვეზები“, რაც კიდევ ერთხელ უგულებლეყოფს იმ სტუდენტების მოსმენას, რომლებიც მაისის თვიდან აკადემიის პროფესურის კარზე აკაკუნებენ, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მართლაც არის სისტემური ხარვეზი აკადემიაში - სტუდენტების სუბიექტად აღიარებისა და დიალოგის დეფიციტი, რასაც აღიარება ესაჭიროება. ყველაზე დამაფიქრებელი კი ალბათ კონცეფციის ტექსტში ხაზგასმული კრიტიკის დაუშვებლობაა: „დაუშვებელია პედაგოგების მხრიდან საკუთარი საგნების, სილაბუსების, პროგრამების კრიტიკა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“. კრიტიკა პასუხისმგებლობითა და კრიტიკა პასუხისმგებლობის გარეშე საკმარისად სუბიექტური ცნებებია - ადამიანები ვართ, და ყოველთვის შეიძლება არასასურველი კრიტიკა „უპასუხისმგებლოდ“ აღვიქვათ. ამიტომ ეს ფორმულირება კრიტიკული აზრის, კრიტიკისა და თვითკრიტიკის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების რისკს შეიცავს. ამგვარი პოზიცია კი აკადემიაში დღეისათვის არსებული პრობლემების აღიარებისა და რეალურ მოგვარებაზე ზრუნვის ალბათობას ამცირებს.

კრიზისი ბერძნული სიტყვაა და, სახიფათო ხდომილებასთან ერთად, ახლის დაწყებასაც ნიშნავს. იმისათვის, რომ დღევანდელმა კრიზისმა აკადემია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს, საჭიროა არსებული პრობლემების დანახვა-აღიარება და კონცეფციის გააზრება სტუდენტების, როგორც სამხატვრო აკადემიის ცენტრალური სუბიექტის ინტერესების დაცვის პრიზმაში.

როგორი იქნება აკადემია - სტუდენტზე ცენტრირებული, სამოქალაქო ფასეულობების ცხოვრებაში გამტარებელი, გამჭვირვალე, წარმატებული თუ ეფექტური - ეს მხოლოდ აკადემიის, ან რომელიმე (და თუნდაც რამდენიმე) სამინისტროს საზრუნავი არ არის. იმისთვის, რომ აკადემია იყოს ისეთი, რომ სტუდენტებს პროფესიული და პიროვნული ზრდა-განვითარების პირობებს უქმნიდეს და, რაც მთავარია - მათ სასწავლებელში მისვლა აინტერესებდეთ /ეხალისებოდეთ/უხაროდეთ, ამაზე უნდა არსებობდეს დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. საზოგადოებაც ერთ-ერთ სუბიექტად უნდა მოიაზრებოდეს აკადემიის რეფორმის საქმეში.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^